მთავარი » რუსეთი » საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტური რეგიონები: ვლადისლავ სურკოვის „მმართველობა“

საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტური რეგიონები: ვლადისლავ სურკოვის „მმართველობა“

ბოლო პერიოდში უკრაინასა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესების მთავარი მონაწილე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვია. არსებული კვლევების, ჰაკერული გზით მოპოვებული სურკოვის მიმოწერის, სურკოვის ვიზიტების, განცხადებებისა და შეხვედრის ფოტოების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება მაღალი ალბათობით განვაცხადოთ, რომ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს სურკოვი და მისი გუნდი წარმართავს.

ვინ არის ვლადისლავ სურკოვი

surkovbig

ვლადისლავ სურკოვი

ვლადისლავ სურკოვი 1999-2011 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და კრემლის მთავარი იდეოლოგი იყო. იგი რუსეთში არსებული პოლიტიკური სისტემის, რომელსაც ხშირად „სუვერენულ“/“მართვად“ დემოკრატიად მოიხსენიებენ, მთავარი იდეოლოგი და შემოქმედია. სურკოვის ძალაუფლებამ პიკს 2008-2012 წლებში მიაღწია, როდესაც დიმიტრი მედვედევი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. 2011-2013 წლებში სურკოვს ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. 2013 წლის 8 მაისს კი, ის თანამდებობიდან გადადგა, რაც კრემლში გავლენიან ჯგუფებს შორის მიმდინარე შიდა დაპირისპირებითაც იყო განპირობებული. პუტინის წარმომადგენლის განცხადებით, სურკოვმა პუტინის განკარგულებები სათანადოდ ვერ შეასრულა.

სურკოვის „უმუშევრობა“ დიდხანს არ გაგრძელებულა და მას მალე მოუწია კრემლში დაბრუნება, თუმცა შედარებით დაბალ თანამდებობაზე. მან 2013 წლის 20 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის პოსტი დაიკავა. სურკოვი პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშვნისთანავე ენერგიულად შეუდგა თავის საქმიანობას და ძალიან მოკლე პერიოდში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვანი კონტროლი დაამყარა. უფრო მეტიც, პუტინმა არაფორმალურად სურკოვის პასუხისმგებლობის არეალი გააფართოვა და მას 2014 წლიდან, უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების კონტროლიც დაავალა.

სურკოვის უკრაინული გავლენა

2017 წლის 11 მაისს საინფორმაციო სააგენტო “Reuters”-მა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც უკრაინის ამბოხებულ რეგიონებში (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები) მიმდინარე პროცესებში სურკოვის აქტიურ მონაწილეობაზეა საუბარი. ანგარიში აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ მეამბოხეთა სამი ყოფილი ლიდერის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. მათი განცხადებით, სურკოვი წყვეტს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული ადმინისტრაციის მართვისა და თანამდებობებზე დანიშვნის საკითხებს. თავის მხრივ, კრემლი უარყოფს მსგავს ბრალდებებს და აცხადებს, რომ სურკოვის ოფიციალური ვალდებულება პუტინისთვის მხოლოდ უკრაინაზე რჩევების მიცემაა. სამმა მეამბოხემ, რომლებსაც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულ მოძრაობაში წამყვანი პოზიციები ეკავათ, დეტალურად ისაუბრეს, თუ როგორ აკონტროლებს სურკოვი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ვითარებას, ადგილზე დანიშნული სანდო პირების საშუალებით, რომლებიც სურკოვს რეგულარულად აწვდიან ანგარიშებს რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ. მათი განცხადებით, სურკოვი ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლების ისეთი სტრუქტურის შექმნას, რომელიც მხოლოდ მოსკოვის სურვილებს დააკმაყოფილებს.

“Reuters”-ის შეფასებით, სურკოვის როლის შესახებ მეამბოხეთა განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, თუმცა სამივეს მონაყოლი მსგავსია, ძირითადი დეტალები და თარიღები კი, ემთხვევა ღია წყაროებში სურკოვის შესახებ არსებულ ინფორმაციას. მეამბოხეთა ინფორმაციით, სურკოვმა კონტროლის გაზრდის მიზნით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერად ალექსანდრე ზახარჩენკო დანიშნა, რომელიც ადგილობრივი იყო, რითაც სურკოვი ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ამბოხება ადგილობრივი ფენომენია. ზახარჩენკოს საარჩევნო კამპანიას სურკოვის გუნდის წევრები უწევდნენ ორგანიზებას, რომლებიც საგანგებოდ ჩავიდნენ დონეცკში. ანგარიშის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, სურკოვს ხშირი შეხვედრები აქვს სეპარატისტთა ლიდერებთან, როგორც მოსკოვში, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში.

შიდა უკრაინულ პოლიტიკაში ჩარევაში სურკოვი ადრე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომაც დაადანაშაულა, როდესაც პრეზიდენტმა სურკოვს 2014 წლის თებერვალში კიევის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოქმედ სნაიპერთა ჯგუფების ხელმძღვანელობაში დასდო ბრალი. სურკოვის როლი უკრაინის პოლიტიკაში საერთაშორისო ასპარეზზეც აღიარებულია. მაგ. 2016 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი სურკოვს უკრაინულ საკითხებზე სასაუბრად სამჯერ შეხვდა.

სურკოვის ელექტრონული ფოსტა და საქართველოს კონფლიქტური რეგიონები

უკრაინასა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებთან სურკოვის კავშირები 2013-2014 წლების სურკოვის ელექტრონული მიმოწერითაც გამოაშკარავდა. 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, არსებული ინფორმაციით უკრაინულმა ჰაკერულმა ჯგუფებმა, სურკოვის რამდენიმე ელექტრონულ მისამართზე მიღებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, თუ როგორ ერევა სურკოვი სეპარატისტული რეგიონების შიდა პოლიტიკაში, საკანონმდებლო პროცესსა და საკადრო გადაწყვეტილებებში (სურკოვის მიმოწერის შესახებ იხ. დავით ბატაშვილის კვლევა: „Surkov Leaks“: Glimpse into Russia`s Management of Georgia`s Occupied Regions). მიმოწერებიდან ირკვევა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიკრო მენეჯმენტშიც ერევა და ადგილობრივ სეპარატისტებს ცალკეული სტრუქტურების შექმნასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. სურკოვის ელექტრონულ მიმოწერაში, რომლის ნამდვილობაც სხვადასხვა წყაროების მიერ არის დადასტურებული, ჩანს თუ სურკოვი როგორ იღებს რეგულარულად დაიჯესტებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ინფორმაციებს რუსეთის ოფიციალური პირების სეპარატისტებთან შეხვედრებისა და რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

სურკოვის გავლენა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე

სურკოვის როლი ღიად გამოიკვეთა 2017 წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში. წინასაარჩევნო კამპანიისა და პოსტსაარჩევნო პერიოდში სურკოვი ადგილობრივი პოლიტიკის მთავარი შემოქმედი იყო. სურკოვის როლი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობდა. დე ფაქტო არჩევნებში საბოლოო ჯამში სამმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა: მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა, მოქმედმა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა და ადგილობრივმა უშიშროების თანამშრომელმა ალან გაგლოევმა.

არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც, რომელმაც კანდიდატად დარეგისტრირება ვერ მოახერხა იმ მიზეზით, რომ იგი ბოლო ხუთი წელი  მუდმივად არ ცხოვრობდა ცხინვალში. კოკოითმა 4 მარტს ცხინვალში საპროტესტო აქციაც გამართა და საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სურკოვს დასდო ბრალი. კოკოითმა სურკოვს „თაღლითი“ უწოდა, რომელიც მისი შეფასებით, ისე მოქმედებდა, „თითქოს სამხრეთ ოსეთის მეპატრონე იყო“. კოკოითმა მის წინააღმდეგ მუშაობაში სურკოვი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი ფილატოვი და დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ოლეგ გოვორუნი დაადანაშაულა. გოვორუნი ამ პოსტზე, 2013 წლის ოქტომბრიდან მუშაობს და სურკოვის „მარჯვენა ხელია“. გოვორუნს ხშირად უწევს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვიზიტი და მიმდინარე პროცესების ადგილზე გაკონტროლება.

ყველა დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩეოდა, თუმცა გამარჯვება არა მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, არამედ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ მოიპოვა. არჩევნების დასრულების შემდეგ, ინაგურაციამდე,  სურკოვი პირადად შეხვდა გამარჯვებულ ანატოლი ბიბილოვს და მის გამარჯვებას „პროგნოზირებადი და დამაჯერებელი“ უწოდა. 17 აპრილს სურკოვმა დამარცხებულ ლეონიდ თიბილოვსაც მიწერა წერილი, სადაც ორმხრივ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 21 აპრილს, ინაგურაციის დღეს, ბიბილოვმა მილოცვა პუტინისგან სურკოვის საშუალებით მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბიბილოვის ინაგურაციას პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული სეპარატისტული რესპუბლიკების ლიდერებიც დაესწრნენ, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდანაც.

Surkov meets Bibilov

ვლადისლავ სურკოვის შეხვედრა ანატოლი ბიბილოვთან

სურკოვი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს 2013 წლიდან, პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშვნისთანავე, აკონტროლებს. ცხინვალში მის ერთ-ერთ ვიზიტსა და ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობის კრიტიკას, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრისა და ზოგიერთი მინისტრის გადადგომაც კი მოყვა. ადგილობრივი მედიის შეფასებით, „სამხრეთ ოსეთში“ წესრიგის დამყარებას ხელი შეუწყო სწორედ სურკოვის დანიშვნამ, რის შედეგადაც „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოები შესრულდა და ასევე განხორციელდა დაგეგმილი საინვესტიციო პროგრამები.

მსგავსი გავლენა აქვს სურკოვს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზეც. სურკოვის როლი აფხაზურ პოლიტიკაში აშკარად გამოჩნდა 2014 წლის მაისში, როდესაც იგი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო აფხაზეთში განვითარებულ შიდა პოლიტიკურ კრიზისში, როდესაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გადადგა და იგი საბჭოთა უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა და რუსეთისადმი ლოიალობით ცნობილმა, რაულ ხაჯიმბამ შეცვალა.

დასკვნა

2013 წლიდან, როდესაც ვლადისლავ სურკოვი პრეზიდენტის თანაშემწედ დაინიშნა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სურკოვის გავლენა უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მხოლოდ სამხედრო საკითხებშია შეზღუდული. რაც შეეხება სეპარატისტული რეგიონების შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ადგილობრივ დონეზე გამართულ არჩევნებს, საკანონმდებლო საქმიანობას, მნიშვნელოვან საკადრო დანიშვნებს და რუსული ფულის ხარჯვას, ამ სფეროებში მთავარ გადაწყვეტილებებს სურკოვი იღებს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში კრემლისთვის სასურველი პოლიტიკის გატარებაზე.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: