მთავარი » უკრაინა » უკრაინის ისტორიის გადაფასება: ნაციონალისტური ისტორია საბჭოთა ისტორიოგრაფიის წინააღმდეგ

უკრაინის ისტორიის გადაფასება: ნაციონალისტური ისტორია საბჭოთა ისტორიოგრაფიის წინააღმდეგ

უკრაინა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. უკრაინული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ნაწილმა ზოგიერთი ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების როლის გადაფასება დაიწყო. საბჭოთა პერიოდში მოღალატეებად შერაცხული პოლიტიკური თუ სამხედრო ლიდერები უკრაინის ნაწილმა, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში, გმირებად აღიარა, მეორე ნაწილი კი, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ისტორიულ წარსულს კვლავ საბჭოთა ისტორიოგრაფიის პრიზმაში განიხილავს.

უკრაინაში ისტორიის გადაფასება/გადაწერის აქტიური პროცესი 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირში ცვლილებების ქარმა დაუბერა. ნაციონალისტურმა ძალებმა ალტერნატიული ისტორიის აღნიშვნა და საბჭოთა დღესასწაულების გაპროტესტება დაიწყეს. თავის მხრივ, ისტორიის გადახედვის მოწინააღმდეგეები, კვლავ საბჭოთა პრიზმაში განიხილავენ უკრაინის ისტორიას და ისტორიის გადახედვის მცდელობების წინააღმდეგ გამოდიან.

დღეისათვის ისტორიული აღქმები განსხვავებულია უკრაინის დასავლეთში, სადაც ნაციონალისტურად განწყობილი მოსახლეობა ცხოვრობს და თავს ევროპელად მიიჩნევს და აღმოსავლეთში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგიით და თანამედროვე რუსეთისადმი სიმპატიით გამოირჩევა.

დასავლეთ უკრაინაში წითელი დროშა არა ფაშიზმის დამარცხების, არამედ საბჭოთა ოკუპაციისა და სტალინური რეპრესიების სიმბოლოდ გადაიქცა. ასევე განსხვავებული აღქმებია მეორე მსოფლიო ომსა და „ჰოლოდომორთან“ მიმართებაში. უკრაინის ისტორიაში წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მოვლენებმა, რომელთა შესახებ ან არ იყო ინფორმირებული უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ან, განსხვავებულ შეფასებებს იცნობდა. მაგ. უკრაინის „განახლებულ“ ისტორიაში თავის ადგილს იმკვიდრებს კრუტის ბრძოლა, როდესაც კიევის მახლობლად, 1918 წლის 29 იანვარს, 500 კურსანტი, 20 ოფიცერი და 100 მოხალისე სტუდენტი და გიმნაზისტი, სამი დღე აკავებდა ოთხი ათასს წითელ არმიელს. 2009 წელს კონოტოპის ბრძოლის 350 წლისთავი აღნიშნეს, როდესაც კაზაკებმა ჰეტმან ივან ვიგოვსკის მეთაურობით რუსული არმია დაამარცხეს.

კონოტოპის ბრძოლა

კონოტოპის ბრძოლა

უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინელებს არაერთი მსგავსი ისტორიული ბრძოლისა და გმირის როლის გადაფასება უწევთ. აღნიშნულ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურასა და მოვლენას შევეხებით, რომელთა მიმართ უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.

ივან მაზეპა და პოლტავას ბრძოლა

ივან მაზეპა

ივან მაზეპა

დღევანდელ უკრაინაში ივან მაზეპას შესახებ სხვადასხვა შეფასებებს მოისმენთ: მოღალატე-იუდა, ბოროტი მოხუცი და მებრძოლი, დიპლომატი და მეცენატი, პოლიგლოტი და პოეტი, დონ ჟუანი და თავგადასავლების მაძიებელი. მაზეპა 1687-1708 წლებში  მოსკოვისა და რომანოვების სამეფო სახლის მხარდაჭერით მარცხენა სანაპიროს უკრაინას მართავდა. თავისი მმართველობის პერიოდში აშენებდა ეკლესიებს და მონასტრებს, ხელს უწყობდა განმანათლებლობას, სხვადასხვა პერიოდში იბრძოდა თათრების, თურქების, პოლონელებისა და შვედების წინააღმდეგ, ჩაახშო მარჯვენა სანაპიროსა და ზაპოროჟიეს კაზაკების გამოსვლები. სიცოცხლის ბოლო წლებში კი, თავისი მფარველის, პეტრე I დაუძინებელ მტერს, შვედეთის მეფე კარლ XII დაუჭირა მხარი. 1709 წლის 27 ივნისს, მაზეპა შვედებთან ერთად პოლტავას ბრძოლაში დამარცხდა. ღალატისათვის მაზეპა რუსულმა ეკლესიამ ანათემას გადასცა.

პოლტავას ბრძოლა

პოლტავას ბრძოლა

საბჭოთა უკრაინაში დამკვიდრებული მოსაზრებით, მაზეპა მოღალატე იყო, თუმცა უკრაინის დამოუკიდებლობის წლებში მაზეპა ახალი მითიური ფიგურა გახდა. დღეს მაზეპას საპატივსაცემოდ იმართება ფესტივალი „მაზეპა-ფესტ“, მას უდგამენ ძეგლებს, მის სახელს არქმევენ ქუჩებს, მაზეპას პორტრეტი გამოსახულია ეროვნულ ვალუტაზე – 10 გრივნიან კუპიურაზე. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან უკრაინის ნაციონალური იდეის შემოქმედნი მაზეპას დადებითი სახის ჩამოყალიბებას ცდილობენ. მათი მოსაზრებით, იგი არა მოღალატე, არამედ გმირია, რომელსაც უკრაინის დამოუკიდებლობა სურდა და ამ დამოუკიდებლობის მიღწევას კარლ XII კავშირით იმედოვნებდა.

ნაციონალისტურ წრეებში არიან მაზეპას კრიტიკოსებიც, რომელთა აზრითაც, იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურებოდა მოსკოვს, მკაცრად სჯიდა მათ, ვინც მის „პრომოსკოვურ“ პოლიტიკას არ იზიარებდა. მაგ. მაზეპამ დააპატიმრა სემენ პალია, მარჯვენა სანაპიროს უკრაინის ფაქტიური მმართველი (XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში), რომელიც სხვადასხვა პერიოდში მაზეპას მოკავშირეც იყო და მოწინააღმდეგეც. მაზეპამ პალია მოსკოვში გააგზავნა, საიდანაც იგი ტობოლსკში გადაასახლეს.

მაზეპას როლის გადახედვის პარარელურად შეიცვალა პოლტავას ბრძოლის შეფასებაც. რუსეთი და ასევე უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსები და პრორუსულად განწყობილი უკრაინელები, შვედების დამარცხებას რუსული იარაღის ტრიუმფად მიიჩნევენ. უკრაინელი ნაციონალისტები კი, პოლტავას ბრძოლას რუსეთის გამარჯვებად და უკრაინის ტრაგედიად აფასებენ. ნაციონალისტური ხედვით, პოლტავას ბრძოლით უკრაინის დამოუკიდებლობის იმედები დაიკარგა და ეს დღე უკრაინელთათვის ტრაგიკული დღეა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ პოლტავას ბრძოლის აღნიშვნა ჯერ კიდევ 1989 წელს გააპროტესტა ნაციონალისტურმა ორგანიზაცია „რუხმა“, რომელიც პოლტავას ბრძოლას კაზაკების გმირობად და ნაციონალისტურ ამბოხებად მიიჩნევდა.

ანტისაბჭოთა გმირები

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, თავისი მმართველობის მიწურულს, 2010 წელს, საბჭოთა პერიოდში მოღალატეების სახელით ცნობილ სტეპან ბანდერასა და რომან შუხევიჩს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდებები მიანიჭა, უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და უკრაინის მეამბოხეთა არმიის ქმედებები კი, დადებითად შეაფასა და არაერთხელ აღნიშნა მათი როლი უკრაინული სახელმწიფოს მშენებლობაში.

2010 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ, ბანდერასათვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭება უკანონოდ ცნო დონეცკის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ. სარჩელი დონეცკელმა იურისტმა  ვლადიმირ ოლენცევიჩმა შეიტანა. მისი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ბანდერა არ იყო უკრაინის მოქალაქე, იგი დაიბადა ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში და უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე გარდაიცვალა. ბანდერასათვის ჩამორთმეული გმირის სტატუსის აღდგენა 2015 წელს ნაციონალისტურმა პარტია „თავისუფლებამ“ მოითხოვა.

სტეპან ბანდერა

სტეპან ბანდერა

სტეპან ბანდერა

სტეპან ბანდერა თანამედროვე უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ურთიერთგამომრიცხავი ისტორიული ფიგურაა. ბანდერა საბჭოთა კავშირისა და პოლონეთის იმ ტერიტორიებზე, სადაც უკრაინელები ცხოვრობდნენ, ერთიანი უკრაინული სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა. გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმიდან მოკლე პერიოდში, ბანდერამ ლვოვში დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს შექმნის შესახებ გამოაცხადა. ბანდერას ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტებმა იგი დააპატიმრეს და საკონცეტრაციო ბანაკში გააგზავნეს. მას სტალინის აგენტს უწოდებდნენ. 1944 წელს ბანდერა გაანთავისუფლეს. მან გერმანიის მხარდაჭერით საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. იგი 1959 წლის 15 ოქტომბერს მიუნხენში, სუკ-ის აგენტმა, ბოგდან სტაშინსკიმ მოკლა სპეციალური პისტოლეტიდან გასროლით (კაპსულები კალიუმის ციანიდით იყო დატენილი).

ბანდერა მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ბევრი უკრაინელის, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში მცხოვრებთა აზრით, იგი იბრძოდა, როგორც ნაცისტების, ასევე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ამიტომ იგი გმირი და თავისუფლებისათვის მებრძოლია. ნაციონალისტური ხედვით, ბანდერა XX საუკუნეში უკრაინული ეროვნული მოძრაობის იდეოლოგიაა. 2009 წელს უკრაინაში ბანდერას წელიც კი აღნიშნეს.

რუსეთისა და პრორუსულად განწყობილი საზოგადოებისათვის ბანდერა ტერორისტი და სამშობლოს მოღალატეა. ამ შეფასების მომხრეები ბანდერასა და მის ორგანიზაციას საბჭოთა ისტორიული მეცნიერების პრიზმაში განიხილავენ. მათი შეფასებით, ბანდერა და უკრაინელი ნაციონალისტები ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ და მის სადამსჯელო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბანდერას „ჰიტლერის თანამზრახველი“ უწოდა.

ვოლინის ჟლეტა

ვოლინის ჟლეტა

ბანდერას შესახებ ნეგატიური შეფასებაა გავრცელებული პოლონეთშიც. პოლონელები ბანდერას და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას ბრალს სდებენ „ვოლინის ჟლეტაში“, რომლის დროსაც დასავლეთ უკრაინაში ათასობით ეთნიკური პოლონელი დაიღუპა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე განცხადებაც კი გაავრცელა და 1943-44 წლების ვოლინის მოვლენებთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებები გაიზიარა. საინტერესოა, რომ 1934 წელს პოლონეთმა ბანდერა პოლონეთის შს მინისტრის მკვლელობაში მონაწილეობისათვის გაასამართლა.

რომან შუხევიჩი

რომან შუხევიჩი

რომან შუხევიჩი

რომან შუხევიჩი უკრაინის მეამბოხეთა არმიის ხელმძღვანელი იყო და ნაციონალისტურ წრეებში იგი უკრაინის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირად ითვლება. შუხევიჩი 1950 წელს, ლვოვთან ახლოს, შს სამინისტროს სპეციალურ დანაყოფთან ბრძოლისას დაიღუპა. შუხევიჩის მოწინააღმდეგები აცხადებენ, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად თანამშრომლობდა ნაცისტებთან და გასცემდა ბრძანებებს დასავლეთ უკრაინაში ებრაელების, ბოშებისა და საბჭოთა სამხედრო ტყვეების დახვრეტის შესახებ. შუხევიჩის მომხრეების განცხადებით კი, ეს იყო საბჭოთა პროპაგანდა, რომლის მიზანიც იყო უკრაინელი პარტიზანების სახელის შებღალვა, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

 

უკრაინულ საზოგადოებაში ქვეყნის ისტორიული წარსულის შესახებ რადიკალურად განსხვავებული ორი ხედვის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ უკრაინული ერისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული განსხვავებული ისტორიული ხედვები შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, მეზობელ ქვეყნებთან  (რუსეთი, პოლონეთი)დაპირისპირებასაც უწყობს ხელს. არსებულ ვითარებაში კი, მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიულ წარსულზე არა მხოლოდ შიდა უკრაინული კონსენსუსის, არამედ საერთო ისტორიით დაკავშირებულ მეზობელ სახელმწიფოებთან, მეტნაკლებად, ყველა მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის ისტორია, თავისი ახალ აღმოცენებული გმირებითა თუ მოღალატეებით, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში დამატებითი ბარიერი იქნება.

 

 


%(count)s კომენტარი

  1. […] განვითარების შედეგია. დღეისათვის უკრაინის ისტორიულ წარსულზე  და პოლიტიკურ მომავალზე […]

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: