მთავარი » რუსეთი » რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში

რუსეთის სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა სივრცეში

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფინანსური რესურსების სიმწირისა და ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რუსეთმა მსოფლიო მასშტაბით არსებული სამხედრო დანიშნულების ობიექტებისა და ბაზების რაოდენობა შეამცირა. კრემლმა ძირითადი აქცენტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გადაიტანა, სადაც რუსეთს საკუთარი „პრივილიგირებული ინტერესები“ აქვს. მსგავსი ინტერესების არსებობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ განაცხადა.

პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთმა სამხედრო ინფრასტრუქტურა გააუქმა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც 2007 წლიდან აღარ ფუნქციონირებს ვაზიანის, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზები. 2013 წლიდან ფუნქციონირება შეწყვიტა აზერბაიჯანში მოქმედმა გაბალას რადიოლოკაციურმა სადგურმაც. რუს სამხედროებს უზბეკეთის დატოვებაც მოუწიათ.

ამჟამად რუსული სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია განლაგებული: სომხეთი, ბელორუსია, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ეს ქვეყნები რუსეთის ინიციატივით შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან. ორგანიზაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

რუსი სამხედროები აქტიურ როლს ასრულებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებშიც, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოლდავეთსა და უკრაინაში. პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ, რუსეთის სამხედრო ყოფნა მინიმალურია და ამჟამად (2016 წლის იანვრის მონაცემებით) მხოლოდ სირიასა და ვიეტნამშია რუსი სამხედროები.

რუსეთის საგარეო სამხედრო ინფრასტრუქტურა, ძირითადად, საჰაერო ბაზებს, საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს და კოსმოსის მონიტორინგის სისტემებს მოიცავს. ღია წყაროებში სამხედრო ობიექტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და ბევრი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა წყაროების მიხედვით, განსხვავებულია.

სომხეთი                                                                                                

რუსეთი სომხეთში წარმოდგენილია ქ. გიუმრიში დისლოცირებული 102-ე სამხედრო ბაზით და რუსეთის 3624-ე საჰაერო ბაზით, რომელიც ერევანთან ახლოს, ერებუნის აეროპორტში მდებარეობს. გიუმრი სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ნატო-ს წევრ თურქეთს ესაზღვრება. ბაზის იჯარაში რუსეთი არაფერს იხდის და მის ფუნქციონირებას, ნაწილობრივ, სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს. შეიარაღების ნაწილი გიუმრის ბაზამ ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების დახურვის შემდეგაც მიიღო.

გიუმრის ბაზა რუსეთის შეიარაღებული ძალების ამიერკავკასიის ჯგუფის ნაწილია და დსთ-ს ერთიანი საჰაერო თავდაცვითი სისტემის კომპონენტს წარმოადგენს. სომხეთში, სავარაუდოდ, 5 000 რუსი სამხედროა. გიუმრის ბაზას უკავშირდება 2015 წლის 12 იანვარს ბაზის სამხედრო მოსამსახურის მიერ ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობა, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია სომხეთში.

სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნას 1995 წელს ხელმოწერილი შეთანხმება უზრუნველყოფს. აღნიშნული ხელშეკრულების ვადა, რომელიც 25 წელზე იყო გათვლილი, 2010 წელს, 2044 წლამდე გაგრძელდა.

გიუმრის სამხედრო ბაზა

გიუმრის სამხედრო ბაზა

მთიანი ყარაბაღის „გაყინული“ კონფლიქტისა და კონფლიქტის განახლების შესაძლებლობის არსებობის პირობებში, სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სომხეთში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობა აზერბაიჯანისა და თურქეთის შემაკავებული ფაქტორია და კონფლიქტის განახლების ალბათობას ამცირებს. რუსეთთან თანამშრომლობა რუსული შეიარაღების დაბალ ფასებში ან საერთოდ უფასოდ მიღების შესაძლებლობასაც იძლევა. თუმცა, ამავე დროს, რუსული ბაზის არსებობა სომხეთის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში რუსეთის გავლენის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს და სომხეთს საგარეო-პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უზღუდავს.

ბელორუსია

ვოლგას ტიპის რადიოლოკაციური სადგური განთავსებულია განცევიჩში, რომელიც დსთ-ს ერთიანი საჰაერო თავდაცვითი სისტემის კომპონენტს წარმოადგენს. სადგურის მიზანია დასავლეთ ევროპიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების დაფიქსირება. ადრეული გაფრთხილების სადგურმა, ნაწილობრივ, ჩაანაცვლა სკრუნდას რადიოლოკაციური სადგური, რომელიც ლატვიაში მდებარეობდა. სადგურის მშენებლობა „ცივი ომის“ პერიოდში დაიწყო, თუმცა, მისი სრულად ამოქმედება მხოლოდ 2003 წლიდან გახდა შესაძლებელი.

სამხედრო-საზღვაო 43-ე საკომუნიკაციო ცენტრი ვილეიკასთან მდებარეობს. ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ნაწილში მცურავ ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფაში.

რუსული თვითმფრინავები განლაგებულია 61-ე საჰაერო ბაზაზე, ბარანოვიჩში.

ბელორუსიაში 1 500 რუსი სამხედრო მსახურობს. ხელშეკრულების თანახმად, ბელორუსიში რუსეთის სამხედრო ყოფნის ვადა 2020 წელს იწურება.

ტაჯიკეთი

ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი რუსული ბაზა ტაჯიკეთშია. 201-ე რუსეთის სამხედრო ბაზა დუშანბეში, კულობსა და კურგონტეპაშია განლაგებული. ბაზაზე, დაახლოებით, 7 500 სამხედროა. ბაზის მოქმედების ვადა 2042 წლამდეა გაგრძელებული. ტაჯიკეთ–რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა ტაჯიკეთის მოქმედი პრეზიდენტის ემომალი რაჰმონის, რომლის წინაშეც სერიოზული შიდა და საგარეო საფრთხეებია, ძალაუფლების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

პამირის მაღალმთიან რეგიონში რუსეთი კოსმოსზე ზედამხედველობის ობიექტს (ნურეკის კოსმოსური ცენტრი) მართავს, რომელიც კოსმოსური ობიექტების, მათ შორის სატელიტების აღმოჩენითა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზით არის დაკავებული. სადგურის დაკვირვების ობიექტია: ევრაზია, ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკა, ინდოეთის, წყნარი და ატლანტის ოკეანე. აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო. სიმბოლური საიჯარო გადასახადის სანაცვლოდ, რუსეთმა ობიექტი 2004 წელს 49 წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო.

ყაზახეთი

ყაზახეთში არ არის განთავსებული მსხვილი სამხედრო ბაზები, თუმცა მნიშვნელოვანი გამოსაცდელი პოლიგონები და კოსმოდრომი  მდებარეობს.

ბალხაშის ტბის ახლოს დნეპრის ტიპის რადიოლოკაციური სადგური მდებარეობს, რომელიც ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანისა და ინდოეთის ოკეანის ნაწილის მიმართულებას ფარავს.

სარი შაგანში ანტიბალისტიკური რაკეტების გამოცდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობს. პირველი გამოცდა 1958 წელს ჩატარდა.

ბაიკონურის კოსმოდრომი, რომელიც კოსმოსში ხომალდების გამშვები სადგურია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2050 წლამდე აქვს იჯარით აღებული. კოსმოდრომი საბჭოთა ხელისუფლებამ 1950-იან წლებში ყაზახეთის სტეპებში ააგო. კოსმოდრომი რუსეთის საზღვრებს გარეთ რუსეთის უდიდესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც რუსეთის კოსმოსში გაშვების 70%-ს უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ყაზახეთი ამ ეტაპზე მოკავშირეები არიან, მოსკოვი  რუსეთის ტერიტორიაზე ანალოგიური ინფრასტრუქტურის ამოქმედებით ყაზახეთზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირებას გეგმავს.

Baikonur_Cosmodrome_Soyuz_launch_pad

ბაიკონურის კოსმოდრომი

კოსტანაიში ასევე არის რუსეთის სატრანსპორტო ავიაციის პოლკი.

ყირგიზეთი

რუსი სამხედროები კანტის საჰაერო ბაზაზე 2003 წლის შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან, რომლის ვადაც 15 წელი იყო. 2009 წელს ხელშეკრულების მოქმედების ვადა 49 წლამდე გაგრძელდა. ეს პირველი ახალი საჰაერო ბაზაა, რომელიც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახსნა. ბაზას 600-მდე სამხედრო ემსახურება. ბაზა ცენტრალური აზიის საჰაერო სივრცის კონტროლს ახორციელებს და ტერორისტულ ჯგუფებზე დარტყმის განხორციელებაც შეუძლია.

ყირგიზეთში ასევე განთავსებულია 338-ე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შორ მანძილებზე კომუნიკაციის ცენტრი (უზრუნველყოფს კომუნიკაციას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბ-ბინასა და წყნარი და ინდოეთის ოკეანეებში მცურავ წყალქვეშა ნავებსა და გემებთან. ცენტრი ელექტრო დაზვერვასაც აწარმოებს) და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ტორპედოების საგამოცდო ცენტრი კარაკოლში, ისიკ-ყულის ტბასთან.

ისიკ-ყულის რეგიონში ასევე მდებარეობს სეისმური ცენტრი, რომელსაც რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალები იყენებენ. ცენტრის მიზანია მსოფლიო მასშტაბით ბირთვული იარაღის გამოცდისა და გამოყენების მონიტორინგი, ასევე მიწისძვრებზე დაკვირვება.

საქართველო

საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსული სამხედრო შენაერთების რაოდენობა გაიზარდა. აფხაზეთში, ბომბორას ყოფილ აეროდრომთან, გუდაუთასთან ახლოს, მე-7 სამხედრო ბაზა მდებარეობს. აფხაზეთში დაახლოებით 7 000 სამხედრო მსახურობს. „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა ცხინვალთან ახლოს და ჯავაშია განთავსებული, რუსი სამხედროები ასევე არიან ახალგორის რაიონში. „სამხრეთ ოსეთში“ 4 000 სამხედრო მოსამსახურეა.

მოლდავეთი

რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი, დაახლოებით 1 500 სამხედრო, სამშვიდობოების მანდატით დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში საქმიანობს. გარდა ამისა, რუსი სამხედროები კოლბასნაში სამხედრო დანიშნულების საწყობებს იცავენ.

უკრაინა

რუსი სამხედროები ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლის ბაზაზე არიან დისლოცირებულნი. რუსი სამხედროები დახმარებას უწევენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში მოქმედ სეპარატისტებსაც.

დასკვნა

პოსტსაბჭოთა სივრცეში სამხედრო ინფრასტუქტურის შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება კრემლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებით არის განპირობებული. მოსკოვს მიაჩნია, რომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე, თავის ყოფილ სატელიტებზე, გავლენის შესანარჩუნებლად, დიპლომატიურ და ეკონომიკურ ბერკეტებთან ერთად, სამხედრო ძალის გამოყენებაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რუსეთი იმედოვნებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამხედრო კონტროლით თავისი „პრივილიგირებული ინტერესების“ რეგიონში ახალი მოთამაშეების, განსაკუთრებით ნატო-ს წევრი ქვეყნების, შემოსვლას შეაფერხებს.


%(count)s კომენტარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: