მთავარი » აზერბაიჯანი » აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი: პირველი ნავთობიდან „საუკუნის კონტრაქტამდე“

აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი: პირველი ნავთობიდან „საუკუნის კონტრაქტამდე“

აზერბაიჯანული ნავთობის პირველი ექსპორტი XIX საუკუნეში განხორციელდა, როდესაც აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტმა ახალი მნიშვნელობა 1994 წელს შეიძინა, როდესაც აზერბაიჯანმა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, საკუთარი ენერგო პოლიტიკის წარმოება დაიწყო.

ძმები ნობელების ჭაბურღილები

რუსეთის იმპერიაში ნავთობის კომერციული მოპოვება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც კერძო მეწარმეებმა პირველი ჭაბურღილების მშენებლობის უფლება მიიღეს. ამ მხრივ, პიონერები იყვნენ ცნობილი შვედი მეწარმეები, ძმები რობერტ და ლუდვიგ ნობელები, რომლებმაც პირველი ინვესტიციები განახორციელეს და 1879 წელს რუსეთის იმპერიის შორეულ პროვინციაში, კერძოდ ბაქოში, ნავთობის 9 ჭაბურღილი და გადამამუშავებელი საწარმო ააშენეს. საწყის ეტაპზე ნავთობის ტრანსპორტირება ასტრახანის პორტში, კასპიის ზღვის გავლით, ტანკერების საშუალებით ხორციელდებოდა.

ძმები ნობელების ჭაბურღილები

ძმები ნობელების ჭაბურღილები

პირველი რკინიგზა და მილსადენი

1870-იან წლებში რეგიონის გეოგრაფია ისეთ ბარიერს წარმოადგენდა, რომ თბილისში აშშ-დან ნავთის გემით იმპორტი უფრო სარფიანი საქმე იყო, ვიდრე ბაქოდან შემოტანა. თავად კასპიის ზღვაშიც რამდენიმე თვის განმავლობაში ნაოსნობისთვის არასასურველი პირობები იყო, რაც ასტრახანში ტრანსპორტირებას ზღუდავდა.

ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ძიება 1883 წელს ცნობილი მეწარმეების, როტშილდების ოჯახის  დაფინანსებით პირველი კავკასიური ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზის აშენებით დასრულდა. სარკინიგზო ხაზის მშენებლობით კასპიური ნავთობის შავი ზღვის პორტამდე ტრანსპორტირებისათვის კომერციულად მომგებიანი მარშრუტი შეიქმნა. 1906 წელს, რკინიგზის გასწვრივ, პირველი მილსადენი, ე.წ. „ნავთის მილსადენი“ (8 ინჩიანი (20.32 სმ) მილსადენის სიგრძე 883 კმ იყო) აშენდა.

ბრძოლა ბაქოს ნავთობისათვის

1900 წლისთვის 1 710 ჭაბურღილი მუშაობდა და ბაქო გროზნოსთან ერთად მსოფლიო ნავთობის ნახევარს აწარმოებდა. რუსეთის იმპერიამ ნავთობის მოპოვება/წარმოებაში მსოფლიო ლიდერის პოზიცია 1914 წლამდე შეინარჩუნა.

I მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში ნავთობის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე გავლენის დამყარების გამო სამხრეთ კავკასია საერთაშორისო დაპირისპირების ადგილად გადაიქცა. 1918 წელს გერმანელი სამხედრო ერიხ ფონ ლუდენდორფი მიიჩნევდა, რომ სამხრეთ კავკასიის მიმართულებით წინსვლის მთავარი მიზეზი აზერბაიჯანულ ნავთობსა და საქართველოს გავლით არსებულ სატრანზიტო მარშრუტზე კონტროლის დამყარება იყო.

I მსოფლიო ომის მიწურულს ბაქოზე კონტროლი დიდმა ბრიტანეთმა დაამყარა. 1919 წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი არტურ ბალფური ნავთობის მოპოვება/ექსპორტზე კონტროლის დამყარებას ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევდა. ბრიტანელების მიერ კავკასიის დატოვების შემდეგ, ბაქო ბოლშევიკების სამიზნე გახდა. მას შემდეგ, რაც 1920 წლის აპრილში ბოლშევიკებმა ბაქო დაიკავეს, ბოლშევიკების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევ ტროცკიმ განაცხადა, რომ ნავთობის ახალი რესურსები ბოლშევიკებს სამოქალაქო ომში გამარჯვების შესაძლებლობას მისცემდა.

ჰიტლერის გეგმები

ბაქოში ნავთობის წარმოება ომამდელ დონეს მხოლოდ 1920-იანი წლების ბოლოს დაუბრუნდა. 1941 წელს ბაქოს, რომელიც საბჭოთა ნავთობის სამ-მეოთხედს აწარმოებდა, სტალინის ანტიგერმანულ ქმედებებში სასიცოცხლო მნიშვნელობა ეკავა. ჰიტლერის მიერ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, ბაქო გერმანელებისთვის კვლავ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამიზნე გახდა, თუმცა ჰიტლერმა სამხრეთ კავკასიაში სამხედრო წინსვლა ვერ შეძლო. სტალინმა ბაქოს წინაშე არსებული საფრთხის გათვალისწინებით, ნავთობის ჭაბურღილების მუშაობა შეაჩერა და ნავთობის მრეწველობა და სპეციალისტები ვოლგისა და ურალის საბადოებზე გადაისროლა.

ჰიტლერის გეგმა: ბაქოს საბადოების დაკავება

ჰიტლერის გეგმა: ბაქოს საბადოების დაკავება

ბაქოს როლის შესუსტება

საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბაქოს გარდა, ნავთობის დიდი მარაგები აღმოაჩინეს და წარმოება დაიწყეს საბჭოთა რუსეთის ტერიტორიაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ბაქო აღარ იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგო მომპოვებელი, საბჭოთა აზერბაიჯანი კვლავ ინარჩუნებდა მნიშვნელოვან როლს ნავთობის წარმოებისა და მოპოვების ტექნოლოგიების წარმოების კუთხით. 1930-იანი წლების მიწურულს ბაქო გროზნოსთან ერთად საბჭოთა კავშირში მოპოვებული ნავთობის 65%-ს უზრუნველყოფდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვოლგა-ურალის აუზში ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენამ, ბაქოს როლი შეასუსტა. 1980-იანი წლებისთვის ბაქო კვლავ რჩებოდა ნავთობის წარმოებისა და მოპოვების ტექნოლოგიის წარმოებაში წამყვან ძალად. ამ პერიოდში ბაქოს ნავთობის საბადოებს მუშახელი და ინვესტიციები მოაკლდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში აზერბაიჯანი წელიწადში მხოლოდ 12 მლნ ტონას აწარმოებდა, რაც აზერბაიჯანში მოქმედი ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოების სრული დატვირთვით მუშაობასაც კი ვერ უზრუნველყოფდა. სომხეთთან ომის პერიოდისთვის კი, ნავთობის წარმოება აზერბაიჯანში, ყოველწლიურად 9 მლნ ტონამდე დაეცა.

პოსტსაბჭოთა ქაოსი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანი რესურსებით მდიდარ სახელმწიფოდ მოგვევლინა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებს მთიანი ყარაბაღის გამო ასევე ახლად დამოუკიდებელ სომხეთთან ომით შეხვდა. ომი ახლად წარმოქმნილი ქვეყნის ეკონომიკაზე კატასტროფულ გავლენას ახდენდა. ეკონომიკის აღდგენის ერთადერთ საშუალებად აზერბაიჯანული პოლიტიკური ელიტა ნავთობის მრეწველობის განვითარებას მიიჩნევდა. განვითარების მთავარი წინაპირობა კი, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და ინვესტიციების, ძირითადად, დასავლეთიდან მოზიდვა იყო. ჯერ კიდევ საბჭოთა მკვლევარების მიერ აზერბაიჯანის ოფშორულ ზონაში აღმოჩენილი ნავთობის საბადოების ექსპლუატაცია დასავლური ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. იმ პერიოდში არსებული მონაცემებით, სამი ოფშორული ნავთობის საბადო (აზერი-შირაგი-გუნაშლი), 5 მლრდ ბარელი ნავთობის მარაგს მოიცავდა.

„საუკუნის კონტრაქტი“

პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერების თავდაპირველი მცდელობები კასპიური რესურსების განვითარება ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ ექციათ რუსეთის  მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რიგით მეორე პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბიე სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლი უცხოური ნავთობკომპანიების კონსორციუმთან, რომელსაც „BP” და „ARCO“ ხელმძღვანელობდა, დეკლარაციის ხელმოწერიდან 12 დღეში გახდა. 1993 წლის 18 ივნისს ელჩიბეი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ყოფილმა პირველმა მდივანმა ჰეიდარ ალიევმა შეცვალა. ალიევმა პირველი რაც გააკეთა, ელჩიბეის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციაზე უარის თქმა იყო. თუმცა, 1994 წლის 20 სექტემბერს ალიევის მთავრობამ აზერი-შირაგი-გუნაშლის საბადოების განვითარების ხელშეკრულებას მაინც მოაწერა ხელი, რომელსაც „საუკუნის კონტრაქტი“ ეწოდა. 9 უცხოური კომპანიის მონაწილეობით აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანია (AIOC) დაფუძნდა.

„საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერა

ჰეიდარ ალიევის ენერგო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა აშშ-ში, რომელიც აზერბაიჯანის ენერგო პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერი გახდა. 1995 წლის ოქტომბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ალიევს წერილი გაუგზავნა, რომელიც უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ბზიგნევ ბზეჟინსკიმ პირადად ჩაიტანა ბაქოში. წერილში ვაშინგტონი ბაქოდან სუფსის მიმართულებით მილსადენის მშენებლობის საკითხში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას გამოხატავდა.

„საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერის შემდეგ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რამდენიმე მილსადენი ამოქმედდა: დასავლეთ მიმართულების საექსპორტო მილსადენი (ბაქო-სუფსას ნავთობსადენი), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიის მილსადენი (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი).

7 SCP

ბაქო-სუფსას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენები

ჯეიმს ბონდი და აზერბაიჯანული ნავთობი

ჯეიმს ბონდის ფილმის პოსტერი

ჯეიმს ბონდის ფილმის პოსტერი

კასპიის აუზის რესურსების მოპოვებისა და ექსპორტისათვის სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებას, „დიდ თამაშს“ უწოდებდნენ, XIX-ე საუკუნის ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ცენტრალურ აზიაში გავლენისთვის მიმდინარე დაპირისპირების მსგავსად. თემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 1999 წელს ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმი („მთელი სამყარო არ არის საკმარისი“) გადაიღეს. ფილმში ბონდი ბაქოდან თურქეთის მიმართულებით მიმავალი ახალი მნიშვნელოვანი საექსპორტო ნავთობსადენის აფეთქების მცდელობას შლის.

 

აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცლად იხ.: მამუკა კომახია, სამხრეთ კავკასიის ენერგო დერეფანი: პერსპექტივები და გამოწვევები.

სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: