მთავარი » უკრაინა » უკრაინა: რელიგია და პოლიტიკა

უკრაინა: რელიგია და პოლიტიკა

უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რელიგია და პოლიტიკა იმდენად დაუკავშირდა ერთმანეთს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გასაგებად მნიშვნელოვანია კონფესიური დაპირისპირების ანალიზი. აღნიშნულ სტატიაში განხილულია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ვითარება.

ისტორიული გადაწყვეტილება

კიევის რუსეთში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად 988 წელს გამოცხადდა. ახლადშექმნილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ანუ კიევის მიტროპოლია კი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1686 წელს, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში აღიარა. (მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ავტოკეფალია 1593 წელს მიიღო.) უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული დაპირისპირების საფუძველიც, სწორედ, ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან იღებს სათავეს.

რელიგიური განხეთქილება

ამჟამად უკრაინაში სამი ძირითადი მართლმადიდებელი ეკლესიაა:

უკრაინაში მართლმადიდებლების პირველი ინსტიტუციური გაყოფა 1990 წლის ივნისში, უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აღდგენამ გამოიწვია. მას მოგვიანებით რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის ეგზარქატის საეპისკოპოსოების და მრევლის ნაწილი შეუერთდა. უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინების პროცესს და საქმიანობას, ნაციონალისტური და პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები უჭერდნენ მხარს. ეს ჯგუფები რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის ეგზარქატს, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ ინსტიტუტად მიიჩნევდნენ.

1990 წელს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ დონეზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, უკრაინის ეგზარქატს დამოუკიდებლობა და ადმინისტრაციულ საკითხებში მაღალი დონის თვითმმართველობა მიენიჭა. ეგზარქატმა ახალი სახელი – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ეგზარქოსმა ფილარეტმა კი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტული მიიღო.

ფილარეტი

პატრიარქი ფილარეტი

1992 წელს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს გამოყოფამ, მართლმადიდებლების მეორე დანაწევრება გამოიწვია. 1991 წლის ბოლოს, მიტროპოლიტმა ფილარეტმა ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების თხოვნით მოსკოვის საპატრიარქოს მიმართა, რის საპასუხოდაც ფილარეტი სქიზმაში დაადანაშაულეს და სასულიერო წოდება ჩამოართვეს. ამ გადაწყვეტილების პასუხად, 1992 წლის მაისში ფილარეტის მომხრეებმა, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს შექმნის შესახებ განაცხადეს. შედეგად, 1992 წლიდან უკრაინაში სამი მართლმადიდებელი ეკლესია მოღვაწეობს, რომელთა შორის დღემდე დაძაბული ურთიერთობაა.

მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არანაირი დოგმატური ან რიტუალური განსხვავება არ არსებობს. ერთადერთი განსხვავება მათი სტატუსია მსოფლიო მართლმადიდებლობაში. კანონიკურად მხოლოდ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევა.

მართლმადიდებელი ეკლესიების გავრცელების არეალი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ძირითადად ქვეყნის დასავლეთშია თავმოყრილი. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა კი, აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიებზე, ასევე მულტიეთნიკურ და მულტიკულტურულ კარპატიისპირეთში ვრცელდება.

„ეროვნული“და „ანტიეროვნული“ ეკლესია

უკრაინული სახელმწიფოს მშენებლობაში ეკლესიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ამგვარი მიდგომა კი, ეკლესიების „ეროვნულად“ და „ანტიეროვნულად“/ანტისახელმწიფოებრივად დაყოფას განაპირობებს.

„ეროვნულს“ მიაკუთვნებენ უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს. ეს ეკლესიები ეროვნული იდეების მატარებლებად ითვლებიან, რომლებიც უკრაინელი ერის ფორმირების პროცესში გავლენიან სულიერ ძალას წარმოადგენენ და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქომ, რომელიც სულ უფრო ითავსებს უკრაინაში სახელმწიფო ეკლესიის სტატუსს, მკვეთრად გამოხატული „ეროვნული“ სტატუსი შეიძინა. ამ ეკლესიისგან „სახელმწიფო ეკლესიის“ შექმნის მცდელობა სათავეს 1990-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. ამ პერიოდში მმართველი პოლიტიკური ელიტა მიიჩნევდა, რომ ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უკრაინას „სახელმწიფო (ოფიციალური) ეკლესია“ სჭირდებოდა.

მოსკოვის საპატრიარქოსადმი სუბორდინაციის გამო, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „ანტიეროვნულად“ მიიჩნევენ. აღნიშნული ეკლესია, უკრაინაში მცხოვრებთა ინტერესების მეურვეობაზე უარს არ აცხადებს, თუმცა ეროვნული პრობლემებისა თუ მოძრაობებისგან დისტანცირებას ცდილობს. ეკლესიის მესვეურები, რუსული მართლმადიდებლობის საფუძველზე, აღმოსავლურ სლავური ერთობის შენარჩუნებისაკენ ისწრაფვიან. მისი ოპონენტების აზრით, ეკლესია პოლიტიკური თვალსაზრისით ანტიუკრაინულია, შექმნილია რუსეთის ზეწოლის შედეგად, გამოირჩევა უკრაინაფობიური სენტიმენტებით და უარყოფს 1933 წლის „ჰოლოდომორს“.

ნაციონალისტური ჯგუფების ხედვით, თუკი უკრაინის ეპარქიების მესამედს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გააკონტროლებს, ერისა და სახელმწიფოს მშენებლობა ქვეყანაში არ დასრულდება. ნაციონალისტების აზრით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სლავური კულტურული და სულიერი ერთობის პროპაგანდის გზით, უკრაინაში ერისა და სახელმწიფოს მშენებლობისათვის ხელის შეშლას ცდილობს. აღნიშნული იდეა ძირეულად ეწინააღმდეგება უკრაინელი ნაციონალისტების ხედვას, რომ უკრაინა არის გამორჩეული და რუსეთისგან სრულიად განცალკევებული.

უკრაინის პრეზიდენტები და ეკლესია

უკრაინის პირველი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტის ლეონიდ კრავჩუკის მმართველობის პერიოდში (1991-1994 წლები) რუსული გავლენის ქვეშ მყოფმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქვეყანაში მართლმადიდებლებზე მონოპოლია დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესებში სახელმწიფოს როლს უარყოფდნენ, მოსკოვიდან მართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება აშკარა იყო. თუმცა, შემდგომი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას მმართველობის პერიოდში (1994-2005) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს „სახელმწიფო ეკლესიად“ გამოცხადების პროპაგანდის კამპანია შესუსტდა. საპრეზიდენტო არჩევნებში კუჩმას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო უჭერდა მხარს. ამის მიუხედავად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მსგავსად, საეკლესიო პოლიტიკაც მრავალვექტორული გახდა. სწორედ კუჩმას პრეზიდენტობის პერიოდში ეწვია უკრაინას რომის პაპი, რასაც მოსკოვის პატრიარქი ეწინააღმდეგებოდა.

ვიქტორ იუშჩენკო (2005-2010 წლები) ერთიანი დამოუკიდებელი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას უჭერდა მხარს. იუშჩენკომ 2008 წელს კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1020-ე საიუბილეო ღონისძიება, რომელიც უკრაინაშიც აღნიშნეს და რუსეთშიც, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოყოფის მოთხოვნისათვის გამოიყენა. იუშჩენკომ სტუმრად მყოფ რუსეთის პატრიარქს ალექსეი II ცივი დახვედრა მოუწყო და მხოლოდ ხელი ჩამოართვა, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომე I, ორივე ლოყაზე ეამბორა და თბილად მოიკითხა. იუშჩენკომ ბართლომეს თხოვა დაელოცა დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის შექმნა, მაგრამ ბართლომემ აშკარად არც უარყო და არც მხარი დაუჭირა გამოყოფის მოთხოვნას.  

Patriarch of Constaninople, who is in Kiev to celebrate 1020 years since the Christianization of Kievan Russ, the old Russian state in Ukraine.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე I და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო

ვიქტორ იანუკოვიჩს (2010-2014) მოსკოვის საპატრიარქო უჭერდა მხარს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსული გავლენის ქვეშ მყოფი მართლმადიდებელი ეკლესია აშკარა უპირატესობით სარგებლობდა. უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პოროშენკოც (2014–დღემდე) მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერად არის ცნობილი.

გაერთიანების მცდელობა

მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები 1996 წლიდან დაიწყო, ძირითადად უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, თუმცა განსხვავებული პოზიციების გამო, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ფილარეტი (უკრაინული ეკლესიის გაერთიანებაში არსებული პრობლემები ფილარეტის სახელსაც უკავშირდება. მისი ბუნდოვანი წარსულის, საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობისა და მისი არაკანონიკური პირადი ცხოვრების გამო ის ბევრ რელიგიურ მოღვაწეს არ მოსწონს), რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს ეგიდით, ქვეყანაში ერთი დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას სახელმწიფოს ვალდებულად მიიჩნევს, პროცესში არ მონაწილეობდა.

ერთიანი ეკლესიის შექმნაზე საზოგადოებრივი აზრიც განსხვავებულია, არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული სურთ თუ არა ერთიანი ეკლესია და სურვილის შემთხვევაში, რომელი ეკლესიის ეგიდით უნდა მოხდეს გაერთიანება.

უკრაინაში მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირება უკრაინის რთული რელიგიური მოზაიკის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. უკრაინაში არსებულ კონფესიურ დაპირისპირებას სხვა სახის პრობლემებიც ახასიათებს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბებას უშლის ხელს და უკრაინული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე შემაფერხებელი ბარიერია.

იხილეთ სტატიის განახლებული ვერსიაუკრაინა: რელიგია და პოლიტიკა „ევრომაიდნის“ შემდეგ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: