მთავარი » კინო » კინო და პოლიტიკა საბჭოთა კავშირში

კინო და პოლიტიკა საბჭოთა კავშირში

ავტორი: ნიკა ხომერიკი

საბჭოთა ხელისუფლების ხელში კინო იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროპაგანდისტურ ინსტრუმენტად, ხოლო რადგანაც ბოლშევიკები საკუთარ თავს პროპაგანდისტებად მიიჩნევდნენ (ხშირ შემთხვევაში, რევოლუციების წამყვან ფაქტორებადაც წარმოაჩენდნენ მას), გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხელოვნების ეს დარგი მათთვის. ლენინმა ბოლტიანსკისთან საუბარში ხაზი გაუსვა კიდეც იმას, რომ ხელოვნების ყველა დარგს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის და მისი მომხრეებისთვის არის კინო (Boltyanskiy, 1925).

კინოს და პოლიტიკას ასევე სხვა კავშირიც ჰქონდა საბჭოთა კავშირის არსებობის ეპოქაში: კინო ასახავდა პოლიტიკას, პოლიტიკა კი აძლევდა კინოს მიმართულებებსა და უწესებდა მას ჩარჩოებს, ხშირ შემთხვევაში – საკმაოდ მკაცრს. პროპაგანდაც, ცენზურაც და პოლიტიკური სტიმულებიც განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირის ისტორიის განსხვავებულ პერიოდებში, ამიტომ საბჭოთა კინო არ არის ერთგვაროვანი. საინტერესოა ისიც, რომ სხვადასხვა ლიდერები ხალხზე გავლენის მომხდენად მიიჩნევდნენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ნამუშევრებს, ეს ჩანს ზოგიერთი რეჟისორის ფილმოგრაფიაშიც, ყველაზე მეტად იმ რეჟისორების, რომლებიც იღებდნენ ფილმებს ჯერ პრესტალინურ, შემდეგ სტალინურ და პოსტსტალინურ ეპოქებში.

როგორც წინა აბზაცში გამოჩნდა, სტალინის ფიგურა გარდამტეხი იყო საბჭოთა კინოსთვის გარკვეულ პერიოდში, მაგრამ ასეთი არა მხოლოდ ის იყო. საბჭოთა კინოში ცვლილებებს იწვევდა, მათ შორის, კომუნისტური პარტიის, მწერალთა და კინემატოგრაფისტთა კრებები. მთელი ქვეყნის კინოს მიმართულებას აძლევდნენ და უცვლიდნენ რეჟისორები თავიანთი ფილმებით, თეორიით და ზოგჯერ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლებითაც კი. ამის მაგალითები არიან ლევ კულეშოვი, სერგეი ეიზენშტეინი, ვსევოლოდ პუდოვკინი, მიხაილ რომი. თანამედროვეობაში ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ალექსანდრ საკუროვი. მოცემული სტატიისთვის ყველაზე საინტერესო კი ფილმებია, რომლებმაც დიდი ძვრები გამოიწვია კინოში (მათ შორის, საერთაშორისო დონეზე) და მთელ საბჭოთა კავშირში. მომდევნო თავებში, რომლებიც პერიოდების მიხედვითაა ერთმანეთისგან გამოყოფილი, მაგალითებად მოყვანილი უმთავრესად სწორედ ეს ფილმები იქნება.

ექსპერიმენტების ეპოქა: მონტაჟის თეორია, კინოსკოლა, ფილმის შესაძლებლობების შესწავლა

საბჭოთა კინოს ისტორიაში მისი პირველივე წლები ალბათ ყველაზე წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, ამ დროს შეიქმნა სწორედ ის ფილმები, რომლებიც ითვლება ყველა დროის საუკეთესოებად არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოშიც. ყველა დროის საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში აუცილებლად შევხვდებით ძიგა ვერტოვისა და სერგეი ეიზენშტეინის ნამუშევრებს, ხოლო მოგვიანო ძალიან პოპულარული რეჟისორები შეიძლება ამ რიგებში არ აღმოჩნდნენ. იგივე უნდა ითქვას ქართულ კინოზეც ამ პერიოდში, ამ დროის ნამუშევრები დღემდე მწვერვალებად რჩება.

რუსეთის იმპერიამ დიდი ხანი არ იარსება კინოხელოვნების დაბადებიდან, მაგრამ მაინც მოახერხა გარკვეული სახის კინოს შექმნა. საბჭოთა კავშირში ის სრულიად შეცვალეს, პირველად დაიწყეს ფილმების შესწავლა და თეორიების შექმნა. ამ დროის ნამუშევრებს დღემდე უდიდესი მნიშვნელობა აქვს კინოსამყაროში. ამ თეორიაზე აგებული ფილმები კი ცალსახად განსხვავებულ და ძალიან ინოვაციურ (თანამედროვეობისთვისაც კი) ძეგლებად რჩება.

ჯავშნოსანი პოტიომკინი (1925), რეჟ. სერგეი ეიზენშტეინი

სერგეი ეიზენშტეინის ეს ნამუშევარი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილმია, რომელმაც წარმოდგენები შეცვალა ზოგადად კინემატოგრაფიის შესახებ. ფილმი კონცენტრირდება ჯავშნოსანი გემის ეკიპაჟის აჯანყებაზე და მოიცავს მნიშვნელოვან სიმბოლურ სახეებს, მეფის გვარდიელებს, პოტენციურ კომუნისტებს, სასულიერო პირებს და მრავალ სხვას. მონტაჟის თეორიის პრაქტიკაში გამოყენების ეს მაგალითი რევოლუციური ნიმუშია, რომელიც ქანდაკებებსაც კი აცოცხლებს (სროლის ეპიზოდში ამას რეჟისორი მონტაჟის საშუალებით ახერხებს).

ადამიანი კინოაპარატით (1929), რეჟ. ძიგა ვერტოვი

ძიგა ვერტოვს ეკუთვნის დოკუმენტური კინოს თეორია, რომელიც ალბათ რადიკალურად მარქსისტულად უნდა ჩაითვალოს. ის არ აღირებდა მხატვრულ კინოს და მას სიცრუეში ადანაშაულებდა, ხოლო თავად იღებდა რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. ადამიანი კინოაპარატით ყველა დროის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად ითვლება მრავალი გამოკითხვის მიხედვით. რეჟისორი აქ იღებს დოკუმენტურ ფილმს თავისივე საქმიანობის შესახებ, ქმნის რეალობისგან ისეთ კადრებს, რომლებიც წარმოსახვისთვისაც მიუწვდომელი ჩანს.

ელისო (1928), რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია

ამ პერიოდში ასევე უნდა აღვნიშნოთ ქართული ნამუშევრები, რომლებიც დღემდე საუკეთესოებად რჩება. ერთ-ერთი ასეთი ფილმი არის ნიკოლოზ შენგელაიას (ელდარ და გიორგი შენგელაიების მამა) ელისო, რომელსაც თარგმანში ასევე ხშირად კავკასიურ სიყვარულს უწოდებენ. ფილმი ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული და ეხება სიყვარულის ისტორიას, რომელიც ვითარდება ჩრდილოეთ კავკასიური მოსახლეობის გადასახლებას და კაზაკთა ჩასახლებას. კირა ანდრონიკაშვილი ქართულ კინოში ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ პერსონაჟს ქმნის ელისოს სახით, ხოლო ნიკოლოზ შენგელაია – საფუძველს მთელი შემდეგი ქართული კინოს განვითარებისთვის.

https://cavea.plus/ka/movies/eliso

ჩემი ბებია (1929), რეჟ. კოტე მიქაბერიძე

კოტე მიქაბერიძე არის ვეფხისტყაოსნის ერთადერთი ეკრანიზაციის მცდელობის ავტორი ფილმში „ქაჯეთი.“ ამ მცდელობის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მის ნამუშევარზე „ჩემი ბებია.“ ეს არის ბიუროკრატიით სავსე სისტემის ძალიან დახვეწილი იუმორის საშუალებით კრიტიკა, რომელიც სავსეა გასართობი კადრებითა და გენიალური მიზანსცენებით. იმის მიუხედავად, რომ თავად ამბავი ძალიან მარტივია, რეჟისორი ახერხებს მისგან ქართული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი შექმნას. მოცემული ფილმი გადაღებისთანავე აკრძალეს, ხოლო გამოუშვეს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, რის გამოც მას დაფასება მოაკლდა, ხოლო რეჟისორს – მსგავსი ფილმების გადაღების საშუალება.

https://cavea.plus/ka/movies/my-grandmother

სტალინური კინო: სოციალისტური რეალიზმი

სტალინის მმართველობის ძირითადმა ხანამ 30-იანების დასაწყისიდან მოყოლებული შეცვალა საბჭოთა ხელოვნება ზოგადად და, ცხადია, კინოც. ამ ეპოქაში სახელმწიფო მხარს უჭერდა მხოლოდ იმ ფილმებს, რომლებიც ჯდებოდა სოციალისტური რეალიზმის ჟანრში: პროლეტარული, სახასიათო, რეალისტური და პარტიზანული სიუჟეტებით. ამ ჟანრის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ლიტერატურაში გახდა თავად მაქსიმ გორკიც. მოცემულმა ჟანრმა გამოიწვია ის, რომ ფილმებში წარმოჩენილი იყო ძირითადად ან ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები ან პროლეტარული ცხოვრების თემატიკა (კოლმეურნეობის შექმნა, ცხოვრება ქარხანასა და სოფელში).

ივანე მრისხანე (1944), რეჟ. სერგეი ეიზენშტეინი

ეიზენშტეინი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ამ პერიოდის კინოშიც და მის ხმოვან ფილმებს სწორედ ბიოგრაფიული ხასიათი აქვს. ივანე მრისხანე იოსებ სტალინის ისტორიულ პარალელად იქცა ამ ფილმის საშუალებით, ვხედავთ მის თავდადებას, შიდა დაპირისპირებებს, НКВД-ს მსგავს დაახლოებულ პირებს და ივანეს მრისხანების გამართლებას, რადგან მას ის სჭირდება წარმატების მისაღწევად და „ქვეყნის გადასარჩენად.“ ფილმის მეორე ნაწილი უკვე აკრიტიკებს კიდეც სტალინს და მის პოლიტიკას, რის გამოც მესამე ნაწილის გადაღება ეიზენშტეინმა ვეღარ შეძლო, ხოლო სტალინმა რეჟისორს ჰკითხა: „ისტორია ნასწავლი გაქვთ?“ (გვახარია, 2021)

ბერლინის დაცემა (1950), რეჟ. მიხეილ ჭიაურელი

მიხეილ ჭიაურელის „ბერლინის დაცემა“ საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეპიკური ნამუშევარია ჰეროიკული სიუჟეტითა და დმიტრი შოსტაკოვიჩის გენიალური მუსიკით. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შესახებ გადაღებული ეს ფილმი სტალინური პროპაგანდისა და იდეოლოგიის ენციკლოპედიაა. პროლეტართა უდიდესი როლი, საბჭოთა კავშირის სატრფოსთან გაიგივება, სტალინის მუდმივი ჩართულობა, მისი დიდება ხალხის მიერ და სხვა სახელმწიფოების როლის უგულებელყოფა მხოლოდ რამდენიმეა იმ მრავალი ხერხიდან, რომელსაც ეს ფილმი იყენებს.

დაკარგული სამოთხე (1937), რეჟ. დავით რონდელი

ქართული კინოს ეს შედევრი ამ პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფილმია, რომელიც ეფუძნება დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებს. აქ წარმოჩენილია ქართველ გლეხთა ყოველდღიური ყოფა ფეოდალიზმის ნგრევის შემდეგ, ამის გამო კი სხვადასხვა „კლასი“ აჩენს საკუთარ სახეს. ყველაზე მეტად სახასიათო საკმაოდ ბანალური ფინალია, როცა შეყვარებული წყვილი უკეთესი ცხოვრების ძიებაში ქალაქისკენ გაეშურება. ამ ბანალურობის მიუხედავად ფილმი ძალიან გაწონასწორებულია და ინარჩუნებს იმ იუმორის გრძნობას, რომლის გამოც კლდიაშვილის ნაწარმოებები დღემდე პოპულარულია.

https://cavea.plus/ka/movies/paradise-lost

გიორგი სააკაძე (1942), რეჟ. მიხეილ ჭიაურელი

გიორგი სააკაძე იოსებ სტალინის კიდევ ერთი ცნობილი ისტორიული პარალელია, რომლის თანაავტორიც უკვე ხსენებული მიხეილ ჭიაურელია. გიორგი სააკაძე წინააღმდეგობრივ ლიდერად ჩნდება, რომელიც ფილმში ერთდროულად უპირისპირდება თავის ქვეყანას და მის გადარჩენას ცდილობს. ამას ემატება ისიც, რომ ის უპირისპირდება მეფეს, ფეოდალური სისტემის მწვერვალს, რომელიც სრულიად მიუღებელია კომუნიზმისთვის. ისტორიული პარალელიდან გამომდინარე გიორგი სააკაძე ძალიან პოპულარული ადამიანი იყო საბჭოთა კავშირში, ამას მოწმობს მისი ქანდაკებაც თბილისში და სკოლის სახელმძღვანელოებში მისი განხილვაც.

გამოყენებული ლიტერატურა:

Boltyanskiy, G. (1925). Lenin about Cinema. Moscow.

გვახარია, გ. (2021). ცენზურა კინოში. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: