მოლდოვას სეპარატიზმი მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან აწუხებს და იგი, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები, საბჭოთა კავშირის დაშლიდან იღებს სათავეს. თუმცა, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს ფესვები უფრო ღრმა ისტორიულ წარსულში აქვს. იგი სათავეს ცარისტული რუსეთის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში წარმოებული დაპყრობითი ომების პერიოდში იღებს და საბჭოთა წლებში საბოლოო სახეს ღებულობს ის ეთნიკურ-კულტურული და პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც, საბოლოოდ, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ომის საბაბი გახდა.
ცარისტული პერიოდი
დღევანდელი მოლდოვის რესპუბლიკა ისტორიული მოლდოვის სამთავროს მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს და მოიცავს ბესარაბიის ისტორიულ რეგიონს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა დიდი სახელმწიფოების დაპყრობის ობიექტი, რომლებიც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთმანეთს დომინანტობას ეცილებოდნენ.
რუსეთის ყურადღების არეში მოლდოვა მე-17 საუკუნიდან მოექცა. 1792 წელს, რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის შედეგად, რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა დღევანდელი დნესტრისპირეთის ტერიტორია და იგი „ნოვოროსიის“, იგივე „ახალი რუსეთის“ პროვინციის ნაწილად იქცა, რომელსაც რუსეთმა 1764 წელს სამხრეთ უკრაინაში წარმოებული დაპყრობითი ომების შედეგად ჩაუყარა საფუძველი.
დნესტრისპირეთი, როგორც „ახალი რუსეთის“ ნაწილი
1812 წელს, ბუქარესტის ხელშეკრულებით, რუსეთმა მდინარეებს, დნესტრსა და პრუტს შორის მდებარე ტერიტორიებიც მიიერთა და მოლდოვისა და ბესარაბიის გუბერნია შექმნა. მოლდოვის სამთავროს დასავლეთ ნაწილი, რომელიც მდინარე პრუტის მეორე მხარეს მდებარეობდა, 1859 წელს ვალახიის სამთავროსთან გაერთიანდა. ამ გაერთიანებით რუმინეთის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელიც რეგიონში რუსეთის მოწინააღმდეგე ძალად გადაიქცა.
ამრიგად, 1812 წლიდან 1918 წლამდე რუსეთის იმპერიის საზღვარი დასავლეთის მეტოქე სახელმწიფოებთან მდინარე პრუტზე გადიოდა, რაც რუსეთისათვის აღმოსავლეთ მოლდოვას განსაკუთრებულ სამხედრო-სტრატეგიულ დატვირთვას ანიჭებდა და იმპერიის მხრიდან განსაკუთრებული „ზრუნვის“ ობიექტად აქცევდა.
1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, აღმოსავლეთ მოლდოვა რუსეთს ჩამოცილდა და 1918 წლის თებერვალში დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იმავე წლის აპრილში კი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, რუმინეთის სამეფოს შეუერთდა. 1918 წლიდან 1940 წლამდე დღევანდელი მოლდოვა და რუმინეთი ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის საზღვარი საბჭოთა კავშირთან მდინარე დნესტრზე გადიოდა.
საბჭოთა პერიოდი
საბჭოთა ხელისუფლება თვლიდა, რომ აღმოსავლეთ მოლდოვა, იგივე ბესარაბია რუმინეთის მხრიდან უკანონოდ იყო ოკუპირებული და რუმინეთისგან მის დაბრუნებას მოითხოვდა. „ოკუპაციის“ პასუხად, 1919 წლის მაისში, მან მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე ბესარაბიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ჩამოაყალიბა და მის დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად ქალაქი ოდესა გამოაცხადა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორიები ბესარაბიის ისტორიულ რეგიონს არ განეკუთვნებოდა. რესპუბლიკამ არსებობა მალევე, 1919 წლის სექტემბერში შეწყვიტა.
რუმინეთზე ზეწოლის მოსახდენად, 1924 წელს, მოსკოვმა უკრაინის შემადგენლობაში მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკა შექმნა, რომელიც საკუთრივ დნესტრისპირეთის გარდა ბალტის, ოდესის და ტულჩინის ოლქების ტერიტორიებსაც მოიცავდა (დღეს ეს ტერიტორიები უკრაინის შემადგენლობაშია). ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა კიშინიოვი. თუმცა, ვინაიდან კიშინიოვი ამ დროისათვის რუმინეთის შემადგენლობაში იმყოფებოდა, დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად გამოცხადდა, ჯერ ქალაქი ბალტა (დღეს ოდესის ოლქის შემადგენლობაში), ხოლო 1929 წლიდან, ქალაქი ტირასპოლი. მოლდოვის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც დღევანდელი მოლდოვიდან მხოლოდ დნესტრისპირეთის რეგიონს მოიცავდა, 1940 წლამდე უკრაინის შემადგენლობაში რჩებოდა.

რუკაზე ნაჩვენებია მოლდოვის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც 1924 წელს მოსკოვმა აღმოსავლეთ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების საპასუხოდ შექმნა
1939 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო დამატებით გერმანიამ ბესარაბია საბჭოთა გავლენის სფეროდ ცნო. 1940 წელს საბჭოთა კავშირმა ბესარაბია დაიკავა, უკრაინის შემადგენლობაში მყოფ მოლდოვის ავტონომიურ რესპუბლიკას მიუერთა და მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შექმნა. თუმცა, 1941 წელს, გერმანიისა და მისი მოკავშირეების მიერ საბჭოთა კავშირზე განხორციელებული შეტევის შედეგად, მთელი ეს ტერიტორია ოდესის ჩათვლით რუმინეთის მმართველობაში მოექცა და საბჭოთა კავშირმა მისი დაბრუნება მხოლოდ 1944 წლიდან შეძლო.
რუსიფიკაციის პოლიტიკა
1812 წლიდან 1918 წლამდე მოლდოვა „ნოვოროსიის“ ნაწილს წარმოადგენდა, რაც მას რუსიფიკაციის მკაცრი პოლიტიკის სამიზნედ აქცევდა. თავდაპირველად მოლდოვის გუბერნია რუსეთის იმპერიაში ავტონომიის სტატუსით სარგებლობდა. თუმცა, 1828 წელს მას ეს სტატუსი ჩამოერთვა და აქტიურად დაიწყო ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაცია. რუსიფიკაციის პოლიტიკა პირველ ყოვლისა რუმინულ ენას შეეხო, რომელიც თანმიმდევრულად აიკრძალა ჯერ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებაში, ხოლო შემდეგ ეკლესიებსა და სასწავლო დაწესებულებებში. 1871 წლიდან კი, რუმინული ენის გამოყენება საჯარო შეკრების ადგილებში საერთოდ იკრძალებოდა. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა მოლდოველების გასახლება რუსეთის იმპერიის შორეულ პროვინციებში და მათ ადგილზე არარუმინული ეთნიკური ჯგუფების (რუსები, უკრაინელები, გერმანელები, ებრაელები, გაგაუზები) ჩასახლება, რაც რეგიონში ეთნიკურ ბალანსს რუსეთის იმპერიის ინტერესების სასარგებლოდ ცვლიდა. ამ პოლიტიკის შედეგად, 1897 წლისათვის, ბესარაბიაში რუმინულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 48%-მდე შემცირდა, მაშინ, როცა 1817 წელს ეს მაჩვენებელი 86% შეადგენდა.
რუსიფიკაციის პოლიტიკამ საბჭოთა წლებში ახალი მასშტაბები შეიძინა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, საბჭოთა მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად მიმდინარეობდა ეთნიკური რუსებისა და აღმოსავლეთ უკრაინელების ჩასახლება დნესტრისპირეთის ინდუსტრიულ ზონებში, რამაც ამ რეგიონის პრორუსულ ანკლავად ჩამოყალიბება განაპირობა. 1989 წლისათვის მოლდოვაში მოსახლეობის ეთნიკური ბალანსი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მოლდოველები – 65%, უკრაინელები – 14%, რუსები – 13%, გაგაუზები – 3.5%, ბულგარელები – 2.5%, სხვა ეთნიკური ჯგუფები – 2%. საკუთრივ დნესტრისპირეთის ავტონომიური ოლქში 1989 წლისათვის მოლდოველები შეადგენდნენ მოსახლეობის 39.9%, უკრაინელები – 28.3% და რუსები – 30%. ამავე პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობდა რუმინული ენის გამოდევნა ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებიდან. როგორც ცარისტულ პერიოდში, კომუნისტების მმართველობის დროსაც ლათინური ანბანი სლავური ანბანით შეიცვალა და რუსული ენა ყოველდღიური ურთიერთობის ენად იქცა.
კონფლიქტის პოლარიზაცია
დაპყრობითმა ომებმა, ძალდატანებითმა მასობრივმა მიგრაციებმა და რუსიფიკაციის პოლიტიკამ მოლდოვაში ხელი შეუწყო ისეთი ეთნიკურ-კულტურული და პოლიტიკური ლანდშაფტის ჩამოყალიბებას, რომელიც არსებული წესრიგის რღვევის დროს ეთნიკური კონფლიქტების და სამოქალაქო ომების რისკებს შეიცავს. არსებულ წესრიგს კი, პირველი ბზარი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შეეპარა, როდესაც საბჭოთა კაშირის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ლიბერალიზაციის პოლიტიკა წამოიწყო, რასაც, საბოლოო ჯამში, საბჭოთა იმპერიამ ვერ გაუძლო და დაიშალა. ავტორიტარული წნეხის შესუსტებამ მოლდოვაში ხელი შეუწყო ეროვნული ძალების მომძლავრებას და წინა პლანზე ისეთმა საკითხებმა წამოიწია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ტაბუდადებული რჩებოდა. ეს საკითხები იყო: ენა, დამწერლობა, ეროვნული სიმბოლოები, ისტორიული მახსოვრობის დაცვა, იდენტობა და სხვ.
მოლდოვის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ დნესტრისპირეთში სეპარატისტულ განწყობებს აძლიერებდა. 1990 წლის 23 ივნისს მოლდოვის პარლამენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. 1991 წლის 27 აგვისტოს კი, მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამ პროცესების საპირისპიროდ, 1989-1990 წლებში, დნესტრისპირეთის ქალაქებსა და სოფლებში ტარდებოდა გამოკითხვები დნესტრისპირეთის მოლდოვის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ, რაც სამომავლოდ სეპარატიზმის ლეგიტიმაციას ემსახურებოდა. 1990 წლის 2 სექტემბერს, „დნესტრისპირეთის დეპუტატთა“ კონგრესმა დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე დნესტრისპირეთის მოლდავური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შექმნა და მოლდოვის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
სამოქალაქო ომი
სამოქალაქო ომის სიტუაცია მოლდოვაში სწრაფად მომწიფდა. ომის გაჩაღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის მე-14 არმიამ, რომელიც დნესტრისპირეთში 1945 წლიდან იყო დისლოცირებული და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ბაზას წამოადგენდა. გარდა იმისა, რომ მე-14 არმია გარკვეულ ეტაპზე უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, იგი ასევე წვრთნიდა და აიარაღებდა დნესტრისპირელ სეპარატისტებს. მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა დნესტრისპირეთის „რესპუბლიკური გვარდია“, რომელიც 8000 მეომარს ითვლიდა. მათი უმეტესობა საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცრები იყვნენ, რომლებიც სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებით სარგებლობდნენ. სეპარატისტების რიგები ასევე ივსებოდა რუსეთიდან ჩამოსული „მოხალისეების“ და კაზაკთა რაზმების მიერ.
საბრძოლო შეტაკებები სეპარატისტებსა და სამთავრობო ჯარებს შორის 1992 წლის მარტში დაიწყო და ივლისში დასრულდა. სამხედრო კონფლიქტმა ყველაზე მწვავე ფაზას ივნისში მიაღწია, როდესაც მდინარე დნესტრი მე-14 არმიის 5000 სამხედრო მოსამსახურემ გადაკვეთა და ქალაქ ბენდერის დასაკავებლად გაჩაღებულ ბრძოლებში ჩაერთო, რამაც მოლდოვის სამთავრობო ჯარებს უკან დახევა აიძულა და სეპარატისტების გამარჯვება განაპირობა. ქალაქ ბენდერიზე გამართულ შეტევასა და ზოგადად შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მე-14 არმიის მეთაური, გენერალი ალექსანდრე ლებედი (1992-1995 წლები), რომელიც დნესტრისპირეთის რუსეთთან გაერთიანების იდეას ღიად უჭერდა მხარს.
პოსტკონფლიქტური პერიოდი
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი 1992 წლის ივლისში მოეწერა და დაიწყო მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც პერიოდული შეფერხებებით დღემდე გრძელდება. მოლაპარაკებებში მედიატორის ფუნქციას ასრულებენ რუსეთი, უკრაინა და ეუთო. 2005 წლიდან მოლაპარაკებების პროცესს დამკვირვებლის სტატუსით დაემატნენ აშშ და ევროკავშირი, რის გამოც დღეს მოლაპარაკებების ფორმატი „5+2“-ის სახელით არის ცნობილი.
კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ შერეული სამშვიდობო ძალები, რომლებიც რუსი, მოლდოველი და დნესტრისპირელი სამხედროებისა და უკრაინელი დამკვირვებლებისაგან შედგება. აღსანიშნავია, რომ სამშვიდობოების მანდატის ქვეშ მყოფი რუსი სამხედროების გარდა, დნესტრისპირეთში ასევე იმყოფება ათასამდე რუსი სამხედრო, რომლებიც ყოფილი მე-14 არმიის ბაზაზე იმყოფებიან და რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ დაჯგუფებად იწოდებიან. მოლდოვა რუსეთისაგან დღემდე ითხოვს 1999 წლის სტამბოლის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას და მოლდოვის ტერიტორიიდან სახეცვლილი რუსული სამხედრო ბაზის სრულად გაყვანას, თუმცა უშედეგოდ.
დნესტრისპირეთის კონფლიქტის მომავალი
კონფლიქტის სამომავლო დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მოსკოვი დნესტრისპირეთის კონფლიქტს აქტიურად იყენებდა მოლდოვის პროდასავლური მისწრაფებების შესაზღუდად. ამ ბერკეტის გამოყენებით, თავის დროზე, მან კიშინიოვი აიძულა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლას დათანხმებოდა, მოგვიანებით კი, თავს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების მიმართ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსიც მოახვია. მოსკოვი დღესაც აგრძელებს დნესტრისპირეთის „გაყინული კონფლიქტით“ მანიპულირებას. მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან რამდენიმე თვეში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ღიად დაიმუქრა, რომ თუ სამომავლოდ კიშინიოვი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების მიმართ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას შეცვლის, დნესტრისპირეთს უფლება ექნება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი, რაშიც ტირასპოლს მოსკოვის სრული მხარდაჭერა ექნება.
დასკვნა
დნესტრისპირეთის კონფლიქტს რთული ისტორია აქვს. კონფლიქტისათვის ხელსაყრელი ნიადაგის ჩამოყალიბება შორეულ წარსულში დაიწყო, როცა რუსეთის იმპერია დასავლეთით ოსმალთა იმპერიის შევიწროების ხარჯზე ფართოვდებოდა. დაპყრობით ომებს თან სდევდა რუსულენოვანი მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია ახალი მიწების ასათვისებლად, რაც მიტაცებულ ტერიტორიებზე ეთნიკურ ბალანსს ადგილობრივი მოსახლეობის საზიანოდ და რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ ცვლიდა. ცარისტული რუსეთის პოლიტიკა წარმატებით განაგრძო საბჭოთა კავშირმა და მეორე მსოფლიო ომის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. სწორედ ამ პერიოდში დასრულდა დნესტრისპირეთის ფორმირება რუსულ ანკლავად. საბჭოთა კავშირის დაშლამ, რასაც დაპყრობილ ერებში თან ნაციონალიზმის მომძლავრება ახლდა, დნესტრისპირეთში კონფლიქტური ვითარება წარმოშვა. კონფლიქტის შემდგომ გაღვივებას და მის გადაზრდას სამოქალაქო ომში აქტიურად შეუწყო ხელი მოსკოვმა, რომელიც ამ პერიოდში კონფლიქტებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის შენარჩუნების ბერკეტად განიხილავდა.
ავტორი: დავით ნატროშვილი
სტატიის სრული ვერსია იხ. „დნესტრისპირეთი – კონფლიქტის ისტორია, თანამედროვეობა, მომავალი“.
[…] მიმოხილვა).Postsoviet on-line. Home page on-line.ინტერნეტი. https://postsovietwatch.com/2015/10/04/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%… ნახვა: 14 ივლისი, […]
LikeLike