მთავარი » რუსეთი » რუსული „Think Tank“-ების მოკლე მიმოხილვა

რუსული „Think Tank“-ების მოკლე მიმოხილვა

ავტორი: ნიკა ხომერიკი

„Think Tank“-ებს უწოდებენ ანალიტიკურ ცენტრებს, კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც იკვლევენ, საუბრობენ და წერენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სოციალურ პოლიტიკაზე, პოლიტიკურ სტრატეგიაზე, ეკონომიკაზე, სამხედრო საქმეზე, ტექნოლოგიასა თუ კულტურაზე. დასავლეთის სახელმწიფოებში მოქმედი ანალიტიკური ცენტრებიდან ბევრი ჩვენთვისაც კარგად არის ცნობილი.

ისინი გავლენას ახდენენ სახელმწიფო პოლიტიკის წარმოებასა და სტრატეგიების შემუშავებაზე, ხშირად ეს ხდება კვლევებისა თუ კონფერენციების ჩატარების გზით. ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციისთვის „Heritage Foundation“-ის მნიშვნელობა, რომელიც დღემდე რჩება ერთ-ერთ მთავარ ანალიტიკურ ცენტრად არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ანალიტიკური ცენტრების ტრადიცია განსხვავებულია ანგლო-საქსურ სამყაროსა და კონტინენტურ ევროპაში, რუსეთში კი ისინი კიდევ უფრო განსხვავებული სახით არსებობენ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ამგვარი ცენტრების აქმიანობა რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ორგანიზაციები ისევე, როგორც სხვა ძალიან ბევრი რამ, რუსეთის ფედერაციას ერგო მემკვიდრეობით საბჭოთა კავშირისგან. შესაბამისად ის, თუ როგორ ფუნქციონირებენ ისინი დღემდე, დიდწილად განპირობებულია ძველი პრაქტიკით. ცხადია, არც ამ პერიოდში და არც თანამედროვეობაში რუსეთში ანალიტიკური ცენტრები არ გამოირჩეოდნენ დამოუკიდებლობით. შედარებით თავისუფალი პერიოდი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში, როდესაც წარმოიქმნა მათი დიდი ნაწილი და სუსტი იყო ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან. ამ დროსაა წარმოქმნილი ის ორგანიზაციებიც, რომლებიც შემდეგში მიუკერძოებლობით გამოირჩეოდნენ.

სიტუაცია თანდათან შეიცვალა ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ (2000 წლიდან), ყველაზე მეტად კი მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსეთში მიიღეს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ. კანონმა შეზღუდა დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობა და ასევე გაზარდა სახელმწიფოს მხრიდან მათზე კონტროლის ხარისხი. 2022 წელს უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ კი ანალიტიკური ცენტრების მოქმედება კიდევ უფრო შეიზღუდა. ამჟამად მოქმედი ცენტრები, ძირითადად, პირდაპირ დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, მათ ნარატივებს აჟღერებს და კრემლის ყოველ გადაწყვეტილებას ამართლებს. მათი უმრავლესობა აქამდეც რუსეთის საგარეო პოლიტიკის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტის როლს ასრულებდა, ქმნიდა ძირითად ნარატივებს, რომლებიც შემდეგ ჟღერდებოდა საჯარო სივრცეში.

რუსეთში არსებული ანალიტიკური ცენტრები საკმაოდ განსხვავდებიან განხორციელებული საქმიანობის მიხედვით. როგორც წესი, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები და მნიშვნელობა რუსი მაღალჩინოსნებისთვისაც. კლასიკურად ამგვარი ცენტრების საქმიანობა მოიცავს კვლევას, ანალიზს, კონფერენციების ორგანიზებას. რუსული ანალიტიკური ცენტრები ამუშავებენ, ხსნიან და პოპულარიზაციას უწევენ გარკვეულ ნარატივებს, რომლებიც კრემლის მიერ არის ნაკარნახევი. ამ ორგანიზაციების კიდევ ერთი ნაწილი კი გამოირჩევა არა გამოქვეყნებული ნაშრომებით, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზებით.

ხელისუფლებასთან დაახლოებული ცენტრები

ავტორიტარულ რეჟიმებში ხელისუფლებასთან სიახლოვე განსაზღვრავს თუ რამდენად მნიშვნელოვანნი ან გავლენიანნი არიან ამგვარი ორგანიზაციები. რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში ამ ორგანიზაციების მნიშვნელობასა და გავლენას ცვალებადი ხასიათი აქვს. მსგავს ცვალებადობას დიდწილად განაპირობებს ის, თუ ორგანიზაცია რომელ თანამდებობის პირთან ან უწყებასთან არის აფილირებული და რამდენად აქვს მას წონა გარკვეულ მომენტში.

საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი „ვალდაი“ 2004 წელს დაფუძნდა და დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობას, რადგან დაარსებიდან ყოველ წელს ორგანიზებას უწევს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას. ბოლო ასეთი, რიგით მე-19 შეხვედრა, 2022 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა. კლუბის დამფუძნებლებს შორის მითითებულნი არიან რუსეთის საგარეო ურთიერთობების საბჭო, ეკონომიკის უმაღლესი სკოლა, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი და საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭო. პირველ წლებში ორგანიზაცია იმდენად იყო კონცენტრირებული ამ შეხვედრებზე, რომ ერთ-ერთი ექსპერტი მას უწოდებდა „ინტელექტუალურ-პროპაგანდისტული სურნელის მქონე ტურისტულ ოფისს.“ შემდეგში „ვალდაის“ კლუბის ფუნქციონირების მიმართულებები შეიცვალა, სხვადასხვა ნაშრომების გამოქვეყნება უფრო მასშტაბური გახდა, მაგრამ ყოველწლიური შეხვედრები კვლავაც რჩება ორგანიზაციის ყველაზე პოპულარულ აქტივობად.

ხელისუფლებასთან დაახლოებული ანალიტიკური ცენტრებიდან  უნდა გამოვარჩიოთ „საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭო,“ რომელიც ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციაა და ტრადიციის გამო იკავებს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის პოზიციას. ის დაარსდა 1992 წლის 25 თებერვალს მოსკოვში პოლიტიკოსთა, ბიზნესმენთა, მეცნიერთა და მედიის წარმომადგენელთა მიერ, ამ დროიდან მისი ძირითადი საქმიანობა ეხებოდა რუსეთის განვითარებასა და მოდერნიზაციას.

რუსეთის საგარეო ურთიერთობების საბჭო“ კი დაარსდა 2010 წელს დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობისას და ყველაზე გავლენიანიც ამ დროს იყო. შემდეგშიც საბჭო დამოკიდებულია მედვედევისა და სხვა მასთან დაკავშირებული პირებზე, რომლებიც გავლენას ინარჩუნებენ პოლიტიკაში. დღეს საბჭო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა და სახელდება საგარეო საქმეთა ექსპერტების მთავარ საკომუნიკაციო პლატფორმად.

აკადემიური ცენტრები

ამავე დროს არსებობს უნივერსიტეტებთან და აკადემიასთან არსებული ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც არანაკლები გავლენით გამოირჩევიან. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, რომელსაც შემდეგ ევგენი პრიმაკოვის (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – 1996-1998 წლებში, პრემიერ-მინისტრი – 1998-1999 წლებში) სახელი ეწოდა. პრიმაკოვთან ასოცირების გამო ინსტიტუტმა პატივისცემა დაიმსახურა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ამგვარ ორგანიზაციებს შორის. ინსტიტუტი აფილირებულია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი დიპლომატებისთვის ძირითადი საგანმანათლებლო სივრცეა, მათ უმრავლესობას აქ ოდესმე მაინც უსწავლია ან აკადემიურ საქმიანობას ეხლაც ეწევა. ამ მიზეზით მასთან არსებული „საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტი“ (ინსტიტუტი ჯერ კიდევ 1976 წელს, საბჭოთა პერიოდში დაფუძნდა, თანამედროვე სახელი კი 2009 წელს მიიღო) ერთ-ერთი ძირითადი კვლევითი ცენტრია, თუმცა მისი გავლენა მაინც შეზღუდულია, რადგან საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები უწყება არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციაა.

კერძო ცენტრები

რუსეთის ფედერაციაში ასევე არსებობს ან არსებობდა კერძო ანალიტიკური ცენტრებიც, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან. იმ დროისთვის, როცა მოცემული სტატია იწერება, მათი მოქმედება უმეტესად შეწყვეტილია. სიტუაცია გაართულა რამდენიმე ფაქტმა: 2012 წელს რუსეთში მიიღეს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, 2015 წელს – „არასასურველი ორგანიზაციების შესახებ“, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ კი, მათი აქტივობა მთლიანად შეწყდა. მათი ნაწილი დაფინანსებას იღებდა უცხოური წყაროებიდან, დაკავშირებული იყო მსგავს ცენტრებთან საზღვარგარეთ, რის გამოც გამარტივდა მათთვის „უცხოეთის აგენტობის“ ბრალდებების წაყენება, რაც, უმეტესად, უსაფუძვლო იყო.

კარნეგის მოსკოვის ცენტრი“ იყო (1994-2022) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი ორგანიზაცია მთელ რუსეთში, იკავებდა უმაღლეს ადგილებს პენსილვანიის უნივერსიტეტის სიაში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ანალიტიკური ცენტრების რეიტინგს გვთავაზობს. ის ასევე იყო კარნეგის საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, ამერიკული ორგანიზაციაა. 2022 წლის 8 აპრილს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „კარნეგის მოსკოვის ცენტრმა“ შეწყვიტა მუშაობა, ხოლო მათი საიტი იქცა ფაილების არქივად, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია ნახოს მათი კვლევები 2022 წლის აპრილამდე.

დასკვნა და სამომავლო პერსპექტივები

დღეს მოქმედი რუსული ანალიტიკური ცენტრები ემსახურებიან ან არ ეწინააღმდეგებიან ხელისუფლებას. მათი დანიშნულება არის კრემლის სასარგებლოდ ადვოკატირება, პროპაგანდა, ხოლო უფრო რადიკალურ შემთხვევებში – „გრანდ“ ნარატივების ინჟინერია. ანალიტიკური ცენტრები მაქსიმალურად ცდილობენ გაამართლონ, როგორც ხელისუფლების ნარატივები, ისევე ხელისუფლების გადაწყვეტილებები.

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის წამოწყების შემდეგ მათი მოქმედება, ცხადია, დაიჩრდილა, თუმცა ეს მაინც საჭიროებს შემდგომ დაკვირვებას. უახლოეს პერიოდში საინტერესო იქნება დაკვირვება სტატიებსა და განხილვებზე, რომელიც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ეხება, რადგან დღეს მთავარი ნარატივები სწორედ კრემლის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მიმართ იქმნება. უკრაინაში ომი ანალიტიკური ცენტრების საქმიანობის ფორმისა თუ შინაარსის განსაზღვრისთვისაც გადამწყვეტი იქნება, რადგან რუსეთი და მსოფლიო ახალ რეალობაში შედის, სადაც საჭიროა ახალი მიდგომები. მიმდინარე საუკუნეში მათ შინაარსის მხრივ ერთი რადიკალური ცვლილება უკვე განიცადეს, გადავიდნენ გაფართოებული ევროპის იდეიდან ევრაზიანიზმზე, ამიტომ მომავალშიც მსგავსი როტაციები კვლავ შესაძლებელია, რისი განმაპირობებელიც, თავის მხრივ, გახდება ომის შედეგები.

გამოყენებული ლიტერატურა:

Barbashin, Anton, and Alexander Graef. “Thinking Foreign Policy in Russia: Think Tanks and Grand Narratives.” Atlantic Council, February 10, 2020.

Riefer, Felix. “The Role of Think Tanks in Russian Foreign Policy.” Zentrum für Osteuropa- und internationale Studien (ZOiS), September 21, 2022.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: