1985 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერი მის წინამორბედებთან შედარებით ახალგაზრდა და ენერგიული მიხეილ გორბაჩოვი გახდა, რომელმაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ლიბერალური რეფორმები წამოიწყო. რეფორმატორთა გეგმით „გარდაქმნასა“ და „საჯაროობას“ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გაჯანსაღება უნდა გამოეწვია.
გორბაჩოვის იმედები არ გამართლა: ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმები დაემხო, მოკავშირე რესპუბლიკებში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გააქტიურდა, გაღვივდა ეთნოკონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისი კი უფრო გაღრმავდა. გორბაჩოვით უკმაყოფილება გაიზარდა მმართველ კომუნისტურ ელიტაშიც, რომლის კონსერვატიულმა ნაწილმა ქვეყნის „გადასარჩენად“ გორბაჩოვის რეფორმების შეჩერება და საბჭოთა კავშირის არსებული ფორმით შენარჩუნება დაისახა მიზნად.

რა ხდებოდა პუტჩამდე
გორბაჩოვმა მალევე გაიაზრა, რომ საბჭოთა კავშირს არსებული ფორმით ვეღარ შეინარჩუნებდა, ამიტომ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის ფორმატი განეახლებინა. მისი აზრით, გამოსავალი ახალი სამოკავშირეო შეთანხმების გაფორმება იყო, რომლის ხელმოწერაზე რამდენიმე მოკავშირე რესპუბლიკა დაითანხმა. უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, საქართველომ, სომხეთმა და მოლდოვამ.
1991 წლის 14 აგვისტოს პრესაში გამოქვეყნდა „სუვერენული სახელმწიფოების კავშირის“ შექმნის შესახებ შეთანხმების პროექტი. გორბაჩოვის გათვლებით უნდა შექმნილიყო ფედერაცია, რომელიც ბევრად უფრო დეცენტრალიზებული გაერთიანება იქნებოდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. გორბაჩოვი მსგავსი ნაბიჯით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ფორმალური ერთიანების შენარჩუნებას იმედოვნებდა. მისი გეგმით, საბჭოთა კავშირი უნდა გარდაქმნილიყო თანასწორუფლებიანი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ფედერაციად, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა ერთიანი თავდაცვითი და საფინანსო პოლიტიკა. ამისთვის კი საჭირო იყო სამოკავშირეო შეთანხმების ხელმოწერა, ცენტრალური მმართველი აპარატისა და მისი პრეზიდენტის არჩევა. გორბაჩოვის მოწინააღმდეგეებისთვის ეს საბჭოთა კავშირის დასასრულს ნიშნავდა, რომლის შენარჩუნებასაც 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმზე საბჭოთა მოსახლეობის 76%-მა დაუჭირა მხარი. ახალი შეთანხმების ხელმოწერა 20 აგვისტოს მოსკოვში იგეგმებოდა. საჭირო იყო ხელმოწერის ჩაშლა.
როგორ დაიწყო პუტჩი
მომავალი პუტჩისტები 17 აგვისტოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ) მოსკოვის რეზიდენციაში შეიკრიბნენ, სადაც 20 აგვისტოს დაგეგმილი ხელმოწერისთვის ხელის შეშლის გადაწყვეტილება მიიღეს. პუტჩი 18 აგვისტოს დაიწყო, თუმცა ქვეყანამ ამის შესახებ მხოლოდ 19 აგვისტოს გაიგო.
18 აგვისტოს გორბაჩოვი ფოროსზე, ყირიმში მდებარე სამთავრობო აგარაკზე, ოჯახთან ერთად ისვენებდა. მას პირადად ჩააკითხა მისი ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი ბოლდინმა, სახმელეთო ჯარების მეთაურმა ვალენტინ ვარენიკოვმა, თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოლეგ ბაკლანოვმა და სუკ-ის მე-9 სამმართველოს უფროსმა იური პლეხანოვმა. მიუხედავად იმისა, რომ გორბაჩოვი ჯანმრთელობას უჩიოდა, იგი 20 აგვისტოს მოსკოვში ჩასვლას და ახალი შეთანხმების ხელმოწერას აპირებდა. პუტჩისტებმა გორბაჩოვს თანამშრომლობა და მათი მოთხოვნების შესრულება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. შედეგად გორბაჩოვი შინაპატიმრობაში აიყვანეს და იზოლაციაში მოაქციეს.

19 აგვისტოს გამთენიას კონსერვატორების ჯგუფმა, რომლებიც გორბაჩოვის რეფორმების პოლიტიკას არ იზიარებდნენ და ასევე არ ეთანხმებოდნენ ახალ სამოკავშირეო შეთანხმების პროექტს, შექმნეს სსრკ-ის საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტი, იგივე „გე-კა-ჩე-პე“ (ГКЧП). სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მოსახლეობამ ჯერ საკავშირო რადიოს ეთერიდან, შემდეგ კი საინფორმაციო პროგრამა „ვრემიადან“ დილის 6 საათზე შეიტყო. სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორმა მიიღო განკარგულება „ისე ემუშავა, როგორც კომპარტიისა და სახელმწიფოს გამოჩენილი მოღვაწეების დაკრძალვის დღეებში“.
დაგეგმილი გადაცემების მაგივრად სიმფონიური მუსიკა გაუშვეს, შემდეგ კი ჩაიკოვსკის „გედების ტბა“, რომელიც პუტჩის სიმბოლოდ იქცა. „გედების ტბა” ამ დღეს ისეც უნდა ეჩვენებინათ, ოღონდ საღამოს ეთერში და არა დილით. სხვა არხები, რომლებიც იმ პერიოდში უკვე არსებობდა, ან პირველი არხის სიგნალს ავრცელებდნენ, ან გათიშული იყო. საბჭოთა მოსახლეობამ შეიტყო, რომ გორბაჩოვი ავად იყო, მის მოვალეობას კი ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი შეასრულებდა. „ვრემიას“ ცნობით ექვსი თვით საგანგებო მდგომარეობა ცხადდებოდა და ქვეყნის მართვას ამ პერიოდისთვის იბარებდა სპეციალურად შექმნილი ახალი ორგანო – „გე-კა-ჩე-პე“.

„გე-კა-ჩე-პეს“ N1 გადაწყვეტილებით, შეჩერდა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, აიკრძალა მიტინგები. N2 გადაწყვეტილებით, სახელისუფლო და პარტიული გაზეთების გარდა, იკრძალებოდა ყველა გაზეთის გამოშვება. შეჩერდა თითქმის ყველა სატელევიზიო პროგრამა. თუმცა, იმ პერიოდში არსებული რამდენიმე მედია საშუალება გარე სამყაროს მოსკოვში მომხდარ ამბებს მაინც ატყობინებდა.
ვინ შედიოდა „გე-კა-ჩე-პეს“ შემადგენლობაში
კომიტეტი რვა გავლენიანი პარტიული და სახელმწიფო მოხელისგან შედგებოდა: საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი, პრემიერ-მინისტრი ვალენტინ პავლოვი, შს მინისტრი ბორის პუგო, თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვი, სუკ-ის თავმჯდომარე ვლადიმირ კრიუჩკოვი, თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოლეგ ბაკლანოვი, გლეხთა კავშირის თავმჯდომარე ვასილი სტაროდუბცევი, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სახელმწიფო საწარმოებისა და ობიექტების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ტიზიაკოვი. „გე-კა-ჩე-პეს“ ფორმალურ ლიდერად იანაევი ითვლებოდა, თუმცა, გადატრიალების სულისჩამდგმელი კრიუჩკოვი იყო. „გე-კა-ჩე-პეს“ წევრებს რამდენიმე საათში „პუტჩისტები“ უწოდა საბჭოთა რუსეთის ლიდერმა ბორის ელცინმა.

პუტჩისტებს სხვა მხარდამჭერებიც ჰყავდათ, თუმცა ისინი არ იყვნენ „გე-კა-ჩე-პეს“ წევრები. მაგ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვი და სახმელეთო ჯარების მეთაური ვალენტინ ვარენიკოვი. „გე-კა-ჩე-პეს“ შემადგენლობაში შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ ბესმერტნიხსაც შესთავაზეს, რომელმაც უარი თქვა, თუმცა მან არც თანამდებობა დატოვა. 28 აგვისტოს იგი გორბაჩოვმა გადააყენა.
სამხედრო ტექნიკის მობილიზება
19 აგვისტოს დილით სამხედრო ტექნიკამ მოსკოვის ცენტრისკენ მიმავალი საკვანძო მაგისტრალები დაიკავა და კრემლის მიმდებარე რაიონი ალყაში მოაქცია. 11:45 წუთისთვის რამდენიმე ათეული ტანკი რუსეთის სფსრ-ის მთავრობის სახლს მიახლოვდა. სულ მოსკოვში 4 ათასამდე სამხედრო იყო მობილიზებული. საჰაერო-სადესანტო ძალების დამატებითი ნაწილები გადაისროლეს ლენინგრადის, ტალინის, თბილისისა და რიგის შემოგარენში.
ტანკზე ამხედრებული ბორის ელცინი
პუტჩისტებს მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში გამოსვლებით უპასუხეს. მათ ლიდერად და აგვისტოს დღეების გმირად რუსეთის სფსრ-ის პრეზიდენტი ბორის ელცინი მოევლინა, რომელიც ორი თვით ადრე 57%-ით აირჩიეს პრეზიდენტად. რუსეთის სფსრ-ის მთავრობის სახლი წინააღმდეგობის შტაბად გადაიქცა. ელცინის მიერ გამოცემული ბრძანებით „გე-კა-ჩე-პე“ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასდა. ტამანის დივიზიის ტანკზე ამხედრებულმა ელცინმა მოქალაქეებს პუტჩისტებისთვის ღირსეული პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

პრეს-კონფერენცია
19 აგვისტოს ტელევიზიამ პუტჩისტების პრეს-კონფერენცია გადასცა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა. პირდაპირ ეთერში ჩანდა თუ როგორ ნერვიულობდნენ პუტჩისტები, იანაევს კი ხელები უკანკალებდა. „ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტმა ტატიანა მალკინამ პუტჩისტებს შეკითხვა დაუსვა: „გესმით თუ არა, რომ დღეს ღამით თქვენ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეთ?“. პუტჩისტების მთავარი სპიკერი იანაევი იყო, რომელმაც გორბაჩოვისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემაზე ილაპარაკა, ასევე ხაზი გაუსვა „გე-კა-ჩე-პეს“ კანონიერებას. იანაევმა გორბაჩოვი „მეგობრადაც“ მოიხსენია და ამტკიცებდა, რომ ისინი „ერთად კიდევ იმუშავებდნენ“.

პუტჩის მეორე დღე – 20 აგვისტო
მოსკოვში კომენდანტის საათი დააწესეს. გააქტიურდნენ პუტჩის მოწინააღმდეგეებიც, რომლებმაც რუსეთის სფსრ-ის მთავრობის სახლის თავდაცვითი რაზმები შექმნეს. 20 აგვისტოს ღამით სამხედროების პირველი ჯგუფი – სატანკო ასეული მაიორ ევდოკიმოვის მეთაურობით დემოკრატიული ძალების მხარეს გადავიდა.
მნიშვნელოვანი იყო, რომ საინფორმაციო ბლოკადა ვერ შედგა და მოსახლეობას შეეძლო ალტერნატიული ინფორმაციის მიღება.
21 აგვისტოს ღამე გვირაბში, სადაც სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა, სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა: დმიტრი კომარი, ვლადიმირ უსოვი და ილია კრიჩევსკი. სამხედრო ტექნიკის კოლონას სერგეი სუროვიკინი მეთაურობდა, რომელიც პრიგოჟინის ამბოხის პერიოდშიც გამოჩნდა.

პუტჩის მესამე დღე – 21 აგვისტო
მას შემდეგ რაც პუტჩისტებისთვის ნათელი გახდა, რომ საზოგადოების მასობრივი მხარდაჭერა არ იყო, 21 აგვისტოს დილით სამხედრო ტექნიკამ მოსკოვის დატოვება დაიწყო. მანამდე უშიშროების კომიტეტის დანაყოფებმა და „ალფას“ სპეცნაზმა უარი თქვეს თეთრი სახლის შტურმზე. 11 საათზე რუსეთის სფსრ-ის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესია დაიწყო. რუსეთის პრემიერ-მინისტრ ივან სილაევსა და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრ რუცკოის დაევალათ ყირიმში ჩასვლა და გორბაჩოვის გათავისუფლება. 22 აგვისტოს ТУ-134-ით გორბაჩოვი ოჯახთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა. საღამოს უკვე დაითხოვეს „გე-კა-ჩე-პე“. პუტჩისტების გორბაჩოვთან შეხვედრის მცდელობა უშედეგო გამოდგა.

„გამარჯვებულების მიტინგი“
22 აგვისტოს თეთრ სახლთან „გამარჯვებულების მიტინგი“ ჩატარდა, საღამოს კი აქვე რუსმა როკ-მუსიკოსებმა კონცერტი გამართეს, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „როკი ბარიკადებზე“. ამავე დღეს თეთრ სახლზე რუსეთის ახალი სამფეროვანი დროშა აღმართეს. რუსეთის სფსრ-ის კომპარტიამ კი საქმიანობა შეწყვიტა.
ამავე დღეს დემონსტრანტებმა საბჭოთა საიდუმლო პოლიციის დამფუძნებლის, ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი ჩამოაგდეს, რომელიც სუკ-ის შენობის წინ იდგა. ძეგლის ჩამოგდება პროტესტის გამოხატვის მნიშვნელოვანი ფორმა იყო, რადგან რკინის ფელიქსი რეპრესიული საბჭოთა სისტემის ერთ-ერთი სიმბოლო იყო.
რა ბედი ეწიათ პუტჩისტებს
„გე-კა-ჩე-პეს“ შვიდი წევრი და მათი მხარდამჭერი სახმელეთო ჯარების მეთაური გენერალი ვალენტინ ვარენიკოვი, სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ლუკიანოვთან ერთად, დააპატიმრეს. მათ ბრალი წარუდგინეს სახელმწიფო ღალატში. შსს მინისტრმა ბორის პუგომ ჯერ ცოლს ესროლა, რომელიც ჭრილობებისგან მეორე დღეს გარდაიცვალა, და შემდეგ თავი მოიკლა. პუგოს გარდა თავი მოიკლა მარშალმა სერგეი ახრომეევმა, გორბაჩოვის სამხედრო მრჩეველმა და პუტჩისტების მხრდამჭერმა, ასევე ნიკოლაი კრუჩინამ, რომელიც კომუნისტური პარტიის ადმინისტრაციულ საქმეებს განაგებდა.
1994 წლის 23 თებერვალს სახელმწიფო დუმის მიერ გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე პუტჩისტებმა საპატიმრო დატოვეს. ამნისტიაზე უარი თქვა მხოლოდ ვარენიკოვმა, რომელიც სასამართლომ გაამართლა.
რატომ დამარცხდა პუტჩი
პუტჩისტების მარცხი არაერთმა ფაქტორმა განაპირობა, პირველ რიგში, პუტჩისტებს აკლდათ გამბედაობა და არასწორად აფასებდნენ იმ რეალობის, რომელიც იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში იყო შექმნილი:
- პუტჩისტებს არ ჰქონდათ მასობრივი მხარდაჭერა არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ სამხედროებშიც. სამხედროებმა და სუკ-ის ოფიცრებმა უარი თქვეს თეთრი სახლის შტურმზე, მოსკოვის მილიციას კი არ შეუსრულებია პუტჩისტების ბრძანებები.
- ვერ დააკავეს ელცინი, რომელმაც თავის მხარდაჭერებთან მისვლა მოახერხა, რამაც მოსახლოების მობილიზებას შეუწყო ხელი.
- გორბაჩოვის რეფორმების შედეგად საზოგადოება აღარ იყო ძველებურად დამჯერი, რომელიც კრემლის ნებისმიერ ბრძანებას ბრმად შეასრულებდა. მოსახლეობა და განსაკუთრებით მოსკოველები ქუჩაში ათეულ ათასობით გამოვიდნენ ელცინის დასაცავად.
- პუტჩისტებს არ ჰქონდათ სარეზერვო გეგმა თუ რა უნდა ექნათ, თუ გორბაჩოვი მათთან თანამშრომლობაზე უარს იტყოდა.
- მედიის სრული კონტროლი ვერ განხორციელდა.
- პუტჩისტებს არ ეყოთ გამბედაობა ბოლომდე აეღოთ პასუხისმგებლობა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგათ.
დასავლეთის რეაგირება
პუტჩის პირველ დღეს ელცინი ესაუბრა დასავლეთის ლიდერებს და მათგან მხარდაჭერა მიიღო. 19 აგვისტოს საღამოსკენ ბუშმა შეშფოთება გამოთქვა საბჭოთა კავშირში მიმდინარე მოვლენების გამო და დაგმო „ძალის არაკონსტიტუციური გამოყენება“ და მხარი დაუჭირა ელცინის „მოწოდებას ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენის შესახებ“. ვაშინგტონი ეკონომიკური დახმარების შეწყვეტითაც დაიმუქრა, თუ არაკონსტიტუციური ქმედებები გაგრძელდებოდა. დახმარებაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმაც. 19-20 აგვისტოს მსგავსი განცხადებები გააკეთეს დასავლეთის ქვეყნების სხვა ლიდერებმაც.
რა მოხდა საქართველოში
მოკავშირე რესპუბლიკებში ბევრმა მომლოდინე პოზიცია დაიკავა. ისინი შეეცადნენ თავის განცხადებებში აქცენტი საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაზე გაეკეთებინათ და მოსკოვში მიმდინარე მოვლენების შესახებ მკვეთრი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ. მნიშვნელოვანი იყო ორი ყველაზე დიდი მოკავშირე რესპუბლიკის, უკრაინისა და ყაზახეთის ლიდერების განცხადებები, რომლებიც პუტჩის პირველ დღეს მოზომილი იყო, თუმცა მეორე დღეს უფრო „გე-კა-ჩე-პეს“ საწინააღმდეგო განწყობებს შეიცავდა. ყველაზე ღიად პუტჩისტების წინააღმდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და მოლდოვაში გამოვიდნენ.
საკამათოთ მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლების, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რეაგირება აგვისტოს მოვლენებზე. გამსახურდიას პირველი რეაქცია იყო, რომ მან მოქალაქეებს მოუწოდა შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა.
„გე-კა-ჩე-პეს“ N1 დადგენილების მეორე მუხლი მოითხოვდა „ხელისუფლებისა და მმართველობის იმ სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყონებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგებოდა სსრკ კონსტიტუციას და კანონებს“. პუტჩისტების ბრძანების შესრულება 19 აგვისტოს თბილისში ჩამოსულმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ შურალიოვმა გამსახურდიას პირადად მოსთხოვა. ამავე დღეს გამოქვეყნდა ბრძანებულება – „შინაგანი ძალების – საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, გვარდიას მიენიჭა „განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგაყონფილების“ სტატუსი და გაუქმდა გვარდიის სარდლის თანამდებობა. გვარდიის მეთაური თენგიზ კიტოვანი არ დაემორჩილა გამსახურდიას ბრძანებას და მომხრეებთან ერთად რკონის ხეობაში გამაგრდა, გამსახურდია კი მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა.
20 აგვისტოს გამსახურდიამ დასავლეთს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მხარდაჭერისკენ და დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა. გამსახურდიის მოწოდებაში უარყოფითად იყო შეფასებული პუტჩიც. თუმცა, გვარდიასთან დაკავშირებით გამსახურდიას გადაწყვეტილება გარკვეულ წრეებში „გე-კა-ჩე-პესთან“ დათმობად შეფასდა, რამაც განხეთქილება გამოიწვია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და შეიარაღებულ დაპირისპირებას შეუწყო ხელი. გამსახურდიამ გვარდიისთვის სტატუსის შეცვლა შექმნილ მწვავე მდგომარეობაში საბჭოთა იმპერიული ჯარების თავდასხმისგან მისი დაცვის აუცილებლობით ახსნა.
გამსახურდია ოპოზიციამ არაპრინციპულობასა და ეროვნული ინტერესების დათმობაში დაადანაშაულა. მას განუდგა გვარდიის დიდი ნაწილი, რომელმაც რამდენიმე თვეში ოპოზიციის ნაწილთან ერთად მონაწილეობა მიიღო კანონიერი ხელისუფლების დამხობაში.
რა მოხდა პუტჩის დამარცხების შემდეგ
პუტჩისტების მარცხმა საბჭოთა კავშირის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. გორბაჩოვის მცდელობების მიუხედავად კავშირის მოდერნიზების ვერცერთი გეგმა ვერ აღმოჩნდა მისაღები მოკავშირე რესპუბლიკებისთვის, რომელთა უმრავლესობამ მალევე დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე დაიწყო ფიქრი. 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ლიდერებმა ბელოვეჟის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რითაც საბჭოთა კავშირის დაშლა სიმბოლურად გაფორმდა.