1991 წელს სსრკ–ის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი) დაშლის შემდეგ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ტერიტორიების აღსანიშნად პოლიტიკური თუ სამეცნიერო წრეები სხვადასხვა ტერმინებს იყენებენ: „პოსტსაბჭოთა“ [post-Soviet], პოსტსოციალისტური“ [post-Socialist], „პოსტიმპერიული“ [post-imperial], „პოსტკოლონიური“ [post-colonial], „ახლო საზღვარგარეთი“ [near abroad], ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები [former Soviet republics], „დსთ–ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) წევრი ქვეყნები“, „ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები“ [the New Independent States] და სხვა. განსაკუთრებული პოპულარობა ორმა ტერმინმა: „პოსტსაბჭოთა სივრცე“ და „ახლო საზღვარგარეთი“, მოიპოვა. ტერმინებს შორის მრავალწლიანი „ბრძოლა“კი, „პოსტსაბჭოთა სივრცის“ „გამარჯვებით“ დასრულდა.
„ახლო საზღვარგარეთი“
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში საგარეო პოლიტიკურ დოკუმენტებსა და აკადემიურ ნაშრომებში, ტერმინების, „ახლო საზღვარგარეთი“ [near abroad] და „შორეული საზღვარგარეთი“ [far abroad], გამოყენება დაიწყეს. ტერმინი „ახლო საზღვარგარეთი“ პირველად გაზეთმა „იზვესტია“–მ 1992 წლის 15 იანვარს გამოიყენა.
ტერმინ „ახლო საზღვარგარეთში“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მოიაზრებიან, რომლებიც რუსეთის აზრით, კრემლის გავლენის ქვეშ უნდა იყვნენ და ამ ქვეყნებში დაუშვებელია სხვა სახელმწიფოების, განსაკუთრებით დასავლეთის სახელმწიფოების, გავლენის გაზრდა. რუსი ექსპერტების ხედვით, აღნიშნულ ტერმინს გეოგრაფიულზე მეტად უფრო ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა აქვს. დასავლეთში ტერმინს ნეგატიურად აფასებენ, რადგან მათი აზრით, ტერმინი უახლოესი მეზობლების მიმართ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს უსვამს ხაზს.
2000–იან წლებში რუსეთის პოლიტიკურ თუ აკადემიურ წრეებში უფრო გახშირდა სხვა ტერმინის, „პოსტსაბჭოთა სივრცე“, გამოყენება. ტერმინი „ახლო საზღვარგარეთი“ კვლავ გამოიყენება, თუმცა მისი გამოყენების შემთხვევები სულ უფრო მცირდება.
„პოსტსაბჭოთა სივრცე“
ახლად წარმოქმნილი პოლიტიკური სივრცის აღმნიშვნელი ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“ პირველად ლიტველი ჟურნალისტის ალგის პრაზაუსკასის (Algis Prazauskas) სტატიაში გამოჩნდა, რომელიც მან 1992 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ნეზავისიმაია გაზეტა“–ში გამოაქვეყნა, სადაც „დსთ–ს პოსტკოლონიურ სივრცედ“ განიხილავდა.
ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, რუსეთის პრეტენზიის უპირატესობაზეც მიუთითებს, რადგან საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ რუსეთი მიიჩნევა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი (2007-2010) მიუღებლად მიიჩნევდა, ტერმინის – „პოსტსაბჭოთა სივრცე“ გამოყენებას: „უკრაინა, საქართველო და სხვები არ მიეკუთვნებიან „პოსტსაბჭოთა სივრცეს“. ეს ქვეყნები დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები არიან, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის საკუთარი უფლებები აქვთ.“
საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში, „პოსტსაბჭოთა“ სივრცეში, საბჭოთა კავშირის მხოლოდ 12 რესპუბლიკა (რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი) იგულისხმება და არა ბალტიისპირეთის ქვეყნები (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა). მსგავსი მიდგომაა გავრცელებული, როდესაც იყენებენ ტერმინებს „დსთ–ს ქვეყნები“ ან „თანამეგობრობის ქვეყნები“. აღნიშნულ მიდგომას, სავარაუდოდ, განაპირობებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ხანმოკლე ყოფნა (1940-1991) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.
პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ტერმინების გამოყენების მიუხედავად, რუსულ თუ უცხოურ აკადემიურ წრეებსა და მედიაში ყველაზე მეტად ადგილი დაიმკვიდრა ტერმინმა „პოსტსაბჭოთა სივრცე“. ამჟამად აღნიშნული ტერმინის გამოყენების კუთხით სამი განსხვავებული მიდგომაა.
განსხვავებული მიდგომები
ტერმინი „პოსტსაბჭოთა სივრცე“ შეიძლება გულისხმობდეს:
- პირველი: სოციალისტური ბანაკის (ვარშავის პაქტის) ქვეყნებს და სოციალიზმზე ორიენტირებულ ქვეყნებს.
- მეორე: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს (სულ 12 სახელმწიფო), რომლებიც დსთ–ს წევრები არიან ან იყვნენ. ამ შემთხვევაში ამ სივრცეში არ მოიაზრება ბალტიისპირეთის ქვეყნები.
- მესამე: ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით, ანუ ყველას ვისაც რუსეთი „ახლო საზღვარგარეთად“ მიიჩნევს.
დღეისათვის პოლიტიკურ, აკადემიურ თუ მედია წრეებში მეორე და მესამე მიდგომა დომინირებს.
ახალი ტენდენციები
2000–იან წლებიდან რუსეთის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში სულ უფრო პოპულარული ხდება ახალი ტერმინის, „ევრაზიული სივრცის“ გამოყენება, რაც რუსეთის მხრიდან ევრაზიის კონტინენტზე ახალი ინტეგრაციული პროცესების დაწყების მცდელობას და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნას უკავშირდება. რუსეთში მიაჩნიათ, რომ „ევრაზიული სივრცე“ გულისხმობს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეს, ასევე სხვა რეგიონის ქვეყნებსაც, რომლებიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ესაზღვრება. ტერმინის შემდგომი „პოპულარობა“ ევრაზიულ სივრცეში რუსეთის პოლიტიკის წარმატებებზე იქნება დამოკიდებული.
სტატიაში გამოყენებულია ქვემოთ მოცემულ წყაროებში არსებული ინფორმაცია და მოსაზრებები:
- Nataliya A. Vasilyeva, Maria L. Lagutina, The Russian Project of Eurasian Integration: Geopolitical Prospects, 2016.
- Paul Goble, Post-Soviet space’ beats out ‘near abroad’ among Russian users, 27 Apr 2009.