მთავარი » რუსეთი » რუსეთი: ვინ ქმნის „ქართულ“ პოლიტიკას

რუსეთი: ვინ ქმნის „ქართულ“ პოლიტიკას

Advertisements

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები აქტიურად ჩაერთნენ კრემლის საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის პროცესში. ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო, ამ ეტაპზე, აღნიშნული უწყებები უფრო მეტად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ აქტიურობენ. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანია საქართველოზე დაკარგული გავლენის აღდგენა, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ კი, არსებული გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება. აღნიშნულ სტატიაში საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის აღმასრულებული ხელისუფლების ორ ყველაზე აქტიურ სტრუქტურაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროზე, ვისაუბრებთ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს საკითხზე რამდენიმე უწყება მუშაობს. მათ შორის:

უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო

სამმართველო 2005 წლის მარტში დაფუძნდა. მას „კონტრრევოლუციურ სამმართველოდაც“ მოიხსენიებდნენ, „ვარდებისა“ და „ნარინჯისფერი“ რევოლუციების ფონზე, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული საქმიანობის გამო. სამმართველოს დაარსების ერთ-ერთი მიზანი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში პროდასავლური მთავრობების მოსვლისათვის ხელის შეშლა და მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი მთავრობების მხარდაჭერა. სამმართველო ცდილობდა „რბილი ძალის“ სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი შეეფერხებინა. დასახული მიზნების მისაღწევად ასევე მხარს უჭერდა სეპარატისტულ რესპუბლიკებსა და საქართველოში პრორუსული ძალების საქმიანობას.

2012 წლის მაისიდან სამმართველოს ვლადიმირ ჩერნოვი ხელმძღვანელობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში სამმართველოს როლი შესუსტდა. 2008 წლამდე კი, სამმართველო ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყება იყო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ „რბილი ძალის“ არაერთ კომპონენტს იყენებდა, საინფორმაციო კამპანიის წარმოებით დაწყებული, ლიტერატურული პრემიების გაცემით დამთავრებული.

დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო

სამმართველო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას უზრუნველყოფს. სამმართველო პასუხისმგებელია აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე და პერიოდულად პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის ანალიტიკურ მასალებსაც ამზადებს. 2013 წლის ოქტომბრიდან სამმართველოს ხელმძღვანელობს ოლეგ გოვორუნი, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი. გოვორუნი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ხშირი სტუმარია.

Govorun visits cxinvali

ოლეგ გოვორუნი ცხინვალში ხვდება „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს

 

პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამატებით შექმნილია პრეზიდენტის თანაშემწის პოსტი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში. თანაშემწის პოზიცია 2012 წლის მაისიდან ტატიანა გოლიკოვას ეკავა, რომელიც მოგვიანებით კონტროლის პალატის ხელმძღვანელად დაინიშნა. 2013 წლის სექტემბრიდან გოლიკოვა რუსული პოლიტიკის რუხმა კარდინალმა, ვლადისლავ სურკოვმა შეცვალა, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებდა. თუმცა, წლების განმავლობაში მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, მათ შორის, იგი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ვიცე-პრემიერი.

ვლადისლავ სურკოვი უშუალოდ მონაწილეობს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესებში. ცხინვალში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი ვიზიტის დროს სურკოვმა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო მთავრობის ზოგიერთი წევრი გააკრიტიკა, რასაც 2014 წელს სამთავრობო ცვლილებები მოყვა. სურკოვი უშუალოდ აკონტროლებს „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მხარდაჭერით მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და პერიოდულად სტუმრობს ცხინვალს.

Surkovis viziti cxinvalshi 1

ვლადისლავ სურკოვის ვიზიტი ცხინვალში, 2013 წლის დეკემბერი

სურკოვი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო 2014 წლის მაისში აფხაზეთში დაწყებულ შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესშიც. კრიზისის შედეგად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. იგი დე ფაქტო არჩევნების გზით საბჭოთა უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა და რუსეთისადმი ლოიალობით ცნობილმა, რაულ ხაჯიმბამ შეცვალა. სურკოვი 2014 წლის 25 სექტემბერს ხაჯიმბას ინაგურაციასაც ესწრებოდა. სურკოვი ასევე ესწრებოდა 2014 წლის 24 ნოემბერს, ქ. სოჭში, რუსეთ-აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქცია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოება და „რბილი ძალის“ გამოყენებით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენაა. 1990-იანი წლებიდან სამინისტროს მთავარი საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტი სამინისტროსთან არსებული საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის რუსული ცენტრი – როსზარუბეჟცენტრი იყო. ცენტრი 1994-2008 წლებში საქმიანობდა და საქართველოში სხვადასხვა ტიპის კულტურულ და ჰუმანიტარულ ღონისძიებებს აფინანსებდა.

Россотрудничества

2008 წლის 6 სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან მოკლე პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტროში როსზარუბეჟცენტრის მაგივრად ახალი უწყება ჩამოყალიბდა: დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტო. სააგენტოს დაფუძნების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესება იყო. სააგენტოს ხელმძღვანელად რუსეთის პოლიტიკური ელიტის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს საკითხებზე ხშირი მომხსენებლი, კონსტანტინ კოსაჩევი დაინიშნა. კოსაჩევს სამხრეთ ოსეთის „მეგობრობის ორდენიც“ აქვს მიღებული.

Kosachev

კონსტანტინ კოსაჩევი

სააგენტოს საქმიანობაში სამი ძირითადი მიმართულებაა: ჰუმანიტარული თანამშრომლობა, საზოგადოებრივი დიპლომატია და საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერა. საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის გამო, საქართველოში სააგენტოს საქმიანობა შეზღუდულია, თუმცა სააგენტო სხვადასხვა ღონისძიებებს აფინანსებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“.

 

 

Advertisements

2 კომენტარი

  1. […] 2005 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კუ… შეიქმნა. სამმართველოს საქართველოსა […]

    Like

  2. […] პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სამსახურების არსებობა ადასტურებს, რომელთა უშუალო […]

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: