2016 წლის 4 დეკემბერს უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შავქათ მირზიაევმა ამომრჩევლების ხმების 88.61% მიიღო. დამოუკიდებელი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად სწორედ მირზიაევი მიიჩნეოდა. მირზიაევი ისლამ კარიმოვისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა და ითვლება, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში, იგი კარიმოვის ოჯახის აქტივების დაცვის საუკეთესო გარანტორი იქნება.
ბრძოლა კარიმოვის მემკვიდრეობისთვის
ისლამ კარიმოვის მმართველობის ბოლო წლებში, მისი ასაკისა და ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობის გამო, კარიმოვის მემკვიდრეობისათვის ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა. უზბეკეთის კლანურ საზოგადოებაში ქვეყნის პირველი პირის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევისთვის გადამწყვეტი ფაქტორია გავლენიან კლანებსა და ჯგუფებს შორის კომპრომისულ ფიგურაზე შეთანხმება. თავის დროზე, კარიმოვიც კლანებს შორის შეთანხმების შედეგად შეირჩა. კარიმოვის მმართველობის ბოლო პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატურებად პრემიერ–მინისტრ შავქათ მირზიაევს, ვიცე–პრემიერ რუსტამ აზიმოვსა და უშიშროების მინისტრ, რუსტამ ინაიატოვს მიიჩნევდნენ.

ისლამ კარიმოვი, უზბეკეთის პირველი პრეზიდენტი (1991-2016)
მირზიაევი სამარყანდ–ჯიზახის კლანის ლიდერად ითვლება. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მან შეძლო კონკურენტების დასუსტება და კლანის ლიდერად გახდომა. არის ვარაუდი, რომ მას ამაში კარიმოვის მმართველობის პერიოდში ყველაზე გავლენიანი ფიგურა, უშიშროების მინისტრი რუსტამ ინაიატოვიც დაეხმარა. ბევრი მირზიაევს ინაიატოვის პროტეჟედაც მიიჩნევს. მირზიაევის გაპრეზიდენტება კლანებს შორის კომპრომისის მიღწევაზე და მისი კანდიდატურის რუსტამ ინიატოვის მხრიდან მხარდაჭერაზე მიუთითებს, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში უზბეკეთში შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიდან პრეზიდენტობამდე
2016 წლის 2 სექტემბერს ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, 8 სექტემბერს, შავქათ მირზიაევი პარლამენტის ორივე პალატამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის სიკვდილის ან უუნარობის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შესრულება პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს ევალებოდა მანამ, სანამ სამ თვეში არჩევნები არ ჩატარდებოდა. ზედა პალატის თავმჯდომარე, ნიგმათულა იულდაშევი არ ითვლებოდა ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად. იულდაშევმა პრეზიდენტის მოვალეობა მხოლოდ რამდენიმე დღე შეასრულა, შემდეგ კი უარი თქვა. ამის მიზეზად, იულდაშევმა მირზიაევის მრავალწლიანი გამოცდილება და ხალხის მხრიდან პატივისცემა დაასახელა. მირზიაევი საპარლამენტო სხდომაზე პრაქტიკულად საპრეზიდენტო პროგრამით წარდგა, სადაც ისლამ კარიმოვის შიდა და საგარეო პოლიტიკის კურსის გაგრძელებაზე ისაუბრა. მან პირობა დადო, რომ „განუხრელად და თანმიმდევრობით იხელმძღვანელებს იმ პრინციპებით, რომელიც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა დატოვა“.
პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში მირზიაევი თავიდანვე დაწინაურდა, რაზეც რამდენიმე ფაქტორი მიუთითებდა. 1 სექტემბერს, კარიმოვის სიკვდილის ოფიციალურ გამოცხადებამდე, მირზიაევმა მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის მონუმენტთან ყვავილების დადების სიმბოლურ ღონისძიებაში. გარდა ამისა, მირზიაევი კარიმოვის დაკრძალვის ცერემონიას ხელმძღვანელობდა და პირადად გააცილა უკანასკნელ გზაზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ლიდერების (ჯერ დიმიტრი მედვედევი და შემდეგ ვლადიმერ პუტინი) ვიზიტები უზბეკეთში მირზიაევთან შეხვედრების ფონზე წარიმართა, რაც, როგოც ჩანს, კრემლის მხრიდან მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერასაც გულისხმობდა.
მირზიაევი პრეზიდენტობის კანდიდადატ უზბეკეთის ლიბერალ–დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად 19 ოქტომბერს წარადგინა. იგივე პარტიამ წარადგინა კარიმოვი 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მირზიაევის „კონკურენტები“ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნების ორი ვეტერანი მონაწილე: უზბეკეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ხატამჟან კეტმონოვი და სოციალურ-დემოკრატიული პარტია „სამართლიანობის“ კანდიდატი, ნარიმან უმაროვი. კეტმონოვმა და უმაროვმა 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3-3% მიიღეს. მეოთხე კანდიდატი ახალბედა სარვარ ოტამურატოვი იყო, დემოკრატიული პარტია „ეროვნული აღორძინებიდან“.
მირზიაევის წინასაარჩევნო კამპანია
პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში მირზიაევმა ძალაუფლების განმტკიცებისთვის სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა. გამომდინარე იქიდან, რომ მირზიავი საჯარო ფიგურა არ იყო და იშვიათად ჩანდა მედიაში, პირადი პოპულარობის გაზრდისთვის, მან უზბეკეთის რეგიონები სწრაფ ტემპში მოიარა და მოსახლეობასაც შეხვდა. ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა მთავრობაში, დანიშნა ახალი გუბერნატორები და რეგიონული ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები. საყურადღებოა, რომ მირზიაევმა საჯარო სამსახურში დააბრუნა კარიმოვის დროს ხელისუფლებიდან მოკვეთილი კადრები. ასევე საინტერესოა, რომ მოკვეთილი ჩინოვნიკების გარდა, სცენას დაუბრუნდა რამდენიმე მომღერალი/მსახიობი, რომლებსაც კარიმოვის დროს სცენაზე გამოჩენის საშუალებას არ აძლევდნენ.
მეწარმეებში პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად მირზიაევმა კარიმოვის მიერ მიღებული რამდენი არაპოპულარული კანონიც კი შეცვალა, მათ შორის გააუქმა საწარმოების დაუგეგმავი შემოწმება და შეამცირა სავალუტო სარგებელის სახელმწიფოსთვის აუცილებელი მიყიდვის ზღვარი. ბიზნესმენთა მხარდასაჭერად კი, ბიზნეს–ომბუდსმენის ანალოგიური ინსტიტუტის შემოღებაზე იმსჯელა.
მოსახლეობის გულის მოსაგებად მთავარი გზები, რომლებსაც პრეზიდენტის კორტეჟი იყენებდა და დაკეტილი იყო საზოგადოებრივი სარგებლობისთვის, ხელახლა გახსნა. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო საჩივრების ვირტუალური მისაღების გახსნა ვებგვერდის სახით, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი საჩივრის გაგზავნა. არსებული მონაცემებით, ზოგიერთი დავა მომჩივანის სასარგებლოდაც სრულდება. ვირტუალურ სივრცეში სიახლეა ქვეყნის მეთაურის ფეისბუქის გვერდიც, სადაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობას აშუქებენ. კარიმოვის დროს მოსახლეობასთან ურთიერთობა ტელევიზიითა და ოფიციალური ვებ–გვერდებით შემოიფარგლებოდა.
მირზიავემა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პატიმრობიდან გაანთავისუფლა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ხანდაზმული პოლიტპატიმარი, 72 წლის სამანდარ კუკანოვი, რომელმაც საპატიმროში 23 წელი და 4 თვე გაატარა, ანუ კარიმოვის მმართველობის თითქმის მთელი პერიოდი.
მირზიაევმა პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების მოკლე პერიოდში ახლო მეზობლებთან – ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი – ურთიერთობის გაუმჯობესებაც დაიწყო. ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან კარიმოვის მმართველობის პერიოდში ურთიერთობა გაყინული იყო და სახმელეთო საზღვრები პრაქტიკულად დაკეტილი იყო. მირზიაევი ტაჯიკეთს პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზეც შეუთანხმდა, რომელიც 23 წლის წინ შეწყდა.
