უზბეკი „პრინცესა“, დიპლომატი, დიზაინერი, ბიზნესმენი, იუველირი, მომღერალი, პოეტი – ყველა ეს ერთი ადამიანი, უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილი, გულნარა კარიმოვაა. ერთ დროს პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრედ მიჩნეული გულნარა, დღეს შინაპატიმრობაში იმყოფება, რომელსაც აღარც საკუთარი ოჯახი წყალობს და არც საერთაშორისო მედია და სამართალდამცავები. სტატიაში უზბეკი „პრინცესის“ ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს და ამჟამინდელ მდგომარეობას განვიხილავთ.
ადრეული წლები და ჰარვარდის განათლება
გულნარა დაიბადა ფერღანაში, 1972 წელს. იგი უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილია. ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვამდე გულნარამ უზბეკურ და უცხოურ უნივერსიტეტებში ყველა საფეხურის განათლება მიიღო. 1989-1994 წლებში ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკურ ფაკულტეტზე ბაკალავრის დიპლომი აიღო. სწავლის პერიოდში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში თარჯიმნობით, პირველი საკუთარი შემოსავალი მიიღო. ამავე დროს, 1992 წელს, ნიუ-იორკის ტექნოლოგიის მოდის ინსტიტუტში საიუველირო დიზაინის კურსები დაამთავრა. მისი გატაცება ბრილიანტის ბეჭდების დამზადებაა.
1994-1996 წლებში უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ამავე დროს, 1995-1996 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების დეპარტამენტში ანალიტიკურ ანგარიშებს ამზადებდა.
1997 წელს უზბეკეთის ნაციონალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. მისი დისერტაციის თემა იყო „უზბეკეთის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება“.
1998-2000 წლებში გულნარამ ჰარვარდის უნივერსიტეტში რეგიონულ კვლევებში მაგისტრის დიპლომი, 2001 წელს კი, მსოფლიო ეკონომიკისა და დიპლომატიის უნივერსიტეტში, ტაშკენტში, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი მიიღო.
წარმატებული დიპლომატი
მამის მხარდაჭერით, გულნარამ დიპლომატიური კარიერა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, სადაც 1995-1997 წლებში მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა. 2000-2003 წლებში გაერო-ში უზბეკეთის მისიაში, 2003-2005 წლებში კი, მოსკოვში უზბეკეთის საელჩოში მუშაობდა. 2005-2008 წლებში კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდა მრჩევლის რანგში. 2008 წელს გულნარა მინისტრის მოადგილე გახდა. იგი კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას კურირებდა. იმავე წელს იგი ჟენევაში, გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში უზბეკეთის მუდმივი წარმომადგენელი, 2010 წელს კი, უზბეკეთის ელჩი გახდა ესპანეთში.
დიპლომატის სტატუსი გულნარას დასავლეთის ქვეყნებში გადაადგილებისას ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის სასამართლო გამოძიებას აწარმოებდა.
დიპლომატიური კარიერის პარარელურად გულნარა ანალიტიკურ საქმიანობასაც განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდა. 2005 წელს პოლიტიკური კვლევების ცენტრი დაარსა, რომელიც უზბეკეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა.
„ნიჭიერი“ბიზნესმენი
გულნარა უზბეკეთის ბიზნესის სექტორში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა. საკუთარი სტატუსის წყალობით, მან ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვს და სიღარიბეში ცხოვრობს, ყველაზე მდიდარი ქალბატონი გამხდარიყო. მედიაში არსებული ინფორმაციით, შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანია „Zeromax“, სადაც გულნარას მთავარი სიტყვა ეთქმოდა, უზბეკეთის ეკონომიკის ყველა მომგებიან სექტორს აკონტროლებდა, მათ შორის გაზის, ნავთობისა და ოქროს მოპოვების სექტორს. თავის ბიზნეს-ინტერესებს იგი ახორციელებდა, როგორც პირდაპირი ჩარევის გზით, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის საშუალებით.
გულნარას ასევე ეკუთვნოდა უზბეკეთში მოქმედი ღამის კლუბებისა და რესტორნების ქსელი, ტურისტული სააგენტო, ცემენტის ქარხანა, მობილური კავშირის კომპანია. ბიზნეს-ინტერესები ჰქონდა საინვესტიციო ჰოლდინგებში დუბაისა და ჟენევაში.
გულნარა ასევე აკონტროლებდა მედია ჰოლდინგ „ტერას“, სადაც შედიოდა ჟურნალი, რადიოსადგური, ხმისჩამწერი კომპანია, ტელევიზია.
დიზაინერი და მომღერალი გუგუშა
გულნარას მრავალფეროვანი ინტერესები აქვს. იგი გატაცებულია ტაიკვანდოთი და კარატეში შავი ქამრის მფლობელია.
მისი ერთ-ერთი გატაცება მოდის დიზაინია. იგი ხშირად მოდის კვირეულის ორგანიზატორი იყო, სადაც საკუთარ კოლექციას წარმოადგენდა. 2010 წელს მისი მოდის ხაზი „გიული“, ნაციონალური უზბეკური ელემენტებით, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე იყო წარმოდგენილი. 2012 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გულნარა სკანდალში გაეხვია. მისი ჩვენება მას შემდეგ აიკრძალა, რაც ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს გულნარას კავშირებზე მამამისის მთავრობასთან და მის ქმედებებთან, რაც, მათ შორის, ბავშვთა იძულებით შრომას უკავშირდებოდა. ორგანიზაციების შეფასებით, 2 მლნ უზბეკი ბავშვი, ყოველწლიურად, ორი თვის განმავლობაში, იძულების გზით მონაწილეობს ბამბის მოსავლის აღებაში, რომელსაც გულნარა საკუთარი მოდის სახლის პროდუქციის წარმოებისათვის იყენებდა.
2009 წელს გულნარამ საკუთარი სპეციალური საიუველირო კოლექცია „გიული ჩოპარდისათვის“ წარმოადგინა, რომელიც შვეიცარიული კომპანია „Chopard”-სთვის შეიქმნა.
გულნარა ასევე წერს ლექსებს და მღერის. მისი საესტრადო ფსევდონიმია გუგუშა. ამ სახელით მოიხსენიებდა გულნარას მამა ბავშვობაში. მისი შემოქმედების გაცნობა შესაძლებელი იყო სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, რომელიც ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.
2009 წელს გულნარას ინიციატივით, ხელოვნების ფესტივალის ეგიდით, უზბეკეთში სტინგმა კონცერტიც ჩაატარა. თავად გულნარამ პირველი კლიპი 2006 წელს ჩაწერა. მას დუეტი აქვს ჩაწერილი ესპანელ მომღერალ ხულიო იგლესიასთან და ფრანგ მსახიობ ჟერარდ დეპარდიესთან.
ოჯახური დრამა – ბრძოლა შვილებისათვის
გულნარას ქორწინება უზბეკურ-ავღანური წარმოშობის აშშ-ს მოქალაქე მანსურ მაქსუდისთან 1991-2001 წლებში გაგრძელდა. მათ ერთმანეთი ტაშკენტში, გულნარას დაბადების დღეზე გაიცნეს. პრეზიდენტის სიძის სტატუსმა მანსურის ბიზნესის წარმატებას შეუწყო ხელი. იგი წლების განმავლობაში უზბეკეთში „Coca-Cola”-ს ფილიალს ხელმძღვანელობდა.
გულნარას და მანსურის ორი შვილი შეეძინათ, 1992 წელს ნიუ-იორკში დაიბადა ვაჟი, ისლამი, ხოლო 1998 წელს ტაშკენტში დაიბადა ქალიშვილი, იმანი. მას შემდეგ, რაც მათ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა, 2001 წლის ივლისში გულნარამ ორივე შვილთან ერთად აშშ დატოვა და უზბეკეთში დაბრუნდა. უზბეკმა მოსამართლემ გულნარას განქორწინების მოთხოვნა დააკმაყოფილა. აშშ-ს სასამართლომ კი, ბავშვების მეურვეობა მანსურს დააკისრა, რასაც გულნარა არ დაემორჩილა. შედეგად გულნარას დაპატიმრებაზე განკარგულება გაიცა და მასზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა.
აშშ-ს სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, უზბეკეთში მანსურის დაკავების განკარგულება გაიცა. ზოგი მისი ახლობელი დააპატიმრეს, მისი მშობლები კი, იძულებულნი გახდნენ უზბეკეთი დაეტოვებინათ. მანსურს ასევე ჩამოართვეს ბიზნეს-აქტივები, მათ შორის „Coca-Cola”. განქორწინების შედეგად, გულნარას დარჩა 4.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა, ჟენევისა და დუბაის ბანკებში ანგარიშზე 11 მლნ აშშ დოლარი, 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სავაჭრო კომპლექსი და 4 მლნ აშშ დოლარის ღამის გასართობი ინდუსტრია.
2003 წელს ნიუ-ჯერსის შტატის სასამართლომ გულნარას ყოფილი მეუღლისათივს 3.2 მლნ აშშ დოლარი გადახდა და შვილების აშშ-ში გამგზავრება დააკისრა. მრავალწლიანი დავის შემდეგ, 2008 წელს, ნიუ-ჯერსის სასამართლომ ბავშვებზე მეურვეობა სრულად მიანიჭა გულნარას.
მანსურთან განქორწინების შემდეგ გულნარა ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2003 წელს იგი სადიკ საფიევზე დაქორწინდა, რომელიც უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. უფრო გვიან გავრცელებული ინფორმაციით კი, გულნარა ქორწინებაში იმყოფებოდა მის შეყვარებულთან, მომღერალ რუსტამ მადუმაროვმთან.
„ჯადოქრები“ გულნარას წინააღმდეგ
ლოლა ისლამ კარიმოვის უმცროსი ქალიშვილია, რომელსაც გულნარასთან დიდი ხანია აღარ აქვს ურთიერთობა. დებს შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო. 2013 წლის სექტემბერში ლოლამ წერილობითი ინტერვიუ მისცა BBC-ს, სადაც მან განაცხადა, რომ საკუთარ დასთან კავშირი უკვე 12 წელზეა მეტია არ აქვს. მისი განცხადებით, მათ არც ოჯახური და არც მეგობრული კავშირები აქვთ.
ლოლა ამჟამად UNESCO-ში უზბეკეთის მუდმივი წარმომადგენელია და წლებია ჟენევაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ლოლა მეორე ქორწინებაში იმყოფება ტიმურ ტილიაევთან, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ბიზნესმენია.
2013 წელს გულნარამ თავის დას „ჯადოქრობაში“ დასდო ბრალი და ჯადოქრული მეთოდებით დედაზე გავლენის მოხდენაში დაადანაშაულა, რომელმაც, თავის მხრივ, ისლამ კარიმოვი დაარწმუნა გულნარას კორუფციულ და კრიმინალურ საქმიანობაში. ამავე დროს, გულნარა ეჭვობს, რომ დედამისი სატანისტური რიტუალების მონაწილეა.
უშიშროება გულნარას წინააღმდეგ
დისა და დედის გარდა პრეზიდენტის კარზე მის საწინააღმდეგო განწყობების შექმნაში გულნარა ქვეყნის უშიშროების მინისტრს, რუსტამ ინაიატოვსაც ადანაშაულებს. 2013 წლის დეკემბერში გულნარამ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ინაიატოვმა მამამისი მის წინააღმდეგ განაწყო, რათა ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ინაიატოვი 1995 წლიდან უშიშროების მინისტრია და პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. აშშ-ის გაჟონილი დიპლომატიური მიმოწერიდან ირკვევა, რომ ინაიატოვი პრეზიდენტთან პოლიტიკურ წვდომას აკონტროლებს, კომპრომატები აქვს მთავრობის წევრებზე და ცდილობს პრეზიდენტთან ვინმეს ზედმეტ დაახლოებას ხელი შეუშალოს.
გულნარას განცხადებით, ინაიატოვმა მასსა და მის შვილებს არ მისცა საშუალება პრეზიდენტის სასახლეში შესულიყვნენ. არსებული ინფორმაციით, ინაიატოვმა გულნარა 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩამოაშორა ისლამ კარიმოვის პოლიტიკური მემკვიდრეობისათვის ბრძოლას, რომელიც ისლამ კარიმოვის ასაკისა (77) და გაუარესებული ჯანმრთელობის გამო აქტიურ ფაზაშია შესული.
„დიქტატორის ქალიშვილი“
გულნარას ნეგატიური საერთაშორისო რეპუტაცია აქვს. მას მედია ხშირად „დიქტატორის ქალიშვილად“ მოიხსენიებს. გულნარა მედიასთან პირადად გამოთქვამდა უკმაყოფილებას აღნიშნული შეფასების გამო. პოლიტიკურ წრეებში კი, გულნარაზე მხოლოდ კულუარებში საუბრობენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის სექტემბრით დათარიღებულ მიმოწერაში, რომელიც WikiLeaks საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი, გულნარა მოხსენიებულია, როგორც „ქვეყანაში ერთადერთი ყველაზე საძულველი პიროვნება“.
კორუფციული სკანდალი
2015 წლის მარტში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შეტყობინების პროექტმა გამოძიების მასალები გამოაქვეყნა, სადაც გულნარას წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ქრთამის აღება ედება ბრალად შვედურ-ფინური და რუსულ–ნორვეგიული სატელეკომუნიკაციო კომპანიების, TeliaSonera-სა (TeliaSonera-ს ჯგუფის წევრია ჯეოსელი) და VimpelCom-ის უზბეკეთის ბაზარზე შესვლის მხარდაჭერის სანაცვლოდ. პროექტის მიერ ჩატარებული გამოძიებით მტკიცდება, რომ გულნარამ 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ქრთამი აიღო ფულისა და სხვადასხვა კომპანიებში წილების სახით. საგამოძიებო მასალების მიხედვით, კორუფციის მსგავსი სქემა გამოყენებულია სხვა კომპანიების მიმართაც, ხოლო ისინი ვინც ქრთამის მიცემაზე უარს აცხადებდნენ, უზბეკეთში ბიზნესს ვეღარ აწარმოებდნენ.
სატელეკომუნიკაციო სფეროში გულნარას ინტერესების შესახებ საუბარი 2012 წელს დაიწყო შვედურ და ნორვეგიულ მედიაში. მათი ინფორმაციით, უზბეკეთის ბაზარზე საქმიანობისათვის ლიცენზიის მოსაპოვებლად TeliaSonera–მ და VimpleCom–მა გულნარას მილიონობით აშშ დოლარი გადაუხადეს. მხოლოდ TeliaSonera-ს 381 მლნ აშშ დოლარი აქვს ქრთამის სახით გადახდილი. TeliaSonera-სა და VimpleCom-ის საქმეებს, შვედეთის, ნიდერლანდებისა და აშშ–ს სამართალდამცავები იძიებენ.
პროექტის შეფასებით, გულნარას გამდიდრების რამდენიმე მეთოდი ჰქონდა დამუშავებული. ზოგიერთ შემთხვევაში იგი კომპანიისგან წილს ითხოვდა საჩუქრის სახით, ზოგჯერ კი, საჭირო ლიცენზიის მოსაპოვებლად ლობისტური საქმიანობისა და პერსონალური მომსახურებისათვის ჰონორარს ითხოვდა. მისი მოთხოვნილი წილი, როგორც წესი 26% იყო, რომელიც შემდეგ უნდა გამოესყიდა კომპანიას.
ვილები და საბანკო ანგარიშები
არაკანონიერი გზით მოპოვებული ფული გულნარასთან დაახლოებული პირებისა და კომპანიების მიერ სხვადასხვა ქვეყნის ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე ინახებოდა. 2012 წლის ივნისში, გულნარას უახლოეს მეგობარს, გაიანე ავაკიანს შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო ბანკიდან – Lombard Odier-ის ჟენევის ოფისიდან რამდენიმე მლნ შვეიცარიული ფრანკის გამოტანა სურდა ანგარიშიდან, რომელიც 2009 წელს გიბრალტარში დაფუძნებული Takilant-ს სახელზე იყოს გახსნილი. თუმცა, მას თანხის გამოტანის უფლება არ ქონდა და მას უარი უთხრეს. შემდგომში სხვადასხვა პირებმა სცადეს თანხის გამოტანა, მაგრამ უშედეგოდ. ბანკის მფლობელებს გაუჩნდათ ეჭვი და შვეიცარიის ფულის გათეთრების სამსახურს დაუკავშირდნენ, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ანგარიში გახსნილი იყო ბეხზოდ ახმედოვის მიერ, რომელიც უზბეკეთში თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. დაიწყო გამოძიება და ჯამში 650 მლნ აშშ დოლარის ანგარიშები გაიყინა. დადგინდა ანგარიშების კავშირი გულნარასათან, რომლის დაახლოებული პირიც იყო ახმედოვი, რომელიც უზბეკეთიდან დიდი ხანია გამქრალია.
გულნარა მიღებული ქრთამების შესანახად ასევე იყენებდა ლატვიის ბანკებს (Parex და Aizkraukles) და Standard Chartered Bank–ს ჰონგ–კონგში.
მიღებული ქრთამის ნაწილით გულნარამ შეიძინა უძრავი ქონება ჰონგ–კონგსა და საფრანგეთში. 2009 წლის თებერვალში თავისი დაახლოებული პირის საშუალებით, მან 14 აშშ მლნ დოლარად პენტჰაუსი შეიძინა ჰონგ–კონგში, „The Arch”-ის მე-80 სართულზე. იმავე წელს მან შეისყიდა უძვირფასესი ბინა პარიზში და ვილა ლაჟვარდოვან სანაპიროზე, სენ-ტროპეში. 2011 წელს კი, მისმა შეყვარებულმა, რუსტამ მადუმაროვმა 36 მლნ აშშ დოლარად პარიზის მახლობლად, ილ დე ფრანსში, ციხესიმაგრე შეიძინა. ბინა და ვილა საფრანგეთის ხელისუფლებამ გულნარას 2014 წლის სექტემბერში ჩამოართვა.
2014 წლის ივნისში მადუმაროვს პატიმრობა მიუსაჯეს უზბეკეთში ფულის გათეთრებისა და გაყალბების ბრალდებით. მსგავსი ბედი გაიზიარა გაიანე ავაკიანმაც.
შინაპატიმრობა
2013 წელს გულნარას ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დაიწყო. მის წინააღმდეგ სერიოზული კამპანია წამოიწყეს ყველა მიმართულებით, ოჯახიდან დაწყებული, სახელმწიფო სამსახურებით დამთავრებული. 2013 წლის 24 აპრილს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც ჟენევაში, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში უზბეკეთის წარმომადგენლის [გულნარას] პოსტის გასწვრივ მითითებული იყო, რომ თანამდებობა ვაკანტური იყო, მაშინ როდესაც ჟენევაში ამას ოფიციალურად არ ადასტურებდნენ.
2013 წლის ოქტომბერში გულნარასთან სიახლოვის გამო ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს გულნარას ბიძაშვილი, აკბარალი აბდულაევი. არსებული ხმებით, აბდულაევი და დედამისი, პრეზიდენტის რძალი, ფერღანას პროვინციაში ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდნენ.
მამასთან დაპირისპირების გამწვავების გამო, მოკლე ხანში გულნარას ჩამოაშორეს მისი მცველები, ზოგიერთი მისი შიდა წრის წარმომადგენელი კი დააპატიმრეს, გაითიშა მისი რადიო და ტელეარხები. მისი საქველმოქმედო ფონდი ფორუმი და პოლიტიკური კვლევების ცენტრი გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით გამოძიების ინტერესის საგანი გახდა, მის მედია ჰოლდინგს კი ანგარიშები გაუყინეს. გულნარამ 2013 წლის 30 ოქტომბერს ტვიტერზე დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს დაიხურა მისი Forum TV, SoFTS და TV-Markaz-TV-ის სატელევიზიო არხები.
გულნარას წინააღმდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რის შემდეგაც მან 2013 წლის 29 ოქტომბერს ტვიტერზე მამამისი სტალინს შეადარა. 2014 წელს გულნარას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
გულნარას შეტყობინებით, რომელიც მან 2014 წლის მარტსა და აგვისტოში გაავრცელა, იგი შინაპატიმრობაში იმყოფება. აღნიშნული საჯაროდ დაადასტურა ისლამ კარიმოვმა უმცროსმა, გულნარას შვილმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის ბრუკსის უნივერსიტეტში სწავლობს ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე. მისი თქმით, 2014 წლის თებერვლიდან დედამისი, ფაქტობრივად, არაოფიციალურ შინაპატიმრობაშია.
უზბეკი პროკურორების განცხადებით, გულნარა ორგანიზებულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც 53 მლნ აშშ დოლარი მოიპარა სახელმწიფოსა და სახელმწიფო კომპანიებიდან გაყალბების, შანტაჟისა და გამოძალვის გზით.
გულნარა ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, რომელსაც გარე სამყაროსთან კავშირები შეზღუდული აქვს. მისი ბოლო სურათების ნახვა 2014 წლის სექტემბერში ლონდონში მოღვაწე საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმის Davidson Ryan Dore-ს წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც გულნარას სახლიდან გარკვეული გზებით მოიპოვა მისი სურათები, სადაც ის მცველების ალყაში ჩანს. სურათების გავრცელების შემდეგ, სახლის დაცვის წევრები სრულად შეცვალეს. ფირმა გულნარას ახლობლებისა და მეგობრების მიერ არის დაქირავებული და შესაძლებელია ფირმის დაქირავებასთან ისლამ კარიმოვი უმცროსიც იყოს დაკავშირებული.
2014 წლის 21 აგვისტოს, BBC-მ გაავრცელა გულნარას საიდუმლოდ გაკეთებული ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ მას და მის ქალიშვილს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, „ძაღლებზე ცუდად“ ეპყრობიან და სასწრაფოდ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. მან ასევე აღნიშნა, რომ სახლს ასობით კამერა და სპეციალური მოწყობილობა აკონტროლებს.
გულნარას არაოფიციალურ შინაპატიმრობაში აყვანის შემდეგ მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა სპეციალური ვებგვერდი შექმნეს, რომლის მიზანიც საზოგადოებისათვის გულნარას საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი შინაპატიმრობიდან გათავისუფლების პროცესის ხელშეწყობაა.
გულნარა კარიმოვა რამდენიმე წლის წინათ პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის ერთ-ერთ რეალურ პოლიტიკურ მემკვიდრედ მოიაზრებოდა. მამიდან შვილზე პოლიტიკური თანამდებობის გადაცემა კარიმოვის ოჯახის ხელშეუხებლობის გარანტიაც იქნებოდა, თუმცა 2015 წლის 29 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელშიც ისლამ კარიმოვმა გაიმარჯვა, გულნარას პოლიტიკური დაღმასვლა დაიწყო. გულნარას ზედმეტმა ამბიციებმა, მამის წინააღმდეგ გაკეთებულმა არასასიამოვნო საჯარო განცხადებებმა და საერთაშორისო კორუფციულ სკანდალებში მონაწილეობამ, გულნარა პრეზიდენტის კარზე პოლიტიკური და ოჯახური ინტრიგების მსხვერპლად აქცია და მისი პოლიტიკური კარიერაც და ზოგადად მომავალიც შეიწირა.
[…] კარიმოვის უფროსი ქალიშვილი გულნარაც, მაგრამ ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ […]
LikeLike
[…] საოჯახო/კორუფციული სკანდალი […]
LikeLike