მთავარი » უკრაინა » ყირიმის საკითხი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში

ყირიმის საკითხი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში

2014 წელს უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავება მოჰყვა. აღნიშნული ქმედება უკრაინაში საკუთარი ტერიტორიის ანექსიად შეაფასეს, რუსეთში კი – ისტორიული სამართლიანობის აღდგენად.

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების სათავედ 1654 წლის პერეიასლავის შეთანხმებით უკრაინელ კაზაკთა მიერ რუსეთის იმპერიის მფარველობის მიღება ითვლება. ორი სახელმწიფოს თანასწორუფლებიანი ურთიერთობები კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო.

რუსეთი უკრაინას ახალი ევრაზიული იდენტობის შექმნისთვის განუყოფელ ელემენტად მოიაზრებს, რადგან მის გარეშე ევრაზიული იმპერია ნაკლებად ევრაზიული და მეტად აზიური იქნება. რუსეთში უკრაინა ხშირად დროებით ფენომენად განიხილება, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი კი – რუსეთის განუყოფელ ნაწილად.

უკრაინის მიწების განსხვავებული წარსული ახლადშექმნილი სახელმწიფოს პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.

ორი სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულებათა ხასიათი თვალსაჩინოდ ვლინდებოდა ყირიმის საკითხისადმი მათ მიდგომაში.

ისტორიული მიმოხილვა

შავ ზღვაში შეჭრილი ყირიმის ნახევარკუნძული  დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფოთა გავლენას განიცდიდა. 1475 წლიდან აქ მდებარე ყირიმის სახანო ოსმალეთის იმპერიას დაექვემდებარა. 1774 წელს ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთმა ოსმალეთი აიძულა ეღიარებია ყირიმის დამოუკიდებლობა, რასაც 1783 წელს მის მიერ სახანოს დაპყრობა მოჰყვა.

რუსეთის იმპერიაში ყირიმის სახანოს ყოფილი ტერიტორია ნოვოროსიის – ახალი რუსეთის გუბერნიაში შედიოდა, რომელსაც 1802 წლიდან ტავრიდის გუბერნია ეწოდა. რუსეთის სამოქალაქო ომის მსვლელობისას ყირიმში თეთრი მოძრაობის ძალები გამაგრდნენ, რომელთა დამარცხების შემდეგ 1921 წელს ყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა.

საბჭოთა კავშირში ყირიმის ასსრ ექსკლავის სახით რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა მანამ, სანამ II მსოფლიო ომისას  გერმანელებმა ის უკრაინის რაიხსკომისარიატს არ დაუქვემდებარეს. 1944 წელს საბჭოთა ძალაუფლების აღდგენიდან 1991 წლამდე ის ოლქის სახით შედიოდა ჯერ რუსეთის სფსრ-ის, 1954 წლიდან კი უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში.

1954 წელს, პერეიასლავის ხელშეკრულების 300 წლისთავზე, ყირიმის უკრაინისთვის გადაცემით საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი სსრკ-ის მმართველ წრეებში ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინული ელიტის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. გადაწყვეტილებას პრაგმატული ხასიათიც ჰქონდა, რაც უკრაინასთან ტერიტორიული კავშირის გათვალისწინებით ყირიმის ადმინისტრირების გამარტივებას ისახავდა მიზნად. საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში მსგავსი ტერიტორიული ცვლილება შეუმჩნეველი იყო.

1991 წლის იანვარში ყირიმის ოლქში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე აღდგა ყირიმის ასსრ უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში, ხოლო 1 დეკემბრის საერთო უკრაინულ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინის დამოუკიდებლობას.

kap 7

ყირიმის ნახევარკუნძული

ყირიმი დამოუკიდებელ უკრაინაში

სტატუსი. 1992 წელს  დამოუკიდებლობის არშემდგარი რეფერენდუმის შემდეგ, მოსახლეობის უმრავლესობამ 1994 წლის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრორუს იური მეშკოვს, რეფერენდუმზე კი ფართო ავტონომიას დაუჭირა მხარი. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ჩეჩნეთის მაგალითის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება ქვეყნის მთლიანობისთვის საფრთხედ მიიჩნია, რასაც ყირიმის პრეზიდენტის თანამდებობის გაუქმება მოჰყვა.  უკრაინის 1996 წლის კონსტიტუცია ყირიმს ავტონომიას ანიჭებდა, თუმცა კანონმდებლობა უკრაინულთან შესაბამისობაში ექცეოდა. ყირიმის  პარლამენტისა და მთავრობის პასუხისმგებელობა იზღუდებოდა.

მოსახლეობა. ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური რუსები შეადგენენ. უფრო დიდია რუსულენოვანი მოსახლეობის ხვედრითი წილი. რუსულენოვანი მოსახლეობა ნახევარკუნძულის რუსეთთან დაკავშირების მომხრე იყო. 1994 წელს პრეზიდენტად არჩეული მეშკოვის წინასაარჩევნო დაპირებებში რუსეთთან შეერთების საკითხი ფიგურირებდა. 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი მიწერილ წერილში ყირიმის რუსული საზოგადოება მას რუსული თემის დაცვისკენ მოუწოდებდა. უკრაინულ პოლიტიკაში ყირიმის მოსახლეობა პრორუსული ძალების დასაყრდენი იყო.

პრორუსული პოლიტიკის მთავარ მოწინააღმდეგედ ყირიმელი თათრები იქცნენ. 1944 წელს ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდების გამო გადასახლებული მოსახლეობის დაბრუნება აქტიურად 1980-იანი წლებიდან დაიწყო. ყირიმელმა თათრებმა საკუთარი უფლებების დასაცავად ბახჩისარაიში არაოფიციალური ორგანო – მეჯლისი დააარსეს.

Capture

ყირიმი რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებში

ფლოტი. სევასტოპოლში განლაგებული შავი ზღვის ფლოტის კუთვნილებისა და განთავსების საკითხი დღის წესრიგში სსრკ-ის დაშლის შემდეგ დადგა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ფარგლებში საერთო სამხედრო სივრცის შექმნის რუსული წინადადების საპირისპიროდ, უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა 1991 წლის 30 დეკემბერს ეროვნული არმიების შექმნა მოითხოვა. მან უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედროები, მათ შორის სევასტოპოლის ფლოტი უკრაინის ერთგულებაზე დააფიცა მაშინ, როცა მეზღვაურთა მხოლოდ 40% იყო უკრაინელი, ოფიცრების 75% კი რუსი. კრავჩუკს მიაჩნდა, რომ სამხედრო შენაერთებზე კონტროლი სუვერენიტეტის გარანტია იყო.  საპასუხოდ, 1992 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ფლოტის საკუთრების დადგენილება გამოსცა.

1995 წელს უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და ელცინი შეთანხმდნენ ფლოტი შუაზე გაეყოთ, რის შემდეგაც უკრაინა თავისი წილიდან გემთა ნაწილს რუსეთს მიყიდიდა. 1997 წლის ხელშეკრულებით ფლოტი საბოლოოდ გადანაწილდა. რუსეთმა გემთა 80% მიიღო, სანაცვლოდ კი $526 მლნ გადაიხადა. მხარეები შეთანხმდნენ ფლოტის სევასტოპოლში დატოვებაზე 2017 წლამდე, რაშიც რუსეთი იხდიდა $97 მლნ-ს წლიურად. რუსეთს ეძლეოდა ყირიმში არაუმეტეს 25 000 სამხედროსა და 132 საბრძოლო გემის განლაგების უფლება.

რუსული ფლოტის განლაგების საკითხი დღის წესრიგში უკრაინაში პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დადგა. 2005-06 წლებში მიმდინარე გაზის ფასებზე დავისას პროდასავლელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ ფლოტის განთავსებისთვის ქირის გაზრდა მოითხოვა, რასაც რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა, 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი პრორუსული რეგიონების პარტიის გამარჯვება მოჰყვა. ფასების ზრდის საკითხი კვლავ დაისვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. იმავე წელს გადაწყდა, რომ რუსული ფლოტის ყოფნის ვადები არ გადაიხედებოდა, თუმცა 2010 წელს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხარკოვის შეთანხმებით ფლოტის ყოფნა 25 წლით გაახანგრძლივა, რუსეთმა კი ბუნებრივი აირის ფასი 30%-ით შეამცირა.

ყირიმის კუთვნილება. უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ რუსეთის პირველი პირები ყირიმს მის ნაწილად სცნობდნენ 2014 წლამდე. ბორის ელცინი 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმისა და 1997 წლის  მეგობრობის, თანაშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აღიარებდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

პრეზიდენტისგან განსხვავებით, ხელისუფლების ნაციონალისტურ წრეებში განიხილავდნენ ყირიმის შეერთების საკითხს. 1992 წლის მაისში  რუსეთის უზენაესმა საბჭომ უკანონოდ სცნო 1954 წლის გადაწყვეტილება ყირიმის გადაცემის შესახებ. დეკემბერში კი დაიწყო სევასტოპოლის კუთვნილების საკითხის განხილვა. თუმცა 1993 წლის კონსტიტუციური კრიზისის გამო საკითხს გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

1996 წელს ფედერალურმა საბჭომ შესთავაზა პრეზიდენტს ხელი არ მოეწერა ფლოტის გაყოფის ხელშეკრულებისთვის მანამ, სანამ სპეცკომისია არ განიხილავდა სევასტოპოლის კუთვნილების საკითხს. თუმცა მომდევნო წელს ელცინმა გააფორმა მეგობრობისა და ფლოტის გაყოფის ხელშეკრულებები უკრაინასთან.

ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ყოფნას ადასტურებდა პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინიც. 2003 წლის ტუზლას კრიზისის მიუხედავად, რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ გამოუთქვამს. 2008 წელს პუტინმა დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და გამორიცხა სამხედრო ჩარევა ყირიმში, რადგან იქ არ იყო ეთნიკური დაპირისპირება.

2014 წლის მოვლენები

მწვანე კაცუნები ყირიმში

“მწვანე კაცუნები” ყირიმში

2013 წლის ნოემბერში პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარს უკრაინაში პროდასავლური ძალების მიერ საპროტესტო აქციების დაწყება, მათი დაპირისპირებაში  გადაზრდა და მსხვერპლი მოჰყვა.

  • 22 თებერვალი – პარლამენტმა პრეზიდენტი იანუკოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
  • 27 თებერვალი – შეიარაღებულმა პირებმა ყირიმის პარლამენტი დაიკავეს და რუსეთის დროშა აღმართეს. პრორუსულმა ძალებმა პერეკოპის ყელი გაამაგრეს.
  • 1 მარტი – პარლამენტმა პუტინს უკრაინაში სამხედროების გამოყენების ნება დართო. უკრაინული გემების ნაწილმა სევასტოპოლი დატოვა. ფლოტის ხელმძღვანელი რუსეთის მხარეს გადავიდა.
  • 16 მარტი – რეფერენდუმის მონაწილეები რუსეთთან შეერთებასა და 1992 წლის კონსტიტუციის აღდგენას შორის აკეთებდნენ არჩევანს.
  • 17 მარტი – რეფერენდუმის საფუძველზე ყირიმმა უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 18 მარტი – ყირიმის რესპუბლიკა და სევასტოპოლის ფედერალური ქალაქი მიიღეს რუსეთის ფედერაციაში.
  • 7 აპრილი – დაიწყო საბრძოლო მოქმედებები დონბასში.

პუტინის დამოკიდებულება

kapit 4

რუსული ბანკნოტი ყირიმის ხედებით

  • უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ძველი მიდგომა უკრაინაში უმცირესობათა პატივისცემას ეფუძნებოდა, 2014 წელს ქვეყნის სათავეში ნაციონალისტთა და რუსთმოძულეთა მოსვლამ საფრთხე შეუქმნა რუსულენოვან მოსახლეობას.
  • ყირიმის მოსახლეობამ თავად ითხოვა დახმარება. რუსეთი შეეცადა მათი აზრის გამოხატვის უზრუნველყოფას.
  • რუსული მიწების გასხვისება, მათ შორის 1954 წლის გადაწყვეტილება და სსრკ-ის დაშლისას ყირიმის საკითხის უგულვებელყოფა უკანონობა იყო რუსების მიმართ, რომლებიც უდიდეს გაყოფილ ერად იქცნენ.
  • რეფერენდუმი ლეგიტიმურია, რადგან გამოხატავს ხალხის ნებას. ამავე უფლებით ისარგებლა უკრაინამ სსრკ-დან გასვლისას, ამავე პრინციპს ეფუძნება კოსოვოს პრეცენდენტი.
  • ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთება იყო როგორც ყირიმელთა, ისე რუსეთის ფედერაციის მცხოვრებთა სურვილი.
  • რუსეთის უსაფრთხოებისთვის მნიშნელოვანია ყირიმში არ დაუშვას NATO-ს გემები, რისი ალბათობაც გაზარდა კიევში პროდასავლური ძალების მოსვლამ.

ყირიმის მიერთების მიზეზები და აღქმა

რუსეთმა ყირიმში ჩარევის გასამართლებლად იგივე მიზეზები გამოიყენა, რაც 2008 წელს: ეთნიკური უმცირესობებისთვის საფრთხის არსებობა და ადგილობრივთა თხოვნა დახმარებაზე. ქმედების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად კვლავ კოსოვოს პრეცენდენტი დასახელდა.

ყირიმის შემთხვევაში დამატებითმა საკრალურმა და სტრატეგიულმა გარემოებებმა რუსეთს გადააწყვეტინა მისი უშუალო მიერთება.

ყირიმის მიერთებით რუსეთმა უარი თქვა ყირიმზე, როგორც უკრაინაზე ზეწოლის ბერკეტზე, თუმცა ეს როლი დონბასზე გადავიდა.

რუსეთმა უზრუნველყო შავ ზღვაზე ფლოტზე საკუთარი კონტროლის შენარჩუნება, რასაც  უკრაინაში პროდასავლური ძალების გამარჯვების შემდეგ საფრთხე დაემუქრა. სევასტოპოლის მნიშვნელობა რუსეთის სირიის კრიზისში ჩართვის შემდგომ გაიზარდა.

ქვეყნის შიგნით ხელისუფლებამ გაზარდა საკუთარი ავტორიტეტი.

რუსეთმა დაიწყო ყირიმის დაკავშირება დანარჩენ რუსეთთან, როგორც პირდაპირი გზით – ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობით, ისე იდეოლოგიურად – 2014 წლის მოვლენათა სასკოლო სახელმძღვანელოებში ჩართვით.

უკრაინაში ყირიმის მიერთება ანშლუსად მოიხსენიება, ავსტრიის ანშლუსთან პარალელით, რუსეთში კი ალაპარაკდნენ ,,რუსულ გაზაფხულზე’’.

ყირიმი რუსულ აზროვნებაში

kapi 5

პუშკინი ბაღჩისარაიში

ყირიმი რუსულ აზროვნებაში კულტურულ სამოთხესა და გმირულ წარსულთან ასოცირდება. ყირიმი ხშირად ფიგურირებს რუს ხელოვანთა, განსაკუთრებით ცნობილი მწერლების შემოქმედებაში, რომელთათვის დანარჩენი რუსეთისგან  კლიმატით გამორჩეული ნახევარკუნძული  შთაგონების წყარო ხდებოდა.

kapit 3

რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ფილმი

ყირიმი რუსეთის ისტორიაში მას შემდეგ ფიგურირებს, რაც აქ კიევის დიდი მთავარი ვლადიმერი მოინათლა. ნახევარკუნძულისთვის წარმოებული ბრძოლები რუსული სიამაყის წყაროდ იქცა. სევასტოპოლს კი ყირიმისა  და II მსოფლიო ომებისას გადატანილი მძიმე ალყების, რუსული ფლოტის გამარჯვებების გამო 1945 წელს  გმირი-ქალაქის წოდება მიენიჭა. 1948 წლიდან ის ფედერალური დაქვემდებარების ქალაქი გახდა. სევასტოპოლის გათავისუფლების თარიღის (9 მაისი 1944წ.) დამთხვევამ ,,გამარჯვების დღესთან’’, აქ გამართულ აღლუმებს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა.

ავტორი: ლევან კაპიტანოვი

სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:


%(count)s კომენტარი

  1. mariamlandblog ამბობს:

    ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ,ზე საინტერესო თემებზე.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: