ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენების შემდეგ დაიწყო სპეკულაციები იმის თაობაზე, თუ კიდევ რომელმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ შეიძლება მიიპყროს კრემლის ყურადღება. ამ მხრივ, რუსეთთან ახლო ურთიერთობების მიუხედავად, საფრთხის წინაშეა ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს.
რუსების დასახლება ყაზახეთის ტერიტორიაზე
რუსეთის იმპერიამ დღევანდელი ყაზახეთის ტერიტორიაზე არსებული ყაზახეთის სახანოს დაპყრობის შემდეგ, დაპყრობილი მიწები „თურქესტანის’’ ნაწილად გამოაცხადა. რუსეთმა გარეშე ძალებისგან დასაცავად მე-18 საუკუნეში თურქესტანის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრებთან კაზაკთა სამხედრო პოსტები მოაწყო. ეს იყო პირველი არაყაზახური დასახლებები ამ ტერიტორიაზე. ყაზახეთის სახანოს ტერიტორიაზე მცხოვრები სამივე ურდოს მხრიდან წინააღმდეგობის გამო, რუსეთის მთავრობამ ყაზახებზე ზეწოლა გააძლიერა. შედეგად, 1900 წლისთვის ყაზახეთის სტეპებში უკვე 404 კაზაკური სოფელი არსებობდა.
1906-1912 წლებში რუსეთის მთავრობის მეთაურისა და შს მინისტრის, პეტრე სტოლიპინის რეფორმების შედეგად, ყაზახეთის ტერიტორიაზე ნახევარ მილიონზე მეტი რუსული ფერმა გაჩნდა. 1917 წლისთვის ყაზახეთში მილიონამდე რუსი ცხოვრობდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის 30% იყო.
საბჭოთა პერიოდის დასაწყისში, 1926-1939 წლებში, ყაზახური მოსახლეობის თითქმის 40% (1.7 მლნ ადამიანი) დაიღუპა, ხოლო 200 000-მა ადამიანმა მეზობელ ქვეყნებს მიაშურა. შესაბამისად, 1939 წლისთვის ყაზახეთის სსრ-ში ეთნიკურ ყაზახთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 40%-ზე ნაკლები იყო.

ეთნიკური ცვლილებები ყაზახეთში 1926-2009
1950-იან წლებში საბჭოთა კავშირის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ე.წ „ყამირი მიწების’’ ათვისების კამპანია წამოიწყო, რაც ჩრდილოეთ ყაზახეთის ტრადიციულ საძოვრებზე მარცვლეული კულტურების მოყვანას გულისხმობდა. ამ პერიოდში ყაზახეთში 2 მლნ-მდე რუსი და უკრაინელი მიგრანტი ჩავიდა მიწების დასამუშავებლად. შედეგად, ამ დროისთვის ყაზახები მოსახლეობის 30%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ, ხოლო რუსები – 43%-ს.
1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყაზახეთში ეთნიკური რუსების რაოდენობა შემცირდა. 1989-1999 წლებში ქვეყანა 1.5 მლნ-მა რუსმა დატოვა. 2009 წლისთვის ეთნიკური ყაზახების რაოდენობა 63%-ს წარმოადგენდა. 1926 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეთნიკურმა ყაზახებმა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შეადგინეს.
ყაზახეთის პოლიტიკა ეთნიკური სეპარატიზმის გასანეიტრალებლად
1990-იან წლებში ეთნიკური სეპარატიზმის გასანეიტრალებლად ყაზახეთის მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა:
- 1995 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე ავტონომიური ოლქების შექმნა აიკრძალა. კანონი პირველად გამოიყენეს მაშინ, როდესაც ვიქტორ კაზიმირჩუკი და მისი მომხრეები რუსული ალტაის ავტონომიური რეგიონის შექმნის მცდელობისთვის დააკავეს.
- მეორე გადაწყვეტილებით 1997 წელს დედაქალაქი ალმა-ატიდან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან, ასტანაში, ქვეყნის ჩრდილოეთში გადაიტანეს, სადაც რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობდა.
- კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, დაინერგა ე.წ. ჯერიმენდერინგის პრაქტიკა, რომლის საფუძველზეც ახალი ოლქები შეიქმნა. შედეგად, გაქრა ისეთი რეგიონები, რომლებშიც ეთნიკურ უმრავლესობას რუსები წარმოადგენდნენ. მაგალითად, აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონი, რომელშიც 1996 წლისთვის რუსები მოსახლეობის 67%-ს წარმოადგენდნენ, მიუერთეს სემიპალატინსკის რეგიონს, სადაც მოსახლეობის 54% ყაზახები იყვნენ. შეიქმნა აღმოსავლეთ ყაზახეთის ახალი რეგიონი, რომელშიც ყაზახებმა მოსახლეობის 55%, ხოლო რუსებმა 41% შეადგინეს.
ყაზახეთის მთავრობამ ასევე გამოყო თანხა იმ ყაზახთა უზრუნველსაყოფად, რომლებიც სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებას გადაწყვეტდნენ. პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გამონაკლისი დაუშვა და რეპატრირებულ ყაზახებს ორმაგი მოქალაქეობის უფლება მისცა, რამაც ადგილობრივი რუსების პროტესტი გამოიწვია, რადგან ისინი მუდმივად ითხოვდნენ რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეობის ერთდროულად ქონის უფლებას. რეპატრირებული ყაზახები, ძირითადად, იმ რეგიონებში დაასახლეს, სადაც უმრავლესობას რუსები შეადგენდნენ. 1991-2001 წლებში სამშობლოში ნახევარი მლნ ყაზახი დაბრუნდა, თუმცა დაახლოებით 20%-მა, რამდენიმე წლის შემდეგ, კვლავ დატოვა ქვეყანა.
რუსების ყაზახეთიდან ემიგრაციას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რუსული ენის პოზიციების შესუსტებამ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყაზახური ქვეყნის სახელმწიფო ენად გამოცხადდა, ხოლო რუსული, ოფიციალური სტატუსის გარეშე, ეთნიკურ ჯგუფებს შორის საკომუნიკაციო ენად დარჩა. ამასთან, ყაზახური ენის თავისუფლად ფლობა აუცილებელი გახდა საჯარო სექტორში დასასაქმებლად. ამის გამო, ბევრმა რუსმა მიიჩნია, რომ მათთვის სამუშაო შესაძლებლობები შემცირდა და ამიტომ ქვეყანა დატოვა.
ეთნიკური რუსების საკითხი ყაზახეთისთვის აქტუალური გახდა ყირიმის ანექსიის შემდეგ. უკრაინის მოვლენებზე ყაზახეთის შეფასება საკმაოდ ფრთხილი იყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყირიმის ანექსიამ გარკვეული შიშები წარმოშვა ყაზახეთის მმართველ წრეებში, ვინაიდან სულ მალე მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლითაც ყველა პირი, ვინც მოითხოვს ყაზახეთის ტერიტორიული მოწყობის ცვლილებას, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 წლამდე ვადით. შესაბამისად, გამკაცრდა სანქცია სეპარატიზმის ნებისმიერ გამოვლინებაზე. მაგალითად, რამდენიმე პირი დააკავეს სოციალურ ქსელში ეთნიკური შუღლის გაღვივების ხელშეწყობის გამო, რამდენიმე კი, უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარეს ბრძოლის მიზეზით. გარდა ამისა, მთავრობამ დააანონსა, რომ განახლდებოდა ყაზახი ემიგრანტებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო პირობების შექმნის პროგრამა.
ყაზახები ძალიან შეაშფოთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, რითაც მან ეჭვქვეშ დააყენა ყაზახეთის ისტორიული სახელმწიფოს არსებობა, რასაც მალევე მოჰყვა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის 550 წლის აღნიშვნა. პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტი ორაზროვნად შეაქო, როდესაც აღნიშნა, რომ მან შექმნა სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო არასოდეს ყოფილა.
ამასთან, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შემდეგ, პრეზიდენტმა ნაზარბაევმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ ეკონომიკური და არა პოლიტიკური გაერთიანება და ყაზახეთის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
რუსეთის ყაზახური პოლიტიკა
1990-იან წლებში ყაზახეთში სეპარატისტული ჯგუფების გამოჩენა ნაწილობრივ რუსეთმა წაახალისა. პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი კოზირევმა, საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზნად „ახლო საზღვარგარეთში’’ (პოსტსაბჭოთა ქვეყნები) მცხოვრები რუსების დაცვა დაასახელა. რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, 1992 წლის ალმა-ატის მოლაპარაკებების დროს გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთს გარკვეული უფლებები გააჩნდა ჩრდილოეთ ყაზახეთის ტერიტორიების მიმართ. მსგავსი განწყობების ფონზე, ელცინს დაძაბული დიალოგი ჰქონდა ნაზარბაევთან, რომელმაც დაარწმუნა ელცინი, რომ ყაზახური ტერიტორიების მოთხოვნის შემთხვევაში დიდ წინააღმდეგობას წააწყდებოდა. საბოლოო ჯამში ყაზახეთსა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოეწერა 1992 წელს, რუსეთმა ყაზახეთი არსებულ საზღვრებში აღიარა.
რუსეთის ინტერესები გამოჩნდა 1999-2000 წლებში, როდესაც ვიქტორ კაზიმირჩუკმა თავის სეპარატისტულ დაჯგუფება „რუს’’-თან ერთად სცადა დაეკავებინა ყაზახეთის ჩრდილო- აღმოსავლეთ ქალაქ ოსკემენის (ყოფილი უსტ-კამენოგორსკი) ადმინისტრაცია. კაზიმირჩუკი 13 მომხრესთან ერთად დააკავეს და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კაზიმირჩუკი ირწმუნებოდა, რომ მას მხარს უჭერდა ჩრდილოეთ ყაზახეთში რუსული მოსახლეობა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ დაუსახელებია. რუსეთმა განაცხადა, რომ მსგავს სეპარატისტულ მოძრაობებს მხარს არ უჭერდა. მიუხედავად ამისა, ყაზახეთში რუსეთის საელჩომ დაკავებულებს მოსკოველი ადვოკატების დაქირავება შესთავაზა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა დაკავებული ეთნიკურად რუსების გადაყვანას რუსეთში, ხოლო რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა ნაზარბაევს დაკავებულთა შეწყალება სთხოვა.
რუსეთი ყაზახეთის წინააღმდეგ „რბილ ძალასაც“ იყენებს. საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ატარებს ასტანაში მდებარე რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი. მაგალითად, ცენტრის მხარდაჭერით, 2014 წელს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასული 50 ათასი სტუდენტიდან 28 ათასი რუსეთში წავიდა. 2003 წლიდან რუსეთის განათლების სამინისტრო ყაზახი სტუდენტების რუსეთში სწავლას აფინანსებს. შედეგად, ყოველი მეოთხე უცხოელი სტუდენტი რუსეთში ყაზახია.
გააქტიურებულია რუსული მედიაც. ერთ-ერთი სააგენტოს მიხედვით, თუ რუსების რაოდენობითა და სეპარატისტული განწყობებით ვიმსჯელებთ, ყირიმის რუსეთთან „მიერთებისა“ და აღმოსავლეთ უკრაინის ომის შემდეგ, ჯერი აღმოსავლეთ ყაზახეთზეა. რუსეთის მოსაზღვრე ყაზახეთის რეგიონები (იგულისხმება ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ყაზახეთი) ისტორიით ძალიან ჰგავს ყირიმს, ხოლო ეროვნული შემადგენლობით დონბასს. პუტინის განცხადებამ, რომ ყაზახეთს სახელმწიფო არასოდეს ჰქონია, უსტ-კამენოგორსკში ნამდვილი სახალხო მღელვარება გამოიწვია. უსტ-კამენოგორსკის მოსახლეობის 90%-ს ყირიმის სცენარის გათამაშება სურს. რუსული მედიის გააქტიურების საპასუხოდ, 2016 წელს ყაზახეთში უცხოური სატელევიზიო არხების აკრძალვის საბაბით, რუსული მედიის გავრცელება შეზღუდეს.
დასკვნა
უკრაინის მოვლენების შემდეგ გაჩნდა კითხვა, თუ რომელი სახელმწიფო შეიძლება გამხდარიყო კრემლის ინტერესის ობიექტი. ამ მხრივ, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ყაზახეთი, ვინაიდან აქ ეთნიკური რუსები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, თანაც ძირითადად დასახლებული არიან ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, რუსეთის საზღვრის გასწვრივ. ამას დაემატა პრეზიდენტ პუტინის განცხადება, როდესაც მან ეჭვქვეშ დააყენა ყაზახეთის ისტორიული სახელმწიფოს არსებობის საკითხი. ამას გარდა, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთში გააქტიურდნენ რადიკალი ნაციონალისტი პოლიტიკოსები, რომლებიც მიანიშნებენ ჩრდილოეთ ყაზახეთის „უკან დაბრუნებაზე’’. გააქტიურდა რუსული მედიაც, რომელმაც დაიწყო ყაზახეთში ეთნიკური რუსების სეპარატისტული განწყობების გაშუქება.
მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ყაზახეთში ეთნიკური დაპირისპირება არ მოხდება და არც ყირიმის სცენარი გამეორდება. ყაზახეთს არ აქვს ისეთივე სტრატეგიული ღირებულება კრემლისთვის, როგორც ყირიმს, სადაც განთავსებული იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტი. უკრაინა აღიქმებოდა, როგორც ძირითადი დამცავი ბარიერი ნატოს ექსპანსიის წინააღმდეგ. ბაიკონურის კოსმოდრომსა თუ სემიპალატინსკის ბირთვულ საგამოცდო პოლიგონს კი, არ გააჩნია მსგავსი სიმბოლური და გეოპოლიტიკური დატვირთვა.
ამას გარდა, რუსული სეპარატისტული ტენდენციები წარსულში არსებობდა, მაგრამ ყაზახეთის მთავრობის ტოლერანტული და ინკლუზიური პოლიტიკის წყალობით განეიტრალდა. ეთნიკური რუსების პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის მთავრობა ყველანაირ ღონეს ხმარობს. რუსული ენა დღემდე ატარებს „ინტერეთნიკური კომუნიკაციის ენის’’ სტატუსს, რომელზედაც მოსახლეობის 95%-ს შეუძლია საუბარი. ნაზარბაევის პრეზიდენტობა კი, ეთნიკურ ჯგუფებს შორის მშვიდობიან და ჰარმონიულ თანაცხოვრებაზეა დაფუძნებული.
ავტორი: ქეთევან ცხადაძე
სტატიის მომზადების დროს გამოყენებული სტატიები:
- Dave, B. 2003. “Minorities and Participation in Public Life: Kazakhstan”. Sub Commission on Promotion and Protection of Human Rights Working Group on Minorities.
- Demko, G. 1969. “The Russian Colonization of Kazakhstan 1896-19″.
- Diener, A. 2005. “Kazakhstan’s Kin State Diaspora: Settlement Planning and the Oralman Dilemma”.
- Laumulin, C, and Laumulin M. 2009. “The Kazakh”.
- Olcott, M. 20 “Kazakhstan: Unfulfilled Promise?”.
- Peyrouse, S. “Nationhood and the Minority Question in Central Asia. The Russians in Kazakhstan.”
- Scriven, A. 2013. “Top-Down Nationalism in Post-Soviet Kazakhstan”.
- Zardykhan, Z. 2002. “Kazakhstan and Central Asia: Regional Perspectives.”
- ინტერნეტ წყაროები.