მთავარი » რუსეთი » 1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისი: მივიწყებული ისტორია რომელმაც რუსეთი შეცვალა

1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისი: მივიწყებული ისტორია რომელმაც რუსეთი შეცვალა

1993 წლის შემოდგომაზე მოსკოვში განვითარებული მოვლენები მივიწყებული ამბავია, რომლის გახსენება რუსეთში არ სიამოვნებთ. ხელისუფლების ორ შტოს შორის დაპირისპირებამ, რომელიც შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაზრდილიყო, არანაკლები გავლენა მოახდინა რუსეთის ისტორიულ განვითარებაზე, ვიდრე 1991 წლის აგვისტოს პუტჩმა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ბედი განსაზღვრა. საკონსტიტუციო კრიზისმა (საკონსტიტუციო კრიზისს ასევე მოიხსენიებენ: „შავი ოქტომბერი“, „ოქტომბრის პუტჩი“, „ელცინის 1993 წლის გადატრიალება“, „თეთრი სახლის დახვრეტა“ და სხვ.) არა მარტო 1990-იანი წლების ქაოსს შეუწყო ხელი, არამედ, „პუტინიზმისთვისაც“ მოამზადა საფუძველი.

რა მოხდა 1993 წლის შემოდგომაზე?

საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და უმაღლესი საბჭოს (პარლამენტი) თავმჯდომარე რუსლან ხაზბულატოვს შორის რუსეთის სახელმწიფო მოწყობის საკითხზე განსხვავებული მოსაზრებების გამო წარმოქმნილი საკონსტიტუციო კრიზისი 1993 წლის 3-4 ოქტომბერს შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც „თეთრი სახლის“ (პარლამენტის შენობა) სატანკო იერიშით დასრულდა. ელცინი, რომელმაც 1991 წლის აგვისტოში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გაილაშქრა და პუტჩის მარცხი მისმა პირადმა გამბედაობამაც უზრუნველყო, 1993 წელს უკვე თავად უტევდა იარაღით ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს.

ორი ბანაკი

პრეზიდენტსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის დაპირისპირება რეფორმატორებსა და რეფორმის მოწინააღმდეგეებს შორის კონფლიქტად მოინათლა. ელცინის ბანაკში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა, ძალოვანი უწყებები, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი, თავდაცვის მინისტრი პაველ გრაჩევი, ეკონომიკური რეფორმების მთავარი იდეოლოგი, პირველი ვიცე-პრემიერი ეგორ გაიდარი (1992 წლის ივნის-დეკემბერში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა), ელცინის დაცვის უფროსი ალექსანდრ კორჟაკოვი.

ელცინის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყვნენ ხაზბულატოვი და რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ რუცკოი (1991 წლის 12 ივნისს პრეზიდენტ ელცინთან წყვილში აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად) და დეპუტატთა დიდი ნაწილი. ხაზბულატოვი და რუცკოი თავის დროზე ელცინის პოლიტიკის მხარდამჭერები იყვნენ. თუმცა, ისინი მალევე დაუპირისპირდნენ ელცინს. რუცკოიმ გააკრიტიკა ეგორ გაიდარის „შოკური თერაპია“. იგი ელცინს და მის გარემოცვას კორუფციაში ადანაშაულებდა. რუცკოი, რომელიც ანტიკორუფციულ საბჭოსაც ხელმძღვანელობდა, აცხადებდა, რომ ელცინის გარემოცვაზე „კომპრომატებით სავსე ჩემოდანი“ ჰქონდა. ასევე იგი წინააღმდეგი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის და ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერას აკრიტიკებდა, საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს კი შეთანხმების ხელმომწერების, მათ შორის ელცინის დაპატიმრების აუცილებლობაში არწმუნებდა. ელცინმა საპასუხოდ, რუცკოის უფლებამოსილებები შეუკვეცა. 1993 წლის სექტემბერში ელცინი რუცკოის კრემლში მის კაბინეტშიც აღარ უშვებდა, რის გამოც რუცკოი ხაზბულატოვმა პარლამენტის შენობაში შეიფარა.

ელცინის ბანაკში იყვნენ ლიბერალ-ტექნოკრატების ჯგუფი და პირველი თაობის დემოკრატები. ისინი პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდასა და ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარებას მოითხოვდნენ. ხაზბულატოვ-რუცკოის ბანაკში კი, სადაც ძირითადად დეპუტატები იყვნენ, ძალაუფლების სახალხო დეპუტატთა ყრილობისთვის შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს და ელცინის რადიკალური ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მათ მხარეს აღმოჩნდა რუსეთის პოლიტიკური კლასის ნაციონალ-პოპულისტური ფრთა, მათ შორის ბევრი კომუნისტი და ულტრანაციონალისტი იყო, რის გამოც ხშირად წერდნენ, „წითელ-ყავისფერ რევანშზე“.

