მთავარი » უკრაინა » უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია: დიდი რელიგიური განხეთქილების დასაწყისი

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია: დიდი რელიგიური განხეთქილების დასაწყისი

Advertisements

14 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე ურთიერთობის სრულ გაწყვეტაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ ღიად განაცხადა, რომ იგი ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიის რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობას აღიარებს. რუსეთის ეკლესიის პრევენციული ნაბიჯების მიუხედავად, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ალბათობა მაღალია, რაც მართლმადიდებელ სამყაროში გარდაუვალ განხეთქილებას გამოიწვევს.

რა გადაწყვიტა რუსეთის ეკლესიის სინოდმა?

რუსეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინაში ორი წარმომადგენლის გაგზავნამ დააჩქარა, რაც რუსეთის ეკლესიაში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. სინოდის დასრულების შემდეგ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა ვლადიმირ ლეგოიდამ განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია აღარ მიიღებს მონაწილეობას იმ სტრუქტურებში, რომლებსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხელმძღვანელობს. სინოდის კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთობლივი ღვთისმსახურება შეჩერდება და კონსტანტინოპოლის პატრიარქს აღარ მოიხსენიებენ ლოცვებში.

რუსეთის ეკლესიის ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ ნიშნავს კონსტანტინოპოლთან „ევქარისტული ერთობის სრულად გაწყვეტას“. რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლების შეფასებით, მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილება მას შემდეგ იგეგმება, თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ტერიტორიაზე ანტიკანონიკურ საქმიანობას გააგრძელებს.

რუსეთის ეკლესია და დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიები უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან კანონიკურად აღიარებენ მხოლოდ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და რომელსაც ხშირად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოდ მოიხსენიებენ. დანარჩენი ორი ეკლესია: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქო და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არაკანონიკურად მიიჩნევიან. უკრაინაში სამი მართლმადიდებელი ეკლესია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის მომხრეები 1992 წელს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყვნენ.

რელიგიური დაპირისპირების ქრონოლოგია

„ევრომაიდანი“ და რუსული ეკლესიის პოზიცია

2014 წლის „ევრომაიდნის“ მოვლენების, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში დაწყებული პრორუსული ამბოხის შემდეგ,  რუსეთის ეკლესიამ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე უარი თქვა და კრემლის პოლიტიკას ღიად დაუჭირა მხარი. კრემლთან ახლო ურთიერთობისა და „ევრომაიდნის“ მოვლენებზე გამოთქმული პოზიციის გამო უკრაინის მოსახლეობაში გაიზარდა აღქმა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კრემლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი და რუსეთის მთავრობის ინტერესების გამტარებელია.

დამოუკიდებელი სოციოლოგიური ჯგუფების მონაცემების თანახმად, „ევრომაიდნის“ შემდეგ მრევლის რაოდენობით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს გადაუსწრო და 2018 წლის აპრილისთვის უკრაინელი მართლმადიდებლების 43% მხარს კიევის საპატრიარქოს უჭერდა, 20% კი – მოსკოვის საპატრიარქოს.

კულუარული დიპლომატია

68B67758-22C9-4EEC-B77C-5086F39FC1A1_w1023_r1_s

უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს შეხვედრა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, 2018 წლის აპრილი

2018 წლის 9 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო პირადად ჩავიდა სტამბოლში, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქს ერთიანი უკრაინული ეკლესიის მხარდაჭერა სთხოვა. რამდენიმე დღეში კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე როსტისლავ პავლენკომ სტამბოლში პირადად ჩაიტანა უკრაინის საერო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლების თხოვნის წერილები.

პოროშენკოს ვიზიტის შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შეიქმნა სპეციალური დელეგაცია, რომელიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე ინფორმაციის მისაწოდებლად ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას ესტუმრა. დელეგაცია საქართველოს 16 ივნისს ეწვია. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღით ადრე, 4 ივნისს, უკრაინის ეკლესიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონიც (ალფეევი) ესტუმრა.

პატრიარქების შეხვედრა

1 Bartholomew I of the Constantinople met with Russian Orthodox Patriarch Kirill in Istanbul

რუსეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქების შეხვედრა

31 აგვისტოს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე I-ის გადასარწმუნებლად სტამბოლში პირადად ჩავიდა რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელთანაც ბართლომე I-მა არ დამალა მისი განზრახვა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი აპრილში გადაწყდა და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მიმდინარეობს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილება

1 სექტემბერს, კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინაქსზე – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ყველა იერარქის შეკრებაზე, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი განიხილეს. სინაქსზე მართლმადიდებელი სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ. ბოლო მსგავსი შეხვედრა 2015 წელს შედგა, კრეტაზე სრულიად მართლმადიდებელთა დიდ და წმინდა კრების გამართვამდე. სინაქსის გახსნაზე ბართლომე I-მა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას უკრაინაში განხეთქილების დასაძლევად, რადგან რუსეთს, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებზე, არ ძალუძს ამ პრობლემის გადაწყვეტა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის წარმომადგენლების გაგზავნა უკრაინაში

პატრიარქების შეხვედრიდან ძალიან მალე, 7 სექტემბერს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თავისი ოფიციალური წარმომადგენლები მიავლინა უკრაინაში – არქიეპისკოპოსი დანიელ პამფილიელი აშშ-დან და ეპისკოპოსი ილარიონ ედმონტონელი კანადიდან (ორივე ეთნიკურად უკრაინელია), მათ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის  მინიჭების პროცესი უნდა მოამზადონ.

როდის მიიღებს უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას?

არსებული ინფორმაციით 9-11 ოქტომბერს დაგეგმილია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის შეხვედრა, სადაც დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე. ამის შემდეგ ავტოკეფალიის ტომოსს (დადგენილების სიგელი) ჩაიტანენ კიევში, სადაც ორი თვის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს გაერთიანებული საეკლესიო კრება. კრებაზე უკრაინის არაკანონიკური ეკლესიების წარმომადგენლები, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ის წარმომადგენლები, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტენ, დააფუძნებენ ახალ ეკლესიას, რომელსაც ტომოსის გამოყენების უფლება ექნება. ახალმა ეკლესიამ თავისი წინამძღოლიც უნდა აირჩიოს.

მხარეთა პოზიცია

რუსეთის ეკლესიის პოზიცია

რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან განსხვავებული პოზიცია აქვს ეკლესიებისადმი დამოუკიდებლობის მინიჭების პროცედურის საკითხზე. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ახალი ეკლესიისადმი ავტოკეფალიის მინიჭება ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას შორის კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს და არა რომელიმე ერთი ავტოკეფალური ეკლესიის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. თავის მხრივ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ავტოკეფალიისთვის ტომოსის მინიჭება ცალმხრივადაც შეიძლება.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიცია

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინას თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს, ამიტომაც მათ მიაჩნიათ, რომ სრული უფლება აქვთ უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობა მიანიჭონ.  უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული დაპირისპირება 1686 წლის ისტორიული გადაწყვეტილებიდან იღებს სათავეს, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კიევის მიტროპოლია რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში აღიარა. მანამდე კიევის მიტროპოლია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო.

კონსტანტინოპოლში აცხადებენ, რომ 1686 წელს მოსკოვმა მიიღო არა „საკუთრების უფლება“  ამ მიწებზე (იგულისხმება დღევანდელი უკრაინის, ბელარუსის, ლიტვისა და პოლონეთის ტერიტორიები), არამედ ადგილობრივი საეკლესიო ცხოვრების ზოგიერთი სფეროს მართვის უფლებამოსილება. კონსტანტინოპოლის შეფასებით, შემდგომში საკუთრების უფლების გადაცემის ეს პირობა მოსკოვის მიერ დაირღვა და რუსულმა ეკლესიამ ამ ტერიტორიების ანექსია განახორციელა.

კონსტანტინოპოლის ისტორიულ არგუმენტებს რუსეთის ეკლესია არ იზიარებს. რუსეთის ეკლესიის აზრით, სხვა ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე თავისი ჩარევის გასამართლებლად კონსტანტინოპოლის პატრიარქი ისტორიული ფაქტების მცდარ ინტერპრეტაციას ახდენს და ეყრდნობა თითქოს მის ხელთ არსებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომელიც რეალურად არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს პოზიცია

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს შეფასებით, რუსეთის ეკლესიის განცხადება, რომ უკრაინა მათი კანონიკური ტერიტორიაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი განცხადებით, კიევის რუსეთის გაქრისტიანება მე-10 საუკუნეში კონსტანტინოპოლის მიერ მოხდა, რუსეთის ეკლესიის კონტროლის ქვეშ კი, უკრაინის ეკლესია მხოლოდ მე-17 საუკუნეში გადავიდა. ეკლესიის აზრით, სწორედ ამ მიზეზით მოსკოვს არ შეუძლია, უკრაინაში კონსტანტინოპოლის წარმომადგენლების დანიშვნას რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში ჩარევა უწოდოს პირიქით, 300 წელზე მეტი რუსეთის ეკლესია არღვევდა კანონიკურ ნორმებს.

ძირითადი დასკვნები

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გაძლიერება

კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ ფლობს იმავე ძალაუფლებას, როგორსაც რომის პაპი, თუმცა მას ტრადიციულად მიიჩნევენ, როგორც ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის „პირველს თანასწორთა შორის“. იგი ასევე ფორმალურად ითვლება მსოფლიოში დაახლოებით 300 მლნ მართლმადიდებლის (მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი რუსეთის ეკლესიას ჰყავს) სულიერ ლიდერად. უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მართლმადიდებელ სამყაროში გავლენიან ეკლესიას დაუპირისპირდება, თუმცა ამავე დროს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის სახით მხარდამჭერს შეიძენს, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიციებს გააძლიერებს.

რუსეთის რელიგიური და პოლიტიკური გავლენის შესუსტება

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ფაქტობრივად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს დელეგიტიმაციას გამოიწვევს, რაც უკრაინის პოლიტიკურ ლიდერებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად იმუშავონ ქვეყნიდან რუსული ეკლესიის გასაძევებლად, რომელიც 2014 წლის მოვლენების შემდეგ სულ უფრო მეტი უკრაინელის მიერ მტრულ ეკლესიად აღიქმება. ავტოკეფალია, დიდი ალბათობით, ბევრისთვის სტიმული იქნება, რომ ეკლესია შეიცვალოს, მათ შორის ამჟამად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდლებისთვისაც.

რუსეთის ეკლესიისთვის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მილიონობით მრევლის დაკარგვას ნიშნავს. 2013 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე, უკრაინაზე რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიებისა და სასულიერო პირების მესამედი მოდიოდა. დიდი ალბათობით, რუსეთის ეკლესია კონტროლს დაკარგავს რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მართლმადიდებელ ეკლესიებსა და მონასტრებზე, მათ შორის კიევ-პეჩერის ლავრაზე.

2 Kiev Pechersk Lavra

კიევ-პეჩერის ლავრა

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს სურს მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერად მიიჩნეოდეს, უკრაინაზე რელიგიური კონტროლის დაკარგვა რუსეთის სულიერ ლიდერობას მართლმადიდებელ სამყაროში დიდ დარტყმას მიაყენებს. ეს ასევე დაასუსტებს კრემლის პოლიტიკურ გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში და შეაფერხებს კრემლის „რუსული სამყაროს“ პროექტის განხორციელებას, რადგან უკრაინის გარეშე რუსეთის ყველა მეგა პოლიტიკური პროექტი განწირულია მარცხისთვის.

უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და იდენტურობის გაძლიერება

უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია უკრაინის შემთხვევაში არ არის მხოლოდ რელიგიური საკითხი, ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას სრულფასოვანს გახდის. ეს იქნება რუსეთის იმპერიულ და საბჭოთა წარსულზე გამარჯვება და უკრაინული სახელმწიფოსა და უკრაინული იდენტობის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ავტოკეფალური ეკლესია უკრაინაში  რუსეთის პოლიტიკურ და რელიგიურ გავლენას შეამცირებს, რაც დღეს უკრაინული სახელმწიფოსა და უკრაინული იდენტობის ჩამოყალიბების გზაზე მთავარ ბარიერად მიიჩნევა. 

მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაპირისპირება

რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის დაპირისპირება მართლმადიდებელ სამყაროში გარდაუვალ განხეთქილებას გამოიწვევს, რომლის ნიშნებიც 2016 წელს კრეტაში გამართულ სრულიად მართლმადიდებელთა დიდ და წმინდა კრებაზეც გამოვლინდა, როდესაც რუსეთის ეკლესია და რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია კრებას არ დაესწრნენ. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნამ შესაძლოა სტიმული მისცეს სხვებსაც იგივე თხოვნით რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს მიმართონ, რაც რელიგიურ დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს. უკრაინის  ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, დიდი ალბათობით, გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა ისინიც ჩამოშორდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, უკიდურეს შემთხვევაში კი, თუ ამ ნაბიჯს თავად რუსეთიც გადადგამს, სრულიად გაწყვიტონ კონსტანტინოპოლთან ევქარისტული ერთობა.

სტატია პირველად გამოქვეყნდა რონდელის ბლოგზე. იხ. სტატია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: