2013-2014 ევრომაიდანის კრიზისმა უკრაინაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთში წამოწყებული ომით გაგრძელდა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, 2014 წლის მარტის ყირიმის მოვლენები მოიცავდა სამხედრო მოქმედების აქამდე უცნობ სახეს, სადაც საინფორმაციო პროპაგანდა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
ოპერაციის წარმატებას ხელი შეუწყო დამოუკიდებელმა ფაქტორებმაც, როგორიცაა უკრაინული ჯარის, სადაზვერვო ძალებისა და პოლიტიკოსების მოუმზადებლობამ. თუმცა წარმატების მთავარი მიზეზი რუსეთის მიერ ომის ახალი ტიპის მიდგომების გამოყენება გახდა, მათ შორის შენიღბული სამხედრო ნაწილების გამოყენება, რომლებსაც „პატარა მწვანე კაცებს“ ან „თავაზიან ხალხს“ უწოდებდნენ (little green men ან polite people) თვით რუსი ლიდერები. შენაერთები, რომლებმაც დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები ყირიმის ნახევარკუნძულზე, მთლიანად რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წევრებისგან შედგებოდა. ყირიმის შემდეგ რუსეთი განაგრძობს ახალი ტიპის ომს დონბასის ტერიტორიაზე, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს ისეთი მეთოდების გამოცდა, რაც კონვენციურ ომში დღემდე არასდროს გამოუყენებიათ.
პატარა მწვანე კაცები ყირიმში. მათ ფორმებს არ გააჩნიათ სამხედრო სამკერდე ნიშნები. წყარო: Spiegel International
დონბასის მოვლენები დასავლეთის მხრიდან ხშირად ფასდება, როგორც ჰიბრიდული ომი. თვით ეს ტერმინი საკმაოდ მოქნილია, რადგან „ჰიბრიდული“ ნებისმიერი სახის მოქმედების ნაზავს შეიძლება მოიცავდეს. ჟურნალისტ პიტერ პომერანცევის აზრით, „პუტინი ომის ახალ ტიპს იგონებს“; ამავე აზრს იზიარებს ლატვიელი მკვლევარი თავდაცვის საკითხებში იანის ბერჟინსი. რუსეთს სურს ადგილობრივი აქტორების, სატელიტებისა და დაქირავებული შენაერთების ჩართვა რეგულარული ჯარების მოქმედებაში, რაც გულისხმობს სტრატეგიული მიზნების მიღწევას. ჰიბრიდული ომის მრავალი სახის გამო რთულია ამ ტერმინს საერთოდ აღიარებული და გაზიარებული განსაზღვრება მოუძებნო, შესაბამისად, ავტორთა აზრი იყოფა. საქმე კიდევ უფრო რთულდება თუ ტერმინის რუსულ განსაზღვრებასაც გავითვალისწინებთ. კერძოდ, თუ დასავლეთი (და რუსეთის პოტენციური მოწინააღმდეგეები) ჰიბრიდულ ომს განიხილავენ როგორც ასიმეტრიულ ტაქტიკასა და არასამხედრო საშუალებების გამოყენებას ტრადიციულ ომში, რუსი მკვლევარები სულ სხვა შეხედულებას იზიარებენ. მაგალითად, პოსტსაბჭოთა სივრცის ფერადი რევოლუციები რუსი ლიდერების მხრიდან ფასდება, როგორც დასავლური ჰიბრიდული ომი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული. სხვადასხვა შეხედულების არსებობის მიუხედავად, მარკ გალეოტის განსაზღვრება კარგად აღწერს რუსეთის ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე – „ჰიბრიდული ომი არის ომის ტიპი, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სამხედრო საკითხებს ისეთ კონფლიქტში, რომელიც არ ცნობს განსხვავებას ომსა და მშვიდობას შორის.“
რუსეთი ჰიბრიდული ომის წარმართვისას იყენებს როგორ რეგულარულ, ისე არარეგულარულ შეიარაღებულ ძალებს – ორი ტიპის შენაერთებს შორის თანამშრომლობით მარტივდება ოპერაციების განხორციელება. ქვემოთ განხილული იქნება რამდენიმე დანაყოფი, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებს რუსულ ჰიბრიდულ ომში, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსული სამხედრო ძალები აქ არ სრულდება და მოიცავს ბევრ ქვედანაყოფს, დაჯგუფებას თუ დაქირავებულ რაზმს, რომელთა გამოყენებაც სხვადასხვა გარემოებაში ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არარეგულარული ძალების (მოხალისეები, დაქირავებული ჯარები, კერძო ორგანიზაციები) გავლენა და მოქმედების სფერო გაცილებით დიდია, რასაც განაპირობებს კონფლიქტის ხასიათი – რუსეთი უარყოფს მასში მონაწილეობას, თუმცა რეგულარული ჯარებიც მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებენ.
რუსი მოხალისეები დონეცკში 2015 წელს. წყარო: Atlantic Council
ტაქტიკური ჯგუფების ბატალიონი (Battalion Tactical Group ან BTGs) რეგულარული ძალებიდან ჰიბრიდულ აქტივობებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 2018 წლისთვის, კვლევების მიხედვით ჯამში 125 ასეთი ბატალიონი არსებობდა რუსეთის სამხედრო ძალებში. ეს დაჯგუფებები იქმნება ad hoc კონკრეტული შემთხვევებისთვის, ამიტომ ისინი კარგად ერგებიან სხვადასხვა საბრძოლო გარემოებას. დაჯგუფება აერთიანებს მექანიზებული ქვეითთა არმიასა და მობილურ არტილერიას მცირე ქვედანაყოფებში დამოუკიდებელი სარდლობით მეტი მოქნილობისა და ეფექტური მოქმედებისთვის. მსგავსი ბატალიონების შექმნის იდეა 2009 წელს ახალი ხედვის პერიოდში გამოჩნდა ჩეჩნეთისა და საქართველოს ომების გამოცდილების საფუძველზე. ტაქტიკური ჯგუფების უპირატესობა განაპირობებს მათი ზომა და დამოუკიდებელი სარდლობა. ტაქტიკურ ჯგუფებში კომუნიკაციის, დაზვერვისა და ლოჯისტიკის საკითხების გადაწყვეტაც გაცილებით მარტივია, ვიდრე ტრადიციული საბრძოლო დანაყოფებში.
საინფორმაციო ოპერაციების ჯარები (Information Operation Troops ან VIO) რუსულ ძალებს ოფიციალურად 2017 წელს შეუერთდა. მათი მთავარი მიზანი რუსულ საინფორმაციო ოპერაციებში სიცარიელეების ამოვსებაა. მსგავსი ხარვეზები ჯერ კიდევ საქართველოსთან 2008 წლის ომის დროს გამოჩნდა. ასეთი დანაყოფის გამოჩენა ხაზს უსვამს რუსეთის სურვილს, ხელი შეუწყოს სახმელეთო ოპერაციებს საინფორმაციო ომით. ამ დაჯგუფების როლი ხშირად არასწორადაა გაგებული დასავლური მედიის მიერ – მათ ხშირად მიაწერენ მხოლოდ და მხოლოდ კიბერ-თავდასხმებს. რეალურად, კიბერ-თავდასხმები რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი კომპონენტს წარმოადგენს და ჯგუფის მოქმედება ამით არ სრულდება. რუსი სამხედრო პირები ახსენებენ თუ როგორ იყენებს საინფორმაციო ოპერაციების ჯარი ტრადიციულ ფსიქოლოგიურ საშუალებებს სირიაში, როგორიცაა რადიო გადაცემები და პროპაგანდისტული ფლაერების გავრცელება. მათ შესაძლებლობებში შედის სამოქალაქო საკომუნიკაციო სისტემების მოსმენა, დახშობა ან საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. ეს მიზნები კი მოიცავს დეზინფორმაციას, დემორალიზაციასა და პროპაგანდას არა მხოლოდ უკრაინასა და სირიაში, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც ბალტიისპირეთში.
არარეგულარული ძალებიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კერძო სამხედრო დაჯგუფებები (Private Military Companies ან PMC). რუსეთის სახმელეთო სამხედრო ძალებთან შედარებით ჰიბრიდულ ოპერაციებში კერძო კომპანიებს სამი უპირატესობა გააჩნიათ. პირველ რიგში, მარტივია მათი არსებობის ან მათთან კავშირის უარყოფა. ასევე, სახელმწიფოს შეუძლია გავლენა მოახდინოს ასეთი დაჯგუფებების ლიდერებსა და მომუშავე პერსონალზე საკუთარი ინტერესების გათვალისწინებთ. ბოლოს, კერძო დაჯგუფებების შენიღბვა მარტივია, ასევე შესაძლებელია სამხედრო ოპერაციებში დაღუპულთა რიცხვის გაყალბება ან მონაცემთა შეცვლა. კერძო კომპანიების დანაკარგს საზოგადოებაში ნაკლები გამოძახილი მოყვება, ხოლო სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია მათი აქტივობები უგულებელყოს ან უარყოს მათთან კავშირი. რაც ყველა მთავარია, კერძო სამხედრო კომპანიებს რუსეთში ოფიციალურად ფუნქციონირება კანონით ეკრძალებათ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი ვაგნერი (Wagner Group) არგენტინაშია დაფუძნებული. მსგავსი სამართლებრივი შეზღუდვის მიუხედავად კერძო ჯგუფების წევრები ხშირად იღებენ მონაწილეობას წრთვნებში ოფიციალურად აღიარებულ სამხედრო ძალებთან და სპეციალური დანიშნულების ჯგუფებთან ერთად. რუსულ მიზნებს კერძო სამხედრო დაჯგუფებები ზუსტად ერგება – მათი შენახვა იაფია; გამოყენება შესაძლებელია მრავალი ტიპის ოპერაციაში, ხოლო მოშორება მარტივი; მათ ახასიათებთ მოქნილობა; შესაძლებელია მათთან კავშირის უარყოფა, იმ შემთხვევაშიც თუ ეს დაუჯერებლად ჟღერს. ბოლოს, ასეთი პატარა დაჯგუფებების გამოყენება განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც სახელმწიფო მონაწილეობს დაფარულ კონფლიქტში ან უარყოფს მასში მონაწილეობას – შესაბამისად, რეგულარული ძალების გამოყენების აუცილებლობა არ დგება.
არარეგულარულ ძალებში ასევე მნიშვნელოვანია სატელიტები და ადგილობრივი პრო–რუსული დაჯგუფებები. მათი წევრების მოტივაცია ორგვარია – ფინანსური ან იდეოლოგიური – რუსეთი ექსპლუატაციას უწევს უკვე არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ, და ეკონომიკურ დაძაბულობას. სამხედრო ოპერაციების გარდა, მათი როლი მნიშვნელოვანია საინფორმაციო და პოლიტიკურ ასპექტშიც. კერძოდ, ადგილობრივ ხალხში დეზინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა და ზოგადი არეულობის შექმნა სატელიტების მიზანს წარმოადგენს. ადგილობრივი სატელიტი ორგანიზაციების დამანგრეველი გავლენა კარგად იკვეთება დონეცკისა და ლუგანსკის ექსტრემისტული დაჯგუფებების მოქმედებაში.
Leer 3 ტიპის სადგურები. წყარო: Jamestown Foundation; Unian News
დონბასი ახალი ტაქტიკისა და ჰიბრიდული ომის გზების საგამოცდო პოლიგონს წარმოადგენს. გარდა ამისა, ადვილია ეფექტურად მომუშავე კერძო სამხედრო ორგანიზაციების გამოვლენა, ძველი შეცდომების დამუშავება და მათი ეფექტურად გამოყენება მოუმზადებელ მოწინააღმდეგესთან. მიუხედავად მოსკოვის უარყოფისა, რუსული შეიარაღებული ძალები განაგრძობენ შეფარულ თავდასხმით ოპერაციებს უკრაინაში. ახლახანს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დონბასის ტერიტორიაზე შეინიშნება ისეთი თანამედროვე სამხედრო ინვენტარის გამოყენება, რომელიც რუსეთს უკავშირდება. დონბასში ელექტრონული საომარი ხელსაწყოების გამოჩენაც (Electronic Warfare Assets ან EW სადგურები) ხაზს უსვამს რუსეთის სურვილს, გააძლიეროს მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. ასეთი მოწყობილობების დანიშნულება სატელეკომუნიკაციო არხებით მანიპულაცია, მაგალითად ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაა. დონბასის კონფლიქტისას EW სადგურებს რუსეთი ძირითადად 2014-2015 წლებში იყენებდა და მას შემდეგ ისინი ფრონტის ხაზზე აღარც გამოჩენილან. თუმცა 2020 წლის თებერვლის ბოლოს, მობილურზე გამოგზავნილ ტექსტურ შეტყობინებებზე ინფორმაცია უკრაინულმა დამოუკიდებელმა ღია სადაზვერვო ქსელმა „ინფორმნაპალმმა“ გაავრცელა. იმავეს იტყობინებოდენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცრებიც. უკრაინულ ენაზე გამოგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში იკითხებოდა: „(უკრაინელო) ჯარისკაცო, იბრძოლე კაცივით, ნუ ამოეფარები ბავშვებს”. „ინფორმნაპალმის“ მიხედვით, ტექსტური შეტყობინების უკან რუსული ძალები იმალებიან, რომლებიც Leer-3 ტიპის EW სადგურებს იყენებენ. შვედეთის თავდაცვის კვლევითი სააგენტოს მიხედვით, Leer-3 სისტემაში ერთიანდება უპილოტო საფრენი მოწყობილობები და სამხედრო მანქანები, რომლებიც სამართავი პოსტის ფუნქციას ასრულებს. სწორედ მისი საშუალებით ხდება რადიო და სატელეფონო კომუნიკაციების ჩახშობა ან მიყურადება.
