მთავარი » აზერბაიჯანი » სომხეთ-აზერბაიჯანის „ოთხდღიანი ომი“: შედეგების მოკლე მიმოხილვა

სომხეთ-აზერბაიჯანის „ოთხდღიანი ომი“: შედეგების მოკლე მიმოხილვა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ 1988 წელს დაწყებული კონფლიქტი 1994 წლის 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. შემდგომ წლებში, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე დაპირისპირება არ შეწყვეტილა, თუმცა, ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება 2016 წლის 2-5 აპრილს გაიმართა. ოთხდღიანი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც სრულმასშტაბიანი ომისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავდა, ისტორიაში „ოთხდღიანი ომის“ სახელით შევიდა. „ოთხდღიანი ომის“ შედეგად აზერბაიჯანმა სომხების მიერ ოკუპირებული მიწების მცირე ნაწილი დაიბრუნა, რაც სომხეთის მიერ სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელო დანაკარგად შეფასდა.
„ოთხდღიანი ომის“ შედეგად აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით გარკვეული ტერიტორიები დაიკავა, რომლებსაც 1994 წლიდან სომხური მხარე აკონტროლებდა.

4-days-conflict-areas

ჩრდილოეთის მიმართულება

აზერბაიჯანის მიერ ჩრდილოეთის მიმართულებით დაკავებული ტერიტორია სიგრძეში 4 კმ-ია, სიღრმეში კი, 1-1.5 კმ. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანულმა მხარემ გარკვეული პოზიციური უპირატესობა მოიპოვა, რადგან სომხებით დასახლებული სოფ. თალიში აზერბაიჯანელთა პირდაპირი სამიზნე გახდა. სოფ. თალიში მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად მარდაკერტის რაიონშია.

სამხრეთის მიმართულება

სამხრეთის მიმართულებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ქ. ჰორადიზსთან მდებარე ლელე ტეპეს მაღლობები დაიკავა. აზერბაიჯანული მხარე ლელე ტეპეს მაღლობებს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. აზერბაიჯანელების შეფასებით, სომხებს ლელე ტეპეს მაღლობებიდან შეეძლოთ ფიზულის რაიონში ყველა დასახლებულ პუნქტზე ეწარმოებინათ დაკვირვება, განსაკუთრებით ფიზულის რაიონში მდებარე ქ. ჰორადიზსზე. ამ მაღლობების დაკავებით კი, აზერბაიჯანის არმიას სომხური მხარის პოზიციების დაკვირვების საშუალება მიეცემა.

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის განცხადებით, ლელე ტეპე ვერ ჩაითვლება სტრატეგიული მნიშვნელობის მაღლობად, რადგან მაღლობის ზედა ნაწილის რადიუსი 5 მეტრია, მაღლობის სიმაღლე – 20 მეტრი. სომხური მხარის შეფასებით, ლელე ტეპეს მახლობლად მთიანი ყარაბაღის არმიამ დაკარგა ტერიტორია, რომელიც ჯამში სიგრძეში 1.5-დან 2 კმ-მდეა და სიღრმეში 500 მეტრიდან 1 კმ-მდე.

lele-tepe-height

აზერბაიჯანის დროშა ლელე ტეპეს მაღლობზე

სომხეთის ტერიტორიული დანაკარგები

2016 წლის 17 მაისს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა აღიარა, რომ „ოთხდღიან ომში“ აზერბაიჯანთან დაპირისპირების შედეგად „უსაფრთხოების ზონის“ (ამ ტერმინით სომხური მხარე სომხური შეიარაღებული ძალების მიერ მთიანი ყარაბაღის გარშემო დაკავებულ შვიდ აზერბაიჯანულ რაიონს – ქელბაჯარი, ლაჩინი, ქუბადლი, ჯაბრაილი, ზანგილანი, აღდამი, ფიზული მოიხსენიებს) 800 000 ჰექტარიდან, 800 დაიკარგა. სარქისიანის შეფასებით, დაკარგულ ტერიტორიებს სომხეთის შეიარაღებული ძალებისათვის არ ჰქონდა არც ტაქტიკური და არც სტრატეგიული მნიშვნელობა.

„ოთხდღიან ომზე“ უფრო დაწვრილებით იხ.: სომხეთ-აზერბაიჯანის “ოთდღიანი ომი”: ვინ მოიგო და ვინ წააგო.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: