საწამლავს ქვეყნის მმართველების, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურებისა თუ ზოგადად არასასურველი პირების მოსაშორებლად უძველესი პერიოდიდან იყენებენ. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც მკვლელობას მოწამლული სიგარის ან შოკოლადის საშუალებითაც გეგმავდნენ. სხვადასხვა სახის საწამლავს დღემდე აქტიურად იყენებენ რუსული სპეცსამსახურები. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არაერთი პოლიტიკური ოპონენტი და კრიტიკოსი გაურკვეველ ვითარებაში, მათ შორის, სავარაუდოდ, სხვადასხვა საწამლავის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. პუტინის უშიშროების სამსახურებმა ბრძოლის მეთოდები საბჭოთა წინამორბედებისგან მემკვიდრეობით მიიღეს, რომლებიც პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ საწამლავის გამოყენებას მეცნიერულადაც კი სწავლობდნენ.
საბჭოთა მტრებთან ბრძოლა
საიდუმლო ლაბორატორიები
საწამლავის მეცნიერული კვლევისა და ტესტირების პირველი ლაბორატორია საბჭოთა რუსეთში ჯერ კიდევ 1921 წელს დაფუძნდა. 1928-1935 წლებში საიდუმლო ლაბორატორიების ქსელს ცნობილი საბჭოთა ბიოქიმიკოსი გრიგორი მაირანოვსკი კურირებდა. მეცნიერი 1938-1946 წლებში ლაბორატორია N1-ში საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი („ნკვდ“) ახორციელებდა. პროგრამის ფარგლებში ექსპერიმენტები პოლიტპატიმრებზე ტარდებოდა. მაირანოვსკი უგემო, უფერო, უსუნო და მომაკვდინებელი საწამლავის განვითარებაზე მუშაობდა, რომელიც სახელმწიფოს მტრების წინააღმდეგ საკვებში ან დასალევში შეიძლებოდა გამოეყენებინათ. 1940-იან წლებში მაირანოვსკი პაველ სუდოპლატოვის ჯგუფის წევრი იყო, რომელიც პოლიტიკურ მკვლელობებს გეგმავდა და ახორციელებდა. სუდოპლატოვი საბჭოთა დაზვერვის ცნობილი წარმომადგენელი იყო, რომელმაც 1938 წელს, როტერდამში, პირადად მოკლა უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერი ევგენი კონოვალეცი, რომელსაც შოკოლადის ყუთი გადასცა, სადაც ბომბი იყო.
გახმაურებული მოწამვლის ფაქტები
ნესტორ ლაკობა – ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსი, ადგილობრივი კომუნისტების ლიდერი და სტალინთან დაახლოებული პირი იყო. მისი მოწამვლა „ნკვდ“-ს ხელმძღვანელის, ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება. ბერიამ ლაკობა თბილისში პარტიის შტაბ-ბინაში მიიწვია. 1936 წლის 28 დეკემბერს ბერიასთან ვახშმის დროს ლაკობა მოწამლეს. მოგვიანებით, გაზეთებმა მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელეს.
აბრამ სლუცკი –საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი იყო 1935-1938 წლებში. არის ვარაუდი, რომ სლუცკი „ნკვდ“-ს ახალ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ეჟოვმა 1938 წლის 17 თებერვალს მოიშორა. ერთი ვერსიით, იგი შეხვედრაზე დაიბარეს, სადაც წყალბადციანმჟავით მოწამლეს, მეორე ვერსიით კი, ცხვირზე ქლოროფორმით (ქლორის შემცველი თავისებური სუნის მქონე ამქროლადი სითხე) დამუშავებული ნიღაბის მიდებით მოწამლეს.
სტეპან ბანდერა – უკრაინელ ნაციონალისტთა ლიდერი იყო წლების განმავლობაში, რომელიც დასავლეთ უკრაინაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა. იგი 1959 წლის 15 ოქტომბერს მიუნხენში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტმა, ბოგდან სტაშინსკიმ სპეციალური პისტოლეტიდან გასროლით (კაპსულები კალიუმის ციანიდით იყო დატენილი) მოკლა.
გეორგი მარკოვი – ბულგარელი მწერალი და დისიდენტი იყო, რომელმაც 1969 წელს დატოვა კომუნისტური ბულგარეთი და ლონდონში დასახლდა. მარკოვი წამყვან ბრიტანულ მედია საშუალებებში, მათ შორის BBC–ში მუშაობდა, საიდანაც ბულგარეთის კომუნისტურ რეჟიმს აკრიტიკებდა. იგი 1978 წლის 7 სექტემბერს მოწამლეს, რის შედეგადაც ოთხ დღეში გარდაიცვალა. მარკოვი ბულგარეთის საიდუმლო პოლიციამ საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დახმარებით მოკლა, როდესაც იგი ლონდონში ქუჩაში მიდიოდა. მარკოვი ქოლგაში კუსტარულად ჩამონტაჟებული მომწამვლელი ნივთიერების, რიცინის, შემცველი ტყვიით მოკლეს, რომელიც ფეხში ესროლეს.
პუტინის მტრებთან ბრძოლა
გახმაურებული მოწამვლის ფაქტები
იბნ ხატიბი – არაბი წარმოშობის ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერი 2002 წლის 20 მარტს უშიშროების ფედერალური სამსახურის ორმაგმა ჯაშუშმა მოკლა. ხატაბი იმ წერილის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, რომელიც ჯაშუშმა გადასცა. წერილი, სწრაფად მოქმედი ნერვული აგენტით, სავარაუდოდ, სარინით იყო დამუშავებული.
ალექსანდრე ლიტვინენკო – უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელიც დიდ ბრიტანეთში ემიგრაციის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მწვავედ აკრიტიკებდა და დასავლეთის სპეცსამსახურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან, პუტინის დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობდა. ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში მოწამვლიდან სამ კვირაში გარდაიცვალა. 2016 წლის 1 ნოემბერს ლიტვინენკომ შეუძლოდ იგრძნო თავი, 23 ნოებერს კი, რადიოაქტიური პოლონიუმ-210-ით მოწამლული ჩაის დალევის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებამ მთავარ ეჭვმიტანილად ანდრეი ლუგავოი დაასახელა, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირია. ლიტვინენკო ლონდონში, სასტუმროში შეხვედრის დროს მოწამლეს. არსებობს ვერსია, რომ 2004 წელს პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის ლიდერი, იასირ არაფატიც პოლონიუმ-210-ს ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა.
ვიქტორ იუშჩენკო – უკრაინის პრეზიდენტი იყო 2005-2010 წლებში. იგი 2004 წლის 5 სექტემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ საციუკის აგარაკზე ვახშმის დროს მოწამლეს. საკვებს დიოქსინი შეურიეს. ვახშამს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც ესწრებოდა. 2005 წელს საციუკი რუსეთში გაიქცა და რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო. არსებობს ეჭვი, რომ რუსეთს საციუკის საშუალებით, წინასაარჩევნო პერიოდში პროდასავლური საპრეზიდენტო კანდიდატის პოლიტიკიდან ჩამოშორება სურდა.
ალექსანდრე პერეპილიჩნი – რუსი ბიზნესმენი იყო, რომელმაც 2009 წელს მოსკოვი დატოვა და ლონდონში დასახლდა. იგი სერგეი მაგნიცკის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე იყო. პერეპილიჩნი 2012 წელს ლონდონში, ვარჯიშის (სპორტული სირბილის) დროს გარდაიცვალა. ეჭვია, რომ იგი მაღალ ტოქსიკური ყვავილით, გელზემიუმით მოწამლეს, რომელიც ჰიმალაიში იზრდება. 2015 წელს მის კუჭში ბოტანიკოსმა აღმოაჩინა ამ ყვავილის ნაკვალევი, რომელსაც ჩინეთში იყენებენ მკვლელობებისთვის. აღნიშნული ყვავილით ექპერიმენტს ატარებდა არტურ კონან დოილი, რომელიც ყვავილის ზემოქმედების ძალას ამოწმებდა. მას შემდეგ რაც 9 მილიგრამიანი დოზა მიიღო, თავის ტკივილი იგრძნო და ექსპერიმენტი აღარ გააგრძელა. ეჭვია, რომ 2012 წელს რესტორანში სადილობის დროს ამ ყვავილით მოწამლეს ჩინელი მილიარდერი, ლონგ ლიუანიც.
სხვა შემთხვევები
ალექსანდრე პერეპილიჩნის მკლელობამდე მაგნიცკის საქმის არაერთი მოწმე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ძირითადად გულის შეტევით. ასევე ეჭვია, რომ 2004 წლის სექტემბერში ცნობილი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მოწამვლა სცადეს, როდესაც მან რუსულ ავიაკომპანიაში ფრენის დროს ჩაის დალევის შედეგად გონება დაკარგა და მძიმედ გახდა ავად. იგი 2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარ სახლთან მოკლეს.
2014 წელს ცუდად გახდა პუტინის კრიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი, ბორის ნემცოვთან დაახლოებული ვლადიმერ კარა-მურზა. ეჭვია, რომ იგი რამდენიმეჯერ მოწამლეს, თუმცა სიკვდილს გადაურჩა. ცნობილია, რომ სახელოვან მოჭადრაკესა და პუტინის კრიტიკოსს გარი კასპაროვს მოწამვლის შიშით მცველები ჰყავს დაქირავებული, რომლებიც მისთვის წყალს ატარებენ და საჭმელს ამზადებენ.
არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ საწამლავს მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები იყენებენ, თუმცა, ფაქტია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო წლებში საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალნენ, ერთი რამ აკავშირებთ, ისინი პირადად პუტინის მტრები ან რუსული სპეცსამსახურების მიერ ქვეყნის მტრებად შერაცხული ადამიანები არიან.