მთავარი » ცენტრალური აზია » ტაჯიკეთი » ტაჯიკეთი: პრეზიდენტი ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის ემზადება

ტაჯიკეთი: პრეზიდენტი ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის ემზადება

ტაჯიკეთში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკონსტიტუციო და საკადრო ცვლილებები მიუთითებს, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, სავარაუდოდ, ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ შვილებისა და ოჯახის ახლო ნათესავების დაწინაურება, ცენტრალურ აზიაში გავრცელებული ტრადიციაა, რაჰმონის მრავალსულიანი ოჯახის წევრების კარიერული წინსვლა და წარმატებები ბიზნესში, ტაჯიკეთში კორუფციისა და ნეპოტიზმის განსაკუთრებით დიდ მასშტაბებზე მიუთითებს.

საკანონმდებლო ცვლილებები ოჯახის სასარგებლოდ

პრეზიდენტის უსაფრთხო მომავლისა და ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემისთვის შესაფერისი სამართლებრივი გარემოს შექმნის მიზნით, 2014-2015 წლებში ტაჯიკეთში არაერთი საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდა:

  • ერთ–ერთი საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, ემომალი რაჰმონს განუსაზღვრელი ვადით შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. გარდა ამისა, პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე, დაიცავს იმუნიტეტი სამართლებრივი დევნისგანაც.
  • ემომალი რაჰმონს „ერის ლიდერის“ სტატუსი მიანიჭეს და პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგაც შეუძლია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. 2010 წლიდან იმუნიტეტით და „ერის ლიდერის“ სტატუსით სარგებლობს ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევიც. თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვს „თურქმენბაშის“ (ყველა თურქმენის ლიდერი) ტიტული ჰქონდა გარდაცვალებამდე (2006). მისი მემკვიდრე გურბანგული ბერდიმუხამედოვი კი, ოფიციალურად მოიხსენიება, როგორც „არქადაგი“ (მფარველი).
  • კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებით, პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკმა 35–დან 30 წლამდე დაიწია, რაც პრეზიდენტის უფროს ვაჟს 2020 წლის დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

ემომალი რაჰმონი – „მარადიული“ პრეზიდენტი

Emomali_Rahmon

ემომალი რაჰმონი

ემომალი რაჰმონი ცენტრალური აზიის „მარადიულ“ პრეზიდენტებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. იგი 1952 წელს კულიაბის ოლქში დაიბადა. განათლებით ეკონომისტმა კარიერა მშობლიური რაიონის კოლმეურნეობაში დაიწყო. 1990 წელს ტაჯიკეთის სსრ უმაღლესი საბჭოს სახალხო დეპუტატი გახდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ტაჯიკეთში სამოქალაქო ომის დაწყების (1992) შემდეგ, პრეზიდენტის პოზიცია გაუქმდა, რაჰმონი კი, როგორც უმაღლესი საბჭოს სპიკერი, მთავრობის მეთაური გახდა. რაჰმონმა სამოქალაქო ომის დასრულება 1997 წელს გაერთიანებულ ტაჯიკურ ოპოზიციასთან შეთანხმების წყალობით შეძლო. ომის დასრულების შემდეგ კი, მან ეტაპობრივად დაასუსტა მოწინააღმდეგეები და საკუთარი ოჯახის ძალაუფლების გაზრდა დაიწყო.

1994 წელს პრეზიდენტის პოსტი აღადგინეს, საპრეზიდენტო არჩევნებში კი, რაჰმონმა გაიმარჯვა. 1999 წელს რაჰმონი კიდევ ერთხელ აირჩიეს პრეზიდენტად, ამჯერად უკვე 7 წლის ვადით, რასაც შემდეგი „წარმატებები“ მოჰყვა 2006 და 2013 წლებში. ტაჯიკეთში ჩატარებული ყველა არჩევნები, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, მასობრივი დარღვევებისა და ოპონენტების დევნის პირობებში მიმდინარეობდა.

პრეზიდენტის ოჯახი

პრეზიდენტის დებისა და ძმების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი. სავარაუდოდ, მას ოთხი ძმა და ორი და ჰყავს. პოსტსაბჭოთა ლიდერებიდან იგი ყველაზე მრავალშვილიანი მამაა. მას 9 შვილი ჰყავს, 7 ქალიშვილი და 2 ვაჟი. მისი მეუღლე აზიზმო ასადულაევაა. რაჰმონის მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრები და ნათესავები ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში წამყვან პოზიციებს იკავებენ. პრეზიდენტის სამი უფროსი ქალიშვილი და ერთი ვაჟი კი, განსაკუთრებულ გავლენას ფლობენ. დანარჩენი შვილები, ჯერჯერობით, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში სწავლობენ.

ოზადა – „წარმატებული“ საჯარო მოხელე

2016 წლის 27 იანვარს, ტაჯიკეთის პრეზიდენტის მეორე ქალიშვილი ოზადა (1979) სახელმწიფო მეთაურის აღმასრულებელი აპარატის უფროსად დანიშნეს. მისი კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში დაიწყო, შემდეგ მინისტრის მოადგილედ, 2014 წლიდან კი, პირველ მოადგილედ დანიშნეს.

ozoda rahmonova

ოზადა რაჰმონოვა

ოზადამ, რომელიც 5 შვილის დედაა, 2004–2006 წლებში ჯორჯთაუნისა და მერილენდის უნივერსიტეტები დაამთავრა. მისი მეუღლე ჯამალიდინ ნურალიევი ეროვნული ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ჯამალიდინი წლების განმავლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.

ოზადას დებიც გავლენიანი ფიგურები არიან. უფროსი და ფირუზა დუშანბეს ცენტრში მაღაზიების მფლობელია. მესამე და თაჰმინა კი, ქვეყნის უდიდეს ბანკსა და სატელევიზიო არხს აკონტროლებს. მის მფლობელობაშია სავაჭრო ცენტრების ქსელი, რესტორნები, უძრავი ქონება.

რუსტამ ემომალი – მომავალი პრეზიდენტი?

პრეზიდენტის ოჯახის გამორჩეული ფიგურა ემომალი რაჰმონის უფროსი ვაჟი რუსტამ ემომალია, რომელმაც ტაჯიკეთის ნაციონალური უნივერსიტეტი დაამთავრა. მამის წყალობით მისი კარიერა სწრაფად განვითარდა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ. გარკვეული პერიოდი ინვესტიციებისა და სახელმწიფო ქონების კომიტეტშიც საქმიანობდა და ქ. დუშანბეს საბჭოს წევრიც იყო. საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილეობის პერიოდში კონტრაბანდას ებრძოდა. მაშინ, როცა ტაჯიკეთში კონტრაბანდა და კორუფცია ყვავის, მსგავსი თანამდებობა დიდი არალეგალური შემოსავლების მიღებას უზრუნველყოფდა. 2013 წლიდან რუსტამ ემომალი საბაჟო სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2015 წელს კი, ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი გახდა.

Rustam Emomali

რუსტამ ემომალი

მას განსაკუთრებით უყვარს ფეხბურთი.  იგი დუშანბეს საფეხბურთო კლუბ „ისტიკლალ“–ის დამაარსებელი და თანამფლობელია. ადრეულ წლებში პროფესიულ ფეხბურთსაც თამაშობდა. რუსტამ ემომალი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც არის.

მისი სახელი უკავშირდება 2008 წელს ბიძაზე (დედის ძმა), ჰასან ასადულაევზე ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული თავდასხმის ფაქტს. ასადულაევი ტაჯიკეთში ცნობილ „ორიონბანკს“, ავიაკომპანიას და ალუმინის ექსპორტს, რომელიც ქვეყნის ძირითად საექსპორტო შემოსავლებს უზრუნველყოფს, აკონტროლებს. იგი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი პიროვნებაა. აღნიშნული დაპირისპირება რუსტამ ემომალის რთულ ხასიათსა და პრეზიდენტის ოჯახის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს, რამაც შესაძლოა პრეზიდენტის მემკვიდრეობისთვის ბრძოლა გაამწვავოს.

დასკვნა

ტაჯიკეთში განხორციელებული საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები მიუთითებს, რომ პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი ძალაუფლების კონცენტრაციას ცდილობს და პრეზიდენტობის მემკვიდრეობით გადაცემისთვის შესაფერის პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს ამზადებს.

2020 წელს, როდესაც შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, ემომალი რაჰმონი მხოლოდ 68 წლის იქნება და შესაძლოა მან არ დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან პოლიტიკური გარემოს შეცვლის შემთხვევაში, მისი უფროსი ვაჟი, რომელიც 2020 წლისთვის 33 წლის იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შედეგად, შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და, დიდი ალბათობით, ძალაუფლების მემკვიდრეობით მიღებას.

მამიდან შვილზე ძალაუფლების გადაცემა შეიძლება შეაფერხოს პრეზიდენტის ოჯახის წევრებს შორის არსებულმა დაპირისპირებამ, ან  ქვეყნის შიგნით ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გამწვავებამ, რაც რეგიონულ ელიტებს შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას წაახალისებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: