2021 მძიმე წელი იყო მსოფლიოსთვის, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. მთელი წელი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებით გამოირჩეოდა, რამაც წლის ბოლოს კულმინაციას მიაღწია, როდესაც კრემლმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიები და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე ხელის აღება მოსთხოვა. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო თამაშები შემდეგი წლისთვისაც აქტუალური იქნება. არაერთი არჩევნები ჩატარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შედეგი დადგა ქვეყნებისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რაიონებში სამხედრო დაპირისპირება მცირე მასშტაბებით წელსაც გაგრძელდა, ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმაც გამოიყენეს.
რუსეთი: რეპრესიები ქვეყნის შიგნით და მუქარა დასავლეთს
2021 წელსაც არ არის ცნობილი თუ რას აპირებს რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი 2024 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეოთხე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუცია აღარ უკრძალავს კიდევ ერთხელ სცადოს ბედი საპრეზიდენტო არჩევნებში, პუტინი თავისი გეგმების შესახებ ღიად საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებს და ამით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაურკვევლობასაც ზრდის.
წელს პუტინი ხისტი იყო, როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, ასევე საგარეო მიმართულებით. ქვეყნის შიგნით რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიმართ რეპრესიული პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესების სრული კონტროლი პუტინის აბსოლუტურ ძალაუფლებას შემდგომ წლებშიც უზრუნველყოფს. წლის დასაწყისში რუსეთში გერმანიიდან თვითმფრინავით დაბრუნებული მთავარი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პირდაპირ აეროპორტში დააკავეს და შემდეგ დააპატიმრეს. დასავლეთთან დაპირისპირებისა და დასავლური სანქციების პირობებში „შიდა მტრების“ რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და „უცხოელი აგენტების სიას“ პუტინისადმი კრიტიკულად განწყობილი არაერთი ორგანიზაცია თუ მედია საშუალება შეემატა. სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებში სახელისუფლო „ერთიანი რუსეთის“ პარტიამ გაიმარჯვა, წარმატებას მიაღწიეს კრემლის მიერ მართულმა ე.წ. სისტემური ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, რომლებსაც დემოკრატიის იმიტაციის მიზნით, კრემლის პოლიტიკის კრიტიკა ევალებათ.
საგარეო ფრონტზე პუტინმა კიდევ ერთხელ უჩვენა დასავლეთს, რომ ამ ეტაპზე რუსულ გაზს ალტერნატივა არ აქვს. წლის მიწურულს რუსული გაზის ფასი რეკორდულად მაღალი იყო, რომლის გადახდა ევროპელებს მაინც მოუწიათ. ამერიკული სანქციების მიუხედავად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაზსადენის პროექტიც ტექნიკური თვალსაზრისით დასრულებულია და ახლა მხოლოდ ევროპელი მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვას ელის. დიდი ალბათობით, მილსადენი შემდეგ წელს ამოქმედდება, რადგან ევროპაში რუსულ გაზზე უარის თქმის ფუფუნება ჯერჯერობით არ აქვთ.
პუტინი მთელი წლის განმავლობაში აგრესიული პოლიტიკით გამოირჩეოდა უკრაინის მიმართ, რომლის საზღვართანაც ათეულ ათასობით სამხედრო განალაგა. წლის მოვლენა კი უდავოდ კრემლის მიერ დასავლეთისადმი კატეგორიულ ტონში გაკეთებული ახალი მოთხოვნაა, რომელიც დასავლეთისგან დაუყონებლივ მოითხოვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე უარის თქმას, უპირველეს ყოვლისა კი, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე გაკეთებული ჩანაწერის – „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“ – დეზავუირებას. კრემლის მხრიდან გაკეთებული განცხადების ტონი ძალიან წააგავს მუქარას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში რუსეთი „ურჩი“ მეზობლების (ამ შემთხვევაში უფრო უკრაინის) წინააღმდეგ ომის დაწყების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
უკრაინა: რუსული საფრთხე და ბრძოლა ოლიგარქებთან
2021 წლის განმავლობაში კრემლის მთავარი სამიზნე უკრაინის სახელმწიფო იყო. პუტინმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საჯარო გამოსვლების გარდა, საგანგებო სტატიებიც კი მიუძღვნეს უკრაინის სახელმწიფოს წარმოშობასთან დაკავშირებულ ისტორიულ საკითხებს. უდავოა, რომ რუსეთის დღევანდელი მმართველი ელიტა უკრაინის სახელმწიფოს არსებობის ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ აყენებს და უკრაინის შექმნის ბრალდებებს ბოლშევიკებს უყენებს, რომლებმაც, მათი აზრით, ხელოვნურად შექმნეს უკრაინის სახელმწიფო. პუტინი კომუნისტების დაშვებული „შეცდომის“ გამოსწორებას, როგორც ჩანს, სამხედრო გზით ცდილობს და მთელი წლის განმავლობაში, რომელმაც წლის ბოლოს კულმინაციას მიაღწია, უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების უპრეცედენტო რაოდენობას მოუყარა თავი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის შეკავებას დასავლეთის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით ცდილობს. დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნიდან უკრაინამ სამხედრო შეიარაღებაც მიიღო, თუმცა, დასავლეთში ყველა ერთსულოვანი არ არის – უკრაინას რუსეთის გაღიზიანების ხარჯზე დაეხმარნონ. ზელენსკის მომავალ წელს საგარეო გამოწვევების გარდა შიდა გამოწვევებიც არ მოაკლდება. ოლიგარქების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია წლის ბოლოს ზელენსკის წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება მოჰყვა, დონბასელ სეპარატისტებთან ქვანახშირით ვაჭრობის გამო. პოროშენკომ ქვეყანა უკვე დატოვა.
ბელარუსი: რეჟიმის გადარჩენა და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მუხტი 2021 წელს მნიშვნელოვნად შენელდა. ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ კონსტიტუციას გადახედავდა და ძალაუფლებას პრეზიდენტიდან სხვა სახელისუფლებო ორგანოებზე გადაანაწილებდა. პირობის მიუხედავად, ჯერ მსგავსი რამ არ მომხდარა. ლუკაშენკომ ოპოზიციის ლიდერები ან დააკავა, ან ქვეყნიდან გააძევა, საჭიროების შემთხვევაში კი, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „Ryanair“-ის თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში მოტყუებით დასმასაც არ მოერიდა, რათა ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი რამან პრატასევიჩი დაეკავებინა. ლუკაშენკოს ავტორიტარულ ქმედებებს დასავლეთის მხრიდან სანქციები მოჰყვა, რასაც ლუკაშენკომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვარზე მიგრანტთა კრიზისით უპასუხა.
შიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ლუკაშენკოს დახმარების ხელი რუსეთმა გაუწოდა, რომლისგანაც საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, სანაცვლოდ, კრემლს ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოში ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებაზე დათანხმდა. თუ ადრე, ლუკაშენკო უფრო მეტი ინტეგრაციისგან თავს იკავებდა, რადგან იგი ბელარუსის სუვერენიტეტის დაკარგვისა და მისი ძალაუფლების შესუსტების რისკებს ხედავდა, ვითარება წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა. ლუკაშენკოს ძალაუფლების შენარჩუნება ბელარუსში რუსეთის გავლენის ზრდის გარეშე აღარ გამოდის.
მოლდოვა: პროდასავლური მთავრობა და გაზის კრიზისი
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლური მაია სანდუს გამარჯვების შემდეგ, 2021 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პროდასავლურმა პარტიამ – „მოქმედება და სოლიდარობა“, რომლის არაფორმალური ლიდერიც სანდუა. მოლდოვის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ერთმა პროდასავლურმა პარტიამ ამომრჩეველთა მსგავსი მხარდაჭერა მიიღო. ამ არჩევნების შედეგად ყველა სახელისუფლო შტო პროდასავლური ძალების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რაც სანდუს დაპირებული რეფორმების განსახორციელებლად და დასავლური საგარეო-პოლიტიკური ვექტორის გასაძლიერებლად ფართო შესაძლებლობებს აძლევს. სანდუს ხელისუფლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დასავლეთის ფავორიტად გადაიქცა. დასავლეთში სანდუს რეფორმებზე დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა, აქვე თავი იჩინა რუსეთის ფაქტორმა, რომელსაც მოლდოვაზე გავლენის მოხდენისთვის კვლავ რჩება მძლავრი ბერკეტი გაზის სახით. შემოდგომაზე გაზის ფასსა და ვალების დაფარვაზე შეუთანხმებლობის გამო, მოლდოვაში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და გაზის მოხმარება შეიზღუდა. მიმდინარე კრიზისი მოლდოვის პროდასავლური ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ იყო იმის დემონსტრირება, თუ რამდენად არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება დამოკიდებული რუსეთზე.
საქართველო: არჩევნები და პოლიტიკური კრიზისი
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა. უფრო მეტიც, 2021 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა და ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელმა დაბრუნებამ და შემდეგ მისმა დაკავებამ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ადგილობრივი არჩევნების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოპოზიციის კანდიდატი გახდა მერი, რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი, მმართველი პარტია უმცირესობაშია. სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას თავიდან ყველა ოპოზიციური პარტია არ შეუერთდა, შემდეგ კი შეთანხმება მმართველმა პარტიამ დატოვა. ახალ წელს საქართველო კვლავ პოლიტიკური კრიზისით ხვდება და ქვეყნის განვითარების ძირეულ საკითხებზე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება.
აზერბაიჯანი: პოსტსაომარი რეაბილიტაცია და სატრანსპორტო დერეფანი
2021 წელს აზერბაიჯანი გამარჯვებულის სტატუსით შეხვდა. 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებას დაბრუნებულ რაიონებში ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელების დაწყება მოჰყვა. დანგრეული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ხელს უშლის დანაღმული ტერიტორიები. ამ საკითხის მოგვარებას წლები დასჭირდება, თუმცა მასშტაბური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადებულ ქ. შუშაში. შუშასთან დაკავშირებით მიზნით რეკორდულად მოკლე დროში საერთაშორისო აეროპორტი აშენდა ქ. ფიზულიში. ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხშირად სტუმრობს ომის შემდეგ დაბრუნებულ ტერიტორიებს თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, საიდანაც პირადად საუბრობს მიმდინარე პროექტებზე და ისტორიული გამარჯვების მნიშვნელობაზე. მიმდინარე წელს ჯერ კიდევ მიუღწეველია 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც სატრანსპორტო დერეფნის გახსნას ითვალისწინებს. პუტინის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხების ლიდერებს შორის წლის განმავლობაში ორი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ამ მხრივ ჯერ პროგრესი არ შეინიშნება. სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება აზერბაიჯანისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება 2022 წლისთვის.
სომხეთი: არჩევნები და სასაზღვრო დაპირისპირებები
მთიანი ყარაბაღის მეორე ომში მარცხის შემდეგ, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბერს დასრულდა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საწინააღმდეგო გამოსვლები არ შემწყდარა. პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, 2021 წლის 20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ომის შედეგებით გამოხატული იმედგაცრუების მიუხედავად, ფაშინიანის პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა და ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებაც შეძლო. არჩევნებში გამარჯვება და 2021 წლის 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომხების გენოციდის აღიარება, ალბათ ერთადერთი კარგი ამბავი იყო ფაშინიანისთვის. მთელი წლის განმავლობაში სასაზღვრო რაიონებში სომხეთს აზერბაიჯანელ სამხედროებთან მცირე მასშტაბიანი შეტაკებები უწევდა, რის შედეგადაც სომხურმა მხარემ არაერთი პოზიცია დაკარგა და მორალური ზიანი მიიღო. ნოემბერში მხარეებს შორის გაცილებით მასშტაბური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხრიდან დაიღუპნენ სამხედროები. სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშკერულების ორგანიზაციის ფარგლებში დახმარების მიღებაც სცადა, თუმცა მოკავშირეებისგან საჭირო პოლიტიკური და მითუმეტეს სამხედრო მხარდაჭერა ვერ მიიღო. მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთისთვის ნათელია, რომ მათი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი უფრო ნეიტრალური შუამავალის როლს ასრულებს და არ ცდილობს სომხეთის რეალურად დახმარებას. თუმცა ომის დასრულების შემდეგ შექმნილ ახალ უსაფრთხოების გარემოში, რუსეთი კვლავ უსაფრთხოების მთავარ გარანტად რჩება. სომხეთზე სულ უფრო იზრდება ზეწოლა სომხეთის ტერიტორიის გავლით გაიხსნას სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჭევანის რეგიონთან დააკავშირებს. ეს საკითხი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხი ფაშინიანის მთავრობისთვის მომავალ წელსაც მთავარ გამოწვევად დარჩება.
ყირგიზეთი: არჩევნები და „მცირე ომი“ მეზობელთან
2020 წელს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეული მორიგი რევოლუციის შედეგად, პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი გადადგა. 2021 წლის დასაწყისში პრეზიდენტი რევოლუციის შედეგად საპატიმროდან განთავისუფლებული სადირ ჟაპაროვი გახდა, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუცია საპრეზიდენტო მმართველობის გაძლიერების კუთხით შეცვალა. წლის ბოლოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში (2021 წლის 28 ნოემბერს ჩატარდა) პროსამთავრობო პარტიებმა გაიმარჯვეს, რამაც ჟაპაროვის ძალაუფლებას კიდევ უფრო გაზარდა. ჟაპაროვი წინამორბედების მსგავსად ქვეყნის პრორუსულ საგარეოპოლიტიკური ვექტორს არ ღალატობს და მწვავე ეკონომიკური კრიზისის პერიოდში პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას რუსეთიდან მოელის. ჟაპაროვმა მწვავე კრიზისის გამო პარლამენტს ბიუჯეტიც კი შეუმცირა და დეპუტატებს პრივილეგიები გაუუქმა.
მიმდინარე წელი გამროჩეული იყო ყირგიზეთ-ტაჯიკეთის სასაზღვრო დაპირისპირებით, რაც აქამდეც ხდებოდა, მაგრამ მიმდინარე წლის 28 აპრილს ყირგიზეთში მდებარე ტაჯიკურ ანკლავში წყლის საკითხზე დაწყებულ დაპისპირებას სამოცამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2021 წელი მნიშვნელოვანი იყო სხვა მხრივაც. ჟაპაროვმა ოქროს საბადოს დამუშავების უფლება ჩამოართვა კანადურ კომპანიას და საბადოს გასხვისებასთან დაკავშირებით კორუფციის ფაქტების გამოძიება დაიწყო. ამ საქმეზე, მოსკოვიდან სამშობლოში, 2005 წლის ტიტების რევოლუციის შედეგად დამხობილი პრეზიდენტი ასკარ აკაევიც კი დაბრუნდა. მას წელს ორჯერ დართეს ნება სამშობლოში დაბრუნებულიყო და სასამართლოს წინაშე წარდგენილიყო. როგორც ჩანს, სასურველი ჩვენების სანაცვლოდ, აკაევს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა.
ტაჯიკეთი: ავღანური საფრთხე და შვილების კარიერა
ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ტაჯიკეთი თალიბანის ოპოზიციის მთავარი მხარდამჭერი გახდა. ბევრისთვის მოულოდნელად ტაჯიკეთის ხელისუფლებამ თალიბანის მიმართ ხისტი პოზიცია დაიკავა. ტაჯიკეთს ავღანეთთან გრძელი საზღვარი აქვს, რომელიც მთიან რეგიონებზე გადის და მისი დაცვა რთული ამოცანაა. ავღანური საფრთხის პირობებში ტაჯიკეთში გახშირდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებთან და რუსებთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარება. ამ შემთხვევაში ტაჯიკეთისთვის უსაფრთხოების გარანტად რუსეთი რჩება, რომლის გარეშეც, ტაჯიკეთს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია.
ავღანური საფთხის მიუხედავად, წლის ბოლოსთვის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა ოჯახისთვისაც მოიცალა და 15 დეკემბერს რიგით მესამე ქალიშვილი რუხშონა, ბრიტანეთში ქვეყნის ელჩად დანიშნა. 69 წლის რაჰმონი ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს ენდობა. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ოზოდა მისი ადმინისტრაციის უფროსია, 34 წლის უფროსი ვაჟი რუსტამი კი დედაქალაქ დუშანბეს მერი და პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეა. ტაჯიკეთში ეჭვობენ, რომ რუსტამს მამა ქვეყნის პრეზიდენტად ამზადებს.
თურქმენეთი: შვილის წარმატებული კარიერა
2021 წელს თურქმენეთმა თავი იმით გამოიჩინა, რომ კოვიდით ინფიცირების ფაქტი „ოფიციალურად“ არ დაფიქსირებულა. მსგავსი „წარმატება“ აქვს ჩრდილოეთ კორეასეც. პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი ჯერ 64 წლის არის, თუმცა იგი უკვე ამზადებს თავის უფროს ვაჟ სერდარს პოლიტიკურ მემკვიდრედ. ივლისში სერდარი დააწინაურეს და ეკონომიკურ და საბანკო და ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საქმეში ვიცე-პრემიერად დანიშნეს. მანამდე სერდარი უმაღლესი კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სპეციალურად მისთვის შექმნილი ინოვაციისა და ციფროვიზაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი და უშიშროების სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. სერდარის კარიერული წინსვლა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ის პარლამენტის წევრი გახდა. წელს უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი საჯარო აქტიურობაც. იგი ხშირად დადის უცხოეთში სამუშაო ვიზიტებით და ქვეყნის რეგიონებსაც ხშირად სტუმრობს. წლის ბოლოსკენ მამამ შვილს ქვეყნის მთავარი ეკონომიკური სფეროს – ენერგოსექტორის კურატორობაც დაავალა.
უზბეკეთი: მოქმედი პრეზიდენტის „ტრიუმფალური“ გამარჯვება
24 ოქტომბერს უზბეკეთის მოქმედმა პრეზიდენტმა შავქათ მირზიევმა საპრეზიდენტო არჩევნებში „დამაჯერებელი“ გამარჯვება მოიპოვა და იგი კიდევ ხუთი წლის ვადით იქნება პრეზიდენტი. მან ხმების 81%-მდე მიიღო. მისი მოწინააღმდეგეები ფორმალური, პროსამთავრობო კანდიდატები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტოკრატი წინამორბედის – ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, მან გარკვეული ეკონომიკური რეფორმები გაატარა და ეკონომიკაზე პოლიტიკური წნეხი შეასუსტა, იგი ცენტრალური აზიის სხვა ლიდერების მსგავსად ავტორიტარ მმართველად რჩება, რომლის ხელშიც არის სრული ძალაუფლება. მისი მმართველობის დროს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რუსეთთან ურთიერთობაც. მირზიევი არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მირზიევი კარიმოვისგან განსხვავებით, რუსეთისგან დისტანცირებას არ ცდილობს. უზბეკეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებლის სტატუსიც კი მიიღო, თუმცა მირზიევი პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ჯერ მაინც არ ჩქარობს.
ყაზახეთი: ნურსულთანი პარტიის ლიდერობაზე უარს ამბობს
ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, 81 წლის ნურსულთან ნაზარბაევი, სულ უფრო ნაკლებ თანამდებობას იკავებს. ნოემბერში მან სახელისუფლო პარტია „ნურ-ოტანის“ ლიდერობაზე თქვა უარი. 2019 წლის მარტში, როდესაც მან ნებაყოფლობით დატოვა პრეზიდენტის პოსტი და საპრეზიდენტო სავარძელი მის მოკავშირეს, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევს დაუთმო, მან არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა მაინც შეინარჩუნა, რითაც ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად დარჩა. იგი, ეხლაც ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რადგან კვლავ არის უშიშროების საბჭოს მდივანი, მისი სტატუსი – „ელბასი“ კი მისი განუსაზღვრელი ძალაუფლების წყაროა. ასაკოვანი ნურსულთანის მხრიდან თანამდებობებზე უარის თქმა, შემდგომ წლებში ახალი პრეზიდენტის ძალაუფლების გაძლიერების საფუძველი უნდა გახდეს.