ვინ არის უზბეკეთის ახალი პრეზიდენტი

შავქათ მირზიაევი
ადრეული წლები
შავქათ მირზიაევი (უზბ.Shavkat Mirziyoyev) 1957 წლის 24 ივლისს დაიბადა ზაამინის რაიონში, ჯიზახის ოლქი, უზბეკეთის სსრ, სსრკ. სხვა ვერსიის მიხედვით, მისი მშობლები ტაჯიკეთის სსრ–ში, უზბეკურ კიშლაკ (ნახევრად მომთაბარე თურქულენოვანი ხალხების დასახლებული პუნქტი) იახტანში (ურა–ტიუბინის რაიონი) ცხოვრობდნენ და ზაამინში მხოლოდ 1960–იან წლებში გადავიდნენ. ამ ფაქტის გამო, ბევრი მას „ტაჯიკად“ ან „ტაჯიკურ ენაზე მოსაუბრედ“ მოიხსენიებს. მამა ზაამინის რაიონში ტუბერკულოზის დისპანსერის მთავარი ექიმი იყო, დედა იმავე საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა და ადრე გარდაიცვალა. მირზიაევს ორი და ჰყავს, ასევე ძმა და და მამის მეორე ქორწინებიდან. მირზიაევის დედინაცვალი 2016 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.
საბჭოთა კარიერა
1981 წელს მირზიაევმა ინჟინერ–მექანიკოსის სპეციალობით ტაშკენტის ირიგაციისა და მელიორაციის ინსტიტუტი დაამთავრა. აღნიშნული ინსტიტუტი არ ითვლებოდა მაღალი რანგის უმაღლეს სასწავლებლად და მისი კავშირებიც უზბეკეთის ელიტის პროდასავლურ ჯგუფთან სუსტია, ვიცე–პრემიერ რუსტამ აზიმოვისგან განსხვავებით, რომელიც ტაშკენტში ცნობილი და გავლენიანი ოჯახის წევრია და ოქსფორდში აქვს განათლება მიღებული. 1981–1992 წლებში მირზიაევი ამავე ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის პარტიული კუთხით. აქვე მიიღო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ინსტიტუტში მოღვაწეობა პრორექტორის რანგში დაასრულა. 1974–1991 წლებში საირიგაციო სისტემასთან დაკავშირებულ საწარმოებსა და დაწესებულებებში მუშაობდა. 1990–იან წლებში რამდენიმე აკადემიური ნაშრომის თანაავტორი იყო, სადაც აგროტექნოლოგიების გამოყენების დროს არსებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებზეა საუბარი.
პოლიტიკური კარიერა
1990 წელს მირზიაევი უზბეკეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს, 1994 წლიდან კი, დამოუკიდებელი უზბეკეთის ახალი პარლამენტის წევრიც გახდა. 1992 წელს ტაშკენტის მირზო–ულუგბეკის რაიონის ჰაქიმია (მხარის გუბერნატორი). 1996 წლიდან კი, ჯიზახის ოლქის მმართველია. 1999–2004 წლებში მეორე მოწვევის პარლამენტში ჯიზახის ოლქიდან აირჩიეს. 2001 წელს სამარყანდის ოლქის ჰაქიმი გახდა.
2003 წლის 12 დეკემბრს მირზიაევი ქვეყნის პრემიერ–მინისტრად დაინიშნა. პრემიერობის პერიოდში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სოფლის მეურნეობის მიმართულებას კურირებდა, მათ შორის ბამბის მრეწველობას.
შავქათ მირზიაევი და ბამბის წარმოება
შავქათ მირზიაევის კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ბამბის მოსავლის აღებასთან არის დაკავშირებული, ჯერ სხვადასხვა რეგიონების მმართველისა და შემდეგ პრემიერ–მინისტრის რანგში. ბამბა ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და მოსავლის წარმატებით აღება და ექსპორტი ქვეყნისთვის დიდ შემოსავალს უზრუნველყოფს. მირზიაევი უშუალოდ იყო პასუხისმგებელი მოსავლის აღების პერიოდში მილიონობით მოქალაქის მობილაზაციაზე, რაც ადამიანის უფლებების დამცველების მიერ იძულებით შრომად ფასდებოდა.
შავქათ მირზიაევის პიროვნული თვისებები
შავქათ მირზიაევს პიროვნულად საკმაოდ ნეგატიურად მოიხსენიებენ და თანამშრომლების ცემასა და ბილწსიტყვაობაშიც ადანაშაულებენ. ადგილობრივი ექსპერტები არც მის გონებრივ შესაძლებლობებზე არიან მაღალი წარმოდგენის. ცნობილი ამბავია, როდესაც იგი ჯიზახის ოლქს ხელმძღვანელობდა, ფიზიკურად გაუსწორდა ერთ–ერთი ფერმერს, რომელმაც მასთან ოლქში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო დაიჩივლა. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ 2000 წელს ჯიზახის პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის მასწავლებელს ფიზიკურად გაუსწორდა იმიტომ, რომ მისი სტუდენტები ბამბის მოსავალს ნელა იღებდნენ. მასწავლებელი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მას კარიმოვს ადარებენ, თუმცა, როგორც ამბობენ, იგი შესაძლოა მასზე უხეშიც იყოს.
საინტერესოა, რომ მისი პირველი, შედარებით ნორმალური ფოტო მედიაში მისი გაპრემიერებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ გამოჩნდა. „ვიკილიკსში“ გამოქვეყნებული დიპლომატიური მიმოწერიდან ირკვევა, რომ მირზიაევმა სახელმწიფო მედიას დაავალა იგი არასოდეს გამოეჩინათ ტელევიზიაში, რადგან მისი აზრით, კარიმოვს შეეძლო ეეჭვიანა.
რუსული კავშირები
ცნობილია, რომ შავქათ მირზიაევი რუს ოლიგარქებთან დაახლოებულია და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, როდესაც პუტინი 2008–2012 წლებში რუსეთის პრემიერი იყო. საინტერესოა, რომ კარიმოვის დაკრძალვის შემდგომ დღეებში, კარიმოვის საფლავი ვლადიმერ პუტინმაც მოინახულა, რომელმაც 6 სექტემბერს მირზიაევთანაც გამართა შეხვედრა.
ოჯახი
შავქათ მირზიაევის დისშვილი დიორა უსმანოვა უზბეკური წარმოშობის რუსი ოლიგარქის, საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ თანამფლობელის, ალიშერ უსმანოვის ქონების მემკვიდრედ მიიჩნევა. დიორა ალიშერ უსმანოვის ძმისშვილზე, ბაბურ უსმანოვზე იყო დაქორწინებული, რომელიც 30 წლის ასაკში, 2013 წლის 8 მაისს, ტაშკენტში ავტო კატასტროფაში გარდაიცვალა. არის ვერსია, რომ ოლიგარქის ახალგაზრდა მემკვიდრე პოლიტიკურმა კონკურენტებმა მოიშორეს. მიუხედავად იმისა, რომ ალიშერ უსმანოვს უზბეკური შიდა პოლიტიკის მიმართ ინტერესი არასრდროს გამოუხატია, მოარული ხმების მიხედვით, კარიმოვის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში შესაძლოა თავისი დისშვილის საშუალებით, თავადაც ჩართულიყო. ალიშერ უსმანოვს საკუთარი ბიოლოგიური შვილი არ ჰყავს და სწორედ მისი უმცროსი ძმის ერთადერთი ვაჟი ითვლებოდა ოლიგარქის მემკვიდრედ. ბაბურის გარდაცვალების შემდეგ დიორა ითვლება ოლიგარქის მემკვიდრედ, რომელსაც ზოგჯერ „უზბეკეთის მარია ანტუანეტად“ მოიხსენიებენ. დიორას ერთი ქალიშვილი, მარია ჰყავს. დიორა ბავშვთა ძვირადღირებული ტანსაცმელების ბიზნესშია ჩართულია. მისი დიზაინის ბრენდი „ბიბიონე“ მარიამის ზედმეტსახელიდან მოდის. დიორას კომპანიის მიერ დამზადებული ბავშვის ტანსაცმელი 7 ათასი აშშ დოლარიც ღირს.

დიორა უსმანოვა
ისლამ კარიმოვის შვილებისგან განსხვავებით, მირზიაევი არ ცდილობს საკუთარი ოჯახის სიმდიდრის დემონსტრირებას. მისი ნათესავები მომგებიან სფეროში არიან ჩართულნი, მისი ვაჟი დავრონ მირზიაევი კი, ენერგეტიკის სფეროშია. მედიის ინფორმაციით, მირზიაევი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. სიმდიდრით ის შეიძლება მხოლოდ კარიმოვის ოჯახს, ვიცე–პრემიერ რუსტამ აზიმოვსა და უშიშროების მინისტრს რუსტამ ინაიატოვს ჩამოუვარდებოდეს. სხვადასხვა შეფასებით, მისი ქონება შესაძლოა 2 მლრდ აშშ დოლარს აღწევდეს.
შავქათ მირზიაევის საგარეო-პოლიტიკური ხედვა
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის დღესვე შავქათ მირზიაევმა განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს ქვეყნის მიერ არჩეულ სამხედრო ნეიტრალიტეტის კურსს და არ გაერთიანდება არცერთ სამხედრო ბლოკში, მათ შორის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. მან ასევე პირობა დადო, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებს არ განალაგებს და არც უცხოეთში გააგზავნის უზბეკ სამხედროებს. ამ მხრივ, მირზიაევი, პრობლემას ვერ ხედავს შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობაში, სადაც სამხედრო კომპონენტი მეორეხარისხოვანია.
მირზიაევის განცხადებით, უზბეკეთის საგარეო–პოლიტიკური საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი ცენტრალური აზიის რეგიონია, რომელთანაც ქვეყნის ეროვნული ინტერესებია დაკავშირებული. მირზიაევმა რეგიონის ქვეყნებთან პრაგმატული ურთიერთობის პოლიტიკის გაგრძელებაზე ისაუბრა. ამავე, დროს მან ხაზი გაუსვა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ურთიერთმომგებიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა აშშ–თან და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ჩინეთთან.
მირზიაევის განცხადებების მიუხედავად, რუსეთთან და მის პოლიტიკურ ელიტასთან ახლო ურთიერთობები ჩინეთში გარკვეული შეშფოთების საგანი გახდა. პეკინში ეჭვობენ, რომ მირზიაევმა შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების განვითარება ჩინეთის ხარჯზე მოახდინოს. კარიმოვის მიერ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებით იყო ნაკარნახევი. პეკინში, შიშობენ, რომ თუკი მირზიაევმა პრორუსული პოლიტიკის გატარება დაიწყო ან ვითარების გაკონტროლება ვერ შეძლო, შესაძლოა საფრთხე შეიქმნას ჩინეთის უზბეკური თხევადი გაზით მომარაგებასა და ისლამური ფუნდამენტალიზმის გაძლიერების კუთხით. კარიმოვის მმართველობის პერიოდში, უზბეკეთის ხელისუფლების ეკომონიმიკური კავშირები ჩინეთთან სწრაფად ვითარდებოდა, ისლამური ფუნდამენტალიზმის ნებისმიერი გამოვლინება კი, მკაცრად კონტროლდებოდა.
ძირითადი დასკვნები
- ისლამ კარიმოვის 27–წლიანი მმართველობის შემდეგ უზბეკეთში ახალი ეპოქა დაიწყო. შავქათ მირზიაევის გაპრეზიდენტება მიუთითებს, რომ უზბეკეთის გავლენიან კლანებსა და ჯგუფებს შორის შეთანხმება შედგა და კარიმოვის პოლიტიკური მემკვიდრე მირზიაევი გახდა, რომელიც კარიმოვის ოჯახისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, მირზიაევმა უზრუნველყო მისი მოკავშირის, უშიშროების მინისტრის, რუსტამ ინაიატოვის მხარდაჭერაც. რაც იმის დასტურია, რომ მოკლევადიან პერიოდში ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიან გარემოში ჩაივლის.
- გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შემდეგ რაც მირზიაევი შეძლებს პოზიციების გამყარებას, შესაძლოა მმართველ ელიტაში კონკურენტების ჩამოშორების პერიოდი დაიწყოს, რაც შიდა სახელისუფლო ბრძოლებში აისახება. შიდა პოლიტიკის მხრივ კი, მოსალოდნელი არ არის კარიმოვის კურსის შეცვლა, რომელიც ქვეყნის მართვაში ავტოკრატიული მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ამ მხრივ, მირზიაევიც მსგავსი მიდგომების მხარდამჭერია.
- საგარეო პოლიტიკის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მირზიაევმა კარიმოვის კურსის უცვლელობაზე ისაუბრა, გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის პოლიტიკური ელიტასთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობის წყალობით, ტაშკენტი შესაძლოა კიდევ უფრო დაუახლოვდეს რუსეთს და ჩინეთის პოზიციები შეასუსტოს, რომელთანაც ისლამ კარიმოვს, რუსეთის დაბალანსების მიზნით, განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა.