ცენტრალური აზია ხუთ სახელმწიფოს – ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს – მოიცავს. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ამ სახელმწიფოებს სტრატეგიული პარტნიორობის დიდი პოტენციალი აქვთ. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, ანკლავებთან დაკავშირებული უთანხმოებები არათუ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას აფერხებს, არამედ, რიგ შემთხვევებში, სასაზღვრო რეგიონებში მშვიდობიან თანაცხოვრებას უშლის ხელს და ძალადობრივ დაპირისპირებას წარმოშობს.
ანკლავები ცენტრალურ აზიაში
ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე რვა ანკლავი მდებარეობს. აქედან ექვსი ყირგიზეთის ტერიტორიაზეა, ხოლო ორი – უზბეკეთში. ეს ანკლავები სულ სამი ქვეყნის ექსკლავებს წარმოადგენს, აქედან 4 არის უზბეკეთის, 3 – ტაჯიკეთის და 1 – ყირგიზეთის.
ანკლავი | ქვეყანა | მდებარეობა | მოსახლეობის რაოდენობა | ეთნიკური შემადგენლობა |
სოჰი | უზბეკეთი | ყირგიზეთი | 74 000 | 99% ტაჯიკი, 1% ყირგიზი |
შაჰიმარდანი | უზბეკეთი | ყირგიზეთი | 5100 | 91% უზბეკი, 9% ყირგიზი |
ჩონგარა/ქალაჩა | უზბეკეთი | ყირგიზეთი | 0 | საძოვარი |
ძანგაილი | უზბეკეთი | ყირგიზეთი | 0 | საძოვარი |
ვორუჰი | ტაჯიკეთი | ყირგიზეთი | 30 000 | 95% ტაჯიკი, 5% ყირგიზი |
ქაირაგაში | ტაჯიკეთი | ყირგიზეთი | 100 | 100% ტაჯიკი |
სარვანი | ტაჯიკეთი | უზბეკეთი | 530 | 99% უზბეკი, 1% ტაჯიკი |
ბარაკი | ყირგიზეთი | უზბეკეთი | 100 | 100% ყირგიზი |
ანკლავების ისტორია და არსებული მდგომარეობა
ცენტრალური აზიის ანკლავების, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა კონფლიქტური ზონების, შექმნისა და უთანხმოების საფუძველი 1920-იანი წლებიდან იწყება. ანკლავები საბჭოთა რესპუბლიკების შექმნის პარალელურად ყალიბდებოდა „ეკონომიკური და ადმინისტრაციული ურთიერთობების გამარტივებისა და რესურსების განაწილების მიზნით“ მიწების გაცვლის გზით. არსებობს განსხვავებული ვერსიებიც, მაგალითად, ერთი ვერსიის თანახმად, სოჰის ტერიტორია ყირგიზეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა ბანქოში წააგო უზბეკ კოლეგასთან. მეორე ვერსიით კი, კომუნისტმა ლიდერებმა სოჰის ტერიტორიის უზბეკეთისთვის გადაცემა გადაწყვიტეს, რადგან ამ რეგიონის მთავარი გზები უზბეკეთს უკავშირდებოდა და არა ყირგიზულ ტერიტორიებს.
ცენტრალური აზიის საბჭოთა რესპუბლიკებში ტერიტორიების განაწილებისას გაითვალისწინეს ამ რეგიონებში მცხოვრები ხალხის სასაუბრო ენა და კულტურა. მაგალითად, ვინაიდან ბარაკის მოსახლეობა ყირგიზულად საუბრობდა, ეს ტერიტორია ყირგიზეთს მიაკუთვნეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სოფელი უზბეკეთის სსრ-ში მდებარეობდა. აღსანიშნავია, რომ ენობრივი საფუძველი ყველა შემთხვევაში არ არსებობდა, რის გამოც ანკლავებში აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხის ჩასახლება, რამაც ანკლავის ამა თუ იმ ქვეყნისადმი მიკუთვნებულობას ეთნიკური საფუძველი შეუქმნა.
დაძაბულობა და ძალადობრივი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია შედარებით დიდ ანკლავებში: ტაჯიკეთის სარვანსა და ვორუჰში და უზბეკეთის სოჰსა და შაჰიმარდანში. დაპირისპირებაში მესაზღვრეებთან ერთად სამოქალაქო პირებიც არიან ჩართულნი, ვინაიდან მხარეთა აღმასრულებელი ხელისუფლებების ძალისხმევა პრობლემის მოგვარებისთვის არ არის საკმარისი და ადგილობრივ მოსახლეობას უშუალო ჩართულობით უწევს საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა.
დაპირისპირების მიზეზი, ძირითადად, არის წყლისა და მიწის რესურსები/საძოვრები, ინფრასტრუქტურული საკითხები – გზები, რომელთა არსებობა-არარსებობა განსაზღვრავს ანკლავების კავშირს საკუთარ თუ ირგვლივ მდებარე სახელმწიფოსთან და სასაზღვრო ბარიერები, რის გამოც ანკლავების მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილება და ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა. ანკლავების კონფლიქტების შედეგად გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის შედეგად კი ათასობით ადამიანს ეზღუდება უკეთესი სამედიცინო მომსახურების, საკვებისა და სამუშაოს მიღების შესაძლებლობა.
ანკლავებში დაპირისპირების მიზეზები და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები შეგვიძლია სამ ნაწილად დავაჯგუფოთ:
- ინფრასტრუქტურა – ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას ანკლავების გვერდის ავლა აღრმავებს ამ რეგიონების იზოლაციას და ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ ჩამორჩენილობას.
- ეკონომიკა – ანკლავების მოსახლეობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ტერიტორიული იზოლაციის გამო ეს საქმიანობა არ არის ეკონომიკურად მომგებიანი. სასაზღვრო ბარიერებისა და უსაფრთხოების გამო კი შეფერხებულია ტურიზმის განვითარებაც.
- უსაფრთხოება – ტერიტორიული, ინფრასტრუქტურული იზოლაცია და ეკონომიკური ჩამორჩენილობა არის, როგორც უსაფრთხოების პრობლემის შედეგი, ასევე – მიზეზი, რამდენადაც ზემოხსენებული ორი პრობლემა წარმოშობს დაპირისპირების კერებს.
ყველა ეს პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს თანხმობა საზღვრების ზუსტ მდებარეობაზე – მხარეები იყენებენ სსრკ-ის დროს ხელმოწერილ მათთვის ხელსაყრელ სხვადასხვა დოკუმენტს და კომპრომისულ ვარიანტზე ვერ თანხმდებიან. მაგალითად, 1999 წელს უზბეკეთმა გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა სოჰში და დაიწყო საზღვრების გამაგრება. ყირგიზეთის მტკიცებით, უზბეკეთის დადგენილ საზღვრებში უკანონოდ მოექცა ყირგიზული ტერიტორიებიც. ამ საკითზე დაწყებული დაპირისპირების ფარგლებში 2001 წელს უზბეკეთმა ყირგიზეთს შეუწყვიტა გაზის მიწოდება, საზღვრების დელიმიტაციის შესახებ გაფორმებული მემორანდუმით კი, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ანკლავამდე გზის სანაცვლოდ მისაღები ტერიტორიის თაობაზე, ვინაიდან ყირგიზეთმა ეს მიწა არაპროპორციულად დაბალი ღირებულების მქონედ მიიჩნია.
ანკლავების მფლობელი და „მასპინძელი“ სახელმწიფოების ურთიერთობები
ვინაიდან ცენტრალური აზიის ექსკლავები რეგიონის სამ ქვეყანას – უზბეკეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს – ეკუთვნის, ურთიერთობები სწორედ ამ სამ სახელმწიფოს შორის არის გართულებული. საზღვრებზე შეტაკებები დღემდე არ წყდება და ამის მიზეზია არა მხოლოდ ის, რომ საზღვრები დემარკირებული არ არის, არამედ ის, რომ საზღვარზე წარმოქმნილ პრობლემებზე პასუხისმგებელი არიან მესაზღვრეები და არა შესაბამისი სახელმწფოს პოლიტიკური თანამდებობის პირები.
ყირგიზეთი-უზბეკეთი
ყირგიზეთსა და უზბეკეთს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ. დამოუკიდებლობიდან დღემდე ქვეყნების პრეზიდენტები სისტემატურად სტუმრობენ ერთმანეთს ოფიციალური ვიზიტებით. 1996 წლიდან მოქმედებს მთავრობათაშორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც შვიდი ორმხრივი შეხვედრა გიმართა. 1997 წელს ხელი მოეწერა „მუდმივი მეგობრობის ხელშეკრულებას“.
სამხრეთ ყირგიზეთში, ანკლავების არსებობის შედეგად, ბევრი უზბეკი ცხოვრობს, რის გამოც უზბეკეთს გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა აქვს ამ რეგიონზე. არსებობს ენობრივი და უზბეკების ყირგიზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში არასაკმარისი წარმომადგენლობის პრობლემები. ამასთან, ორ ქვეყანას შორის დემარკირებული არ არის 1314 კმ სიგრძის საზღვარი, რაც პრობლემებს ამწვავებს – მძევლების აყვანა და ძალადობრვი შეტაკებები ჩვეულებრივ ამბად იქცა.
საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებიდან დღემდე ქვეყნებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა: 1990 წელს „ოშის რევოლუციის“ შედეგად 1000-მდე ეთნიკურად ყირგიზი და უზბეკი დაიღუპა. 900-მდე ადამიანი დაიღუპა 2010 წელს და 400 000-მდე ადამიანი დევნილად იქცა. 2013 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტზე უთანხმოებას მოჰყვა ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირება, რომლის შედეგადაც უზბეკეთმა ჩაკეტა სასაზღვრო გამშვები პუნქტები და სარკინიგზო მიმოსვლა, ხოლო ყირგიზეთმა სოჰის გარშემო ბეტონის კედლის მშენებლობა დააანონსა. ამასთან, ყირგიზეთმა შაჰიმარდანში შესვლა აკრძალა, უზბეკეთმა კი შეზღუდა ბარაკში მიმოსვლა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 2016 წლის მარტში, როდესაც უზბეკეთმა ჯარები შეიყვანა სასაზღვრო ზონაში.
ურთიერთობების სტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი მცდელობა იყო უზბეკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტების შეხვედრა და მოლაპარაკებები 2017 წლის დეკემბერში და ამავე წელს უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი ყირგიზეთში, სადაც მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმდნენ.
ტაჯიკეთი-უზბეკეთი
მიუხედავად იმისა, რომ ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ექსკლავები არ მდებარეობს ერთმანეთის ტერიტორიაზე, ამ ორ ქვეყანას რეგიონში ყველაზე დაძაბული ორმხრივი ურთიერთობა აქვს. 1992-1997 წლების ტაჯიკეთის სამოქალაქო ომში ტაჯიკები თავს დაესხნენ იქ მცხოვრებ უზბეკებს, რის შემდეგაც უზბეკეთმა თავისი ჯარები შეიყვანა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე. უზბეკეთმა მიიღო ათასობით უზბეკი და ტაჯიკი ლტოლვილი, რომელთა უმეტესობაც ომის შემდეგ უზბეკეთში დარჩა საცხოვრებლად.
ტაჯიკეთსა და უზბეკეთს შორის საზღვრების საკითხი დღემდე სადავოა, რაც ხშირ შეტაკებებში აისახება. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შეიარაღებული ინციდენტი 2019 წლის ნოემბერში მოხდა, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსგავსი დაპირისპირებისას ორი ყირგიზი მესაზღვრე დაიღუპა და 10-მდე ადგილობრივი დაიჭრა 2019 წლის ივლისსა და სექტემბერში.
უზბეკეთის პრეზიდენტად შავკატ მირზიოევის არჩევის შემდეგ ურთიერთობები მცირედ შეიცვალა უკეთესობისკენ – 2016 წლიდან ემომალი რაჰმონი და შავკატ მირზიოევი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. 2018 წელს დუშანბეში მირზიოევის ისტორიული ვიზიტის დროს ხელი მოეწერა 27 ორმხრივ ხელშეკრულებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლების, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
სავაჭრო და ეკონომიკური მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში 2002 წლიდან დღემდე შედგა ოთხი შეხვედრა.
ყირგიზეთი-ტაჯიკეთი
ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ. ქვეყნების პრეზიდენტები სისტემატურად სტუმრობენ ერთმანეთს ოფიციალური ვიზიტებით. უზბეკეთთან უთანხმოების ფონზე ყირგიზეთი და ტაჯიკეთი დაახლოებას წლების განმავლობაში ცდილობდნენ: 2007 წელს შეთანხმდნენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ცეცხლი არასდროს შეწყვეტილა, თუმცა ბოლო წლებში მათ შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. 2019 წლის სექტემბერში საზღვარზე შეტაკებისას სამი ტაჯიკი და ერთი ყირგიზი მესაზღვრე დაიღუპა. ბოლო წლებში გახშირებული შეარაღებული დაპირისპირების მიზეზი ის არის, რომ მხარეები წესრიგის შენარჩუნების წინაპირობად სწორედ ხისტ ძალას მიიჩნევენ.
დასკვნა
ცენტრალურ აზიაში ანკლავების არსებობა და საზღვრების დაუდგენლობა ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს შორის საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე აფერხებს თანამშრომლობასა და რეგიონულ ინტეგრაციას. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრებზე მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები ხშირია და მძიმე შედეგები მოაქვს, მხარეები უკომპრომისოდ მოქმედებენ და არ ცდილობენ მდგომარეობის გაუმჯობესებას. დღემდე გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნების ფორმალური გამოხატულება იყო და რეალური შედეგი არ მოუტანია. სახელმწიფოთა ლიდერები ერთმანეთის ბრალდებით არიან დაკავებული, ამ დროს კი საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობას და მესაზღვრეებს უწევთ შეიარაღებული ბრძოლა პირადი თუ თავიანთი ქვეყნების ინტერესების დასაცავად.
დათმობისთვის მზაობის შემთხვევაში, შესაძლოა, ანკლავები და საზღვრები არათუ დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის წყაროდ იქცეს. ქმედითი პოლიტიკის პირობებში, როცა მოსახლეობას უსაფრთხოებისა და სამართლიანობის განცდა ექნება, საზღვრების დემარკაციის პრობლემა ბუნებრივად მეორეხარისხოვანი გახდება და უთანხმოებების მოგვარება მნიშვნელოვნად გამარტივდება.
პირველ ეტაპზე ამისთვის საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი მუშაობა, ადგილობრივებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა და მუდმივმოქმედი ორმხრივი/მრავალმხრივი ორგანოს შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროების დონეზე, რომელიც მიუკერძოებლად გამოიძიებს კონფლიქტის ზონაში ჩადენილ დანაშაულებს. კანონის აღსრულება და სამართლიანობის განცდა იქნება ადგილობრივების განიარაღებისა და შესაბამისად, საზღვრებზე მდგომარეობის სტაბილიზაციის წინაპირობა.
ავტორი: თათია ვახტანგაძე
სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:
- Khurshid Zafari, Centre for European Security Studies, EUCAM Commentary, Resilience, prosperity and cooperation in Central Asia’s enclaves: a role for the EU?, 20 ივლისი 2019.
- OCHA, Humanitarian Bulletin South Caucasus and Central Asia, Border Incidents in Central Asian Enclaves, 30 ივნისი 2013.
- Radio Free Europe Radio Liberty, Sokh Exclave: Two Decades Of Simmering Tension, 7 იანვარი 2013.
- Ministry of Foreign Affairs of the Republic of Uzbekistan, Cooperation with the CIS Countries and Georgia.
- Cholpon Orozobekova, The Diplomat, An Absence of Diplomacy: The Kyrgyz-Uzbek Border Dispute, 1 აპრილი 2016.
- Inga Sikorskaya, Peace Insight, A Brief History of Conflict in Kyrgystan, 9 სექტემბერი 2015.
- IAREX, СОХ: КИРГИЗИЯ СОЗДАЁТ РЕЗЕРВАЦИЮ ВОКРУГ ЭТНИЧЕСКОГО КОНФЛИКТА С ТАДЖИКИСТАНОМ И УЗБЕКИСТАНОМ, 7 ივლისი 2013.
- Igor Rotar, The Jamestown Foundation, Uzbekistan and Kyrgyzstan Heighten Tensions in Violent Local Border Dispute, 30 ივნისი 2013.
- UN, Historical Year in Strengthening relations between Uzbekistan and Kyrgystan, 15დეკემბერი 2017.
- Maksim Yeniseyev, Central Asia News, Uzbekistan and Kyrgyzstan reach historic new stage in relations, 8 სექტემბერი 2017,
- Eurasianet, Tajikistan: 17 killed in attack on border outpost, 6 ნოემბერი 2019.
- The Tashkent Times, Uzbekistan-Tajikistan sign 27 accords, 10 მარტი 2018.
- Roger Mcdermott, The Jamestown Foundation, Tajikistan and Kyrgystan Agree to Deepen Security Cooperation. 25 სექტემბერი, 2007.
- Reuters, Four Killed, 18 Wounded in Kyrgyz-Tajik Border Clash, 17 სექტემბერი 2019.