მთავარი » რუსეთი » რუსული (Think) ტანკები: გრანდ ნარატივები

რუსული (Think) ტანკები: გრანდ ნარატივები

ავტორი: ნიკა ხომერიკი

რუსული „Think Tank“-ების კვლევისა და ანალიზის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საყოველთაო ნარატივების შექმნა, მათი არგუმენტირება, ადვოკატირება,  ნარატივების შემდეგი გაფართოება და, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებისთვის ამ ნარატივების მორგება. მოცემული ნარატივები სწორედ იმის გამოა საყოველთაო, რომ ისინი ხსნის ან/და ამართლებს არა ერთ კონკრეტულ მოვლენას, არამედ რუსეთის ფედერაციის მთელ პოლიტიკას.

ნარატივების ხასიათიც ზოგჯერ განსხვავებულია, ხანდახან ეს იმპერატივებია, ხშირად უბრალო გამართლებებიც. მათი გავლენა და ხილვადობა იცვლება რუსეთის პოლიტიკური გეზის ცვლილებებთან ერთად. შემდეგში განსახილავი ნარატივებიდან ზოგიერთის მომხრეები და ავტორები საკმაოდ ცნობილები არიან, ზოგ შემთხვევაში კი – ნაკლებად. მოცემული სტატია განიხილავს შემდეგ მნიშვნელოვან ნარატივებს: გაფართოებული ევროპა (ერთიანი ევროპა), ევრაზიანიზმი, მულტიპოლარული მსოფლიოს მოდელი, რომლებიც ბოლო ათწლეულში დომინირებდა.

გაფართოებული ევროპა (ერთიანი ევროპა)

90-იანები წლებიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციაში ევროპასთან დაახლოების სხვადასხვა გეგმები ისახებოდა, პოლიტიკოსები გამოსვლებში ხშირად პირდაპირ გამოთქვამდნენ ისეთ ორგანიზაციებში გაერთიანების სურვილს, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო. რუსული ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებას მიჰყვება დღემდე, მათ შორის, იყენებს ნარატივს საარჩევნო დაპირებებშიც. ნარატივი, ძირითადად, გულისხმობს, რომ რუსეთი არის ევროპის ნაწილი, მაგრამ ჯერ კიდევ არაა ინტეგრირებული მის პროცესებში, ამიტომ უნდა განაგრძოს მოდერნიზაცია და გაერთიანდეს ევროპულ ინსტიტუციებში.

მსგავსი იდეა რუსეთისთვის არაა სიახლე, საუკუნეების განმავლობაში, სწორედ ამ მიმართულებას მისდევდა რუსეთის იმპერია, ყველაზე მეტად, ცხადია, პეტრე პირველის დროიდან (მეფობდა 1682-1725 წლებში). პეტრე პირველის შესახებ პირველ რიგში ახსენდებათ არა პოლტავის ბრძოლაში გამარჯვება (1709 წ.), არამედ ის, რომ მან „გაჭრა ფანჯარა ევროპაში.“ მოცემულ თემაზე დაწერილ ნარატივებში ვლინდება ორნაირი დამოკიდებულება ევროპის მიმართ, ერთი მხრივ, ის სასურველი და მისაბაძია, თუმცა, მეორე მხრივ, თითქოს არ იღებს რუსეთს საკუთარ რიგებში, ეს ვლინდება ინსტიტუციებში გაერთიანების პროცესის გაჭიანურების შესახებ ექსპერტების საუბარშიც.

რამდენიმე სტატია ეძღვნება ტრანზიციას, მოცემული ნარატივის შესუსტებასა და მისი აღდგენის შანსებს. ერთ-ერთი ასეთი სტატია დაწერა ისტორიის დოქტორმა, სერგეი კარაგანოვმა, 2010 წელს, რომელშიც საუბრობდა გაერთიანებული ევროპის „უკანასკნელი შანსის“ შესახებ. ამ შანსად კარაგანოვი აცხადებდა ევროპის კავშირის პროექტს, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი თანამონაწილე იქნებოდა რუსეთი. ეს კავშირი იქნებოდა საკოორდინაციო ინსტიტუცია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში. კარაგანოვის აზრით, სხვა შემთხვევაში ვერც რუსეთი და ვერც ევროპა ვერ შეძლებენ ჩამოყალიბდნენ ჩინეთისა და აშშ-სთვის ანგარიშგასაწევ ძალებად.

ამავე თემატიკაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატია ასევე დაწერა ისტორიის დოქტორმა, ანდრეი კორტუნოვმა. 2018 წელს, იგი სვამდა კითხვას, დაუბრუნდებოდა თუ არა რუსეთი ევროპას. კორტუნოვი ამტკიცებს, რომ ევროპაში დღემდე არსებობს განწყობა, რომ რუსეთის მობრუნება ევროპისკენ გარდაუვალია და განიხილავს სხვადასხვა ვადებს, რომლებიც დამოკიდებულია ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის განგრძობადობაზე. მსჯელობის ბოლოს კი მიდის დასკვნამდე, რომ მობრუნების ერთადერთი შანსი აზიაა, კერძოდ, ერთიანი ევრაზიის კონტექსტში. ამ მსჯელობის შემდეგ კი უკვე მეორე გრანდ ნარატივზე გადავდივართ, რომელიცაა ევრაზიანიზმი.

ევრაზიანიზმი

რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ევრაზიანიზმისკენ შებრუნება საგარეო პოლიტიკის ყველაზე მკვეთრი ცვლილებაა დღემდე. შებრუნებაში, ცხადია, არ იგულისხმება ის, რომ დიდი ევროპის იდეა სრულიად განადგურდა და მას აღარ ჰყავდა მხარდამჭერები. ამის მიუხედავად, ძირითადი ანალიტიკური ცენტრებისა და მათი ექსპერტების უმრავლესობა აღმოჩნდა ევრაზიანიზმის მხარეს. სერგეი კარაგანოვი, რომელიც 2010 წელს საუბრობდა დიდი ევროპის უკანასკნელ შანსსა და ამ იდეის საჭიროებაზე, 2012 წლიდან გახდა ევრაზიანიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი.

ევრაზიანიზმი მოიცავს იდეებს, რომლებიც ხაზს უსვამენ აზიის განვითარებულობასა და მის პოტენციალს. ხშირია საუბარი იმის შესახებ, რომ ჩინეთი, ინდოეთი და სხვა სახელმწიფოები განვითარების შედეგად „გადაწონიან“ ევროპულ სახელმწიფოებს, ხოლო ამის შემდეგ ევროპას დასჭირდება აზია და არა პირიქით. ამის გამო, ნარატივის თანახმად, ურთიერთობების გამყარება, ხელშეკრულებების დადება, ორგანიზაციების შექმნა უნდა ხდებოდეს აზიურ სახელმწიფოებთან, კერძოდ კი, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან. პოლიტიკაში მოცემულ ნარატივს უკვე ძალიან დიდი გამოვლინებები აქვს, მაგალითად, ციმბირის განვითარების პროექტების მიმართულებით. რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილი ამ ნარატივში ყველაზე დიდ დატვირთვას იძენს.

ნარატივის დომინანტურობაში თავიანთი ძალიან დიდი როლი შეასრულეს ანალიტიკურმა ცენტრებმა, მათ შორის კი ყველაზე მეტად „ვალდაის კლუბმა“. „ვალდაის კლუბი“ აზიის მნიშვნელობის შესახებ დისკუსიებს ატარებდა და 2012 წლიდან უშვებდა ანგარიშებს სათაურით: „დიდი ოკეანისკენ, ან რუსეთის ახალი გლობალიზაცია.“ საყურადღებოა, რომ ამ ანგარიშების ერთ-ერთი მთავარი ავტორი თავად სერგეი კარაგანოვი გახდა. ანგარიშებში საუბარი იყო აზიური სახელმწიფოების წარმატებაზე და ამ წარმატების მიღწევის მოდელზე, რომელიც წარმოჩენილი იყო, როგორც ადამიანებზე ორიენტირებული და სხვა სახელმწიფოებთან შეჯიბრს მოკლებული.

მოცემული თეორიის შესახებ აღსანიშნავია, რომ მას ჰყავს ბევრი იდეოლოგი, რომელთა შორის ზოგი მეტად ცნობილია ზემოხსენებულ ადამიანებზე და მათზე დიდი ხანია იცავს მის ჭეშმარიტებას. მათ შორის ყველაზე ცნობილი ალექსანდრ დუგინია, რომელიც გვევლინება მის ერთ-ერთ პირველ გამჟღერებლად. აღსანიშნავია, რომ დუგინის თეორია განსხვავდება იმისგან, რასაც წერენ ანალიტიკოსები ზემოხსენებულ სტატიებსა და ანგარიშებში. დუგინისთვის რუსული სახელმწიფო პირდაპირ იმპერიალისტურია, და ფაშისტურ ელემენტებსაც ატარებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო აგრესია უკრაინაში 2022 წელს, საინტერესოა, თუ როგორ შეძლებს თეორია ამ ქმედებების გამართლებას. უკრაინა, ცალსახად, ევროპის მიმართულებაა, ხოლო თუ რუსეთი გეზს იღებს აღმოსავლეთით, ე.წ. „დიდი ოკეანისკენ,“ მაშინ მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და ისტორიის ახლებური წაკითხვები, როგორც მინიმუმ, არათანმიმდევრულია. აქედან გამომდინარე, ევრაზიანიზმის გრანდ ნარატივს მოუწევს ამ გამოცდის გავლა იმისთვის, რომ შემდეგში განაგრძოს დომინანტურ მიმართულებად არსებობა.

მულტიპოლარული მსოფლიოს მოდელი

მულტიპოლარულობის თეორია ბევრად განსხვავდება აქამდე განხილულებისგან, მისი გრანდ ნარატივად შეფასებაც კი რთულია, მაგრამ მაინც აუცილებელია. ამის მიზეზი კი არის მისი შემქმნელი და მთავარი იდეოლოგი – ევგენი პრიმაკოვი. სხვადასხვა დროს ის იკავებდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს. წინა ათწლეულში ის საკმაოდ მნიშვნელოვანი აკადემიკოსი და თეორეტიკოსი გახდა, მასთან აფილირებული პრიმაკოვის ინსტიტუტი დღემდე ძალიან დიდი გავლენით გამოირჩევა.

მოცემული თეორია კონცენტრირდება მსოფლიოში ე.წ. ძალაუფლების პოლუსების არსებობაზე, რომლების შესახებაც ძალიან აქტიურად მიდიოდა საუბარი „ცივი ომის“ დროს. მაშინ „ცივი ომის“ შედეგად მოჰყავდათ ბიპოლარული სამყარო. ორ პოლუსს წარმოადგენდა აშშ და სსრკ, ხოლო უკანასკნელის დაშლის შემდეგ, გამოდის, დარჩა მხოლოდ ერთი პოლუსი, წყობა კი გახდა მონოპოლარული. რუსი ანალიტიკოსები წერენ, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ მოძლიერების შედეგად გაანადგურა 90-იანებში არსებული მონოპოლარული წყობა. რადგანაც მოცემული ექსპერტები ცალ-ცალკე მსგავს პოლუსებად თანამედროვე სამყაროში განიხილავენ აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთსა და ევროკავშირს, ახლებური წყობა გამოდის მულტიპოლარული.

მოცემული თეორია შეიძლება შეფასდეს ერთ-ერთ გრანდ ნარატივად, რადგან ისიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ქმედებების გასამართლებლად და პროგნოზების გასაკეთებლად, ამასთან, ზემოთ მიმოხილულთაგან განსხვავებით, მას საფუძვლად უდევს საერთაშორისო ურთიერთობებში ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი მოსაზრება. აქ ვხვდებით მიდგომებს, როდესაც ძლიერი წყვეტს, თუ რა არის სწორი, ძალაუფლების პოლუსების არსებობასა და სხვა მსგავსებს.

მულტიპოლარიზმის კრიტიკოსები საუბრობენ განსხვავებული წყობების შესახებ და ხაზს უსვამენ სხვათა უპირატესობებს, კერძოდ, ყველაზე ხშირია ახალ ბიპოლარულ სამყაროზე საუბარი. ორ პოლუსად ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გაერთიანებული დასავლეთი ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს რუსეთი და ჩინეთი, შეიძლება ერთ-ერთი იყოს ევრაზია, მეორე კი – ამერიკა. აქედან გამომდინარე, ბევრი ექსპერტი პოლარულობის საკითხსაც უყურებს ზემოთ განხილული რომელიმე ნარატივის პრიზმიდან.

შეჯამება

რუსეთში არსებული გრანდ ნარატივების ცოდნა საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი შესწავლისას, რადგან ხშირად ესაა რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის ღიად გამოცხადებული სტრატეგიები, მიზნები და წარმოდგენები. მათ მიხედვით უკვე შესაძლებელია სხვადასხვა მოვლენების ახსნა (არ იგულისხმება მათი გამართლება) და მომავლის პროგნოზირება.

ანალიტიკური ცენტრები რუსეთში ქმნიან და შემდეგ იცავენ გრანდ ნარატივებს, რაც, რა თქმა უნდა, მათი ერთადერთი საქმიანობა არაა, თუმცა გავლენა აქვს თითქმის ნებისმიერ საქმიანობაზე. ბოლო ათწლეულში სამი მნიშვნელოვანი გრანდ ნარატივი გამოვლინდა, რომლებიც ამ სტატიაში უკვე მიმოვიხილეთ, მათგან კი ყველაზე დიდ გავლენას ამჟამად ინარჩუნებს ევრაზიანიზმი. ამავე დროს, აქაც მოსალოდნელია ცვლილებები.

ნარატივების ჩამოყალიბების მიზანი არის რუსეთის პოლიტიკის მიზნების ჩამოყალიბება, შეთავაზება ან მათ შესახებ მოსაზრების გამოთქმა. შემდეგში ხდება უკვე მომხდარი მოვლენების ამ გრანდ ნარატივის ახსნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი არის მიმდინარე მოვლენების ამ ნარატივში მოქცევა. განვრცობას გააჩნია ორი ძირითადი მიმართულება: მის შესახებ ნაშრომების რაოდენობის ზრდა და განხილვა სხვადასხვა კონფერენციებზე. შემდეგში მიმდინარე მოვლენები განსაზღვრავს ამ ნარატივების სიცოცხლისუნარიანობასაც, თუ რამდენად ახსნადია ამ ნარატივებით მდგომარეობა მოცემულ მომენტში.

ნარატივებში მომხდარი რადიკალური ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია მთელ ამ ისტორიაში, რადგან ის გვაჩვენებს რუსეთის პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს – ის ცვალებადია, თანაც მოკლე დროსა და რადიკალურ ზომებში. ის ფაქტი კი, რომ სურვილი მარტივად ცვლის გრანდ ნარატივებს, მეტყველებს სახელმწიფოს ავტორიტარიზმის დონეზე.

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია ამ ნარატივებისთვის, სავარაუდოდ, გახდება გარდამტეხი მოვლენა, რადგან პირველს ის არ შეესაბამება, ერთიანობა ევროპასთან დარღვეულია, მეორეს ის ასევე აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან აზიის მხარეს განვითარების ფონზე ევროპის ტერიტორიაზე დაპყრობითი ომის წამოწყება საკმაოდ წინააღმდეგობრივი ქმედებაა. მესამე თეორია-ნარატივში ის ალბათ მოახდენს გარდატეხას იმ მხრივ, თუ როგორ მოდელს შეესაბამება ის უფრო მეტად – მულტიპოლარულს თუ ახალ ბიპოლარულს, თუმცა ამ თეორიამ უფრო მეტად შესაძლოა გაუძლოს იმ კითხვის ნიშნებს, რასაც უკრაინაში მიმდინარე ომი დასვამს.

გამოყენებული ლიტერატურა:

Barbashin, Anton, and Alexander Graef. “Thinking Foreign Policy in Russia: Think Tanks and Grand Narratives.” Atlantic Council, February 10, 2020.

Oleg, B., Timofey, B., Fyodor, L., Andrey, S., Dmitry, S., & Ivan, T. (2015). (rep.). War and Peace in the 21st Century: International Stability and Balance of the New Type. Moscow: Valdai Discussion Club. 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: