მთავარი » აზერბაიჯანი » აზერბაიჯანი: ნავთობდოლარები და სამხედრო ხარჯები

აზერბაიჯანი: ნავთობდოლარები და სამხედრო ხარჯები

1994 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. აზერბაიჯანი ენერგო პროექტებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე გაზრდილი სამხედრო ხარჯებით ცდილობს სომხეთთან მიმართებაში სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, სომხეთი კი, თავის მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობით ცდილობს სამხედრო პარიტეტის შენარჩუნებას.

1994 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანული ტერიტორიების დაკარგვის გარდა, საერთაშორისო ენერგო პროექტებში აზერბაიჯანის მონაწილეობის პერსპექტივამაც დააჩქარა. ახალი ენერგო პროექტების განხორციელების ერთ–ერთი წინაპირობა რეგიონში უსაფრთხო სატრანზიტო მარშრუტის უზრუნველყოფა იყო. ენერგო პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამხედრო პოტენციალის გაზრდა და სომხეთზე სამხედრო უპირატესობის მოპოვება დაისახა მიზნად, რაც ბაქოს აზრით, საბოლოო ჯამში, ყარაბაღის კონფლიქტში მის სასარგებლოდ ვითარების შეცვლას უზრუნველყოფს.

აზერბაიჯანი უპირატესობის მოპოვებას სამხედრო ხარჯების გაზრდით, სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებით ცდილობს. სომხეთის მთავარი კოზირი კი, რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროზე გაკეთებული ხშირი განცხადებების მიუხედავად, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ხარჯებსა და შესაძლებლობებზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მხარეები, როგორც წესი, ან არ გასცემენ მსგავს ინფორმაცის, ან არასწორად გასცემენ. ხშირად სამხედრო ხარჯებში, ზოგადად უსაფრთხოების სფეროსთვის გამოყოფილი ხარჯებიც იგულისხმება.

ნავთობდოლარების გავლენა სამხედრო ხარჯების ზრდაზე

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანში სამხედრო ხარჯების  ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 2006 წლიდან, როდესაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობი ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. აზერბაიჯანული ხედვით, სამხედრო ხარჯების გაზრდის სტრატეგიის მიზანია, ყველა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ბალანსის აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვლა, რაც სომხეთს, საბოლოო ჯამში, კონფლიქტში დათმობებზე წასვლას აიძულებს.

2006 წელს, ნავთობდოლარების წყალობით, აზერბაიჯანის მიერ უსაფრთხოების სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაორმაგდა, თუ 2005 წელს ბიუჯეტი 644 მლნ აშშ დოლარი იყო, 2006 წელს – 1 მლრდ 322 მლნ აშშ დოლარი გახდა. 2007 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ 34%–ს მიუახლოვდა, რამაც აზერბაიჯანს 2008 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის 12 მლრდ აშშ დოლარამდე გაზრდის საშუალება მისცა, მაშინ როცა სამი წლით ადრე ბიუჯეტი მხოლოდ 4 მლრდ აშშ დოლარი იყო. ამის შემდეგ, 2009 და 2010 წლებში მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო ზრდა შეფერხდა, თუმცა 2011 წელს უსაფრთხოების სფეროს ბიუჯეტი კვლავ გაორმაგდა და 3 მლრდ 79 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წელს აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა განაცხადა, რომ 2015 წელს აზერბაიჯანის თავდაცვითი ბიუჯეტი 27%–ით გაიზრდებოდა და გახდებოდა 4.8 მლრდ აშშ დოლარი, რაც მთავრობის საბიუჯეტო ხარჯების 17.9% იქნებოდა. ამავე წელს სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ 3.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, მათ შორის სამხედრო ბიუჯეტი კი, 500 მლნ აშშ დოლარი იყო.

2014 წელს, სამხედრო ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო ხარჯების გაზრდას. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენი სამხედრო ხარჯები 20–ჯერ გაიზარდა და სამხედრო ძალებზე გაწეული ხარჯები სომხეთის მთლიან ბიუჯეტზე დაახლოებით ორჯერ დიდია“. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, 2005–2015 წლებში აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები 10–ჯერ გაიზარდა და 2015 წელს 4.8 მლრდ აშშ დოლარის მიაღწია, მაშინ როცა იმავე წელს სომხეთის ხარჯები მხოლოდ 447 მლნ აშშ დოლარი იყო.

2016–2017 წლებში აზერბაიჯანის მიერ უსაფრთხოების სფეროსთვის გამოყოფილი ხარჯები ნავთობზე დაბალი ფასებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შემცირდა, თუმცა სომხეთის ხარჯებთან შედარებით, მაინც შთამბეჭდავია. აზერბაიჯანი 2017 წლისთვის თავდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირებას გეგმავს, თუ 2016 წელს ხარჯები 1.46 მლრდ აშშ დოლარი იყო, 2017 წელს, დაახლოებით, 1 მლრდ აშშ დოლარი იქნება. სომხეთის 2017 წლის დაგეგმილ ბიუჯეტში კი, სამხედრო ხარჯები 440 მლნ აშშ დოლარი იქნება, თითქმის იგივე, რაც 2016 წელს იყო – 436 მლნ აშშ დოლარი.

mil-expend-chart

ნავთობდოლარების გავლენა აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯების ზრდაზე

აზერბაიჯანი: სამხედრო მრეწველობისა და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება

საერთაშორისო ენერგო პროექტების განხორციელების შემდეგ აზერბაიჯანი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურდა. მაგ. სამხედრო შეიარაღების მომარაგების გაუმჯობესებისათვის 2005 წელს თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრო შექმნა. სამინისტრომ საკუთარი რესურსებისა და წლების განმავლობაში სხვა ქვეყნების თავდაცვით სექტორებთან თანამშრომლობით ადგილობრივი წარმოების შეიარაღების გამოშვებაც კი დაიწყო.

გარდა ამისა, ინტენსიურად მიმდინარეობს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა ბელორუსიასთან, უკრაინასთან, თურქეთთან და ისრაელთან. ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიურია რუსეთთან თანამშრომლობა, რაც სომხეთისათვის ეჭვებისა და შეშფოთების საგანი გახდა. 2010 წლიდან აზერბაიჯანმა მხოლოდ რუსეთიდან 4 მლრდ აშშ დოლარის სამხედრო ტექნიკა შეიძინა. SIPRI–ის ინფორმაციით, 2011-2015 წლებში აზერბაიჯანზე მოდიოდა რუსეთის შეიარაღების ექსპორტის 5%, წინა წლებში კი, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.7% იყო. საინტერესოა, რომ აზერბაიჯანი ძირითადად თავდასხმით სამხედრო ტექნიკას ყიდულობს.

სომხეთი: რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის გაღრმავება

სომხეთი აზერბაიჯანის მზარდი სამხედრო ხარჯების დასაბალანსებლად რუსეთთან კავშირების გამყარებას ცდილობს. რუსეთი სომხეთში წარმოდგენილია ქ. გიუმრიში დისლოცირებული 102-ე სამხედრო ბაზით და რუსეთის 3 624-ე საჰაერო ბაზით. გიუმრის ბაზა რუსეთის შეიარაღებული ძალების ამიერკავკასიის ჯგუფის ნაწილია და დსთ-ს ერთიანი საჰაერო თავდაცვითი სისტემის კომპონენტს წარმოადგენს. სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნას 1995 წელს ხელმოწერილი შეთანხმება უზრუნველყოფს. აღნიშნული ხელშეკრულების ვადა, რომელიც 25 წელზე იყო გათვლილი, 2010 წელს, 2044 წლამდე გაგრძელდა.

სომხეთი, ამავე დროს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, რაც სომხეთისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა. ორგანიზაციის წევრობა სომხეთს რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერისა და რუსული იარაღის შესყიდვა/უფასოდ მიღების შესაძლებლობას აძლევს. აზერბაიჯანის მიერ თავდასხმითი სამხედრო ტექნიკის შესყიდვის საპახუსოდ, თავის მხრივ, თავდასხმითი ტექნიკით იარაღდება სომხეთიც, რომელიც, როგორც აღნიშნული ორგანიზაციის წევრი, რუსეთისგან პირდაპირ, შუამავალი კომპანიების გარეშე ყიდულობს იარაღს. რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის შესაძენად სომხეთი მრავალმილიონიან კრედიტებსაც იღებს.

ძირითადი დასკვნები

  • აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ხარჯების განუხრელი ზრდის სტრატეგია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთთან მიმართებაში სამხედრო და ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას ისახავს მიზნად.
  • პოსტკონფლიქტურ პერიოდში სამხედრო ხარჯების ზრდაზე უშუალო გავლენას ახდენს საერთაშორისო ენერგო პროექტები, რომლებიც, განსაკუთრებით 2006 წლიდან, აზერბაიჯანისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 2009–2010 წლების მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და ბოლო წლებში ნავთობზე დაბალმა ფასებმა და გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ სამხედრო ხარჯების ზრდა შეაფერხა, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი, სომხეთის იგივე ხარჯებთან შედარებით, მაინც შთამბეჭდავია, რაც სომხეთს რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას აიძულებს.
  • სამხედრო ხარჯების მხრივ უპირატესობის მოპოვებამ და სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა თანამშრომლობამ, სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში, სომხეთთან მცირე მასშტაბიან ომში აზერბაიჯანის წარმატებას შეუწყო ხელი. 2016 წლის 2–5 აპრილს, „ოთხ დღიან“ ომში  აზერბაიჯანმა ორი გორაკი დაიბრუნა, ერთ–ერთი ლელე ტეპე, ირანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობს და გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
  • „ოთხ დღიან“ მცირე მასშტაბიან ომში წარმატება, რომელიც ქვეყნის შიგნით გამარჯვებად შეფასდა, აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას საშუალებას მისცემს შიდა წნეხისგან გარკვეული პერიოდი განთავისუფლდეს და რეგიონში სტაბილურობა შეინარჩუნოს. მმართველ ელიტას გაცნობიერებული აქვს, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე არსებული შიდა ზეწოლა, კონფლიქტის განახლებისა და შესაბამისად ენერგო პროექტების შეჩერების რისკებს წარმოშობს, რაც აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯების ზრდის მთავარი წყაროა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: