რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთი ძირითადი პრინციპი ჩამოაყალიბა, რომელსაც მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უნდა განესაზღვრა. ერთ–ერთი პრინციპი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა აღნიშნული პრინციპი 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ქმედებები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ამ მხრივ, რუსეთის აგრესიის მიმართ ყველაზე მოწყვლადი, შესაძლოა, მოლდავეთი, ყაზახეთი და ლატვია აღმოჩნდეს.
„პუტინის დოქტრინა“
2014 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ, უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირებისა და უშუალოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებებმა, ნათელი გახადა, რომ მოსკოვი რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გარკვეულ დოქტრინას აყალიბებს. დოქტრინის მიხედვით, რუსეთი უცხოეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის გარანტორია. თუ, აღნიშნული მოსაზრებები ადრეც იყო გავრცელებული, სიახლეა უცხოეთში თანამემამულეების დაცვის ლეგიტიმურ ინსტრუმენტად სამხედრო ძალის აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მიერ საქართველოსთან ომის დაწყება ფორმალურად ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ რუს სამშვიდოებებზე თავდასხმით იყო გამართლებული, რუსეთმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მას აქვს უფლება ქვეყნის გარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად სამხედრო ძალაც გამოიყენოს.
ეთნიკური რუსები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსების განსახლება ისტორიული პროცესების შედეგია. რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდში რუსების დასახლება ეკონომიკური და სამხედრო–პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული, საბჭოთა პერიოდში კი, რუსების მიგრაციას ინდუსტრიალიზაციის პროცესმა შეუწყო ხელი. ოფიციალური ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ტერიტორიის გარეთ 25 მლნ რუსი აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა კი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყო განსახლებული. თუმცა, ნაციონალისტური რიტორიკის გაზრდის, რუსული ენის პოზიციების შესუსტებისა და სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გაუარესების შედეგად, ბევრი რუსი ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო წლებში რუსების რაოდენობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა.
საქართველო
საქართველოს ტერიტორიაზე რუსული მოსახლეობის დასახლება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის იმპერიის გააქტიურებას უკავშირდება. სამხრეთ კავკასიაში სამხედრო–პოლიტიკური პოზიციების გამყარების შემდეგ, რუსეთის იმპერია არასამხედრო რუსული დასახლებების შექმნით, საიმედო დასაყრდენების შექმნას იმედოვნებდა და ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციას ისახავდა მიზნად.
1920–იანი წლებიდან საქართველოში დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ინდუსტრიალიზაციამ სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან მრავალი მიგრანტი მოიზიდა. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, 1989 წლის აღწერით, რუსების რაოდენობა 341.2 ათასს (6.3%) შეადგენდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილ ახალ გარემოში ადაპტაცია რუსულმა მოსახლეობამ ვერ შეძლო. 1993 წლიდან ნაციონალისტური რიტორიკის შემცირების მიუხედავად, მძიმე სოციალურ–ეკონომიკური ვითარება რუსებს ემიგრაციისკენ უბიძგებდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსების რაოდენობამ კიდევ უფრო იკლო. თუ 2002 წელს რუსების რაოდენობა 67.7 ათასს (1.5%) კაცს შეადგენდა, 2015 წლის აღწერის შედეგებით, მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა და 26 453 (0.8%) კაცს შეადგენს.
სამხრეთ კავკასია
სამხრეთ კავკასიაში რუსების რაოდენობის შემცირება მძიმე სოციალურ–ეკონომიკურმა ვითარებამ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია. 1989 წლის აღწერის შედეგებით, სომხეთში 51.6 ათასი (2%) რუსი ცხოვრობდა, 2001 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, 14.6 ათასი (0.5%). აზერბაიჯანში 1989 წლის მონაცემებით, 392 ათასი (5.6%) რუსი ცხოვრობდა, 2009 წელს კი, 119 ათასი (1.2%).
მოლდავეთი/ბელორუსია/უკრაინა
1989 წლის აღწერის შედეგებით, მოლდავეთში 562.1 ათასი (13%) რუსი ცხოვრობდა, 2015 წელს კი, რუსული თემის მონაცემებით, დნესტრისპირეთის ჩათვლით, 300 ათასი (8.5%). ბელორუსიაში 1989 წლის მონაცემებით, 1.34 მლნ (13.2%) რუსი ცხოვრობდა, 2009 წელს კი, 785 ათასი (8.26%). ბელორუსიაში რუსების რაოდენობის კლება ძირითადად იმ ფაქტორით არის განპირობებული, რომ მოსახლეობის ნაწილმა ეროვნება შეიცვალა და აღწერის დროს, ეთნიკურობის აღმნიშვნელ გრაფაში, რუსის მაგივრად ბელორუსი მიუთითა. უკრაინაში 1989 წლის მონაცემებით, 11.3 მლნ (22.07%) რუსი ცხოვრობდა, 2001 წლის მონაცემებით კი, 8.334 მლნ (17.3%), ყირიმის მონაცემების გარეშე. ბელორუსიის მსგავსად, უკრაინაშიც მოსახლეობის ნაწილმა ეროვნება შეიცვალა.
ცენტრალური აზია
1989 წლის აღწერით, უზბეკეთში 1.6 მლნ (8.3%) რუსი ცხოვრობდა, 2013 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, 809 ათასი (2.8%). ყირგიზეთში 1989 წლის მონაცემებით, 916 600 (21.5%) რუსი ცხოვრობდა, 2009 წელს კი, 419 ათასი (6.4%). ტაჯიკეთში 1989 წლის მონაცემებით, 388 500 (7.6%) რუსი ცხოვრობდა, 2010 წელს კი, 35 ათასი (0.3%). თურქმენეთში 1989 წლის მონაცემებით, 333 900 (9.5%) რუსი ცხოვრობდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2001 წლის მონაცემებით კი, 180 ათასი (3.6%). ყაზახეთში 1989 წლის მონაცემებით, 6 მლნ (37.4%) რუსი ცხოვრობდა, 2015 წლის მონაცემებით კი, 3.6 მლნ (21%).
ბალტიისპირეთის ქვეყნები
1989 წლის აღწერის შედეგებით, ლატვიაში 905 500 (34%) რუსი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი, 512 ათასი (25.8%). ესტონეთში 1989 წლის მონაცემებით, 474 800 (30.3%) რუსი ცხოვრობდა, 2011 წელს კი, 321 ათასი (24.8%). ლიტვაში 1989 წლის მონაცემებით, 344 ათასი (9.4%) რუსი ცხოვრობდა, 2011 წელს კი, 177 ათასი (5.8%). სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბალტიისპირეთში რუსების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდში დასახლდა.
საქართველო, უკრაინა, ვინ იქნება შემდეგი?
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში თავისი საგარეო–პოლიტიკური პრინციპების დაცვა სამხედრო ძალის გამოყენებით უზრუნველყო, ის პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ამ მხრივ მოლდავეთის, ყაზახეთისა და ლატვიის გამოყოფა შეიძლება.
მოლდავეთი
მოლდავეთი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც ეთნიკური რუსები კონფლიქტის (დნესტრისპირეთი) მონაწილე მხარე არიან. ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობისა და დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფლების პრორუსული პოზიციის ფონზე კი, კრემლს მოლდავეთზე გავლენის მოხდენის ძლიერი ბერკეტი აქვს, რომლის ამოქმედებაც მოსკოვს მოლდავეთის მიერ ანტირუსული პოლიტიკის გაძლიერების შემთხვევაში შეუძლია.
ყაზახეთი
ყაზახეთ–რუსეთს შორის არსებული ახლო ურთიერთობის მიუხედავად, უკრაინის მოვლენებმა რუსულ საფრთხეს აქტუალობა შესძინა. საფრთხის აღქმა, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული: პირველი, ყაზახეთის რეგიონებში რუსულენოვანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა არის დასახლებული, და მეორე, რუსეთის ლიდერები ყაზახეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას, საეჭვოდ მიიჩნევენ.
ყაზახეთში მწვავედ აღიქვამენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გახშირებულ განცხადებებს, სადაც მინიშნებები ყაზახეთის ისტორიულ წარსულზე კეთდება. მაგალითად, 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტმა თანამედროვე ყაზახეთის ჩამოყალიბებისთვის ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი შეაქო და აღნიშნა, რომ ყაზახებს მანამდე არასდროს ჰქონიათ სახელმწიფო. ნაზარბაევს, თავის მხრივ, საჯაროდ არ გამოუთქვამს უკმაყოფილება, მაგრამ მალევე გამოაცხადა, რომ 2015 წელს ყაზახეთის სახანოს 550 წელს იზეიმებდნენ.
2014 წელს უკრაინაში დაწყებული მოვლენების ფონზე, ყაზახეთში სეპარატიზმის ნებისმიერ გამოვლინებაზე ხელისუფლებას რეაქცია კიდევ უფრო მწვავე გახდა. მაგალითად, 2015 წლის ნოემბერში, ყაზახეთში ინტერნეტის საშუალებით სეპარატიზმის გაღვივებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს ყაზახეთის მოქალაქეს. ამ ეტაპზე ჩრდილოეთ ყაზახეთის რუსულ მოსახლეობაში სეპარატიზმის გამოვლინება არ შეინიშნება, მაგრამ ეთნიკურად რუსული მოსახლეობის რაოდენობა და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატიზმისადმი სიმპატიები გარკვეულ შიშებს წარმოშობს.
ლატვია
ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ლატვიის გამორჩევა შეიძლება, რომელსაც კრემლი მრავალრიცხოვანი რუსული მოსახლეობის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. რუსული მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მოქალაქეობა არ აქვს და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებაც შეზღუდული აქვთ. ევროპაში ეჭვობენ, რომ ლატვიის ნატო-ს წევრობის მიუხედავად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის სისტემის დატესტვა მოახდინოს.
უკრაინის მოვლენების შემდეგ რუსეთის მხრიდან დასავლეთზე შეტევის მთავარ სამიზნედ ბალტიისპირეთი განიხილება, რომლის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, ნატო–ს ვარშავის სამიტზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოში მრავალეროვანი ბატალიონების განთავსების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც მათი აზრით რუსეთის შეკავებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის როლს შეასრულებს. მოკავშირეები ეჭვობენ, რომ რუსეთს შეუძლია „ჰიბრიდული ომის“ მეთოდების გამოყენებით ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობებს საფრთხე შეუქმნას.
დასკვნა
„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რუსეთმა ღია სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, პირველად საქართველოში და შემდეგ უკრაინაში გამოიყენა. თუ საქართველოსთან ომის შემდეგ, დასავლეთში გარკვეული ილუზია არსებობდა, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, დასავლეთი დარწმუნდა, რომ მოსკოვი საკუთარი საგარეო–პოლიტიკური პრინციპების დასაცავად, პოსტსაბჭოთა რეგიონში, რომელსაც საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს, სამხედრო ძალის გამოყენებას ლეგიტიმურ საგარეო–პოლიტიკურ ინსტრუმენტად განიხილავს. ამ მხრივ, „პუტინის დოქტრინა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის განმტკიცებისთვის იდეოლოგიურ საფუძველს ქმნის და რეგიონში მოსკოვის ქმედებებს ამართლებს.
საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებმა ცალსახად აჩვენა, რომ პირველი, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში სამხედრო ძალის გამოყენებას ლეგიტიმურ საგარეო–პოლიტიკურ ინსტრუმენტად განიხილავს, მეორე, დასავლეთს შეზღუდული რესურსები აქვს რუსეთის სამხედრო ქმედებების შესაკავებლად, მესამე, ქვეყანაში რუსული მოსახლეობის „უფლებების დარღვევა“ მოსკოვმა შესაძლოა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელების მიზეზად გამოიყენოს. აღნიშნულ ვითარებაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნები, განსაკუთრებით კი, მოლდავეთი, ყაზახეთი და ლატვია, სადაც რუსული მოსახლეობის დიდი რაოდენობაა, რუსული შესაძლო აგრესიის წინაშე დაუცველები არიან.
სტატიის სრული ვერსია იხ.: „პუტინის დოქტრინა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში: რუსულენოვანი მოსახლეობა და სამხედრო ძალის გამოყენება
სტატიაში გამოყენებული წყაროები:
- Olzhas Auyezov, “After Ukraine, Kazakhstan wary of ethnic Russian broaching autonomy”, Reuters, March 3, 2016.
- “NATO stations four more battalions in eastern Europe”, The Economist, July 10, 2016.
- Rayyan Sabet-Parry, “Ukraine crisis: inhabitants of the Baltic states fear that they will be next in the firing-line”, The Independent, February 20, 2015.
- “Kazakh jailed on separatism charge”, RFE/RL`s Kazakh service, November 18, 2015.
- Marek Menkiszak, “The Putin doctrine: The formation of a conceptual framework for Russian dominance in the post-Soviet area”, The Centre for Eastern Studies (OSW), March 27, 2014.
- Michael Birnbaum, “Russian President Putin builds ties in Moldova, Kazakhstan and Baltics”, The Washington Post, May 17, 2014.
- Bruce Pannier, “A New Wave Of Ethnic Russians Leaving Kazakhstan”, Radio Free Europe/Radio Liberty, February 09.
- Paul Reynolds, “New Russian world order: the five principles”, BBC, September 1, 2008.
- Сергей Рязанов, “Цифры русского мира”, СвободнаяПресса, 20 декабря 2015.