მთავარი » ორგანიზაციები » შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია: ორგანიზაციის ფორმირება და განვითარების ეტაპები

შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია: ორგანიზაციის ფორმირება და განვითარების ეტაპები

„შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ (შემოკლებით, „შთო“) არის რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები არიან ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. „შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ზრუნავს თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და კულტურულ სფეროებში. „შთო“ აერთიანებს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს. გარდა ამისა, მისი 4 წევრი ქვეყანა – რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და პაკისტანი წარმოადგენს ოთხ ბირთვულ ძალას, ხოლო ორგანიზაციის ტერიტორია მოიცავს ევრაზიის კონტინენტის 3/5-ზე მეტს.

ორგანიზაციის ფორმირება და განვითარების ეტაპები

„შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ინსტიტუციური განვითარება შეიძლება დაიყოს 3 ფაზად:

პირველი ფაზა: ნდობის და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება (1996-2001 წწ.): 1992 წლის ნოემბერში, ჩინეთმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა დაიწყეს უსაფრთხოების სფეროში მოლაპარაკებები. ამ ჯგუფის მთავარი მიზანი იყო საზღვრებზე შესაძლო უთანხმოებების შემცირება მას შემდეგ, რაც დასრულდა „ცივი ომი“. 1996 წელს ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნის მიერ დაარსდა სახელმწიფოთა თანამშრომლობის ჯგუფი „შანჰაის ხუთი“, ხოლო 1996 და 1997 წლებში გამართული შეხვედრების დროს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო ნდობის გაღრმავების შესახებ“ და „საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო ძალების შემცირების შესახებ“, რაც მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპი იყო, რომელმაც გამოიწვია „შანჰაის ხუთის მექანიზმის“ დაარსება.

მეორე ფაზა: რეგიონული უსაფრთხოება სამი ბოროტების წინააღმდეგ (2001-2004 წწ.): „შანჰაის ხუთის“ წევრებმა უზბეკეთთან ერთად გადაწყვიტეს „შანჰაის ხუთის მექანიზმის“ უფრო მაღალ დონეზე განვითარება. 2001 წლის 15 ივნისს, შანჰაიში, ამ ექვსი ქვეყნის მეთაურებმა ხელი მოაწერეს „დეკლარაციას შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ“, რითაც რეგიონალური თანამშრომლობის ახალი ორგანიზაცია, კერძოდ, „შთო“ შეიქმნა. ამ შეხვედრის დროს, ხელმოწერილი იქნა „შანჰაის კონვენცია ტერორიზმის, სეპარატიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე“. სამხედრო დაძაბულობების შემცირების შემდეგ და ერთობლივი ნდობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შექმნით, ამ კონვენციამ ე.წ. „სამი ბოროტების“, ე.ი. „ტერორიზმის, სეპარატიზმის და ექსტრემიზმის“ წინააღმდეგ აღნიშნა „შთო“-ს განვითარების ახალი ფაზა.

„შთო“-ს შექმნიდან 3 თვის შემდეგ, ორგანიზაცია აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. რუსეთმა და ჩინეთმა დაუყოვნებლივ გააკრიტიკეს „ტერორისტული თავდასხმა“ და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა ამერიკული პოზიციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს არ იყო ნათელი, თუ როგორ იმოქმედებდა აშშ მის წინააღმდეგ. „შთო“-ს წევრებმა გააკეთეს სასწრაფო განცხადება, რომ ისინი მზად იყვნენ ეთანამშრომლათ ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ. „შთო“ გახდა ერთ-ერთი მოწინავე ანტი-ტერორისტული ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს მოხდა ორგანიზაციის ინსტიტუციური ფაზის დასრულება. შეიქმნა ორი მუდმივი ორგანო: პეკინში სამდივნო და „რეგიონალური ანტი-ტერორისტული სტრუქტურა“ (ინგლ. “RATS”) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში. გარდა ამისა, მონღოლეთი შეუერთდა „შთო“-ს, როგორც პირველი დამკვირვებელი სტატუსის მქონე ქვეყანა.

მესამე ფაზა: სრულყოფილი საერთაშორისო ორგანიზაცია (2004 წლიდან დღემდე): 2004 წლამდე „შთო“ უმკლავდებოდა ძირითადად რეგიონულ უსაფრთხოებას – კერძოდ, „სამ ბოროტებას“, ისევე, როგორც ეკონომიკურ თანამშრომლობას. თანდათანობით, „შთო“-მ თავისი წმინდა რეგიონული შეხედულება შეიცვალა იმ ორგანიზაციით, რომელიც ეძიებდა საერთაშორისო აღიარებასა და თანამშრომლობას. 2004 წელს, „შთო“-მ მიიღო დამკვირვებლის სტატუსი „გაეროში“. უფრო მეტიც, „შთო“-მ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციასთან“ (ინგლ. “ASEAN”) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან (დსთ). დღესდღეობით, „შთო“-ს ჰყავს 4 „დამკვირვებელი სტატუსის“ მქონე ქვეყანა, რომელთაც არა აქვთ ხმის მიცემის უფლება – ავღანეთი, ბელარუსია, ირანი და მონღოლეთი – 6 „დიალოგის პარტნიორი“ – თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი და შრი-ლანკა და 4 „დამსწრე სტუმარი“ – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ერების ასოციაცია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, თურქმენეთი და „გაერო“.

ორგანიზაციული სტრუქტურა

„სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო“ არის ყველაზე მაღალი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ორგანიზაციაში. იგი ნიშნავს გენერალურ მდივანს სამი წლის ვადით საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რეკომენდაციით. არის ინსტიტუციური მექანიზმები, სადაც მონაწილეობს წევრი ქვეყნების მთავარი აღმასრულებლები/პრემიერ-მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრები და მიზნად ისახავს რეგიონალური ინტერესის საკითხებს.

„მთავრობის მეთაურთა საბჭო“ მეორე უმაღლესი სათათბიროა ორგანიზაციაში. ეს საბჭო, ასევე, ატარებს ყოველწლიურ სამიტს, რომლის დროსაც განიხილება მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საბჭო, ასევე, ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს.

რეგულარულად იკრიბებიან საგარეო საქმეთა მინისტრები. მათ შეხვედრებზე განიხილავენ მიმდინარე საერთაშორისო სიტუაციას და „შთო“-ს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედებას. „ეროვნულ კოორდინატორთა საბჭო“ კოორდინაციას უწევს წევრი ქვეყნების მრავალმხრივ თანამშრომლობას „შთო“-ს წესდების ფარგლებში.

„შთო“-ს სამდივნო“ ორგანიზაციის ძირითადი აღმასრულებელი ორგანოა. ის ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებსა და განკარგულებებს ახორციელებს, ხელს უწყობს „შთო“-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. „შთო“-ს სამდივნო“ დაფუძნებულია ჩინეთის დედაქალაქ პეკინში.

„რეგიონალური ანტი-ტერორისტული სტრუქტურა“ (ინგლ. “RATS”), რომლის სათავო ოფისი მდებარეობს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, წარმოადგენს „შთო“-ს მუდმივ ორგანოს, რომელიც ემსახურება წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობას ტერორიზმის, სეპარატიზმის და ექსტრემიზმის სამი ბოროტების წინააღმდეგ. “RATS”-ის ხელმძღვანელის არჩევა ხდება სამწლიანი ვადით. თითოეული წევრი სახელმწიფო მუდმივ წარმომადგენელს აგზავნის “RATS”-ში.

ორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ასევე შექმნილია „შთო“-ს ინტერბანკის ასოციაცია (2005 წ.), „შთო“-ს ბიზნეს საბჭო (2006 წ.) და „შთო“-ს ფორუმი (2006 წ.), რომელიც მოიცავს წევრ სახელმწიფოთა კვლევით ინსტიტუტებს.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

„შთო“, თავდაპირველად, განიხილებოდა, როგორც მრავალმხრივი სტრუქტურა, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით თანამშრომლობდა. მათ შორისაა თანამშრომლობა (1) პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში, (2) სავაჭრო და ეკონომიკურ საქმიანობაში და (3) კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაში. პროექტის დაფინანსების უმრავლესობა მოდის წევრი სახელმწიფოებისა და კონსორციუმებისგან, რომლებიც მოწყობილია „ბიზნეს საბჭოს“ ან „ინტერბანკის ასოციაციის“ მიერ კონკრეტული პროექტების მხარდასაჭერად. თუმცა, საერთო უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა „შთო“-ს ხერხემლად რჩება.

უსაფრთხოება

ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რაც მიჩნეულია, როგორც „სამი ბოროტება“ (ტერორიზმი, ექსტრემიზმი და სეპარატიზმი), თანამშრომლობის ძირითადი საყრდენია ორგანიზაციაში დაარსების დღიდანვე. ტერორიზმის, სეპარატიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ „შანჰაის კონვენციის“ განსახორციელებლად, 2004 წელს „შთო“-ში შეიქმნა „რეგიონალური ანტი-ტერორისტული სტრუქტურა“ (ინგლ. “RATS”), რომელმაც განსაზღვრა, ერთი მხრივ, რეგიონის მასშტაბით ტერორისტული, სეპარატისტული და ექსტრემისტული აქტორების მონაცემთა ბაზის შედგენა და მუდმივად განახლება, ხოლო, მეორე მხრივ, ინტელექტისა და ჰარმონიზაციის კანონმდებლობის გაზიარება და კონტრ-ტერორისტული მიდგომები მის წევრ სახელმწიფოებს შორის.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, “RATS” განიხილებოდა, როგორც ფასეული და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ტრანს-ნაციონალური ტერორიზმის წინააღმდეგ წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელობის მიერ. მაშინ, როცა ბრძოლა „სამი ბოროტების“ წინააღმდეგ, რჩებოდა „შთო“-ს უსაფრთხოების დღის წესრიგად, მასში რამდენიმე სხვა საკითხის ჩართვაც მოხდა 2000-იანი წლების შუა ნაწილიდან. მართლაც, „შთო“-მ შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის, უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობის, ეკონომიკური და სოციალური აღმშენებლობის, არჩევნების მონიტორინგისა და ბუნებრივი კატასტროფების კოლექტიური რეაგირებისთვის საჭირო პროგრამები.

ეკონომიკა

2000-იანი წლების შუა პერიოდიდან „შთო“-ს ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გახდა. 2003 წელს, „შთო“-მ გამოაქვეყნა მრავალმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ამბიციური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროში 100-მდე პროექტი შეიქმნა. ცენტრალური აზიის ზოგიერთი რესპუბლიკა არის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად-განვითარებული საერთაშორისო სისტემაში და შედეგად უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის პრიორიტეტი მათი ლიდერებისთვის. „შთო“-ს ფარგლებში, ჩინეთი გახდა ასეთი ინვესტირების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და ეს დინამიკა „შთო“-ს ეკონომიკური დღის წესრიგის მთავარი კომპონენტია.

კულტურა

კულტურული გაცვლებიც „შთო“-ს დღის წესრიგის ნაწილია. 2006 წლის ოქტომბერში, პეკინში განათლების მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა, რათა განეხორციელებინათ თანამშრომლობის გეგმები. 2007 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ უნივერსიტეტის შექმნის ინიციატივა გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ „შთო“-ს ქვეყნები აირჩევენ 30 უნივერსიტეტს, რომლებიც ერთმანეთთან ფართოდ ითანამშრომლებენ.

დასკვნა

ზოგიერთი მკვლევარი ხაზს უსვამს ორგანიზაციის „ინსტიტუციურ სისუსტეს და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის საერთო ფინანსური ფონდების ნაკლებობას“. ასევე, კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ „კონფლიქტური ეროვნული ინტერესები აფერხებს რეგიონული თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეს, რომლის მიღწევაც ორგანიზაციას შეუძლია.“

2010 წელს ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ორგანიზაციის შესახებ საუბრისას შემდეგი რამ დაასკვნა: „აშშ მანევრირებს ისე, რომ სურს შეინარჩუნოს მსოფლიოს ერთადერთი სუპერძალის სტატუსი და რომ, ის არ მისცემს რომელიმე ქვეყანას საშუალებას საფრთხე შეუქმნას ამ გამოწვევას“. აღსანიშნავია, რომ „შთო“-ს არ გაუკეთებია არავითარი პირდაპირი კომენტარი აშშ-ს წინააღმდეგ ან რეგიონში მისი არსებობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მისი რამდენიმე არაპირდაპირი განცხადება დასავლური მედიის მიერ დანახულია, როგორც „ფარული დარტყმა ვაშინგტონზე“. მართალია, რუსეთმა და ჩინეთმა, როგორც ორგანიზაციის ლიდერმა აქტორებმა, „შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ დააარსეს რეგიონში ექსტრემიზმის შესაკავებლად და სასაზღვრო უსაფრთხოების გასაზრდელად, მაგრამ მათი ყველაზე მთავარი მიზანი იყო ცენტრალურ აზიაში აშშ-სა და „ნატო“-ს აქტივობების დაბალანსება.

ავტორი: ბექა კაციტაძე

 სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:

  • Haas, Marcel de. (Ed.). The Shanghai Cooperation Organization: Towards a full-grown security alliance? Clingendael: Netherlands Institute of International Relations, 2007.
  • Fredholm, Michael. (Ed.). The Shanghai Cooperation Organization and Eurasian Geopolitics. Nordic Institute of Asian Studies, 2013.
  • Rowden, Rick. The rise and rise of the Shanghai Cooperation Organization. Global Political Economy Brief No. 11.
  • Rafi, Amna Ejaz. Shanghai Cooperation Organization (SCO) and Regional Security. The Islamabad Policy Research Institute. JoCA Vol. 3 (1). 103-104.
  • Rozanov, Anatoliy A. (Ed.). The Shanghai Cooperation Organization and Central Asia’s Security Challenges. Almaty, Minsk, Geneva: The Geneva Centre for the Democratic Control of Armed Forces, 2013.
  • Alimov, Rashid. The Shanghai Cooperation Organization: Its role and place in the development of Eurasia. Journal of Eurasian Studies 9 (2018).
  • Aris, Stephen. Shanghai Cooperation Organization. Mapping Multilateralism in Transition No. 2. December, 2013.
  • Joshi, Nirmala. The Shanghai Cooperation Organization: An Assessment. Vivekananda International Foundation, 2015.
  • Alyson J. K. Bailes, Pal Dunay, Pan Guang and Mikhail Troitskiy. The Shanghai Cooperation Organization. SIPRI Policy Paper No. 17. May, 2007.. 33.
  • Grieger, Gisela (26 June, 2015). “The Shanghai Cooperation Organisation“ (PDF). European Parliament Think Tank. P. 1. (26 June, 2015).
  • Dowd, Alan W. “Friend or Foe?“. American Legion Magazine. The American Legion. (1 March, 2010).
  • Rozoff, Rick. The Shanghai Cooperation Organization: Prospects For A Multipolar World. Canada: Center for Global Research.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: