საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა ეთნიკური უმცირესობების მზარდი მიგრაციული ტენდენციების ფონზე, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სატიტულო ერის პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში გაიზარდა.
მოსახლეობის აღწერის შედეგები
საბჭოთა კავშირში მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერა 1989 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერები სხვადასხვა პერიოდში ჩატარდა. აღნიშნული აღწერების საფუძველზე შეგვიძლია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობისა და შემადგენლობის ცვლილებებს დავაკვირდეთ. სტატიაში მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის შესახებ მონაცემები, ძირითადად, 2016 წლის მიახლოებითი შეფასებებია. ეთნიკური შემადგენლობის შესახებ მონაცემები კი, სხვადასხვა წლების შეფასებებს ეყრდნობა. არსებული უზუსტობების მიუხედავად, არსებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს მიგრაციული პროცესები შევაფასოთ და ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიგრაციული ტენდენციების შესახებ.
მოსახლეობის კლება/მატება
1989 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საბჭოთა კავშირის მოსახლეობა 286,717 მლნ იყო, მათ შორის რუსები მთლიანი მოსახლეობის 51.4%–ს შეადგენდნენ. 2016 წლის მიახლოებითი მონაცემების მიხედვით კი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამჟამად მთლიანად, დაახლოებით, 290 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
მიგრაციული ტენდენციების თვალსაზრისით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი ჯგუფის ქვეყნების გამოკვეთა შეიძლება, სახელმწიფოები, სადაც 1989 წელთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობამ იკლო და სახელმწიფოები, სადაც მოსახლეობის მატებაა.
მოსახლეობის ზრდა შეიმჩნევა 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა მუსლიმურ სახელმწიფოში, კერძოდ, უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი. მოსახლეობის ზრდის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ამ ქვეყნებში არსებული შობადობის მაღალი ტემპებია.
მოსახლეობის კლება შეიმჩნევა 9 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთი, სომხეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. მოსახლეობის კლების ძირითადი მიზეზებია შობადობის დაბალი ტემპები და ემიგრაცია, ძირითადად სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორების გამო.
ეთნიკური უმცირესობები
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერიოდში, განსაკუთრებით 1990–იან წლებში არსებული ნაციონალისტური განწყობებისა და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების გამო, ეთნიკური უმცირესობების მიგრაციული პროცესები აქტიურად დაიწყო, რის შედეგადაც, ამჟამად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში შემცირებულია, რუსეთის გარდა. თავის მხრივ, პროცენტულად გაზრდილია სატიტულო ერის წილი.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 6 სახელმწიფოში (ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უკრაიანა, ბელორუსია, უზბეკეთი) ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა რუსები არიან, სამ სახელმწიფოში (ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი) კი, უზბეკები.
მნიშვნელოვნად იკლო ეთნიკური რუსების რაოდენობამ პოსტსაბჭოთა ქვენებში. ამის მიზეზი, ნაციონალიზმისა და სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორების გამო, ძირითადად ისტორიულ სამშობლოში ემიგრაციაა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებაც უწყობს ხელს.
ძირითადი ტენდენციები
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში (ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფო და აზერბაიჯანი).
- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობამ დაიკლო 9 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.
- მოსახლეობის კლების ძირითადი მიზეზი შობადობის დაბალი ტემპები და მიგრაციული პროცესებია.
- მიგრაციულ პროცესებს განაპირობებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ნაციონალისტური განწყობები და არასახარბიელო სოციალურ–ეკონომიკური გარემო.
- მიგრაციული პროცესების შედეგად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში (რუსეთის გარდა) ეთნიკური უმცირესობების წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში შემცირებულია.
- პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 6 სახელმწიფოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა რუსები არიან.
- პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 3 სახელმწიფოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა უზბეკები არიან.
- მიგრაციული პროცესების შედეგად მნიშვნელოვნად დაიკლო ეთნიკური რუსების რაოდენობამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.