რუსების მიერ უკრაინულ ენაზე შედგენილი პროპაგანდისტული ტექსტური შეტყობინებების მთავარი მახასიათებელი გრამატიკული შეცდომებია; 2015 წლის შემდეგ ამ აქტივობამ დაკარგა თავდაპირველი ფსიქოლოგიური გავლენა და ამჟამად სამხედროები შესაბამის წვრთნებსაც გადიან მსგავსი შეტყობინებების გამოსავლენად. აღსანიშნავია, რომ ასეთი შეტყობინებები ძირითადად საბრძოლო მოქმედებამდე ან მისი მიმდინარეობის დროს იგზავნება, რაც თებერვალში არ მომხდარა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საბჭოთა დროიდან მოყოლებული სამხედრო უნივერსიტეტები თებერვალში პრაქტიკულ წვრთნებს ატარებენ, შესაძლებელია ბოლო ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნაც ახალი ნაკადის მიღებას უკავშირდებოდეს. მიუხედავად ამისა, EW სადგურების გამოყენება იმ რეგიონში მოხდა, საიდანაც უკრაინის მთავრობა ძალების გამოყვანას გეგმავს, შესაბამისად, ეს რუსეთის სამომავლო ქმედებაზე შეიძლება მიანიშნებდეს.
საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ხასიათს ტექსტური შეტყობინებებს რუსეთის ჰიბრიდული ომის მრავალი საშუალებათაგან ერთ-ერთი მაგალითია. საერთაშორისო ექსპერტები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ რუსეთის გააქტიურებას ამ საკითხში, უკანასკნელი მოვლენები კი ცხადყოფს, რომ ჰიბრიდული ომი დასავლეთის ქვეყნებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ბევრი ექსპერტი რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს შესაძლოა სიახლედ აღიქვამდეს, თუმცა სინამდვილეში მიმდინარე მოვლენები რუსეთის ფრთხილად დაგეგმილი საგარეო პოლიტიკის ნაწილია.
ავტორი: გიორგი ბეროშვილი
სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:
- Galeotti, Mark. “Hybrid, ambiguous, and non-linear? How new is Russia’s ‘new way of war’?” Small Wars & Insurgencies (2016): 282-301.
- Giles, Keir. “Hybrid Warfare and Russia’s Ground Forces.” NIDS International Symposium. Tokyo: National Institute for Defense Studies, 2019. 79-92.
- Iasiello, Emilio J. “Russia’s Improved Information Operations: From Georgia to Crimea.” Innovations in Warfare & Strategy (2017): 52-63.
- Lapaiev, Yuri. “Russian Electronic Warfare in Donbas: Training or Preparation for a Wider Attack?” 17 March 2020. Jamestown Foundation. 28 March 2020.
- Sukhankin, Sergey. “Unleashing the PMCs and Irregulars in Ukraine: Crimea and Donbas.” 3 September 2019. Jamestown Foundation. 28 March 2020.
[…] via რუსეთის სამხედრო ძალების როლი დონბას… […]
LikeLike