მთავარი » სომხეთი » სომხების გენოციდი: მოკლე მიმოხილვა

სომხების გენოციდი: მოკლე მიმოხილვა

2015 წელს სომხეთში ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი მკვლელობების 100 წლისთავი აღნიშნეს. მსოფლიოში სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც აღნიშნულ მოვლენებს გენოციდად მოიხსენიებს. ბოლო წლებში სომხების გენოციდის აღიარების საკითხი აქტუალური გახდა საქართველოშიც. აღნიშნულ სტატიაში, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები და წამყვანი ქვეყნების პოზიციებია განხილული.

რა მოხდა?

I მსოფლიო ომის პერიოდში (1914–1918) „ახალგაზრდა თურქების“ მთავრობის პროპაგანდა ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებ სომხებს დივერსანტებად და პრორუსულ „მეხუთე კოლონად“ მოიხსენიებდა. „ახალგაზრდა თურქების“ შეფასებით, რუსეთის იმპერია სომხებს მათ წინააღმდეგ განაწყობდა. ამიტომაც, ოსმალთა იმპერიის მესვეურებმა აღმოსავლეთ ანატოლიიდან სირიის უდაბნოში სომხების მასობრივი დეპორტაცია განახორციელეს. დეპორტაციის შედეგად, ასეულ ათასობით სომეხი დაიღუპა, მათი უმრავლესობა მოკლეს ან შიმშილითა და ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც  ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი, სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს სომხების ქონებასაც.

დაღუპულთა რაოდენობა

1915 წლის 15 აპრილს დაწყებული მოვლენების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დღემდე საკამათოდ მიიჩნევა. სომხების შეფასებით, 1.5 მლნ ადამიანი დაიღუპა, თურქების შეფასებით კი, მხოლოდ 300 ათასი.  გენოციდის შემსწავლელი მეცნიერების საერთაშორისო ასოციაციის შეფასებით, დაღუპულთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს. მინესოტას უნივერსიტეტის ჰოლოკოსტისა და გენოციდის კვლევების ცენტრის მონაცემებით, I მსოფლიო ომამდე ოსმალეთის იმპერიაში 2 133 190 სომეხი ცხოვრობდა, 1922 წელს კი მხოლოდ 387 800.

ვინ დაისაჯა?

1919–1920–იან წლებში ოსმალთა იმპერიის რამდენიმე მაღალჩინოსანი ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს. თუმცა, ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, თურქეთის ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით რეალურად არ დასაჯა დამნაშავეები და მხოლოდ I მსოფლიო ომში გამარჯვებული მხარის დასანახად ჩაატარა სასამართლო პროცესები.

სომხების დეპორტაციისა და მკვლელობების ორგანიზატორებზე თავად სომხებმა იძიეს შური. სომხურმა ორგანიზაციებმა 80 კაციანი „შავი სია“ შეადგინეს. სიაში შესული ადამიანების წინააღმდეგ სერიოზული ღონისძიებები დაიგეგმა. მათ შორის გამოირჩევა 1922 წლის 25 ივნისს თბილისში მომხდარი მკვლელობა, კერძოდ, სტეპან ცახიკიანმა და პეტროს ტერ–პოღოსიანმა სომხების მასობრივი მკლელობების ერთ–ერთი ორგანიზატორი, ჯემალ–ფაშა მოკლეს.

ჯემალ ფაშა

ჯემალ ფაშა

რა არის გენოციდი?

გენოციდი არის საერთაშორისო დანაშაული, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, რომელიც განისაზღვრება კონვენციით გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი ჩადენისათვის დასჯის შესახებ (გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 9. XII. 1948. საქართველო ამ კონვენციას შეუერთდა 1992 წელს). გენოციდი არის ქმედება, რომლის მიზანია, მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპოს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი.

იყო თუ არა მკვლელობები სისტემური/მასობრივი

დავა მიმდინარეობს იმაზე, თუ რამდენად იყო ეს მკვლელობები წინასწარ დაგეგმილი. ბევრი ისტორიკოსი, მთავრობა და თავად სომხები მიიჩნევენ, რომ ეს ასე იყო. თუმცა მეცნიერთა ნაწილი ასე არ მიიჩნევს.

რაფაელ ლემკინი, პოლონურ–ებრაული წარმოშობის იურისტი, რომელმაც 1943 წელს ტერმინი „გენოციდი“ გამოიყენა, საკუთარ გამოძიებებში ტერმინს სომხებისა და ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის აღსანიშნად იყენებს. თურქეთის ხელისუფლების შეფასებით, სომხების მიმართ სისასტიკე ჩაიდინეს, მაგრამ ეს არ ყოფილა სისტემური მცდელობა ქრისტიანი სომხების გასანადგურებლად. თურქების შეფასებით, ომის შედეგად ბევრი უდანაშაულო თურქიც დაიღუპა.

მსოფლიო გამოხმაურება

იმ პერიოდის მოვლენები კარგად აღწერეს დასავლეთელმა დიპლომატებმა, მისიონერებმა, რამაც დასავლეთში ანტითურქული განწყობები გააძლიერა. მიუხედავდ იმისა, რომ ოსმალთა იმპერიის მოკავშირე გერმანია ამ საკითხზე ომის პერიოდში დუმილს ამჯობინებდა, შემდგომ წლებში გერმანული დიპლომატებისა და სამხედროების მოსაზრებებიც გახდა ცნობილი, რომლებიც ამ მოვლენებით შეშფოთებულნი იყვნენ. მხოლოდ 1915 წელს ამ საკითხზე „ნიუ-იორკ ტაიმზმა“ 145 სტატია გამოაქვეყნა.

ვინ აღიარებს და ვინ არა?

2015 წლის მონაცემებით, 1915 წლის მოვლენებს გენოციდად 28 ქვეყნის მთავრობა აღიარებს, მათ შორის არგენტინა, ბელგია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი და ურუგვაი (პირველი ქვეყანა, რომელმაც 1965 წელს აღიარა). 1915 წელს რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა მოვლენას „XX საუკუნის პირველი გენოციდი“ უწოდა. გენოციდი ასევე აღიარა ევროპარლამენტმა.

1915 წლის მოვლენებს გენოციდად არ აღიარებს დიდი ბრიტანეთი, აშშ და ისრაელი. თუმცა, ისინი მოვლენის აღსანიშნავად სხვა ტერმინოლოგიას იყენებენ და არა სიტყვა გენოციდს. გენოციდი არ აქვს აღიარებული გაეროს.

აშშ–ის პოზიცია

ბევრი პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებდა, რომ სომხების გენოციდს ოფიციალურად აღიარებდა, მათ შორის იყო აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც, რომელმაც 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამის პირობა დადო, მაგრამ ჯერჯერობით მას ეს არ გაუკეთებია. თეთრი სახლი, სომხების გენოციდის ოფიციალურად აღიარებით, თურქეთთან, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ–ის სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება, ურთიერთობის გართულებას თავს არიდებს. ანკარა ვაშინგტონის მხრიდან გენოციდის აღიარების შემთხვევაში, სამხედრო–პოლიტიკური კავშირების გაწყვეტით იმუქრება, რაც ანტიამერიკანიზმით ცნობილ რეგიონში, აშშ–ს სამხედრო–პოლიტიკურ ინტერესებს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

თეთრი სახლის წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ–ის მიერ გენოციდის აღიარების საკითხზე აქტიურად მუშაობენ სომხური ლობისტური ორგანიზაციები. ამ მხრივ ყველაზე დიდი გავლენა ამერიკის სომხურ ასამბლეასა და ამერიკის სომხურ ეროვნულ კომიტეტს გააჩნია. მათი ძალისხმევით, აშშ–ის 43 შტატმა უკვე აღიარა სომხების გენოციდი.

სომხეთის პოზიცია

სომხური ორგანიზაციების შეფასებით, სომხების გენოციდი (სომხურად უწოდებენ მეწ ეღერნ – სომხურად ნიშნავს „დიდი დანაშაული“) ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც 1915 წელს დაიწყო და 1923  წელს დასრულდა. სომხური ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მუშაობენ გენოციდის აღიარების საკითხზე და ამ თემაზე სერიოზულ კვლევებსაც ამზადებენ. კვლევებში განსაკუთრებული ადგილი უკავია რეპარაციის კომპონენტს. გაანგარიშება ისტორიულ პრეცედენტებზეა დაფუძნებული და საერთო საკონპენსაციო თანხამ შეიძლება 100 მლრდ აშშ დოლარსაც გადააჭარბოს.

სომხების გენოციდის ხსოვნის დღედ სომხეთში ოფიციალურად არის აღიარებული 24 აპრილი. 1968 წლის 24 აპრილიდან ხალხს წიწერნაკაბერდის მემორიალზე ყვავილები მიაქვს. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2015 წელი იყო, როდესაც სომხების გენოციდის 100 წლისთავი აღინიშნა. ერევნის ქუჩები კესანეს გამოსახულებით გაივსო. ეს ყვავილი გენოციდის ხსოვნის სიმბოლოდ შეირჩა. მისი მთავარი გზავნილია „გახსოვდეს“.

წიწერნაკაბერდის მემორიალი

წიწერნაკაბერდის მემორიალი

100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში პოლიტიკოსების გარდა, სომხური წარმოშობის ცნობილმა ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ რეალითი შოუს ვარსკვალი და მოდელი, კიმ კარდაშიანი და მძიმე მეტალ ჯგუფ “System of a Down”–ის წევრები. სომხების გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სომხეთის მთავრობამ სრულიად სომეხთა დეკლარაცია მიიღო, სადაც „მოუწოდებს თურქეთის რესპუბლიკას აღიაროს და დაგმოს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი სომხების გენოციდი“.

კიმ კარდაშიანი გენოციდის მემორიალთან ერევანში

კიმ კარდაშიანი გენოციდის მემორიალთან ერევანში

თურქეთის პოზიცია

თურქეთში 1915 წლის ტრაგიკული მოვლენების შესახებ საჯარო საუბრები მიღებული არ არის. სისხლის სამართლის კოდექსი გამოიყენება იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც სომხების მასობრივ მკვლელობებზე ხმამაღლა საუბრობს. მათ შორის არის, ნობელის პრემიის ლაურიატი მწერალი ორჰან ფამუქი და თურქულ–სომხური გაზეთის „აგოსის“ რედაქტორი ჰრანტ დინქი, რომელიც 2007 წლის იანვარში მოკლეს.

ჰრანტ დინქის მკვლელობის ადგილი

ჰრანტ დინქის მკვლელობის ადგილი

თურქეთში 1915 წლის მოვლენებს ტრაგედიად მიიჩნევენ და აღიარებენ, რომ ამ მოვლენებს სომხების დიდი რაოდენობა შეეწირა, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ მოვლენებს ისტორიკოსების მხრიდან სერიოზული კვლევა სჭირდება და უარს ამობებენ იგი გენოციდად აღიარონ. თურქული მხარე შიშობს, რომ სომხების გენოციდის აღიარების შემთხვევაში, ნაციონალური თავმოყვარეობის შელახვის გარდა, გენოციდის აღიარება სომხების მხრიდან მატერიალური კონპენსაციის მოთხოვნას და ტერიტორიული პრეტენზიების გაჩენას გამოიწვევს. მაგალითად მოჰყავთ ისრაელის პოლიტიკა, როდესაც  გერმანიამ ჰოლოკოსტი აღიარა და ებრაელებს და ისრაელის სახელმწიფოს საკმაოდ დიდ თანხებს დღემდე უხდიან.

თურქეთის პოზიცია გენოციდის საკითხზე 2003 წელს „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მოსვლის შემდეგ შერბილდა, თუმცა არა იმ დონეზე, რომ მოვლენა გენოციდად მოიხსენიონ. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირველი თურქი ლიდერი იყო, ვინც 2014 წელს სომხებს მიუსამძირმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა,  აჰმეთ დავუთოღლომ კი, 2013 წელს განაცხადა, რომ სომხების „არაადამიანური დეპორტაცია“ განხორციელდა, რაც თურქეთში გაბატონებული მოსაზრების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა.

საინტერესოა, რომ სომხების გენოციდის 100 წლისთავისადმი ყურადღების გადატანის მიზნით, სტამბოლში, 24 აპრილს, გალიპოლის ბრძოლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს პოზიცია

საქართველოში 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების მოთხოვნები ბოლო წლებში სულ უფრო ორგანიზებულ სახეს იღებს. საქართველოში მოღვაწე სომხური ორგანიზაციები, უკვე ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, გენოციდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და მსვლელობებს აწყობენ. ღონისძიების განუყოფელ ნაწილად იქცა საქართველოში თურქეთის საელჩოს შენობის წინ აქცია და საქართველოს პარლამენტისგან გენოციდის აღიარების მოთხოვნა.

get_img (3)

აქცია თბილისში

საქართველოს მიერ 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების საკითხმა დამატებითი სიმწვავე შეიძინა მას შემდეგ, რაც 2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც „გენოციდის აქტად“ აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის „მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“. ამ გადაწყვეტილების მიღებით, გარკვეული უხერხულობა შეიქმნა სომხური საკითხისადმი, რადგან 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას სომხური ორგანიზაციებიც ითხოვდნენ საქართველოს პარლამენტისგან. მაშინ, როცა სომხების გენოციდი რამდენიმე ათეულ ქვეყანას აქვს აღიარებული, ჩერქეზების გენოციდი მხოლოდ საქართველომ აღიარა.

ბოლო წლებში არსებული ტენდენციის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემდგომ წლებში მსოფლიოში გაიზრდება იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც 1915 წლის მოვლენებს გენოციდად აღიარებს, რაც საქართველოს ახალი შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენებს. საქართველოს მოუწევს ბალანსის დაცვა ქვეყნის შიგნით მცხოვრები ეთნიკურად სომხური მოსახლეობისა და მეზობელი სომხეთის მხრიდან გენოციდის აღიარების სულ უფრო მზარდ მოთხოვნებსა და მეზობელ და სტრატეგიულ მოკავშირე თურქეთს შორის, რომელიც ურთიერთობების გადახედვით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, ვინც გენოციდს აღიარებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: