მთავარი » სომხეთი » გენოციდის საკითხი სომხეთის საგარეო პოლიტიკაში

გენოციდის საკითხი სომხეთის საგარეო პოლიტიკაში

სომხური გენოციდი დაერქვა იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში. 7 წლის მანძილზე ოსმალეთის მთავრობის ხელმძღვანელობით 1.5 მილიონამდე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მასობრივი განადგურება და განდევნა განხორციელდა. გენოციდის დაწყების პირობითი თარიღია 1915 წლის 24 აპრილი. ამ დღეს ოსმალეთის ხელისუფლებამ 270-მდე სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენელი და საზოგადო მოღვაწე შეკრიბა, დააპატიმრა და განდევნა კონსტანტინოპოლიდან (დღევანდელი სტამბოლი).

გენოციდს წინ უძღოდა 1908 წელს ოსმალეთის იმპერიაში „ერთიანობისა და პროგრესის პარტიის“, იგივე „ახალგაზრდა თურქების“, მიერ ძალაუფლების მოპოვება. ისინი კონსტიტუციონალისტები იყვნენ და სურდათ სულთან აბდულჰამიდ II-ს რეჟიმის დამხობა. „ახალგაზრდა თურქებმა” ჩამოაყალიბეს ე.წ. „პან-თურქიზმის პოლიტიკა“, რითაც სურდათ შეენარჩუნებინათ დასუსტებული ოსმალეთის იმპერია. გეგმა იყო უზარმაზარი ოსმალეთის იმპერიის შექმნა, რომელიც მოიცავდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა თურქულენოვან ხალხს. სომეხი მოსახლეობა გახდა მთავარი წინააღმდეგობა ამ პოლიტიკის რეალიზაციის გზაზე. იმ დროს თურქული პროპაგანდა სომხებს დივერსანტებად და „მეხუთე კოლონად” მოიხსენიებდა.

1280px-Armenian_Genocide_Memorial_-_Yerevan_(2903020364)

სომხების გენოციდის მემორიალი

ამ ისტორიული ტრაგედიის მსოფლიოს მიერ აღიარება და ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრის, თანამედროვე თურქეთის, გენოციდის ჩამდენ მხარედ წარმოჩენა, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენამდე, სომხური დიასპორა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობდა გენოციდის აღიარების საკითხის აქტუალიზაციას. პირველი ამგვარი მცდელობდა წარმატებით განხორციელდა 1975 წელს, როდესაც აშშ-ს კონგრესმა მიიღო მემორიალური რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ. მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება იყო 1985 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ სომხების გენოციდის შესახებ მოხსენების მიღება. გენოციდის აღიარების საკითხში მესამე საერთაშორისო გარღვევას წარმოადგენდა 1987 წელს ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერა რომ „1915-1917 წლების ტრაგიკული მოვლენები წარმოადგენდა გენოციდს“.

გენოციდის საკითხი სომხეთის პრეზიდენტების საგარეო პოლიტიკაში

ლევონ ტერ-პეტროსიანის პრეზიდენტობის პერიოდში (1991-1998) საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილი გენოციდის საკითხი არ ყოფილა, რადგან ჯერ კიდევ არსებობდა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის შანსი. გენოციდის საკითხის წინ წამოწევა კი, პრეზიდენტ ტერ-პეტროსიანის აზრით, დააზარალებდა ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ცხადია, რომ მაშინდელი ხელისუფლება 1915-1923 წლების მოვლენებს გენოციდის კვალიფიკაციას აძლევდა, თუმცა თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ამოცანიდან გამომდინარე, გენოციდის აღიარებაზე აქცენტის გაკეთება საგარეო პოლიტიკის აღნიშნული მიზნის განხორციელების წინაპირობა ვერ იქნებოდა. შედეგად, ტერ-პეტროსიანის მთავრობა დაუპირისპირდა სომხურ დიასპორას, სადაც მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი გენოციდს გადარჩენილთა შთამომავლები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ გენოციდის აღიარებას. დიასპორულმა წრეებმა მხარი დაუჭირეს ადგილობრივ ოპოზიციას და 1998 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სომხეთმა გენოციდის აღიარება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქცია. ტერ-პეტროსიანის პრეზიდენტობისას, გენოციდის აღიარება მოხდა 6 ქვეყნის მიერ: არგენტინა, ბელგია, კვიპროსი, კანადა, საბერძნეთი, ურუგვაი.

რობერტ ქოჩარიანის პრეზიდენტობის პერიოდში  (1998-2008), ტერ-პეტროსიანის საგარეო პოლიტიკის არაპოპულარულობის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ქვეყნის მეორე პრეზიდენტი იგივე საგარეო პოლიტიკას გაატარებდა. მისმა ადმინისტრაციამ დაიწყო ახალი საგარეო პოლიტიკური იდენტობის მშენებლობა და გამოკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: გენოციდის აღიარება, დაბალანსების (კომპლემენტარიზმის) პოლიტიკა და ევროინტეგრაცია. ქოჩარიანს მიაჩნდა, რომ სომხეთს არ უნდა ეთქვა უარი გენოციდის საერთაშორისო აღიარების პოლიტიკაზე, სომხეთ-თურქეთის დაახლოების მიზეზით. საჭირო იყო საერთო საფუძველის პოვნა, მაგრამ არა სომხეთის ისტორიული მეხსიერების ხარჯზე. 1998 წლიდან გენოციდის აღიარება ხდება სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გააჟღერა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა. ქოჩარიანის პრეზიდენტობისას გენოციდის აღიარება მოხდა  5 ქვეყნის მიერ: ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, ვენესუელა.

სერჟ სარქისიანის პრეზიდენტობის პერიოდში (2008-2018) თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ახალი ნაბიჯები გადაიდგა. პირველი ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სარქისიანმა პირობა დადო, რომ წინაპირობების გარეშე გააგრძელებდა ნორმალიზების პოლიტიკას თურქეთის მიმართ, ამავდროულად, აწარმოებდა პროაქტიულ საგარეო პოლიტიკას გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის. „ფეხბურთის დიპლომატიის“ შედეგად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, თუმცა წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია სომეხ ხალხში. მოწინააღმდეგე მხარე შეშფოთებული იყო, რომ ამ ნაბიჯით სომხეთი იძულებული იქნებოდა თურქეთთან დათმობებზე წასულიყო ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში. სომხეთის გავლენიანი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, აპელირებდნენ გენოციდის საკითხზე.

სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა სარქისიანის შემრიგებლური პოლიტიკა ღალატად მიიჩნიეს. ფართო შეშფოთების შესამცირებლად და ეჭვების გასაქრობად, პრეზიდენტი იძულებული გახდა წამოეწყო პან-სომხური ტურნე მსოფლიოს მასშტაბით და სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან ესაუბრა გენოციდის აღიარების მნიშვნელობაზე. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი საგარეო პოლიტიკური კურსი თურქეთთან, საფრთხეს არ შეუქმნიდა სომხეთის გენოციდის საერთაშორისო აღიარებას.

ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის დღიდან, გენოციდის აღიარების საკითხი მისი მთავრობის პრიორიტეტად გამოცხადდა. სომხური გენოციდი ფაშიანისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული ჭეშმარიტების აღიარების თვალსაზრისით, არამედ, როგორც გლობალური გენოციდის პრევენციის მოძრაობის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამავდროულად, ფაშინიანს გაცხადებული აქვს, რომ გენოციდის საკითხი თურქეთთან ურთიერთობებში დღის წესრიგის ნაწილი არ არის და არ იქნება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღება, სწორედ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მოხდა, გასული წლის დეკემბერში.

გენოციდის აღიარების საკითხი ორმხრივ ურთიერთობებში

აშშ-თან ურთიერთობებში გენოციდის ოფიციალური აღიარების მოპოვება წლების განმავლობაში სომხეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. სომხური დიპლომატია, როგორც წესი, ორ მთავარ მიზანს ემსახურებოდა. პირველი, რომ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ყოველი წლის 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოიყენოს ტერმინი „სომხების გენოციდი“, ხოლო მეორე რიგში, კონგრესმა მიიღოს რეზოლუცია გენოციდის აღიარების შესახებ. 2000 წელს ჯორჯ ბუშმა, 2008 წელს კი ბარაკ ობამამ, საარჩევნო კამპანიების დროს სომხურ სათვისტომოებს გენოციდის აღიარებას პირდებოდნენ. 2019 წლის 12 დეკემბერს კი, აშშ-ს სენატმა ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი დახოცვა ხმათა უმრავლესობით გენოციდად აღიარა.

Armenian-Genocide-min

სენატის მიერ გენოციდის აღიარების შემდეგ

რეზოლუციის მიღებაში სომხურ დიპლომატიასთან ერთად, დიდი როლი შეასრულა სომხურმა დიასპორამ. „ამერიკის სომხური ასამბლეის” დირექტორის მიგრან თუმაჯიანის თქმით, მათი ძალისხმევით რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ს დიდი წვლილი აქვს შეტანილი 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთა დახმარების საქმეში. იგივეს აკეთებდა „აშშ-ის სომეხთა ეროვნული კომიტეტიც”. როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა არმენ სააკიანმა განუცხადა BBC-ის ჟურნალისტს, აქტივისტები და საელჩოს წარმომადგენლები კონგრესის წევრებს ურეკავდნენ, ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მხარი დაეჭირათ რეზოლუციისათვის. ლობისტებს კი კაპიტოლიუმში თითქმის ყველა კაბინეტი მოვლილი ჰქონდათ.

ირანი სომხეთის საგარეო პოლიტიკურ დისკურსში აღიქმება როგორც სანდო პარტნიორი, რომელმაც მოიპოვა მეგობრის სტატუსი. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს ირანთან ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაზე. პრემიერ-მინისტრ სარქისიანს ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ ირანი არაერთგზის დახმარებია სომხეთსა და სომეხ ხალხს, მათ შორის, გენოციდს გადარჩენილებისთვის თავშესაფრის მიცემით. ოფიციალუად ირანს არ უღიარებია გენოციდი, თუმცა ყოველწლიურად იმართება მემორიალური ღონისძიებები თეირანში, ასევე სომხეთში ვიზიტისას ირანის მთავრობის წარმომადგენლები სტუმრობენ გენოციდის მუზეუმს ერევანში.

ისრაელ-სომხეთის ურთიერთობებში გენოციდის აღიარების საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო.  1989 წლიდან ქნესეთი ყოველწლიურად განიხილავს აღიარების საკითხს შემოთავაზებული კანონმდებლობის ფორმით. ისრაელის უარი ემყარება გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ მოსაზრებებს, მათ შორის პირველ რიგში თურქეთთან ურთიერთობებს. სომხეთის მხრიდან ძირითადი აქცენტი კეთდება ჰოლოკოსტისა და სომეხთა გენოციდის მსგავსებაზე, რომ ებრაელი და სომეხი ერები, ორივე გენოციდის მსხვერპლები არიან. სომხეთი ისრაელის წინაშე აპელირებს გენოციდის აღიარების მორალურ მხარეზე, რათა ისრაელმა და სომხეთმა ერთიანი ძალისხმევით აღარ დაუშვან ამგვარი დანაშაულის ჩადენა.

თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში გენოციდის საკითხი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.  1993 წლიდან ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, 2008 წლის სექტემბერში, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული იყო თურქეთის პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც ეწვია სომხეთს, მას შემდეგ, რაც მან მიიღო სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის მოწვევა, დასწრებოდა FIFA-ს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო საფეხბურთო მატჩს თურქეთისა და სომხეთის საფეხბურთო გუნდებს შორის.თამაშის დროს საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და ყარაბაღის კონფლიქტს, მაგრამ არა სომხების გენოციდს.

სომხეთის და თურქეთის ურთიერთობებში არსებული ჩიხი ორი განსხვავებული მიდგომის შედეგია. სომხეთი არ თმობს თავის პოზიციებს გენოციდთან დაკავშირებით და აგრძელებს მცდელობებს, რომ ეს გენოციდი აღიაროს სულ უფრო მეტმა სახელმწიფომ. თურქეთის პოზიცია საპირისპიროა, რადგან დიპლომატური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთ წინაპირობა სომხეთის მიერ ე.წ. გენოციდის კამპანიის შეწყვეტაა.

სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტად გენოციდის საერთაშორისო აღიარება რჩება. 2019 წლის მდგომარეობით, 32 ქვეყნის მთავრობამ და პარლამენტებმა, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, კანადამ, რუსეთმა და ბრაზილიამ ოფიციალურად აღიარეს სომხების გენოციდი. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, გენოციდის ფაქტის უარყოფაში ბრალდებულს ერთ წლამდე ციხე და 64 ათას დოლარამდე ჯარიმა ემუქრება. იმავე სასჯელით ისჯება ჰოლოკოსტის უარყოფაც.

2015 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ სომხური გენოციდი „განიხილებოდა XX საუკუნის პირველ გენოციდად“, რასაც თურქეთმა უპასუხა რომის პაპის დადანაშაულებით თურქეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნული მენტალიტეტის” არსებობის შესახებ.

576f0ea6c46188444f8b4575

რომის პაპი გენოციდის მსხვერპლთ პატივს მიაგებს

2019 წლის დეკემბერში, აშშ-ის სენატის მიერ სომხების გენოციდის აღიარება, საფუძველს ქმნის, რომ უფრო მეტმა სახელმწიფომ აღიაროს გენოციდი, განსაკუთრებით აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ევროპულმა სახელმწიფოება (დანია, ნიდერლანდების სამეფო, ბულგარეთი).

ავტორი: ირაკლი გაბიძაშვილი

სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: