რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თავისი მმართველობის პირველ პერიოდში (2000-2008), პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენა/გაძლიერებას „რბილი ძალის“ გამოყენებით იმედოვნებდა. დასახული მიზნის მისაღწევად 2005 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო შეიქმნა. სამმართველოს საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული საქმიანობის გამო, „კონტრრევოლუციურ სამმართველოდაც“ მოიხსენიებდნენ. სამმართველოს ხელმძღვანელად მოდესტ კოლეროვი დაინიშნა.
მოდესტ კოლეროვი რუსეთის „რბილის ძალის“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა. კრემლის „რბილი ძალის“ პოლიტიკაში გამორჩეული ადგილი დაიკავა გამომცემლობა „ევროპამ“, რომელიც ანტიდასავლური და ანტიქართული შინაარსის წიგნების გამოცემის მიზნით შეიქმნა. კოლეროვმა თანამდებობა 2008 წელს დატოვა, თუმცა მისი უშუალო მონაწილეობით დაარსებული გამომცემლობა, დღემდე განაგრძობს საქმიანობას.
„ევროპის“ მისია. გამომცემლობა „ევროპა“ 2005 წელს დაარსდა მოსკოვში. გამომცემლობის დაარსების ოფიციალური მიზანია პოლიტიკური განათლების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და რუსეთის, როგორც ევროპული სახელმწიფოს, პოლიტიკური სისტემის გაძლიერება.
„ევროპის“ დამფუძნებლები. გამომცემლობის დამფუძნებლები იურიდიული პირები არიან, მათ შორის არის საინფორმაციო სააგენტო „REGNUM“. „REGNUM“ მოდესტ კოლეროვმა დაარსა, რომელიც ამჟამადაც სააგენტოს მთავარი რედაქტორის მოვალეობას ასრულებს. სააგენტო სისტემატურად ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„ევროპის“იდეოლოგები. გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო ვიაჩესლავ გლაზიჩევი, რომელიც გამომცემლობის დირექტორი იყო 2012 წლამდე, გარდაცვალებამდე. მას 2005-2008 წლებში კრემლის ცნობილ პოლიტტექნოლოგთან, გლებ პავლოვსკისთან ერთად სატელევიზიო გადაცემა „რეალური პოლიტიკა“ მიყავდა, რომელიც ანტიქართული და ანტიუკრაინული რიტორიკით გამოირჩეოდა. გლებ პავლოვსკი, მოდესტ კოლეროვთან ერთად, დღემდე აქტიურად არის ჩართული გამომცემლობის პოლიტიკის განსაზღვრაში.
„ევროპის“ წიგნები. გამომცემლობა ძირითადათ ისეთ ლიტერატურას აქვეყნებს, რომელიც რუსული პოლიტიკის რუხი კარდინალის, ვლადისლავ სურკოვის სუვერენული დემოკრატიის იდეით არის გამსჭვალული: სურკოვის გამოსვლების კრებულით დაწყებული, სხვა პროპაგანდისტების ნაშრომებით დასრულებული. გამომცემლობა უცხოელ ავტორებსაც გამოსცემს, მათ შორის არის, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ვლადიმერ პუტინის ძველი მოკავშირის, გერჰარდ შროდერის წიგნიც.
გლებ პავლოვსკის განცხადებით, „ევროპა“ აგრძელებს არსებობას, თუმცა რამდენიმე წელია უკვე აღარ ეწევა პროპაგანდას და როგორც „პატარა გამომცემლობა“, ისე ვითარდება.
თუმცა, „ევროპის“ კრიტიკოსები გამომცემლობას დღემდე კრემლის საგარეო-პოლიტიკურ ინსტრუმენტად მიიჩნევენ. მათი აზრით, გამომცემლობა კრემლისთვის მისაღებ ფსევდოანალიტიკურ ტექსტებს გამოსცემს.
„ევროპის“ წიგნები საქართველოზე
საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული წიგნები ძირითადად საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობასა და რუსეთ-საქართველოს ომის საკითხს ეხება. წიგნების უმრავლესობა 2006 და 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან მოკლე პერიოდში გამოიცა.
Когда рухнул железный занавес. Встречи и воспоминания. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის მემუარები 2009 წელს გამოქვეყნდა. შევარდნაძე თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეტაპებზე მოგვითხრობს.
Осетинская трагедия. Белая книга преступлений против Южной Осетии. Август 2008 года. წიგნი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დასრულებიდან მოკლე პერიოდში გამოქვეყნდა. წიგნში მხოლოდ ის ფაქტებია მოყვანილი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა „საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებაში განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში შეაგროვა“. წიგნში მოყვანილია, „მშვიდობისმყოფელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ქართული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებების“ შესახებ ინტერვიუები და ფოტომასალები. წიგნის გამოცემასთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია 2008 წლის 23 დეკემბერს გაიმართა. პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა და მთავარი სამხედრო პროკურატორის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
Пятидневная война. Россия принуждает к миру. იგორ დჟადანის წიგნი 2008 წელს გამოვიდა გამომცემლობის „ომების სერიის“ ფარგლებში. წიგნში მოკლედ არის აღწერილი 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხედრო დაპირისპირება, ერთი მხრივ, ქართულ მხარესა და, მეორე მხრივ, აფხაზურ და ოსურ მხარეს შორის, ასევე რუსეთის ფედერაციის ჯარების ჩართვა კონფლიქტში. ავტორი სამხედრო ოპერაციების ანალიზს აკეთებს. წიგნი ასევე შეიცავს საბრძოლო ადგილების რუკებს, კონფლიქტის ქრონოლოგიას, ფოტომასალას და სხვ.
День катастрофы – 888. Остановленный геноцид в Южной Осетии. წიგნი 2008 წელს გამომცემლობის „ომების სერიის“ ფარგლებში გამოქვეყნდა, სადაც „სამხრეთ ოსეთის“ საკითხი ისტორიულ პესპექტივაში არის განხილული.
Грузино-абхазский конфликт: 1917–1992. წიგნი 2007 წელს გამოიცა. წიგნში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებია განხილული რუსეთის იმპერიის მსხვრევის პერიოდიდან, 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე. წიგნში 1917-1992 წლებში აფხაზეთის ისტორიის მოკლე ქრონოლოგიაც არის მოცემული.
Азербайджанцы Грузии: историко-этнографический и социально-политический комментарий. იბრაგიმლი ხალადინის წიგნი 2006 წელს გამოიცა „ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის“ განვითარების ფონდის მხარდაჭერით. ფონდის მიზანია დსთ-ის სივრცეში რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების განვითარება და განმტკიცება. ბროშურაში ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინაშე არსებული პრობლემებია განხილული.
Восстание меньшинств. საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ მიერ შეკრებილი სტატიების კრებული 2006 წელს გამოიცა. ბროშურაში აფხაზეთსა და ჯავახეთში მცხოვრებ სომხურ მოსახლეობაზეც არის საუბარი.
Южная Осетия в коллизиях российско-грузинских отношений. ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარკ ბლიევის წიგნი 2006 წელს გამოიცა. წიგნში ოსების საკითხი ისტორიულ პრიზმაშია განხილული. წიგნის გამოცემა ფონდ „კავკასიის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ უზრუნველყო. ფონდი 2005 წლის დასაწყისში შეიქმნა. მისი მიზნებია: სამხრეთ კავკასიაში პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების კოორდინაცია; მოსახლეობაში, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებში, რუსეთის პოზიტიური იმიჯის შექმნა; სეპარატისტულ რესპუბლიკებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებით ამ რეგიონების რუსეთთან ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა.
Грузия. Этнические чистки в отношении осетин. ინგა კოჩიევასა და ალექსეი მარგიევის წიგნი 2005 წელს გამოიცა. წიგნში ისტორიულ პრიზმაშია განხილული ქართულ-ოსური ურთიერთობები.
გამომცემლობა „ევროპის“ ანტიქართული პროპაგანდის პიკი 2008 წელს იყო, რაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის არასახარბიელო საგარეო-პოლიტიკური იმიჯის შექმნითაც იყო განპირობებული. ანტიქართული შინაარსის წიგნების გამოცემის მიზანი, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, „რუსული ხედვის“ პოპულარიზაცია და საქართველოსა და მის მოკავშირეებთან საინფორმაციო ომში უპირატესობის მოპოვება იყო.