როგორ ვითარდებოდა კრიზისი?

საკონსტიტუციო კრიზისის კულმინაცია 1993 წლის შემოდგომაზე იყო, თუმცა კრიზისს უფრო ღრმა ფესვები ჰქონდა და 1991 წლის აგვისტოს წარუმატებელი პუტჩის შემდეგ დაიწყო განვითარება, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო მოწყობის სისტემა შეიცვალა. დამოუკიდებელი რუსეთის სათავეში მოსულ ელცინს მმართველობის სისტემის შეცვლა სურდა, რაშიც მას დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ელცინმა სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარება განიზრახა. პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რამაც საზოგადოებაში განხეთქილების მუხტი გაზარდა და მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია. ელცინის რეფორმებმა მყისიერი შედეგები ვერ გამოიღო, რასაც კრიზისის გამწვავება და ძველი და ახალი ყაიდის პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

საინტერესოა, რომ ელცინის ძალაუფლების გაძლიერება სწორედ მისი მოწინააღმდეგეების დამსახურება იყო. 1990 წელს სწორედ „წითელ-ყავისფერმა“ პარლამენტმა აირჩია ელცინი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, რომელმაც 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს ელცინს რუსეთის პრეზიდენტის რანგში მხარი დაუჭრა პუტჩისტებთან დაპირისპირებაში, საწყის ეტაპზე ასევე მხარი დაუჭირა ელცინის ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების პროგრამასაც. 1991 წლის ნოემბერში ელცინმა ერთი წლის ვადით საგანგებო უფლებამოსილებაც მიიღო რეფორმების გასატარებლად, რამაც ნელ-ნელა უმაღლეს საბჭოსთან კონფლიქტის გაღვივებას შეუწყო ხელი. ორივე მხარე იწყებს ბრძოლას პოლიტიკური და ფინანსური რესურსების კონტროლისთვისაც.

1992 წლის ივნისში ელცინმა ახალგაზრდა რეფორმატორი, ლიბერალი ეკონომისტი ეგორ გაიდარი პრემიერ-მინისტრად წარადგინა. გაიდარი სწრაფი ეკონომიკური რეფორმების სულისჩამდგმელი იყო, რომელიც „შოკური თერაპიის“ სახელით არის ცნობილი. პარლამენტმა გაიდარის კანდიდატურას არ დაუჭირა მხარი. რის გამოც 1992 წლის დეკემბერში ელცინმა კომპრომისული ფიგურა – „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ჩერნომირდინი წარადგინა პრემიერად, გაიდარმა კი, ეკონომიკის საკითხებში მთავრობის მრჩეველის სახით, მთავარი რეფორმატორის მოვალეობა შეითავსა. 1993 წლის სექტემბერში გაიდარი პირველ ვიცე-პრემიერად დანიშნეს. ელცინს რეფორმების გატარებისთვის აბსოლუტური ძალაუფლება სჭირდებოდა, რაშიც ხელს უმაღლესი საბჭო უშლიდა, რომლის უმაღლესი ორგანო – სახალხო დეპუტატთა ყრილობა, გავლენიანი პოლიტიკური აქტორი იყო.

1993 წლის მარტში უმაღლესი საბჭოს მიერ ელცინის იმპიჩმენტის მცდელობა ჩავარდა. 1993 წლის 25 აპრილს რეფერენდუმზე კი რუცკოი-ხაზბულატოვის ჯგუფისთვის მოულოდნელად მოსახლოების უმრავლესობამ პრეზიდენტს ნდობა გამოუცხადა (58.7%) და უარი თქვა ხელახალ არჩევნებზე, მხარი დაუჭირა საბაზრო რეფორმებს (53%) და ასევე მხარი დაუჭირა სახალხო დეპუტატების ხელახლა არჩევას (67.2%).

კრიზისის ქრონოლოგია

ელცინის სატელევიზიო მიმართვა

საკონსტიტუციო კრიზისის კულმინაცია იყო 21 სექტემბერი – 5 ოქტომბრის მოვლენები. ელცინმა 21 სექტემბერს გამოაქვეყნა ბრძანება N1400 – „რუსეთის ფედერაციაში ეტაპობრივი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ.“ ბრძანების თანახმად იქმნებოდა სრულიად ახალი საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი – რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრება.

ამავე დღეს ელცინმა ბრძანება სატელევიზიო მიმართვის დროს გააცნო მოსახლეობას. იგი შეუძლებლად მიიჩნევდა საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობას. მისი შეფასებით, უმაღლესი საბჭო გადაიქცა „შეურიგებელი ოპოზიციის შტაბად“, რომელიც „რუსეთს უფსკრულისკენ მიაქანებდა“. ელცინმა დეკემბერში ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

პასუხი ელცინს

ელცინის გამოსვლიდან 30 წუთში ხაზბულატოვმა ტელევიზიაში ელცინის გადაწყვეტილებას „სახელმწიფო გადატრიალება“ უწოდა. მან მალევე შეკრიბა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელმაც ელცინისთვის უფლებამოსილების დაუყონებრლივ შეჩერების დადგენილება მიიღო. პარლამენტარებს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლომაც, რის საფუძველზეც იმავე დღეს უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება რუცკოის დააკისრა, 22 სექტემბერს კი უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესია მოიწვიეს, სადაც „რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო გადატრიალების“ საკითხი განიხილეს. სესიაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების რუცკოიზე გადაბარების გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.

22 სექტემბერს უმაღლესმა საბჭომ ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილებები განახორციელა. პარლამენტის შენობასთან უმაღლესი საბჭოს მხარდამჭერები იწყებენ შეკრებას, რომლის ბაზაზეც მოხალისეთა დანაყოფები იქმნება. ელცინის გუნდმა საპასუხოდ უმაღლესი საბჭოს შენობას სატელეფონო კავშირი და ელექტროენერგია გაუთიშა.

ელცინის ნაბიჯები

27 სექტემბერს ელცინმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის სუბიექტების აღმასრულებელი ორგანოები რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს – მთავრობას დაუქვემდებარა. 28 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან მისასვლელი გზების ბლოკირება განახორციელა მილიციისა და შს სამინისტროს ძალებმა, რომლებიც ელცინის დავალებებს ასრულებენ.

მოლაპარაკებები

კრიზისის მოგვარების მიზნით მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლ N1-ს, თუმცა შეთანხმება მალევე დაირღვა, რასაც იმავე დღეს ახალი მოლაპარაკების დაწყება მოჰყვა დანილოვის მონასტერში რუსეთის პატრიარქ ალექსეი II-ის შუამავლობით. ამჯერადაც უშედეგოდ.

პირველი შეტაკებები და სამხედროების მობილიზაცია

2 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს მომხრეებსა და მილიციას შორის შეტაკება მოხდა, რომელიც 3 ოქტომბერს უფრო ფართო დაპირისპირებაში გადაიზარდა. რუცკოიმ მომხრეებს მერიისა და „ოსტანკინოს“ ტელეანძის აღებისკენ მოუწოდა. დემონსტრანტებმა მალევე დაიკავეს მერიის რამდენიმე სართული და ტელეანძის შტურმი დაიწყეს, რომელიც წარუმატებელი იყო. ელცინმა მოსკოვში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რის შემდეგაც ქალაქში შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს შესვლა.

გადამწყვეტი იერიში

4 ოქტომბერს, დილის 7 საათიდან, დაიწყო თეთრი სახლის – პარლამენტის შენობის ეტაპობრივი განთავისუფლება. სამხედროები მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისროდნენ. შენობის ზედა სართულებს ტანკებიდან დაუშინეს, რასაც შენობაში პანიკა მოჰყვა. სახალხო დეპუტატებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. რუცკოიმ 10:30-ზე ელცინთან მოლაპარაკებები მოითხოვა, რომელმაც, თავის მხრივ, რუცკოის „სრული კაპიტულაცია“ მოსთხოვა. 15:30-ზე პარლამენტთან შეკრებილმა დეპუტატებმა წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს და შენობა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დატოვეს.

21 სექტემბერი – 5 ოქტომბრის მოვლენებს ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 160-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ზუსტი მონაცემები დღემდე უცნობია.

კრიზისის შედეგები

პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირება ელცინის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც გამარჯვების შემდეგ გააუქმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, დაშალა რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობა და უმაღლესი საბჭო. ახალი ორპალატიანი პარლამენტის – ფედერალური კრებისა და კონსტიტუციის მიღებამდე რუსეთში პირდაპირი საპრეზიდეტო მმართველობა დაწესდა.

1993 წლის 12 დეკემბერს რუსეთის ახალი კონსტიტუცია მიიღეს, სადაც აღარ არის ნახსენები სახალხო დეპუტატთა ყრილობა. პრეზიდენტის ძალაუფლება გაიზარდა და პრეზიდენტმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მასმედიისა და ფინანსების კონტროლის მეტი შესაძლებლობა მიიღეს.

1994 წლის 24 თებერვალს  სახელმწიფო დუმამ 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მოვლენების მონაწილეთა პოლიტიკური და ეკონომიკური ამნისტია გამოაცხადა. ოქტომბრის მოვლენებში ბრალდებული 16 ადამიანი, მათ შორის ხაზბულატოვი და რუცკოი საპატიმროდან 26 თებერვალს გაანთავისუფლეს.

ვის დაუჭირა მხარი დასავლეთმა?

1993 წელს დასავლეთმა ელცინს დაუჭირა მხარი. ელცინი მათ თვალში რუსეთის დემოკრატიული მომავლის იმედს განასახიერებდა მაშინ, როდესაც მისი მოწინააღმდეგეები საბჭოთა კავშირის რეინკარნაციას ესწრაფვოდნენ.  მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საბჭოც ლეგიტიმური ორგანო იყო და მისი დაშლა დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ელცინისადმი ნდობა მაღალი იყო.

ელცინს პარლამენტის შტურმიდან მეორე დღეს ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელმაც მხარი დაუჭირა ელცინს. ვაშინგტონისთვის ელცინი იმედი იყო, რომ რუსეთის ტრანსფორმაცია დემოკრატიულად მოხდებოდა. კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ელცინმა სახელმწიფო მდივან უორენ ქრისტოფერისგან, რომელიც მოსკოვს მალევე ეწვია. კლინტონის ადმინისტრაციისთვის ელცინი უალტერნატივო იყო და მზად იყო მისთვის ნებისმიერ ფასად დაეჭირა მხარი. დასავლეთის სხვა ლიდერების განცხადებები და ქმედებებიც ელცინის მხარდამჭერი იყო. ერთადერთი დიდი სახელმწიფო ჩინეთი იყო, რომელმაც ელცინს არ დაუჭირა მხარი.

ორი განსხვავებული შეფასება

1993 წლის მოვლენების შეფასებაში დღემდე არ არის კონსესუსი. საწყის ეტაპზე, ოფიციალური შეფასებით, ეს იყო ანტიდემოკრატიული პუტჩი, რომელიც წამოიწყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილმა და მისმა მომხრე სხვადასხვა ყაიდის რადიკალებმა, ე.წ. წითელ-ყავისფრებმა. რუცკოისა და ხაზბულატოვის შესაძლო გამარჯვება წარმოჩენილი იყო, როგორც ახალგაზრდა რუსული დემოკრატიის გარდაცვალებად და ტოტალიტარიზმისკენ დაბრუნებად. მას შემდეგ კი რაც ელცინის მოწინააღმდეგეები შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე გადავიდნენ, ელცინის მხრიდან ძალის გამოყენება გარდაუვალი იყო. ამ შეფასების მიხედვით, ელცინის გადაწყვეტილება შეიძლება არ იყო დემოკრატიისთვის იდეალური, მაგრამ პარლამენტის შტურმი ეს იყო „აუცილებელი ბოროტება“, რომელმაც უფრო უარესი აარიდა ქვეყანას.

განსხვავებული შეფასებით, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ელცინმა ძალისმიერი გზით ჩაიგდო ხელისუფლება და გაანადგურა ლეგიტიმური გზით არჩეული უმაღლესი საბჭო, რასაც  „რუსული დემოკრატიის გარდაცვალება“ მოჰყვა.

როგორ დაიწყო „პუტინიზმი“?

საკონსტიტუციო კრიზისის დასრულების შემდეგ  ელცინისა და მისი გუნდის გავლენა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროზე გაიზარდა. გამარჯვებისგან ეიფორიამ, როგორც ჩანს, ელცინს უბიძგა ჩეჩნეთში არსებული პრობლემები ძალისმიერი მეთოდებით მოეგვარებინა, რაც კრემლისთვის კრახით დასრულდა. ჩეჩნეთის პირველ ომში წარუმატებლობამ და ეკონომიკურმა ქაოსმა ელცინის პოლიტიკური გავლენა შეამცირა, რომელმაც ავადმყოფობის გამო, მართვის სადავეები მასთან დაახლოებულ კრემლის მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს გადააბარა.

ელცინის უახლოესი წრის, ე.წ. ოჯახის მიერ შერჩეულმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ – ვლადიმერ პუტინმა, 1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისის შედეგადად მიღებული ახალი კონსტიტუციით, რომელიც სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსს პრეზიდენტის სასარგებლოდ არღვევს, სრულად ისარგებლა და ერთპიროვნული მმართველობა ჩამოაყალიბა. გავრცელებული მოსაზრებით, „პუტინიზმსაც“ საფუძველი სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა.


დატოვე კომენტარი