„რონდელის ფონდის“ გამოცემაში – „ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოპოლიტიკა: ახალი საექსპორტო მარშრუტების ძიება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ”, განხილულია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნების – ყაზახეთისა და თურქმენეთის, ენერგოპოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები. გამოცემის ელექტრონული ვერსია, ინგლისურ ენაზე, იხილეთ „რონდელის ფონდის“ ვებგვერდზე.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ გლობალურ ენერგოპოლიტიკაში სერიოზული ცვლილებების პერიოდი დაიწყო. 2022 წლამდე ევროპის ქვეყნების ენერგომომარაგებაში რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა რუსულმა აგრესიამ დასავლეთის ქვეყნებს ნავთობისა და გაზის იმპორტის ალტერნატიული წყაროების ძიებისკენ უბიძგა, მათ შორის, ცენტრალურ აზიაშიც, რომელიც გეოგრაფიულად იზოლირებული რეგიონია და პირდაპირი კავშირი დასავლეთის ბაზრებთან არ აქვს. გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში დასავლეთის მიმართულებით, რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით, ალტერნატიული მარშრუტების განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნების ინტერესებშიც შედის. მოკლევადიან პერსპექტივაში, ალტერნატიული მარშრუტებიდან ყველაზე რეალისტური სამხრეთის ენერგოდერეფანია, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, დასავლეთის ბაზრებზე კასპიური რესურსების ტრანსპორტირებას უკვე უზრუნველყოფს. სტატიაში განხილულია თუ რა შეიცვალა ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოპოლიტიკაში 2022 წლის შემდეგ, რა გაკეთდა ნავთობისა და გაზის ტრასპორტირებისთვის ალტერნატიული მარშრუტების განვითარების მიმართულებით და ამ მხრივ რა გამოწვევები არსებობს.
ნავთობისა და გაზის მარაგები ცენტრალურ აზიაში
ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოდან ნავთობისა და/ან გაზის კომერციულად მნიშვნელოვან მარაგებს ყაზახეთი და თურქმენეთი და ასევე უზბეკეთი ფლობენ. რეგიონის ქვეყნებიდან ნავთობის ყველაზე დიდ მარაგებს ყაზახეთი ფლობს – მსოფლიო მარაგების 1.7% (30 მლრდ ბარელი), თურქმენეთსა და უზბეკეთს კი ნავთობის მცირე მარაგები აქვთ. რაც შეეხება გაზს, ამ მხრივ ყველაზე მდიდარი რეგიონული ქვეყანა თურქმენეთია, რომელიც მსოფლიო მარაგების 7.2% (13.6 ტრილიონი მ3) ფლობს. გაზის შედარებით მცირე მოცულობა აქვთ ყაზახეთს – 1.2% (2.3 ტრილიონი მ3) და უზბეკეთს – 0.4% (0.8 ტრილიონი მ3).
ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნავთობისა და გაზის საექსპორტო მარშრუტების განვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი და თურქმენეთი აღარ არიან მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულები და მილსადენებით ჩინეთსა და ირანშიც ახორციელებენ ენერგორესურსების ექსპორტს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ევროპაა, რომელიც ყველაზე სტაბილური და ეკონომიკურად მომგებიანი ბაზარია. ორმხრივი ინტერესის არსებობის მიუხედავად, რეგიონის გეოგრაფიული იზოლაცია ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი პროექტების განხორციელების კუთხით არაერთ შეზღუდვას აწესებს. დასავლურ ბაზრებთან დაკავშირება სხვა გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული.
არსებული სატრანზიტო მარშრუტები
ცენტრალურ აზიაში ნავთობისა და გაზის ექსპორტს ძირითადად ყაზახეთი და თურქმენეთი ახორციელებენ, უზბეკეთი კი ენერგორესურსებს ძირითადად შიდა მოხმარებისთვის იყენებს და შედარებით მცირე რაოდენობის ექსპორტისთვის, ძირითადად ჩინეთში, რუსეთსა და ყაზახეთში, მეზობელი ქვეყნების სატრანზიტო მარშრუტებს იყენებს. პოსტსაბჭოთა პერიოდში საექსპორტო მარშრუტზე მონოპოლია რუსეთს ჰქონდა, თუმცა ეტაპობრივად თურქმენეთმა და ყაზახეთმა ალტერნატიული მარშრუტებიც განავითარეს. ენერგორესურსების ექსპორტისთვის ყველაზე უსაფრთხო და ეკონომიკურად მომგებიანი სატრანსპორტო საშუალება მილსადენებია, თუმცა მილსადენების ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო, ყაზახური ნავთობის ექსპორტის სატრანსპორტო ჯაჭშვი ასევე გამოიყენება სარკინიგზო ტრანსპორტი და ტანკერები.
ცენტრალური აზიის ქვეყნები რამდენიმე საექსპორტო მარშრუტს იყენებენ, მათ შორის ყველაზე ძველი მილსადენის სისტემა „ცენტრალური აზია-ცენტრია“, რომელიც, ტექნიკური თვალსაზრისით, ევროპასთან ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ერთადერთი მილსადენის სისტემაა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ცენტრალური აზიის ქვეყნების გაზის ექსპორტისთვის გამოიყენებოდა. „ცენტრალური აზია-ცენტრი“ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ მილსადენების სისტემას უერთდება და შემდეგ უკრაინის გავლით ევროპის ქვეყნებს უკავშირდება. 2022 წლამდე ცენტრალურაზიური გაზის, ძირითადად თურქმენული და უზბეკური, ევროპაში ტრანსპორტირებისათვის ერთადერთი მილსადენის მარშრუტი აღნიშნული სისტემა იყო. თურქმენეთის მიერ ირანსა და ჩინეთთან დამაკავშირებელი გაზსადენების მშენებლობის შემდეგ, სისტემის მნიშვნელობა შემცირდა, თუმცა თურქმენეთი და რუსეთი პერიოდულად თანხმდებიან თურქმენული გაზის შესყიდვაზე, მაგრამ ამას არ აქვს სტაბილური თანამშრომლობის ფორმა. რუსეთის მიზანი, შედარებით იაფი თურქმენული გაზით ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდა იყო. თუმცა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ დასახული მიზნის მიღწევა გართულდა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპის ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთიდან და მისი ტერიტორიის გავლით გაზის იმპორტი შეამცირონ. მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საეჭვოა, რომ უახლოეს პერიოდში მილსადენი ცენტრალურაზიური გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის გამოიყენონ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მილსადენის სისტემის მნიშვნელობა დასავლეთისა და ცენტრალური აზიის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის შემცირდება. გასათვალისწინებელია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან უკრაინამ შეწყვიტა რუსული გაზის მის ტერიტორიაზე ტრანზიტი, 2027 წლისთვის კი ევროკავშირის გეგმა რუსულ ენერგორესურსებზე სრულ უარს ითვალისწინებს.
რუსეთის გავლენის შესამცირებლად თურქმენეთმა პოსტსაბჭოთა პერიოდში საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია დაიწყო. თურქმენეთისა და ირანის დამაკავშირებელი ქორფეჯე-ქორდქუის მილსადენი ქვეყნისთვის პირველი საექსპორტო მილსადენია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ გადის. მილსადენი 1997 წელს ამოქმედდა. 2010 წელს თურქმენეთ–ირანს შორის თანამშრომლობა გაფართოვდა და გაზსადენის კიდევ ერთი ხაზი (დევლეთაბადი-სარახსი-ხანგირანის მილსადენი) ამოქმედდა, რამაც დამატებითი გაზის ექსპორტის შესაძლებლობა შექმნა.
თურქმენეთისთვის სტრატეგიულად გაცილებით მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია – ჩინეთის გაზსადენი, რომელიც პირველი მილსადენია, რომლითაც თურქმენული გაზის ექსპორტი ჩინეთში განხორციელდა. მილსადენის საშუალებით ჩინეთი საკუთარ მზარდ ენერგომოთხოვნილებას უზრუნველყოფს, თურქმენეთი კი, გაზის ექსპორტის დივერსიფიკაციას ახდენს. 2009 წელს მილსადენის ამოქმედების შედეგად ჩინეთი თურქმენული გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა და ჩაანაცვლა რუსეთი. მილსადენით, თურქმენული გაზის გარდა, გარკვეული რაოდენობის უზბეკური და ყაზახური გაზის ტრანსპორტირებაც ხორციელდება.
რაც შეეხება რეგიონიდან ნავთობის ექსპორტს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობსადენი პოსტსაბჭოთა პერიოდში ყაზახეთში აშენებული პირველი მნიშვნელოვანი საექსპორტო მილსადენია, რომელიც რუსეთზე გადის, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტია და მის მართვაზე რუსულ მხარეს მონოპოლია არ აქვს. მილსადენი სრულად 2004 წლიდან ამოქმედდა. კონსორციუმის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია – „შევრონი“. მილსადენით დასავლეთ ყაზახეთში მდებარე საბადოებიდან (თენგიზი, კარაჩაგანაკი, კაშაგანი) მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება ქ. ნოვოროსიისკამდე (რუსეთი), საიდანაც ხდება ტანკერების ჩატვირთვა.
კასპიის მილსადენის კონსორციუმის მილსადენს საკვანძო ადგილი უკავია ყაზახეთის ენერგოპოლიტიკაში და ამიტომაც ყაზახური ნავთობის ექსპორტზე 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მხოლოდ 2024 წელს მილსადენით 63 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაშიც 584 ტანკერი მონაწილეობდა. სრული დატვირთვით მილსადენს 70 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია. მილსადენი ყაზახური ნავთობის ექსპორტის 2/3-ს უზრუნველყოფს, რაც დღიურად მსოფლიო მიწოდების 1%-ია. 2001-2024 წლებში მილსადენით 951 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. მილსადენების გარდა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, უფრო მცირე მოცულობით, სარკინიგზო მარშრუტებისა და ზღვის საშუალებითაც ხორციელდება.
რუსეთზე გავლენის შემცირებისა და ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში, ყაზახეთმა ჩინური ინვესტიციებით ყაზახეთ-ჩინეთის ნავთობსადენი ააშენა. ნავთობსადენის მშენებლობა 2009 წელს დასრულდა. ჩინეთი დაინტერესებულია, რომ თავისი ენერგოუსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ყაზახურ ნავთობის იმპორტის შესაძლებლობები გაზარდოს. ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესებულია ყაზახეთიც, რომელიც ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციას და საექსპორტო მოცულობის გაზრდას ცდილობს. ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მარშრუტების განვითარებით რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს.
რა შეიცვალა 2022 წლის შემდეგ?
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიების გავლით ენერგორესურსების ტრანსპორტირების გართულებამ და დასავლეთის მხრიდან არარუსულ ნავთობსა და გაზზე და მარშრუტებზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ, ყაზახეთს და თურქმენეთს დამატებითი საექსპორტო მარშრუტების განვითარებისკენ უბიძგა. მათი მთავარი მიზანია, რუსეთისგან დამოუკიდებლად განავითარონ ახალი სატრანსპორტო მარშრუტები, რომლებითაც ახალ ბაზრებს დაუკავშირდებიან. ამ შემთხვევაში ყველაზე მომგებიანი დასავლეთის ბაზრებზე გასვლაა, სადაც არარუსულ გაზზე მოთხოვნა მზარდია.
ყაზახეთის ქმედებები და სტრატეგია
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, მოსკოვმა ვერ მიიღო სასურველი მხარდაჭერა მოკავშირეებისგან, მათ შორის ყაზახეთისგან, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან თავს არიდებს რუსეთის სამხედრო აგრესიის ღია მხარდაჭერას. მოკავშირის დასჯის მიზნით მოსკოვმა აამოქმედა თავისი ტრადიციული საგარეოპოლიტიკური ინსტრუმენტი და თავისი სატრანზიტო როლი ყაზახეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოსახდენად გამოიყენა. კერძოდ, მოსკოვმა რამდენიმეჯერ შეაჩერა კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობსადენის მოქმედება. 2022 წლის 22 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნოვოროსიისკში მდებარე სამიდან ორი დანადგარი, რომელიც ტანკერებში ნავთობის ჩატვირთვას უზრუნველყოფს, შტორმის გამო დაზიანდა. ამავე დროს 15 ივნისს ნოვოროსიისკის პორტის აკვატორიაში კვლავ დაიწყეს „გეგმიური სამუშაოები“ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმების აღმოჩენის მიზნით, რის გამოც ათი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი დანადგარიდან შეიძლებოდა ტანკერში ნავთობის ჩატვირთვა. სამუშაოები კიდევ ათი დღით გაგრძელდა, თუმცა უკვე 5 ივლისს ახალი შეზღუდვა დაწესდა. რუსეთის სასამართლომ გარემოსდაცვითი მოტივით ნოვოროსიისკის პორტში 30 დღით შეაჩერა იმ საზღვაო ტერმინალის მუშაობა, საიდანაც ყაზახური ნავთობი ევროპის მიმართულებით მიდიოდა.
რუსეთის ზეწოლის გარდა ყაზახური ნავთობის ექსპორტს საფრთხეს უქმნის უშუალოდ სამხედრო მოქმედებებიც. მცურავი ნაღმები ტანკერების უსაფრთხოებას ემუქრება, უპილოტო საფრენმა აპარატებმა კი შეიძლება მილსადენის ინფრასტრუქტურაც დააზიანონ. 2025 წლის 17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საქაჩი სადგური დააზიანა, რომელმაც ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებას შეუქმნა პრობლემა. კასპიის მილსადენის კონსორციუმის ოპერატორის განცხადებით, დრონმა კრასნოდარის რეგიონის სამხრეთში კროპოტკინსკაიას სადგური დააზიანა. უკრაინულმა დრონებმა მანამდე რუსეთის არაერთი ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტი აქცია სამიზნედ, მათ შორის კრასნოდარის მხარეში, მაგრამ ეს იერიშე პირველი იყო, რომელმაც ის ობიექტი დააზიანა, რომელთანაც დასავლური ენერგოკომპანიებიც არიან დაკავშირებულებები.
კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებაში გახშირებულმა შეფერხებებმა და საომარი მოქმედებებით გამოწვეულმა უსაფრთხოების რისკებმა ყაზახეთი რეალური გამოწვევის წინაშე დააყენა. დადასტურდა, რომ მოსკოვმა სატრანზიტო ფუნქცია შესაძლოა ასტანაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის ნებისმიერ დროს გამოიყენოს, რაც საფრთხეს შეუქმნის ნავთობის დასავლურ ბაზრებზე ექსპორტს. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი უკვე ჩინეთის მიმართულებითაც უზრუნველყოფს ნავთობის ალტერნატიული მილსადენით ექსპორტს, დასავლური მიმართულება, კერძოდ კი კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობსადენი, ამ ეტაპზე ყაზახური ნავთობისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.
2022 წლის თებერვლიდან ყაზახეთმა აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ალტერნატიული მარშრუტების განვითარების მიმართულებით. ამას ხელი შეუწყო დასავლეთის მზაობამ უფრო მეტი ნავთობი და გაზი მიიღოს არარუსული წყაროებიდან. ორმხრივმა ინტერესმა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაც დააჩქარა. 2022 წლის 4 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ-ტოკაევი ტელეფონით ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელთანაც ალტერნატიული დერეფნების, მათ შორის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი), განვითარებაში თანამშრომლობაზე ისაუბრა. ტოკაევმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა გლობალური ენერგოკრიზისის რისკებთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვა ყაზახური ენერგორესრუსების პოტენციალი მსოფლიოსა და ევროპულ ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.
შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ, 2022 წლის 7 ივლისს, ტოკაევმა მთავრობას ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციაზე მუშაობა და კასპიის ზღვის გავლით მილსადენის მშენებლობის საკითხის შესწავლა დაავალა, რამაც საბოლოო ჯამში რუსეთის გვერდის ავლით ყაზახეთის ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოფს. ტოკაევის თქმით, კასპიის ზღვაზე საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ყაზახეთის მთავრობის „სტრატეგიული ამოცანაა“.
2022 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახურმა კომპანიებმა რუსეთის გვერდის ავლით ევროკავშირში ალტერნატიული მარშრუტების ტესტირება დაიწყეს, მათ შორის აქთაუს პორტიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ჯეიჰანის პორტის მიმართულებით. მსგავსი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობსადენით ტრანსპორტირების შეჩერებით და რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის რისკების გაზრდის გამო. რუსეთზე დაწესებული სანქციები ასევე საფრთხეს ქმნის რუსული პორტების გავლით არარუსული ენერგორესურსების ტრანზიტისთვისაც.
2022 წლის 7 ნოემბერს ტოკაევმა კასპიის ზღვის პორტებიდან, აქთაუ და კურიკი, წლიურად ნავთობის ტრანსპორტირების 20 მლნ ტონამდე გაზრდის განკარგულება გასცა. ტოკაევის განცხადებით, ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება მსოფლიო ბაზრებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ყაზახეთს, მოკლევადიან პერსპექტივაში, დასავლეთის ბაზრებზე ნავთობის ალტერნატიული მარშრუტებით ტრანსპორტირებისთვის ორი რეალური ვარიანტი აქვს: ყაზახეთის პორტებიდან ტანკერებით ან რკინიგზის ცისტერნებით ნავთობის ბაქომდე ტრანსპორტირება, საიდანაც შესაძლებელია ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და/ან ბაქო-სუფსის მილსადენებით ტრანსპორტირება.
ყაზახური და აზერბაიჯანული მხარეები ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობის გაზრდის შესახებ 2022 წლის თებერვლის შემდეგ რამდენჯერმე შეთანხმდნენ. 2022 წელს ყაზახურმა „ყაზმუნაიგაზმა“ და აზერბაიჯანულმა „სოკარმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით წელიწადში 1.5 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტის შესახებ. 2023 წელს ყაზახეთის აქთაუს პორტიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 1.39 მლნ ტონა ყაზახური ნავთობი გადაიზიდა, 2024 წელს კი – 1.4 მლნ ტონა.
ყაზახურ და აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის შეთანხმებას აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ 2024 წლის მარტშიც მოეწერა ხელი. საუბარია წელიწადში 2.2 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. 2025 წლის 15 იანვარს, „სოკარის“ შვილობილმა კომპანიამ „SOCAR Midstrem Operation LLC“-სა და „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილმა „KMG Trading“-ს შორის „კაშაგანის“ საბადოზე მოპოვებული 240 ათასი ტონა ნავთობის გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. 25 იანვარს ყაზახეთის აქთაუს პორტში ნედლი ნავთობი ტანკერზე დაიტვირთა, რაც დაახლოებით 6 ათას ტონას შეადგენდა. „ტვირთი აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალზე 27 იანვარს ჩავიდა, საიდანაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით მისი საბოლოო დანიშნულების პორტში ტრანსპორტირება მოხდა. პირველი პარტია ტანკერ „ტარაზით“ გადაიზიდა, რომელსაც ყაზახური კომპანია „KazMorTransFlot“ მართავს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წელს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების 20 მლნ ტონამდე გაზრდის შესახებ განაცხადა, რაც არსებულ რაოდენობასთან შედარებით ბევრად მეტია. თუმცა, „სოკარი“ სკეპტიკურად აფასებს მსგავსი რაოდენობის ტრანსპორტირების შესაძლებლობას. ნავთობის გაზრდილი მარაგების ტრანსპორტირებისთვის საჭირო იქნება კასპიის ზღვაში ტანკერების ფლოტის გაზრდაც. ასევე მთავარი გამოწვევაა კაშაგანის ნედლი ნავთობის ქიმიური შემადგენლობა, რომელიც გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს და აქთაუს პორტში ინფრასტრუქტურული შესაძლებობების გაზრდა. ამიტომაც, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირების შემდგომი მომგებიანობა დამოკიდებული იქნება ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, ფასების ოპტიმიზაციასა და ნედლი ნავთობის ქიმიური შემადგენლობის კორექტირებაზე.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გარდა, ყაზახეთი შედარებითი დაბალი გამტარუნარიანობის ბაქო-სუფსის მილსადენის გამოყენებასაც გეგმავს. ბაქო-სუფსის მილსადენი 2022 წლის გაზაფხულიდან პრაქტიკულად უფუნქციოდ არის. უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიისა და შავ ზღვაში მცურავი ნაღმების ფონზე ტანკერებისთვის გაზრდილია, როგორც უსაფრთხოების რისკები, ასევე დაზღვევის საფასური. ამის გამო, 2022 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, როდესაც კასპიური ნავთობით რამდენიმე ტანკერი ჩაიტვირთა. ყაზახეთი დაინტერესებულია, რომ ბაქო-სუფსის მილსადენი ამოქმედდეს და მასში ყაზახურმა ნავთობმა გაიაროს. მილსადენის გამოყენების შესახებ წინადადება ყაზახეთმა აზერბაიჯანისაგან 2022 წელსვე მიიღო, შემდეგ წლებში კი ამ თემაზე საუბარი გახშირდა.
2024 წლის იანვარში ბაქო-სუფსის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხი განხილული იყო ყაზახეთის ვიცე-პრემიერისა და ვაჭრობის მინისტრის, სერიკ ჟუმანგარინის მიერ. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს სურთ შექმნან ერთობლივი საწარმო ნავთობის ტრანსპორტირების დარგში. 2024 წლის მარტში ბაქოში ვიზიტის დროს „ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა, რომ „სოკარი“ მათი კომპანიისთვის მოამზადებს წინადადებას ბაქო-სუფსის მარშრუტთან და ტარიფებთან დაკავშირებით. საუბარია წლიურად 3 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალმასად სატკალიევის შეფასებით, ბაქო-სუფსის მილსადენს წლიურად 5 მლნ ტონის გატარება შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენით ყაზახური ნავთობის სატესტო გადაზიდვა უკვე განხორციელდა. ამ ეტაპზე, მილსადენი არ ფუნქციონირებს. ეკონომიკური თუ ფინანსური საკითხების გარდა მნიშვნელოვანი გამოწვევაა უსაფრთხოების რისკებიც. კერძოდ, სუფსის სიახლოვეს, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ოჩამჩირის პორტში, 2023 წელს გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსეთი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის კატერები 2009 წლიდან არიან, ამ ეტაპზე ჯერ მუდმივი ბაზირების პუნქტის არსებობა არ დასტურდება. თუმცა, მსგავსი განცხადება, გარკვეულ უსაფრთხოების რისკებს მაინც წარმოშობს და ნეგატიურ გავლენას ახდენს ბაქო-სუფსის მილსადენის სატრანზიტო პოტენციალზე. სუფსის ნავთობის ტერმინალი ოჩამჩირესგან, დაახლოებით, 85 კმ-ით არის დაშორებული.
ყაზახური ნავთობის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულებაც. ამ მხრივ, სამხრეთ კავკასიის ენერგოდერეფანის მიმართ ინტერესის გამოხატულებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში. 2025 წლის 6 თებერვალს კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო საქართველოს სატრანზიტო როლის გამოყენება და შუა დერეფნის განვითარება. საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების მოცულობის ზრდის პერსპექტივები გაფართოებული შეხვედრის დროსაც განიხილეს.
ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. 2025 წლის 17 თებერვალს ასტანაში ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი და უნგრეთის საგარეოეკონომიკური კავშირებისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება 2025 წელს რუსეთზე გამავალი „დრუჟბას“ მილსადენით ყაზახური ნავთობის უნგრეთში სატესტო ტრანსპორტირებაა. უნგრეთი ევროკავშირის იმ მცირე ქვეყნებს შორის არის, რომლებსაც ჯერ აქვთ უფლება რუსული ნავთობის იმპორტი მილსადენით განახორციელონ. თუმცა, ამ მარშრუტს სამხრეთ კავკასიაში გამავალ მარშრუტთან შედარებით, გაცილებით ნაკლები პოტენციალი აქვს.
თურქმენეთის ქმედებები და სტრატეგია
თურქმენეთს საექსპორტო მარშრუტები დივერსიფიცირებული აქვს. რუსეთის გარდა, თურქმენული გაზი იყიდება ირანსა და ჩინეთში, თუმცა მისთვის ყველაზე მომგებიანი დასავლეთის ბაზრებთან დაკავშირება იქნება. 2025 წლის 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ თურქმენეთი და თურქეთი შეთანხმდნენ ირანის გავლით თურქეთში გაზის ტრანსპორტირებაზე. ამის შესახებ ცნობილი გახდა თურქმენეთისა და ირანის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ. შეთანხმება გაზის მიწოდებას თურქმენულ „თურქმენგაზსა“ და თურქულ „ბოტაშს“ შორის 1 მარტიდან ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, თურქმენეთი გაზს მიაწვდის ირანს, რომელიც იგივე რაოდენობას შემდეგ მიაწვდის თურქეთს, რომელიც უკვე იღებს გაზს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. საწყის ეტაპზე წლიურად 2 მლრდ კუბური მეტრის ექსპორტი იგეგმება. თურქმენეთმა მსგავს კონტრაქტს ხელი მოაწერა 2024 წელსაც ირანთან, 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის ერაყში ტრანსპორტირების შესახებ.
თურქმენეთისთვის ყველაზე მომგებიანი მარშრუტი დასავლეთის მიმართულებაა, რომლის განვითარებაზეც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მუშაობდნენ. კასპიური გაზის პირდაპირ ევროპაში ტრანსპორტირება ერთ დროს უტოპიად გამოიყურებოდა, თუმცა 2020 წლიდან სამხრეთის გაზის დერეფანი რეალურად ამოქმედდა და ევროპის მილსადენის სისტემამ პირველად მიიღო აზერბაიჯანული გაზი მილსადენის ახალი სისტემით, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს სამხრეთ კავკასიის მილსადენს, ტრანსანატოლიისა და ტრანსადრიატიკის მილსადენებს. კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის შემთხვევაში თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსკასპიური პროექტის განხორციელებისთვის არაერთი წინაღობა არსებობს (გეოგრაფიული ბარიერი, კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნებს შორის შესაძლო სამართლებრივი დავა, ეკოლოგიური საკითხები, სატრანზიტო დერეფნის უსაფრთხოება, კონკურენტული მარშრუტები, ჩინეთის მზარდი ინტერესი რეგიონისადმი, სხვა ქვეყნების პოლიტიკური წინააღმდეგობა) სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დერეფნის სრულმასშტაბიანი ამოქმედება თურქმენული გაზის გატარებაზეც არის დამოკიდებული. ამიტომაც, გრძელვადიანი პერსპექტივაში პროექტი შეიძლება რეალობად იქცეს, თუმცა მარშრუტის მოკლევადიან პერიოდში ამოქმედება არარეალისტურად გამოიყურება. თურქმენეთსა და ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის გაღრმავების მზარდ ინტერესზე მიუთითებს 2025 წლის 4-6 მარტს ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ედუარდს სტიპრაისის (Eduards Stiprais), თანამდებობაზე დანიშვნიდან სამ დღეში, თურქმენეთში ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ელჩმა ენერგოსფეროში თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრა.
ტრანსკასპიური პროექტის გარდა, თურქმენეთ სხვა ალტერნატიულ გზებსაც ეძებს, მაგალითად, უკვე დაწყებულია მუშაობა TAPI-ის პროექტზე (თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის გაზსადენი), რომელიც ასევე ცნობილია ტრანს-ავღანური მილსადენის სახელით. მილსადენის მშენებლობა თურქმენეთში 2024 წელს დასრულდა და ამჟამად მილსადენის მშენებლობა ავღანეთში მიმდინარეობს. თუმცა, სრულ მარშრუტზე მილსადენის მშენებლობა შეფერხებულია რეგიონული გეოპოლიტიკის გამო და საეჭვოა, რომ TAPI-ის შეზღუდული ვერსიაც კი, რეგიონული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე მოკლევადიან პერიოდში განხორციელდეს.
ძირითადი დასკვნები
2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ცენტრალური აზიის ენერგორესურსებით მდიდარ ქვეყნებს დამატებითი ალტერნატიული მარშრუტების განვითარებისკენ უბიძგა. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთმა და თურქმენეთმა პოსტსაბჭოთა პერიოდში შეძლეს ალტერნატიული მარშრუტების განვითარება, უკრაინაში ომის შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ დადგა ისეთი მარშრუტების განვითარების აუცილებლობა, რომლებიც ნაკლებად იქნება რუსეთზე დამოკიდებული.
რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ესწრაფვიან ევროპის ქვეყნებიც, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების ერთ-ერთ ვარიანტად ცენტრალურაზიურ ნავთობსა და გაზსაც განიხილავენ, რომლის მიღების შესაძლებლობაც რუსეთის გვერდის ავლით არის შესაძლებელი.
მოკლევადიან პერსპექტივაში ყაზახური ნავთობის ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირება შესაძლებელია სამხრეთ კავკასიაში გამავალი მილსადენების (ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენები) საშუალებით, თუმცა შეზღუდული ინფრასტრუქტურის პირობებში, არსებული მარშრუტის სრულყოფილი გამოყენება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ყაზახური ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკვე არსებული მილსადენის სისტემის განვითარებისა და კასპიის ზღვაში მილსადენის მშენებლობის შემთხვევაში, რომელიც გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის შემთხვევაში, მხოლოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა. რაც შეეხება თურქმენულ გაზს, მისი ევროპისკენ ტრანსპორტირებაც მილსადენის სისტემის განვითარებასა და ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას მოითხოვს, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ იქნება რეალური. შესაბამისად, ცენტრალური აზიიდან დასავლეთის მიმართულებით ალტერნატიული მარშრუტების განვითარებისთვის გადამწყვეტია თავად ევროპის ქვეყნების აქტიურობა და მათი მხრიდან მეტი პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობა ტრანსკასპიური პროექტების განვითარებაში.