მთავარი » პოსტსაბჭოთა ქვეყნები » საბჭოთა საქართველო » საბჭოთა საქართველოს ლიდერები

საბჭოთა საქართველოს ლიდერები

საბჭოთა საქართველოს  ფორმალურ მმართველად საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის (კპ) ცენტრალური კომიტეტის (ცკ) პირველი მდივანი ითვლებოდა, თუმცა რეალურად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კრემლში იღებდნენ. პირველი მდივნის კანდიდატურასაც კრემლში არჩევდნენ. საბჭოთა საქართველოს არსებობის მანძილზე 18 პირველი მდივანი ჰყავდა. ამ საკითხზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, წინამდებარე სტატია არ არის შეცდომებისგან დაზღვეული და ამიტომაც, სტატია პერიოდულად განახლდება.

 მამია ორახელაშვილი 

მამია ორახელაშვილი

მამია ორახელაშვილი

მამია ორახელაშვილი (1881–1937) დაიბადა აზნაურის ოჯახში, შორაპნის მაზრაში, ქუთაისის გუბერნიაში. განათლებით ექიმი, ცნობილი ქართველი ბოლშევიკი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე იყო. წლების განმავლობაში საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის მასშტაბით სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. 1920 წლის 20 მაისიდან, 1922 წლის აპრილამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. ორახელაშვილმა პირველი მდივნის პოსტი ჯერ კიდევ საქართველოს გასაბჭოებამდე დაიკავა და 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საბჭოთა საქართველოს პირველი პირველი მდივანი გახდა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ორახელაშვილი გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი და დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის რედკოლეგიის წევრი იყო. კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით, 1937 წელს ჯერ გარიცხეს პარტიიდან და ასტრახანში გაასახლეს, შემდეგ კი დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია, 1955 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ მოხდა.

მიხეილ ოკუჯავა

მიხეილ ოკუჯავა

მიხეილ ოკუჯავა

მიხეილ ოკუჯავას (1883–1937) 1922 წლის აპრილიდან, 1922 წლის 22 ოქტომბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. პოსტიდან გადადგომის შემდეგ საკონსერვო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო. გარკვეული პერიოდი კოკანდში (უზბეკეთის სსრ) იყო გადასახლებული. 1937 წელს დახვრეტა მიესაჯა.

ბესარიონ (ბესო) ლომინაძე

ბესარიონ ლომინაძე

ბესარიონ ლომინაძე

ბესარიონ ლომინაძე (1897–1935), რომელიც თავისი მოღვაწეობის პერიოდში ბესოს სახელით იყო ცნობილი, დაიბადა მასწავლებლის ოჯახში, ქ. ქუთაისში, ქუთაისის გუბერნიაში. აქტიურად იყო ჩართული ბოლშევიკური პარტიის საქმიანობაში. გარკვეული პერიოდი გერმანიაში, იატაკქვეშეთში, კომუნისტურ საქმიანობას ეწეოდა. იგი კარგად იცნობდა გერმანულ ლიტერატურას.  1922 წლის 25 ოქტომბრიდან, 1924 წლის აგვისტომდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. იგი სტალინის ძველი მეგობარი იყო და მისი დანიშვნა მოსკოვის და არა ადგილობრივი პარტიული ელიტის რეკომენდაციით განხორციელდა. 1927 წელს იგი ჩინეთში მიავლინეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დასარწმუნებლად, რომ პარტიას უფრო აგრესიული პოლიტიკა გაეტარებინა. სტალინის შეფასებით, ლომინაძის ჩინური მისია წარუმატებელი იყო. 1929 წელს მან თავის კომკავშირელ თანამოაზრეებთან ერთად (ცნობილია, როგორ სირცოვ–ლომინაძეს საქმე) პარტიის პოლიტიკის ღია კრიტიკა დაიწყო. სტალინთან და სერგო ორჯონიკიძესთან მეგობრობის წყალობით, იგი სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე აგრძელებს მუშაობას. 1935 წელს იგი ჩელიაბინსკში გამოიძახეს, დაპატიმრების შიშით (ამ პერიოდში „ტროცკ–ზინოვიევის ტერორისტული ცენტრის“ საკითხზე სასამართლო პროცესი მზადდებოდა) მაგნიტოგორსკიდან ჩელიაბინსკის გზაზე მიმავალ გზაზე, მანქანაში გასროლით თავი მოიკლა. ლომინაძე სიკვდილის წინ დაწერილ წერილში პარტიისადმი ერთგულებას გამოხატავდა, ორჯონიკიძეს კი მისი ოჯახის პატრონობას თხოვდა.

მიხეილ კახიანი

მიხეილ კახიანი

მიხეილ კახიანი

მიხეილ კახიანი (1897–1937) დაიბადა ქ. ბათუმში. კომპარტიის წევრი იყო 1917 წლიდან. 1917–1924 წლებში გაზეთების „ბურევესტნიკი“, „რაბოჩაია პრავდას“ და „კომუნისტის“ (ბაქო) რედაქტორი იყო. 1924 წლის აგვისტოდან, 1930 წლის მაისამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. შემდეგ წლებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით სხვადასხვა პარტიული თანამდებობები ეკავა. ბრალად წაუყენეს ორჯონიკიძის მხარეში მოქმედი მემარჯვენეთა ორგანიზაციის წევრობა, ასევე ბრალი დასდეს კონტრტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური საქმიანობის ხელმძღვანელობასა და სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში უშუალო მონაწილეობაში. 1937 წელს დახვრეტა მიუსაჯეს.

ლევან ღოღობერიძე

ლევან ღოღობერიძე

ლევან ღოღობერიძე

ლევან ღოღობერიძე (1896–1937) დაიბადა აზნაურის ოჯახში, სოფ. ფრიდონაან–ჯიხაიშში, ქუთაისის გუბერნიაში. კომპარტიის წევრი იყო 1916 წლიდან. 1919 წელს ბაქოში მუშათა გაფიცვის ერთ–ერთი ლიდერი იყო. 1921 წელს თბილისის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. წლების განმავლობაში პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის 1924–1925 წლებში პარტიის აჭარის რეგიონული კომიტეტის მდივანი იყო. 1925–1926 წლებში პარიზში დიპლომატიურ მისიაში იმყოფებოდა. 1926–1930 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო, მათ შორის, 1930 წლის მაისიდან, 1930 წლის 19 ნოემბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. შემდგომ წლებში საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა პარტიული თანამდებობები ეკავა. 1936 წელს დააპატიმრეს, 1937 წელს კი სიკვდილით დასაჯეს.

სამსონ მამულია 

სამსონ მამულია

სამსონ მამულია

სამსონ მამულია (1892–1937) დაიბადა სოფ. ფოცხოში, ახალსენაკში. კომპარტიის წევრი იყო  1917 წლიდან. მამულია სენაკისა და აჭარის პარტიულ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. 1930 წლის 20 ნოემბრიდან, 1931 წლის 11 სექტემბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. გარკვეული პერიოდი მოსკოვის მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის ლენინის სექტორის გამგის მოადგილე იყო. 1937 წელს ბრალი დასდეს, რომ იყო საქართველოს მემარჯვენეთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას შეიარაღებული აჯანყების, ტერორისა და ჯაშუშობის გზით. ასევე ბრალი დასდეს, რომ აქტიურად ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას საქართველოს სახალხო მეურნეობისათვის ძირის გამოთხრის მიზნით. 1937 წლის ივნისში თბილისში დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.

ლავრენტი ქართველიშვილი (ლავრენტიევი)

ლავრენტი ქართველიშვილი

ლავრენტი ქართველიშვილი

ლავრენტი ქართველიშვილი (1890–1938) დაიბადა სამტრედიაში. კომპარტიის წევრი იყო 1910 წლიდან. 1916 წელს სარატოვში იყო გადასახლებული. 1917-1918 წლებში უკრაინის კომპარტიის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი ორგანოს ჟურნალის, „მნათობის“ პირველი რედაქტორი იყო. 1929 წელს იყო უკრაინის კპ ცკ-ის მეორე მდივანი. 1931 წლის 11 სექტემბრიდან, 1931 წლის 14 ნოემბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა დასავლეთ ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, უკრაინაში. ბრალი დასდეს კონტრტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრობაში. 1937 წელს დაპაატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია 1956 წელს მოხდა.

ლავრენტი ბერია 

ლავრენტი ბერია

ლავრენტი ბერია

ლავრენტი ბერია (1899–1953) დაიბადა სოფ. მერხეულში, ქუთაისის გუბერნიაში. პოლიტიკური მუშაობა აზერბაიჯანის გასაბჭოებამდე დაიწყო.  თბილისში ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა ადგილობრივ „ჩეკას“ (საბჭოთა საქართველოს უშიშროების სამსახური). იყო მისი თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი თავმჯდომარე. მის დაწინაურებას ხელს უწყობდნენ მამია ორახელაშვილი, პეტრე აღნიაშვილი. 1931 წლის 14 ნოემბრიდან, 1932 წლის 18 ოქტომბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა, პირველი ვადით. ბერია უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართველი ინტელექტუალების და სხვათა წინააღმდეგ რეპრესიებს. 1938 წელს ბერია „ჩეკას“ (საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახური) უფროსად დანიშნეს. საბჭოთა კავშირის მარშალი იყო 1945 წლიდან. ამის შემდეგ ბერიას მდგომარეობა და გავლენა იზრდებოდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წელს ბერია დაიჭირეს შპიონაჟის ბრალდებით, ხალხის მოღალატედ გამოაცხადეს და სიკვდილით დასაჯეს.

პეტრე (პეტა) აღნიაშვილი 

პეტრე აღნიაშვილი

პეტრე აღნიაშვილი

პეტრე აღნიაშვილი (1896–1937) ქართული წითელი არმიის მეთაური იყო. 1918-1919 წლებში თერგის საბჭოთა რესპუბლიკის ჯარების ჯგუფის სარდალი (ხელმძღვანელობდა ვლადიკავკაზის თავდაცვას), 1925-1928 წლებში კი, მე-2 ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური იყო. 1932 წლის 18 ოქტომბრიდან, 1934 წლის 15 იანვრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. რეპრესირებული იყო 1937 წელს. შემდგომში მისი რეაბილიტაცია მოხდა.

ლავრენტი ბერია

ლავრენტი ბერიას 1934 წლის 15 იანვრიდან, 1938 წლის 31 აგვისტომდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა, მეორე ვადით.

კანდიდ ჩარკვიანი

კანდიდ ჩარკვიანი

კანდიდ ჩარკვიანი

კანდიდ ჩარკვიანი (1904–1994) დაიბადა ცაგერში, ქუთაისის გუბერნიაში. 1930 წლიდან კომპარტიის წევრი იყო. 1937 წელს გახდა საქართველოს ცკ განათლებისა და კულტურის სამმართველოს უფროსი. ჩარკვიანი წერდა ადგილობრივი გაზეთებისთვის. მისი სტატიები სტალინს მოსწონდა. 1937–1938 წლებში იყო საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის პირველი მდივანი. ამ პოსტზე მუშაობისას აქტიური როლი შეასრულა „ვეფხისტყაოსანის“ 750 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვაში. 1938 წლის 31 აგვისტოდან, 1952 წლის 2 აპრილამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. იგი სტალინის მხარდაჭერით დაინიშნა მაშინ, როდესაც მოსკოვში დაწინაურებულ ლავრენტი ბერიას საკუთარი კადრის დანიშვნა სურდა. ჩარკვიანის მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა საბჭოთა საქართველო, განხორციელდა არაერთი მნიშველოვანი პროექტი. ამავე დროს, 1944 წელს მის პერიოდში მოხდა მუსლიმი ქართველების დეპორტაციაც. 1952 წელს ჩარკვიანი ე.წ. მეგრელთა საქმეს შეეწირა. 1953–1958 წლებში ჩარკვიანი ქ. ტაშკენტში სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობდა. მას მხოლოდ 1958 წელს მისცეს საქართველოში დაბრუნების საშუალება. ამის შემდეგ, 1981–1988 წლებში ჩარკვიანი საქართველოს სსრ ეკონომიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. 1994 წელს თბილისში გარდაიცვალა. ჩარკვიანს არაერთი კვლევა, მონოგრაფია და გერმანული პოეზიის ქართულენოვანი თარგმანები აქვს გამოქვეყნებული.

აკაკი მგელაძე 

აკაკი მგელაძე

აკაკი მგელაძე

აკაკი მგელაძე (1910–1980) დაიბადა სოფ. მელექედურში, ქუთაისის გუბერნიაში. კომპარტიის წევრი იყო 1932 წლიდან. 1930–1938 წლებში აფხაზეთში მოღვაწეობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე, ასევე იყო საქართველოს სსრ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. 1938 წელს იყო რეპრესირებული და მერე რეაბილიტირებული. 1942–1943 წლებში ამიერკავკასიის ფრონტის შტაბში მუშაობდა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიიღო. 1943–1951 წლებში აფხაზეთში პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა. 1952 წლის 2 აპრილიდან, 1953 წლის 14 აპრილამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. 1940-იან და 1950-იან წლებში სტალინის უახლოეს გარემოცვაში იმყოფებოდა. 1950-იან წლებში იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრის, ლავრენტი ბერიას ოპონენტი. სტალინის გარადაცვალების შემდეგ მგელაძე მოხსნეს თანამდებობიდან და გარიცხეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის შემადგენლობიდან, შემდეგ კი დააპატიმრეს. მის მიმართ ბრალდებები ლავრენტი ბერიას დაკავების შემდეგ მოიხსნა. 1953–1973 წლებში წლებში იყო ბებნისის (ქარელის რაიონი) საბჭოთა მეურნეობის დორექტორი. 1973 წელს ედუარდ შევარდნაძემ ის თბილისში სამუშაოდ მიიწვია. 1973–1978 წლებში იყო საქართველოს სსრ საბჭოთა მეურნეობების ტრესტის მმართველი, საქართველოს სსრ აგრარულ-სამრეწველო-სავაჭრო გაერთიანების თავმჯდომარე, საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. მგელაძე 1980 წელს გარდაიცვალა.

ალექსანდრე მირცხულავა 

ალექსანდრე მირცხულავა

ალექსანდრე მირცხულავა

ალექსანდრე მირცხულავა (1911–2009) დაიბადა სოფ. ხორგაში, ქუთაისის გუბერნიაში. 1933 წელს იყო მცხეთის კპ პირველი მდივანი, 1935 წელს კი, ხონის კპ პირველი მდივანი. 1941–1947 წლებში აფხაზეთში პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის მინისტრთა საბჭოს მეთაურის რანგში. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერიას მხარდაჭერით მირცხულავას 1953 წლის 14 აპრილიდან, 1953 წლის 19 სექტემბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. 1953 წლის 20 სექტემბერს, პარტიიდან გარიცხეს. 1953–1980–იან წლებში სოფლის მეურნეობის სფეროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. მირცხულავა 1980 წელს პენსიაზე გავიდა, 2009 წელს კი, გარდაიცვალა.

ვასილ მჟავანაძე 

ვასილ მჟავანაძე

ვასილ მჟავანაძე

ვასილ მჟავანაძე (1902–1988) დაიბადა ქ. ქუთაისში. კომპარტიის წევრი იყო 1927 წლიდან. 1914–1924 წლებში ხონში მუშად მუშაობდა. 1924 წლიდან საბჭოთა არმიაში მსახურობდა. 1944 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო. 1945–1953 წლებში უკრაინაში სხვადასხვა სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი იყო. 1953 წლის 20 სექტემბრიდან, 1972 წლის 29 სექტემბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ლეონიდ ბრეჟნევს. 1972 წლის სექტემბრიდან პენსიაზე გავიდა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ე.წ. „ცეხავიკებისათვის“ ხელის შეწყობის საბაბით. მჟავანაძე 1988 წელს ქ. მოსკოვში გარდაიცვალა.

 ედუარდ შევარდნაძე 

ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე (1928–2014) დაიბადა სოფ. მამათში, ოზურგეთის მაზრაში. კომპარტიის წევრი იყო 1948 წლიდან. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961-1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე, 1965-1972 წლებში კი, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წლის 29 სექტემბრიდან, 1985 წლის 6 ივლისამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1992-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, 1995-2003 წლებში კი, საქართველოს პრეზიდენტი იყო. “ვარდების რეცოლუციის” შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა. შევარდნაძე 2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა.

 ჯუმბერ პატიაშვილი 

ჯუმბერ პატიაშვილი

ჯუმბერ პატიაშვილი

ჯუმბერ პატიაშვილი (1940) დაიბადა ლაგოდეხში. 1966 წლიდან საქმიანობდა კომკავშირში და კომპარტიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1985 წლის 6 ივლისიდან, 1989 წლის 14 აპრილამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. მის პერიოდში მოხდა 1989 წელს 9 აპრილი, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გადადგა. 1992–1995 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. შემდგომ წლებში იგი რამდენიმეჯერ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და ასევე მონაწილეობას იღებდა საპრეზიდენტო არჩევნებში.

გივი გუმბარიძე 

გივი გუმბარიძე

გივი გუმბარიძე

გივი გუმბარიძე (1945) დაიბადა ქ. თბილისში. განათლებით ფილოლოგი, 1969-1977 წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, ხოლო 1977-1983 წლებში საქართველოს კპ ცკ–ის აპარატის თანამშრომელი, 1983-1985 წლებში საქართველოს კპ ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი, 1988 წლის დეკემბრიდან საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 1989 წლის 14 აპრილიდან, 1990 წლის 7 დეკემბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა.

 ავთანდილ მარგიანი 

ავთანდილ მარგიანი

ავთანდილ მარგიანი

ავთანდილ მარგიანი (1945) დაიბადა მესტიაში.  1968-1971 წლებში იყო ლუდის ქარხნის ბრიგადირი, 1971-1977 წლებში კომბინატ „ელბრუსის“ ინჟინერი, შემდეგ მთავარი ინჟინერი, 1978-1980 წლებში ტრანსნავთობის ბაზის უფროსი, 1980-1989 წლებში კომპარტიის გარდაბნის რაიონის განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი, 1989-1990 წლებში კომუნისტური პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1990 წლის 7 დეკემბრიდან, 1991 წლის 19 თებრვლამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. 1992-95 წლებში ვიცე-პრემიერი და პარლამენტის დეპუტატი იყო.

ჯემალ მიქელაძე

ჯემალ მიქელაძე

ჯემალ მიქელაძე

ჯემალ მიქელაძე (1936) არის პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ძალოვან უწყებებში, მათ შორის იყო თბილისის შს სამმართველოს უფროსი (1976-1980), აჭარის ასსრ შს მინისტრი (1980-1987), საქართველოს შსს მინისტრის პირველი მოადგილე (1993-2000). 1991 წლის 20 თებერვლიდან, 1991 წლის 26 აგვისტომდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა.

 

საინტერესო ფაქტები

საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნების რაოდენობა: საბჭოთა საქართველოს არსებობის პერიოდში სულ 18 პირველი მდივანი იყო, მათ შორის ლავრენტი ბერია ორჯერ იყო ამ თანამდებობაზე.

ვინ როდის დაიბადა?

  • XIX საუკუნეში დაიბადა საქართველოს სსრ კპ ცკ 9 პირველი მდივანი
  • XX საუკუნეში დაიბადა საქართველოს სსრ კპ ცკ 9 პირველი მდივანი

ვინ იყო ყველაზე ხანმოკლე პერიოდით?: ლავრენტი ქართველიშვილი საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივანი 2 თვე და 3 დღე იყო.

ვინ იყო ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით?ვასილ მჟავანაძე საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივანი 19 წელი და 9 დღე იყო.

ვინ რამდენი წელი იყო პირველი მდივანი

Soviet Geo leaders

ვინ როგორ დაასრულა მოღვაწეობა:

  • 1937–1938 წლებში დახვრიტეს: მამია ორახელაშვილი, მიხეილ ოკუჯავა, ბესარიონ ლომინაძე, მიხეილ კახიანი, ლევან ღოღობერიძე, სამსონ მამულია, ლავრენტი ქართველიშვილი, პეტრე აღნიაშვილი.
  • 1953 წელს სიკვდილით დასაჯეს ლავრენტი ბერია.
  • 1952 წელს კანდიდ ჩარკვიანი ე.წ. მეგრელთა საქმის მიმდინარეობას შეეწირა.
  • 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ თანამდებობიდან მოხსნეს აკაკი მგელაძე.
  • 1953 წელს ლავრენტი ბერიას გარდაცვალების შემდეგ თანამდებობიდან მოხსნეს ალექსანდრე მირცხულავა.
  • 1972 წელს სახელმწიფო კორუფციისა და ე.წ. „ცეხავიკებისათვის“ ხელის შეწყობის საბაბით თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვასილ მჟავანაძე.
  • 1985 წელს ედუარდ შევარდნაძე სსრკ–ის საგარეო საქმეთა მინისტრად დააწინაურეს.
  • 1989 წელს 9 აპრილის მოვლენების გამო თანამდებობიდან გადადგა ჯუმბერ პატიაშვილი.
  • 1989–1991 წლებში, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების გამო, თანამდებობიდან გადადგნენ გივი გუმბარიძე, ავთანდილ მარგიანი და ჯემალ მიქელაძე.

 

სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:

  • ქართული ვიკიპედია, English Wikipedia, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ინტერნეტ წყაროები, მათ შორის https://burusi.wordpress.com, http://www.knowbysight.info/ და სხვ.

დატოვე კომენტარი