მთავარი » უკრაინა » უკრაინა: გადამწყვეტი ბრძოლა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის

უკრაინა: გადამწყვეტი ბრძოლა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის

Advertisements

2014 წელს უკრაინაში განვითარებული „ევრომაიდნის“ მოვლენების, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შედეგად, უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. 2018 წელს განვითარებული მოვლენების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრძოლა დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის შესაქმნელად კიდევ უფრო გამწვავდება, რაც არა მხოლოდ მართლმადიდებელ სამყაროში გამოიწვევს დაპირისპირებას, არამედ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაპირობაც გახდება.

კონსტანტინოპოლიდან მოსკოვამდე

კიევის რუსეთში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად 988 წელს გამოცხადდა, ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესია, ანუ კიევის მიტროპოლია კი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1686 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში აღიარა, რომელსაც ავტოკეფალია კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1593 წელს მიანიჭა. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული დაპირისპირებაც სწორედ ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან იღებს სათავეს.

სამი მართლმადიდებელი ეკლესია

ამჟამად უკრაინაში სამი ძირითადი მართლმადიდებელი ეკლესიაა:

  • უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესიას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო, რათა იგი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოსგან განასხვავონ;
  • უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო;
  • უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია.

მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთი განსხვავება მათი სტატუსია მსოფლიო მართლმადიდებლობაში. კანონიკურად მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის ქვეშ მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევა.

უკრაინაში მართლმადიდებლების პირველი ინსტიტუციური გაყოფა 1990 წელს უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აღდგენამ გამოიწვია. ამავე წელს, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ დონეზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, უკრაინის საეგზარქოსოს დამოუკიდებლობა და ადმინისტრაციულ საკითხებში მაღალი დონის თვითმმართველობა მიენიჭა. ახალი სტატუსის მიუხედავად, უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის მომხრეებმა 1992 წელს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოყოფისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს შექმნის შესახებ განაცხადეს. შედეგად, 1992 წლიდან უკრაინაში სამი მართლმადიდებელი ეკლესია მოღვაწეობს.

„ეროვნული“და „ანტიეროვნული“ ეკლესია

„ეროვნულს“ მიაკუთვნებენ უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს. ეს ეკლესიები ეროვნული იდეების მატარებლებად ითვლებიან, რომლებიც უკრაინელი ერის ფორმირების პროცესში გავლენიან სულიერ ძალას წარმოადგენენ და უკრაინაში რუსეთის რელიგიური და პოლიტიკური გავლენის შესამცირებლად იბრძვიან.

მოსკოვის საპატრიარქოსთან სუბორდინაციის გამო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს „ანტიეროვნულად“ მიიჩნევენ. მისი ოპონენტების აზრით, ეკლესია პოლიტიკური თვალსაზრისით ანტიუკრაინულია და უკრაინაფობიური სენტიმენტებით გამოირჩევა. მათი შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სლავური კულტურული და სულიერი ერთობის პროპაგანდის გზით, უკრაინაში ერისა და სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეშლას ცდილობს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია „ევრომაიდნის“ შემდეგ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს აზრით, 2014 წლიდან, „ევრომაიდნის“ შემდეგ, მათი ეკლესიის მიმართ დისკრიმინაციამ და მათი კუთვნილი შენობების წინააღმდეგ თავდასხმის ფაქტებმა მასობრივი და სისტემური ხასიათი მიიღო არა მხოლოდ ნაციონალისტურად განწყობილ უკრაინის დასავლეთ რეგიონებში, არამედ ცენტრალურ ნაწილშიც.

Euromaidan_activist_kisses_the_hand_of_Filaret_the_Patriarch_of_Kyiv

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის პატრიარქი ევრომაიდნის მონაწილეებს ხვდება

ბოლო წლებში გამწვავდა მრევლისთვის ბრძოლაც. „ევრომაიდნის“ შემდეგ სასულიერო პირებისა და მრევლის გარკვეული ნაწილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან გამოვიდა და „ეროვნული“ ეკლესიების იურისდიქციაში შევიდა. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრისთვის უკრაინაში დარეგისტრირებული იყო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ჰყავდა 12 ათასი სამრევლო, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს – 5 ათასი  და უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 000. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი სოციოლოგიური ჯგუფების მონაცემების თანახმად, „ევრომაიდნის“ შემდეგ მრევლის რაოდენობით კიევის საპატრიარქომ მოსკოვის საპატრიარქოს გადაუსწრო და 2018 წლის აპრილისთვის უკრაინელი მართლმადიდებლების 43% მხარს კიევის საპატრიარქოს უჭერდა, 20% კი – მოსკოვის საპატრიარქოს.

„ეროვნული“ ეკლესიების გავლენის გაძლიერებას, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის გარდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციამაც შეუწყო ხელი. უკრაინული საკითხების მიმართ თავდაპირველი ფრთხილი პოლიტიკა 2015 წლიდან შეიცვალა, როდესაც რუსეთის პატრიარქმა კირილმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო აღარ არის ვალდებული უკრაინის „უღმერთო“ ხელისუფლებას დაემორჩილოს. 2016 წლის ნოემბერში მოსკოვის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ ისინი არასოდეს დათანხმდებიან მათი ეკლესიის წმინდა კანონიკური საზღვრების შეცვლას, რადგან კიევი მათთვის წმინდა რუსეთის სულიერი აკვანია, როგორც მცხეთაა ქართველებისათვის და კოსოვო სერბებისთვის.

კრემლთან ახლო ურთიერთობისა და „ევრომაიდნის“ მოვლენებზე გამოთქმული პოზიციის გამო უკრაინის მოსახლეობაში გაიზარდა აღქმა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კრემლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი და რუსეთის მთავრობის ინტერესების გამტარებელია. 2018 წელი ამ მხრივ შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს.

გადამწყვეტი ბრძოლა ავტოკეფალიისთვის

2018 წლის 28 ივლისს უკრაინაში კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030-ე წლისთავი აღინიშნება. სწორედ ამ თარიღისთვის იმედოვნებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოსა და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების საფუძველზე უკრაინის ახალ, ერთიან ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. საინტერესოა, რომ პოროშენკო პრეზიდენტად არჩევამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მრევლი იყო. თუმცა გაპრეზიდენტების შემდეგ იგი „ეროვნული“ ეკლესიების მხარდამჭერი გახდა.

პოროშენკომ ღიად განაცხადა, რომ მას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საქმეში კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხარდაჭერის იმედი აქვს. მან ერთიანი უკრაინული ეკლესიის მხარდაჭერა კონსტანტინოპოლის პატრიარქს 9 აპრილს სტამბოლში ვიზიტისას სთხოვა. 17 აპრილს პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა პირველად არის ასე ახლოს  საკუთარი დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნასთან. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე როსტისლავ პავლენკომ სტამბოლში პირადად ჩაიტანა უკრაინის საერო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლების თხოვნის წერილები.

68B67758-22C9-4EEC-B77C-5086F39FC1A1_w1023_r1_s

უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს შეხვედრა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, 2018 წლის აპრილი

როგორც ჩანს, უკრაინის ეკლესიის საკითხისადმი პოზიცია კონსტანტინოპოლის პატრიარქსაც  შეეცვალა. თუ ადრე კონსტანტინოპოლის პატრიარქი ამ საკითხის გამწვავებას არ ცდილობდა, ამჯერად მან ღიად განაცხადა, რომ ამ საკითხის შესახებ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთანაც იმსჯელებს. 2008 წელს, კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1 020-ე საიუბილეო ღონისძიებაზე, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ბართლომე I-ს სთხოვა დაელოცა დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესიის შექმნა, მაგრამ მაშინ ბართლომემ აშკარად არც უარყო და არც მხარი დაუჭირა გამოყოფის მოთხოვნას.

პოროშენკო იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხარდაჭერით ახალი დამოუკიდებული უკრაინული ეკლესია შეიქმნება, რომელსაც შემდეგ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიც შეუერთდებიან. თავის მხრივ, რუსეთის ეკლესიის განცხადებით, არაკანონიკური ჯგუფებისთვის ავტოკეფალიის მინიჭება აუცილებლად გამოიწვევს მართლმადიდებელ სამყაროში განხეთქილებას.

ძირითადი დასკვნები

  • 2014 წლიდან, „ევრომაიდნის“ მოვლენების შემდეგ, ერთი მხრივ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსა და, მეორე მხრივ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოსა და უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის მოთხოვნა არა მარტო ტრადიციულად ნაციონალისტურად განწყობილ დასავლეთ რეგიონებში, არამედ უკრაინის დანარჩენ რეგიონებშიც გაძლიერდა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეების შემცირების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზარდა „ეროვნული“ ეკლესიების მრევლის რაოდენობაც.

 

  • რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების ანტიუკრაინული პოზიციის შედეგად, უკრაინის მოსახლეობასა და პოლიტიკურ ელიტაში „ეროვნული“ ეკლესიების მხარდაჭერა გაძლიერდა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო კი სულ უფრო „ანტიეროვნულ“ და „ანტისახელმწიფოებრივ“ ეკლესიად მიიჩნევა, რომელიც უკრაინაში კრემლის პოლიტიკის გამტარებლად ითვლება.

 

  • უკრაინის მმართველი პოლიტიკური ელიტის აზრით, მხოლოდ უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ფორმირების შედეგად არის შესაძლებელი უკრაინაში მოსკოვის გავლენის შემცირება. მათი ხედვით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რუსეთის საპატრიარქოს საქმიანობა ბარიერია უკრაინული სახელმწიფოსა და უკრაინული იდენტობის ჩამოყალიბებისათვის.

 

  • რუსეთისთვის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური საკითხია. მოსკოვისთვის უკრაინა „რუსული სამყაროს“ განუყოფელი ნაწილია და, კრემლის ხედვით, უკრაინაზე გავლენის გარეშე რუსეთი ვერ იქნება ძლიერი სახელმწიფო. ამიტომაც უკრაინაში რუსეთის ეკლესიის წამყვანი როლი კრემლისთვის უკრაინაზე გავლენის შენარჩუნების სტრატეგიის ნაწილია.

 

  • უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გააქტიურება შეიძლება იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ერთგვარი გამოძახილი. უდავოა, რომ უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნა რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში დაასუსტებს და კრემლის „რუსული სამყაროს“ პროექტის განხორციელებას შეაფერხებს.

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა რონდელის ბლოგზე. იხ. სტატია

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: