ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონში დამკვიდრებული კლანური სისტემა. ამ მხრივ, გარკვეული თავისებურებით ხასიათდება ყაზახეთი, სადაც საზოგადოება, ტრადიციულად, სამ ჯუზად ან ურდოდ იყოფა: უფროსი, შუათანა და უმცროსი. თავის მხრივ, თითოეული ჯუზი იყოფა ტომებად (43), ტომები კი, უფრო პატარა კლანებად. არსებული ტრადიციის თანახმად, თითოეულმა ყაზახმა საკუთარი გენეოლოგია 40 თაობის ჩათვლით უნდა იცოდეს.
ყაზახეთის კლანური სისტემა განსხვავდება სხვაგან არსებული კლანური სისტემისაგან (შოტლანდიაში შუა საუკუნეებში არსებობდა, აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში კი დღემდე არსებობს), რომელსაც უფრო ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმა ჰქონდა.
ჯუზების წარმოშობა
ყაზახების ჯუზებად დაყოფა XVI–XVII საუკუნეში დაიწყო. ისტორიულ წყაროებში ჯუზების შესახებ ჩანაწერები პირველად, სწორედ, ამ პერიოდში გაჩნდა. თუმცა, ჯუზების წარმოშობის საკითხზე დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი ვერსიით, ჯუზები ყაზახეთის სტეპებში მომთაბარე ხალხების ტომობრივი, სამხედრო გაერთიანებებია; სხვა მოსაზრებით, ჯუზები გეოგრაფიული ზონებია, რომლებიც ბუნებრივი საზღვრებით არის ერთმანეთისგან განცალკევებული. ყაზახური ლეგენდის თანახმად, სამი ჯუზი ყაზახების მითიური წინაპრის სამი ვაჟის შვილებისა და შვილიშვილებისგან იღებს სათავეს. თუმცა, არის სხვა ლეგენდებიც. ყაზახურად, ჯუზი ნიშნავს „ასი“.
სამი ჯუზი
უმცროსი ჯუზი
უმცროსი ჯუზის წარმომადგენლების განსახლების ძირითადი ადგილია ყაზახეთის დასავლეთი ნაწილი. მათი რაოდენობა დაახლოებით 1.1 მლნ (1989), რუსეთსა და თურქმენეთში მცხოვრებთა ჩათვლით კი, შეიძლება 2 მლნ–ს არ აჭარბებდეს. უმცროსი ჯუზის წარმომადგენლები სხვა ჯუზის წევრებზე მეტად არიან რუსიფიცირებულნი და რუსეთთან თანამშრომლობის მეტი მზაობა აქვთ, ვიდრე უფროსი ჯუზის წარმომადგენლებს.
შუათანა ჯუზი
შუათანა ჯუზის წარმომადგენლების განსახლების ძირითადი ადგილია ყაზახეთის ცენტრალური, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ნაწილი. მათი რაოდენობა დაახლოებით 3 მლნ (1989), რუსეთში, თურქმენეთში, მონღოლეთსა და ჩინეთში მცხოვრებთა ჩათვლით კი, შეიძლება 4 მლნ იყოს. რუსეთის კოლონიური პოლიტიკა პირველად უმცროსსა და შუათანა ჯუზებს შეეხოთ. შუათანა ჯუზი თავისი მწერლებითა და ინტელექტუალებით არის ცნობილი.
უფროსი ჯუზი
უფროსი ჯუზის წარმომადგენლების განსახლების ძირითადი ადგილია ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. მათი რაოდენობა დაახლოებით 2 მლნ (1989), ჩინეთსა და უზბეკეთში მცხოვრებთა ჩათვლით კი, 2.5 მლნ. რუსეთის იმპერიამ ყველაზე გვიან უფროსი ჯუზის წევრებით დასახლებული ტერიტორია შეიერთა. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ უფროსი ჯუზი ყაზახეთში მთავარი პოლიტიკური ძალა გახდა, განსაკუთრებთ მას შემდეგ, რაც დედაქალაქი ქ. ორენბურგიდან, უფროსი ჯუზით დასახლებულ ალმათაში გადაიტანეს.
სამივე ჯუზის ტერიტორიის სრული გაკონტროლებისათვის რუსეთის იმპერიას 120 წელი დასჭირდა.
მეოთხე ჯუზი
მეოთხე ჯუზად პირობითად მოიხსენიებენ ყაზახეთში დაბადებულ სლავებს. ისინი შიდა ყაზახურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, რადგან თანამდებობებზე მათი დანიშვნა და მოხსნა არ იწვევს რომელიმე ჯუზის უკმაყოფილებას. მაგ., 1994 წელს მთავრობის წარუმატებელი საქმიანობისათვის ეროვნებით უკრაინელი პრემიერ-მინისტრის, სერგეი ტერეშჩენკოს განთავისუფლებას, არცერთი ჯუზის უკმაყოფილება არ გამოუწვევია.
ჯუზების პოლიტიკა საბჭოთა პერიოდში
საბჭოთა პერიოდში პოლიტიკურ პროცესებსა და საკადრო ცვლილებებზე ტრადიციულად დამკვიდრებული კლანური სისტემა ახდენდა გავლენას. ძალაუფლების მოპოვებისა და გაძლიერების მიზნით პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები საკუთარი ჯუზის წევრების დაწინაურებას და ჯუზებს შორის ბალანსის დაცვას ცდილობდნენ.
საბჭოთა პერიოდში უფროსი ჯუზის წარმომადგენლებს მითოლოგიზირებული ჰყავდათ ყაზახეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი დინმუხამედ კუნაევი, რადგან იგი უფროსი ჯუზის ერთ-ერთი ტომის წევრი იყო. მათთვის კუნაევი „ჩვენი კაცი“ იყო, სხვა ჯუზები კი, მას „თავის კაცად“ არ მიიჩნევდნენ.
კუნაევი თავისი მმართველობის პერიოდში (1964-1986) კომუნისტური პარტიის მმართველ რგოლში წამყვან პოსტებზე უმცროსი ჯუზის წევრებსაც ნიშნავდა, რადგან იცოდა, რომ მათი მცირე რაოდენობისა და სუსტი პოლიტიკური გავლენის გამო, უმცროსი ჯუზის წევრები მისი პოლიტიკური ოპონენტები ან მემკვიდრეები ვერ გახდებოდნენ.
კუნაევი მთავარ მეტოქედ შუათანა ჯუზის წარმომადგენლებს განიხილავდა და, შესაბამისად, მათი თანამდებობებზე შერჩევა მხოლოდ ფრთხილად გათვლილი საკადრო გადაწყვეტილების შედეგი იყო. კუნაევი შუათანა ჯუზის წარმომადგენლებს არ ნიშნავდა სერიოზულ პოსტებზე და მათ, ერთი შეხედვით, მნიშვნელოვან, მაგრამ რეალურად მეორე დონის თანამდებობებზე ნიშნავდა, მაგ., მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რეგიონის პარტიული ხელმძღვანელი. ამგვარი თანამდებობები ფორმალურად მაღალ დონედ მიიჩნეოდა, მაგრამ რეალურად მათი პოლიტიკური გავლენა სუსტი იყო.
ჯუზების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა პერიოდში
პოსტსაბჭოთა პერიოდში ტრადიციული კლანური სისტემა ყაზახეთში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე ჯერ კიდევ ახდენს გავლენას. საჯარო სამსახურში შერჩევისა და კარიერული წინსვლისათვის ჯუზისადმი კუთვნილებას კვლავ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. კლანისადმი კუთვნილება, მეტწილად, განსაზღვრავს თუ რამდენად შეიძლება პიროვნებას პოლიტიკური კარიერის გაკეთების იმედი ან შანსი ჰქონდეს.
დამოუკიდებელი ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ძალაუფლების კონსოლიდაცია საკუთარი პიროვნების ირგვლივ მოახდინა. თავისი მოღვაწეობის საწყის ეტაპზე, კლანური სისტემა მას აძლევდა საშუალებას საკადრო პოლიტიკა საკუთარი შეხედულებისამებრ განეხორციელებინა და პოლიტიკური ოპონენტების გაძლიერება არ დაეშვა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნაზარბაევმა გააცნობიერა, რომ შუათანა ჯუზის პოლიტიკური ელიტა და ინტელიგენცია არსებული ვითარებით უკმაყოფილო იყო. ამიტომაც, ნაზარბაევმა შუათანა ჯუზის წარმომადგენლები მმართველ პოლიტიკურ ელიტაში შეიყვანა და ამით ჯუზებს შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ერთი პერიოდი ამ როლს ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ასანბაევი ასრულებდა, შემდგომში კი, პრემიერ-მინისტრი აკეჟან კაჟეგელდინი. თუმცა, შუათანა ჯუზის პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტისათვის კაჟეგელდინის დანიშვნა არაფერს ნიშნავდა, რადგან იგი შუათანა ჯუზის ყველაზე ნაკლებ გავლენიანი ტომიდან იყო.
ნაზარბაევის მმართველობის შემდგომ პერიოდში წამყვან პოზიციებზე ან უფროსი ჯუზის (ნაზარბაევის ჯუზი) ან უმცროსი ჯუზის წარმომადგენლები ინიშნებიან. თუმცა, ყაზახური საზოგადოება უმცროს ჯუზს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ არ მიიჩნევს. შუათანა ჯუზის წევრები უფრო ფორმალურ თანამდებობებს იღებენ. ერთგვარ კომპენსაციად ჩაითვალა, 1997 წელს დედაქალაქის ალმათიდან, რომელიც, ტრადიციულად, უფროსი ჯუზის წარმომადგენლებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, აკმოლაში (1998 წლიდან ასტანა) გადატანა, რომელიც, ტრადიციულად, შუათანა ჯუზის წარმომადგენლებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ნაზარბაევის მიერ ძალაუფლების კონცეტრაციის პირობებში ჯუზებს შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობა გაქრა, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში და ყაზახეთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში იყო. უმცროსი ჯუზის წარმომადგენლების, რომლებსაც საზოგადოების თვალში ლეგიტიმურობა აკლიათ, მაღალ თანამდებობეზე დანიშვნით, ნაზარბაევმა თავისი პიროვნული გავლენა გაზარდა და პოლიტიკური ოპონენტებისათვის პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეამცირა. ოპონენტები შუათანა ჯუზიდან კი, ქვეყნიდან გააძევა, ან ცერემონიულ პოსტებზე დანიშნა.
თანამედროვე ეკონომიკურმა პროცესებმა ჯუზების პოლიტიკაში გარკვეული კორექტივები შეიტანა. სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე ჯუზების გავლენა კვლავ მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი აღარ არის ერთადერთი ფაქტორი. გახშირდა შემთხვევები, როდესაც კარიერულ წინსვლას არა ჯუზისადმი კუთვნილება, არამედ საერთო ბიზნეს ინტერესები ან ახალგაზრდულ წლებში ერთ უნივერსიტეტში სწავლა განაპირობებს. შემდგომი ეკონომიკური განვითარება ტრადიციული კლანური სისტემის რღვევის პროცესს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააჩქარებს.
სტატიის მომზადებისას გამოყენებულია: Nurbulat E. Masanov, The Role of Clans in Kazakhstan Today, February 6, 1998.
[…] ყაზახეთი: ჯუზები […]
LikeLike