სტატიის მიზანია პოსტსაბჭოთა პოლიტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახელწოდებების გამოყენების შესახებ ურჩიოს.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ზოგიერთი გეოგრაფიული ერთეულის ქართულენოვანი სახელწოდების ორთოგრაფიულად არასწორი და/ან რამდენიმე ვარიანტია გავრცელებული. ბოლო გამოცემა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელი გეოგრაფიული სახელების ქართულენოვან ვარიანტებს გვთავაზობს, 1987 წელს გამოვიდა, კერძოდ, „საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (თბილისი, 1987, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გეოგრაფიული სახელწოდებების განახლებული ორთოგრაფიული ლექსიკონი აღარ გამოცემულა და ამიტომაც, ახალი ნორმა თუ როგორ უნდა მოვიხსენიოთ პოსტსაბჭოთა ქვეყნები (და სხვა ქვეყნებიც) არ არსებობს. დღეს მედიისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან პერიოდულად გაიგებთ ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის სახელის სხვადასხვა ვარიანტს: მაგ. ბელორუსია/ბელარუსი/ბელარუსია, მოლდავეთი/მოლდოვა, თურქმენეთი/ თურქმენისტანი, ყაზახეთი/ყაზახსტანი. არასწორად იყენებენ სხვა გეოგრაფიული ერთეულის სახელებსაც, მაგ. გავრცელებულია მთიანი ყარაბახის გამოყენება, სწორი ვარიანტი კი მთიანი ყარაბაღია.
ქვემოთ ცხრილში მოცემულია: პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოკლე სახელწოდება 1987 წელს გამოცემული ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით; ქვეყნის სახელწოდება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა მითითებული; ქვეყნის სახელწოდება ადგილობრივ და ინგლისურ ენებზე.
როგორც ცხრილიდან ჩანს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა სრული სახელწოდებების გამოყენებისას რესპუბლიკად მოიხსენიება. გამონაკლისი საქართველოსთან ერთად მხოლოდ უკრაინა და თურქმენეთია. თუმცა, როგორც წესი, უფრო ხშირად სახელმწიფოთა მოკლე სახელწოდებებს იყენებენ. საბჭოთა პერიოდში გამოქვეყნებული ორთოგრაფიული ლექსიკონის განახლებამდე კი, გეოგრაფიულ სახელწოდებათა გამოყენების დროს უმჯობესი იქნება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოკლე სახელწოდებების გამოყენებისას 1987 წელს გამოცემული ლექსიკონით ვიხელმძღვანელოთ.