2016 წლის 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. წინა კონცეფციებისგან განსხვავებით, განახლებული დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთ გავლენიან ცენტრად ჩამოყალიბების აუცილებლობას. კრემლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად ასევე დასახელებულია გლობალურ საინფორმაციო სივრცეში რუსული მედია საშუალებების პოზიციების გაძლიერება და საერთაშორისო საზოგადოებისათვის საერთაშორისო პროცესებზე რუსული ხედვის მიწოდება. კონცეფციის მეოთხე თავი რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონულ პრიორიტეტებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეხება.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები პოსტსაბჭოთა სივრცეში
დსთ–ს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარება
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება. მოსკოვისთვის კვლავაც მნიშვნელოვანია დსთ–ს სივრცეში რუსეთის მონაწილეობით არსებული ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება.
ბელორუსიასთან სტრატეგიული კავშირების განვითარება
პოსტსაბჭოთა სივრცეში ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, პირველ რიგში, სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ბელორუსიასთან სტრატეგიული ურთიერთობის გაფართოებაზეა საუბარი. წინა კონცეფციაში ბელორუსიასთან ურთიერთობა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის კონტექსტში იყო განხილული.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციული პროცესების განვითარება
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის გაღრმავება და გაფართოება რუსეთის საგარეო პლიტიკის ძირითადი ამოცანაა. მოსკოვის მიზანია კავშირის წევრი ქვეყნების (რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი) ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების უზრუნველყოფა. კრემლის გათვლებით, კავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ევროპულ და ევრაზიულ რეგიონში ინტეგრაციული პროცესების განვითარებაში.
კოლექტიური უსაფთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია
რუსეთი ორგანიზაციას პოსტსაბჭოთა სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს. რუსეთი ორგანიზაციის ხარისხობრივი განვითარების მომხრეა, რაც ორგანიზაციის პასუხისმგებლობის არეალში და მის მიმდებარე რეგიონებში თანამედროვე გამოწვევებთან და საფრთხეებთან გამკვლავებას უზრუნველყოფს.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა
კონცეფციაში თავისი ადგილი აქვს დათმობილი დსთ–ს შემდგომი პოტენციალის რეალიზაციას. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანაა ორგანიზაცია გავლენიან რეგიონულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა
რუსეთი პატივს სცემს დსთ–ს წევრი ქვეყნების უფლებას სხვა საერთაშორისო სუბიექტებთან დაამყარონ ურთიერთობა იმ პირობით, თუ მათი საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები გათვალისწინებული იქნება.
რუსეთი დსთ–ს ყველა წევრ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარების მიზნით:
- აქტიურად შეუწყობს ხელს დსთ–ს წევრი ქვეყნების ურთიერთობას საერთო კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, ჰუმანიტარულ, სამეცნიერო–საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მოსკოვი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დსთ–ს წევრ ქვეყნებში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერას.
- მხარს დაუჭერს დსთ–ს წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.
- გააძლიერებს დსთ–ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, მათ შორის საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების, უპირველეს ყოვლისა კი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
უკრაინასთან ურთიერთობა
რუსეთი დაინტერესებულია უკრაინასთან პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სულიერი კავშირების განვითარებით, ეროვნული ინტერესების დაცვის გათვალისწინებით. რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სტრუქტურებთან თანამშრომლობით [კრემლის შეფასებით] შიდა უკრაინული კონფლიქტის პოლიტიკურ–დიპლომატიურ დარეგულირებას შეუწყოს ხელი.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მხარდაჭერა
რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში თავისი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხს. კონცეფციის მიხედვით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში მხარდაჭერა, მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარება, საიმედო უსაფთრთხოებისა და სოციალურ–ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფაში მხარდაჭერა.
კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში
საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთს კონცეფციაში დეკლარირებული აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების პოლიტიკურ–დიპლომატიური დარეგულირების პროცესისადმი მხარდაჭერა. რუსეთი დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების საფუძვლად მოლდავეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნეიტრალიტეტის პატივისცემას მიიჩნევს, დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრის პირობებში.
რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას, რუსეთის ხედვით, კონფლიქტი ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ურთიერთობებით და რუსეთის, აშშ–სა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ 2009–2013 წლებში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებებში გამოთქმული პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს.
საქართველოსთან ურთიერთობა
რუსეთ–საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში, რუსეთი ინტერესს გამოხატავს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია მოახდინოს იმ სფეროებში, რომლებშიც საქართველოს მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, იმ პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა.
შავი ზღვისა და კასპიის რეგიონი
შავი ზღვის რეგიონში პარტნიორებთან ურთიერთობას რუსეთი ხედავს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წესების მიზნებისა და პრინციპების ერთგულების შენარჩუნების საფუძველზე და ასევე კასპიისპირა 5 ქვეყნის თანამშრომლობის მექანიზმის გაძლიერების აუცილებლობის გათვალისწინებით.