მთავარი » ბელორუსია » ჩერნობილის კატასტროფა

ჩერნობილის კატასტროფა

1986 წლის 26 აპრილს, მოსკოვის დროით 01:43 წუთზე, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ქალაქ პრიპიატში, უკრაინის სსრ–ში, საბჭოთა კავშირში, აფეთქება მოხდა. ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გავრცელებული რადიოაქტიური იზოტოპების ინტენსივობა ატმოსფეროში 400-ჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე, 1945 წელს, ჩამოგდებული ატომური ბომბების რადიოაქტიურ კონცენტრაციას. 2016 წელს ამ მოვლენიდან 30 წელი გავიდა.

კატასტროფის ადამიანური, ტექნიკური თუ ფინანსური ზარალის ზუსტი რაოდენობის დადგენა დღემდე ვერ ხერხდება. ცნობილია, რომ უშუალოდ აფეთქებას 31 ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ ამ დრომდე გრძელდება იმ დაავადებათა მუტაცია, რომლებიც რადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში გაბნევას მოჰყვა.

რა მოხდა ჩერნობილში?

ჩერნობილის ავარიის გამომწვევი მიზეზების შესახებ დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ერთ-ერთი მოსაზრებით, აფეთქება რეაქტორში მომუშავე პერსონალის მიერ დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია. თუმცა, მოგვიანებით, დამატებითი კვლევების შედეგად, ატომური უსაფრთხოების კომიტეტის მიერ 1993 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოითქვა მოსაზრება, რომ აფეთქება არა მხოლოდ მომუშავე პერსონალის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, არამედ, უშუალოდ რეაქტორის ტექნიკურ გაუმართაობასთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობამაც გამოიწვია.

main_1200

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქების შემდეგ

ავარია კი მოხდა ამგვარად: ინჟინრებს სურდათ დაედგინათ რამდენ ხანს შეძლებდა რეაქტორი მუშაობას გარედან ენერგიის მიწოდების გარეშე. ამისათვის, მათ განზრახ დატოვეს ნეიტრონების შემწოვი საკონტროლო ღერძული ოცდაათი ელექტროდიდან მხოლოდ ექვსი და გამოთიშეს ავტომატური გამომრთველი, რომელიც უზრუნველყოფდა სისტემის ფუნქციონირების დაუყოვნებლივ შეზღუდვას ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში. როგორც კი, გამოირთო გარე ენერგიის მიწოდება, სიმძლავრე რეაქტორის ბირთვში გაიზარდა, რაც საბოლოოდ გარდაიქმნა ატომურ აფეთქებად.

აფეთქების შედეგები

ადამიანური მსხვერპლი

აფეთქებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გარდაიცვალა დაახლოებით 160 ადამიანი. თუმცა, ტრაგედია ამით არ დასრულებულა. მეტიც, ადამიანები, რომლებიც პრიპიატსა და მის ახლო მდებარე ქალაქებში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა ავადმყოფობათა მსხვერპლნი გახდნენ – მათ შორის მკვეთრი რადიაციული (კანის რადიაციული დამწვრობა), ონკოლოგიური და მემკვიდრეობითი დაავადებების.

d57c8433ce12de16643e038781b27649

ჩერნობილის ავარიის გავლენა ადამიანებზე

გავლენა ეკოსისტემაზე

აფეთქების შემდეგ, ელექტროსადგურის გარშემო შეიქმნა 30 კმ-იანი ე.წ. „განადგურების ზონა“. მნიშვნელოვნად დაბინძურდა ტყეები, რაც გამოწვეულია ცეზიუმის მუდმივი ცირკულაციით ტყის ეკოსისტემაში. უნდა აღინიშნოს, რომ მდინარეთა და ტბების დაბინძურება თავდაპირველად მაღალი იყო, თუმცა, ამჟამად მდგომარეობა მნიშვნელოვნად შემსუბუქდა. იგივე შეიძლება ითქვას წყალმცენარეებისა და თევზების შესახებაც. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანის ჩაურევლობამ ეკოსისტემაში არათუ გაართულა მდგომარეობა, არამედ ბუნებამ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო რეაბილიტაცია, აღმოცენდა მცენარეთა ახალი სახეობები და გაიზარდა ცხოველთა რაოდენობა.

chernobyl-disaster-effects-on-animals

ჩერნობილის ავარიის გავლენა ცხოველებზე

ინციდენტის შემდგომი რეაგირება

განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ გაგრძელდა ცხოვრება ქალაქ პრიპიატში აფეთქების შემდეგ. იმავე შაბათ დილას, რეგიონულმა პარტიულმა კომიტეტმა ჩაატარა შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა, რომ ქალაქის თავზე დაგროვილი რეაქტორის აფეთქებით გამოწვეული კვამლის მიუხედავად, არანაირი უსაფრთხოების ზომები არ უნდა მიღებულიყო და მოსახლეობისთვის არავითარი ახსნა-განმარტების გაკეთება არ იყო საჭირო. მაშინ, როცა კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები ამზადებდნენ საკუთარ ოჯახებს ყირიმის ნახევარკუნძულზე ევაკუირებისათვის, ქალაქში ცხოვრება ჩვეული ტემპით გრძელდებოდა.

liquidators-300x200

ლიკვიდატორები – ადამიანები, რომლებმაც გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა

კვირას, 27 აპრილს,  შუადღის 14:00 საათისათვის, ბორის შჩებინამ, რომელიც საიდუმლო საევაკუაციო კომისიის ხელმძღვანელი იყო, შეკრიბა პერსონალი, რომელთაც დაიწყეს რეაქტორიდან 10 კმ-ის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ქალაქიდან ავტობუსებით გაყვანა. თუმცა, არც ამ დღეს გაკეთებულა რაიმე ოფიციალური განცხადება ავარიის შესახებ.

ორშაბათს, 28 აპრილს, დილის 09:00 სთ-ზე, შვედეთის ატომურმა ელექტროსადგურმა დააფიქსირა რადიოაქტიური ნივთიერებების უკიდურესად გაზრდილი კონცენტრაცია ატმოსფეროში. აშკარა იყო, რომ წარმოშობილი რადიოაქტიური ღრუბელი ჩრდილოეთით მიემართებოდა, თუმცა, მისი საწყისი სადღაც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. დღის მეორე ნახევრამდე შეუსვენებლივ ითხოვდნენ შვედი დიპლომატები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან ინფორმაციას, რომლებიც, თავის მხრივ, აცხადებდნენ, რომ მათი მხრიდან არანაირი დარღვევა ან საფრთხე არ ფიქსირდებოდა. საბოლოოდ, მხოლოდ საღამოს 21:00 სთ-ზე, ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვების ბოლოს, გაკეთდა ცნობა აფეთქების შესახებ. თავად საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი კი, სატელევიზიო გამოსვლაში, რომელიც ავარიიდან ორი კვირის შემდეგ მომზადდა, აცხადებდა, რომ დასავლეთის მედია ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რაც შექმნილ მდგომარეობას არ შეესაბამებოდა.

ბელარუსი – ტრაგედიის ძირითადი მსხვერპლი

ცნობილია, რომ აფეთქების შემდგომ გავრცელებული რადიოაქტიური ნივთიერებების 70% იმ დროს არსებული ქარის გავლენით ბელარუსიის ტერიტორიაზე დაილექა. თუმცა, ეს ფაქტი 3.5 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო საბჭოთა ბიუროკრატების მიერ.

chernobyl_map

ჩერნობილის ავარიის გავლენა რეგიონზე

იმდროინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ მარცხი განიცადა, როგორც ტრაგედიის თავიდან აცილებისა და მისი მასშტაბების შემცირებაში, ისე დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში. მდგომარეობა ვერც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებაში ბორის ელცინის მოსვლამ შეცვალა. ტრაგედიიდან მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ, 1992 წელს რუსეთის პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იგორ გაიდარმა გადარიცხა 4.6 მლრდ რუბლი ბელარუსის ჩერნობილის ფონდში. თუმცა, აღნიშნული თანხა მიზერულია იმ ზიანთან შედარებით, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა.

განახლებული სარკოფაგის პროექტი

2016 წლის 29 ნოემბერს ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხოების ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, როდესაც ჩერნობილის ძველი დამცავი სარკოფაგი ახალით დაფარეს.იმისათვის, რომ აფეთქებული რეაქტორის ბირთვში დარჩენილი 200 ტონა ურანი შეეკავებინათ, 40 სახელმწიფო ეხმარებოდა უკრაინას მასიური კონსტრუქციის მშენებლობაში. 110 მეტრი სიმაღლისა და 25 000 ტონა სიმძიმის მქონე მეტალის სარკოფაგის საერთო ღირებულება 2.4 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ვარაუდობენ, რომ პროექტის საბოლოო დასრულება 2017 წლისათვის იქნება შესაძლებელი, ხოლო შემაკავებელი ეფექტი მინიმუმ, 100 წელს შენარჩუნდება. ახალმა სარკოფაგმა გადაფარა ცემენტის ძველი სარკოფაგი, რომელიც თავდაპირველად ააშენეს რეაქტორის ნარჩენებზე და რომელიც სწრაფად კარგავდა გამძლეობას, რის გამოც მასობრივი რადიაციის გაჟონვის საფრთხე საკმაოდ მაღალი იყო.

_71333835_624_arch-chernobyl

ახალი სარკოფაგის მშენებლობა

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ ვიცით თუ ვის ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, ერთი რამ ეჭვგარეშეა, ჩერნობილში მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს საბჭოთა კავშირში არსებულ განუკითხაობაზე და გვაფიქრებს თუ რაოდენ დიდი ზარალი შეიძლება მოუტანოს ამგვარმა ვითარებამ არა მხოლოდ კატასტროფის რეგიონსა და მის მომსწრე თაობას, არამედ მეზობელ ქვეყნებსა და  ტრაგედიის შემდგომ დაბადებულ ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს.

P.S. ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ გირჩევთ სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნი “ჩერნობილის ლოცვა” წაიკითხოთ, რომელიც 2015 წელს ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა.

ავტორი: თეონა გელაშვილი


2 კომენტარი

  1. giorgi ამბობს:

    kargi infomaciaa gmadlob

    Like

  2. avto kobulovi ამბობს:

    რა ხდებოდა ატონიმურ ელექტროსადგურზე,სანამ აფეთქება და ხანძარი მძინვარებდა

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: