მთავარი » საბჭოთა ისტორია » როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი: ძირითადი მოვლენები

როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი: ძირითადი მოვლენები

2016 წლის 8 დეკემბერს, ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერიდან 25 წელი გავიდა. ბელოვეჟის შეთანხმებამ საბჭოთა კავშირის დაშლას დაუდო სათავე. 1991 წლის 26 დეკემბერს კი,  საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა, რასაც 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება მოყვა. საბჭოთა კავშირის დაშლა სოციალურ–ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სფეროში მომხდარმა ცვლილებებმა გამოიწვია. ქვემოთ იმ ზოგიერთ მნიშვნელოვან თარიღს/მოვლენას შეგახსენებთ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლას შეუწყო ხელი.

1985

მიხეილ გორბაჩოვის რეფორმები

Генеральный секретарь ЦК КПСС М.С. Горбачев

მიხეილ გორბაჩოვი

1985 წლის 11 მარტს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, პოლიტბიუროს ყველაზე ახალგაზრდა წევრი, მიხეილ გორბაჩოვი გახდა, რომელმაც მიზნად დაისახა საბჭოთა კავშირის რეფორმირება. ქვეყნის შიგნით გორბაჩოვის პოლიტიკას მოიხსენიებდნენ, როგორც „გლასნოსტი“ (საჯაროობა) და „პერესტროიკა“ (გარდაქმნა).

მშრალი კანონი

1985 წლის მაისში, მიხეილ გორბაჩოვმა ლენინგრადში (1991 წლიდან სანქტ-პეტერბურგი) სიტყვით გამოსვლისას რეფორმების გატარების აუცილებლობაზე და ანტიალკოჰოლურ კამპანიაზე ისაუბრა. ე.წ. მშრალმა კანონმა ალკოჰოლური სასმელების შავი ბაზრის განვითარებასა და საბიუჯეტო შემოსავლების კლებას შეუწყო ხელი.

რეფორმატორების დანიშვნა

1985 წლის 1 ივლისს, საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე პოლიტბიუროს სრული წევრი გახდა, მეორე დღეს კი, იგი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს. ამ პოსტზე შევარდნაძემ ძველი თაობის პოლიტიკოსი, ანდრეი გრომიკო ჩაანაცვლა, რომელიც 28 წელი მინისტრი იყო. იმავე დღეს მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოში თავისი კადრები შეიყვანა, მათ შორის ბორის ელცინი. გორბაჩოვმა აქტიურად გააგრძელა ხელისუფლების ძველი კადრებისგან გაწმენდა და მათ ადგილას, ახალგაზრდა კადრების მოყვანა, რაც 1985 წლის 23 დეკემბერს ელცინის მოსკოვის კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად დანიშვნით დასრულდა.

1986

ჩერნობილის კატასტროფა

main_1200

ჩერნობილი

1986 წლის 26 აპრილს, მოსკოვის დროით 01:43 წუთზე, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ქალაქ პრიპიატში, უკრაინის სსრ–ში, საბჭოთა კავშირში, აფეთქება მოხდა. ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებით გავრცელებული რადიოაქტიური იზოტოპების ინტენსივობა ატმოსფეროში 400-ჯერ აღემატებოდა ჰიროშიმაზე, 1945 წელს ჩამოგდებული ატომური ბომბების რადიოაქტიურ კონცენტრაციას.

რეიკიავიკის შეხვედრა

gorbachev_and_reagan_1986-2

მიხეილ გორბაჩოვი და რონალდ რეიგანი

1986 წლის 11 ოქტომბერს, მიხეილ გორბაჩოვი და აშშ–ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი რეიკიავიკში, ისლანდია, შეხვდნენ ერთმანეთს. განხილვის თემა ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხი იყო.

სახაროვის განთავისუფლება

mtm0mduwmtawmju4mjg2mjex

ანდრეი სახაროვი

1986 წლის 23 დეკემბერს, პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზაციის ფარგლებში, მიხეილ გორბაჩოვმა შვიდწლიანი შიდა გადასახლების შემდეგ მოსკოვში დაბრუნების უფლება მისცა, ყველაზე ცნობილ საბჭოთა დისიდენტს, ანდრეი სახაროვს, რომელსაც პირადად დაურეკა.

„ჰელსინკი–86“

1986 წლის ივლისში, ლატვიის ქ. ლიეპაიაში, ადგილობრივი მუშების მიერ „ჰელსინკი–86“ შეიქმნა, რომელიც სსრკ–ში პირველი ღიად ანტიკომუნისტური ორგანიზაცია იყო.

1987

ელცინის დათხოვნა

175486

ბორის ელცინი

1987 წელს  მოსკოვის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის პოსტიდან რეფორმების ნელი ტემპის კრიტიკის გამო ბორის ელცინი გადააყენეს.

1988

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისი

1988 წლის 20 თებერავალს, სტეპანაკერტში, მთიანი ყარაბაღის ასსრ–ს ადგილობრივმა საბჭომ აზერბაიჯანის სსრ–დან გამოყოფისა და სომხეთის სსრ–თან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

სუმგაითის ჟლეტა

1988 წლის 26 თებერვალსა და 1 მარტის პერიოდში, მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებისა და 22 თებერვალს ორი აზერბაიჯანელის მკლელობის გამო, სუმგაითში, აზერბაიჯანის სსრ, ანტისომხური გამოსვლების შედეგად 32 სომეხი დაიღუპა და 14 ათასი ქალაქიდან გაიქცა, რასაც სომხურ–აზერბაიჯანული ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა

rian_00057453-hr-en

ავღანეთის დატოვება

1988 წლის 15 მაისს, საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. ბოლო საბჭოთა ჯარისკაცმა ავღანეთი 1989 წლის 15 თებერვალს დატოვა. ავღანეთში ომის შედეგად, 1979–1989 წლებში, დაახლოებით, 28 ათასი საბჭოთა მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა

1988 წლის 29 ნოემბერს, საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა უცხოეთის რადიო სადგურების სიხშირეების დაბლოკვა, რის შედეგადაც საბჭოთა მოქალაქეებმა ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა მიიღეს.

საბჭოთა ჯარების შესვლა ბაქოში

1988 წლის 5 დეკემბერს, საბჭოთა ჯარები ბაქოში, აზერბაიჯანის სსრ-ში, შევიდნენ.

სპიტაკის მიწისძვრა

cr01-a1

სპიტაკი

1988 წლის 7 დეკემბერს, სპიტაკის (სომხეთის სსრ) მიწისძვრამ 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1989

სახალხო დეპუტატთა ყრილობა

_45601420_51953187

დეპუტატთა კონგრესი

1989 წლის 26 მარტს, პირველად მრავალპარტიული არჩევნების შედეგად აირჩიეს სახალხო დეპუტატთა ყრილობა. არჩევნებში ამომრჩეველთა 89.9%–მა მიიღო მონაწილეობა და 2250 ადგილიდან 1958 ადგილი შეივსო. დანარჩენი ადგილები განმეორებით ტურებში შეივსო. წარმატებას მიაღწიეს არა მხოლოდ კომუნისტური პარტიის მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა, არამედ დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც, მათ შორის იყვნენ ბორის ელცინი, ანდრეი სახაროვი და იურისტი იური სობჩაკი. არჩევნების შედეგად ყრილობაში რადიკალური და ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლებიც მოხვდნენ. ახლად არჩეული ყრილობის პირველი სესია 25 მაისი–9 ივნისის პერიოდში გაიმართა, სადაც პირველად შედგა საჯაროდ თავისუფალი დებატები.

კომუნიზმის მარცხი აღმოსავლეთ ევროპაში

1989 წლის 4 ივნისს, პოლონეთში არჩევნების შედეგად კომუნისტური მთავრობა შეიცვალა. მთელი 1988 წლის განმავლობაში მიხეილ გორბაჩოვი აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირი უარს იტყოდა ბრეჟნევის დოქტრინაზე და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ სახელმწიფოებს საკუთარი შიდა საქმეების თავისუფლად გადაწყვეტის საშუალებას მისცემდა. კრემლის პოზიციის შერბილებას 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური მთავრობების, რუმინეთის გარდა, ნელ–ნელა დამხობა მოჰყვა.

ბალტიისპირეთის „თავისუფლების ჯაჭვი“

baltskyretez

თავისუფლების ჯაჭვი

1989 წლის 23 აგვისტოს, ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) 2 მლნ ადამიანის მონაწილეობით მშვიდობიანი დემონსტრაცია გაიმართა. 600 კმ–ზე 2 მლნ ადამიანს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდა გაკეთებული, რითაც 1939 წლის 23 აგვისტოს დადებული მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი დაგმეს, რასაც 1940 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნების საბჭოთა ოკუპაცია მოყვა.

ბერლინის კედლის ნგრევა

ap89111001348_slide-73c82e0f3c6e88fb9ce68991028afa61120c5144-s6-c30

ბერლინის კედელი

1989 წლის 9 ნოემბერს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობას, მოულოდნელად, ბერლინის კედლის გავლით დასავლეთ ბერლინში გადასვლის უფლება მისცეს.

9 აპრილის ტრაგედია

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარებმა თბილისში, საქართველოს სსრ, მიტინგი დაარბიეს, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიხეილ გორბაჩოვმა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი თანამდებობიდან გადააყენა და მის მაგივრად საქართველოს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი გივი გუმბარიძე დანიშნა.

ფერღანას ველი

1989 წლის 4–11 ივნისს, ფერღანას ველის დასახლებაში, უზბეკეთის სსრ, ადგილობრივმა უზბეკებმა დეპორტირებული მესხები დაარბიეს, რის შედეგადაც 100 კაცი დაიღუპა.

1990

ბაქოს „შავი იანვარი“

სომხურ–აზერბაიჯანული დაპირისპირების ფონზე, აზერბაიჯანში ვითარება დაიძაბა, რასაც 19 იანვარს ბაქოში  საბჭოთა ჯარების შეყვანა მოჰყვა. ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფრონტაცია  და წესრიგის დამყარება რამდენიმე დღე გაგრძელდა, რასაც 130 ადგილობრივი შეეწირა.

კომუნისტური პარტიის მონოპოლიის დასასრული

1990 წლის 7 თებერვალს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა (სკკპ ცკ) მხარი დაუჭირა მიხეილ გორბაჩოვის რეკომენდაციას პოლიტიკურ ცხოვრებაში კომუნისტური პარტიის ერთპარტიული მმართველობის დასრულების შესახებ. 1990 წლის განმავლობაში ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ჩატარდა არჩევნები, მათ შორის 6 საბჭოთა რესპუბლიკაში (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი) ადგილობრივმა კომუნისტურმა პარტიებმა არჩევნები წააგეს. ამ რესპუბლიკებმა ეროვნული სუვერენიტეტის გამოცხადება და მოსკოვთან სამართლებრივი ომი დაიწყეს.

საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი

1990 წლის 15 მარტს, მიხეილ გორბაჩოვი დეპუტატთა კონგრესმა სსრკ–ის პრეზიდენტად აირჩია.

ლიტვის დამოუკიდებლობა

1991 წლის 11 მარტს, ლიტვა სსრ პირველი საბჭოთა რესპუბლიკა გახდა, ვინც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ელცინი პრეზიდენტად

1990 წლის 12 ივლისს, ბორის ელცინმა კომუნისტური პარტია დატოვა.

გორბაჩოვის ნობელის პრემია

1990 წლის 15 ოქტომბერს, მიხეილ გორბაჩოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.

1991

ვილნიუსის სატელევიზო ანძა

1991 წლის 13 იანვარს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოძრაობის შესასუსტებლად, საბჭოთა ჯარმა უშიშროების სპეცნაზთან ერთად ლიტვაში, ვილნიუსის სატელევიზიო ანძა დაიკავა. შტურმის დროს 14 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმი

1991 წლის 17 მარტს, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით, სსრკ–ში რეფერენდუმი ჩატარდა. ამომრჩეველთა 77.85%–მა მხარი დაუჭირა ახალი სამოკავშირეო შეთანხმების გაფორმებას. რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს, სომხეთს, საქართველოსა და მოლდავეთს და ასევე ჩეჩნეთ–ინგუშეთის მოსახლეობას.

საქართველოს დამოუკიდებლობა

1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

რუსეთის დამოუკიდებლობა

1991 წლის 12 ივნისს, ბორის ელცინმა 57% მიიღო დემოკრატიულ არჩევნებში და რუსეთის სფსრ ახლად შექმნილი პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

„კიევური კოტლეტი“

1991 წლის 1 აგვისტოს, აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სიტყვა წარმოთქვა კიევში, სადაც „მომაკვდინებელ ნაციონალიზმზე“ ისაუბრა. სიტყვა, რომელიც „კიევური კოტლეტის“ სახელით შევიდა ისტორიაში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა კონდოლისა რაისმა დაწერა, რომელიც ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო მდივანი იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მიხეილ გორბაჩოვის რეფორმებს დაუჭირა მხარი.

აგვისტოს პუტჩი

the-plotters_1991

პუტჩის ორგანიზატორები

1991 წლის 19 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით, მიხეილ გორბაჩოვის მოწინააღმდეგეებმა  მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმეს. 20 აგვისტოს რუსეთს სფსრ გეგმავდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის შედეგადაც საბჭოთა კავშირი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ფედერაციად გარდაიქმნებოდა, რომლებსაც საერთო პრეზიდენტი, საგარეო პოლიტიკა და არმია ეყოლებოდა. აღნიშნულ იდეას მხარს უჭერდნენ ცენტრალური აზიის რესპუბლიკები. გადატრიალების ხელმძღვანელებმა (საბჭოთა კავშირის ვიცე–პრეზიდენტი გენადი იანაევი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინ პავლოვი, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი, კა-გე-ბეს უფროსი ვლადიმერ კრიუჩკოვი, შს მინისტრი ბორის პუგო და სხვები, სულ რვა) შექმნეს საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო კომიტეტი, რომლის მიზანიც იყო სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის არ დაშვება. პუტჩისტებმა ფაროსში, ყირიმში დასასვენებლად მყოფი გორბაჩოვი შინა პატიმრობაში აიყვანეს და გარე სამყაროს მოწყვიტეს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ცენზურა აღადგინეს. გორბაჩოვის მოვალეობის შესრულება იანაევს დაეკისრა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ პუტჩისტებმა ვერ მიიღეს საერთო სახალხო მხარდაჭერა, ვერც ბორის ელცინის დაკავება შეძლეს, რომელიც პუტჩისტების საწინააღმდეგოდ ტანკზე ამხედრებული წარმოთქვამდა სიტყვას. 21 აგვისტოს პუტჩისტები დამარცხდნენ. გორბაჩოვმა პოლიტბიუროს უმრავლესობა დაითხოვა და რამდენიმე დააპატიმრა. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ პუტჩის ყველა (7) ორგანიზატორი, პუგოს გარდა, რომელმაც თავი მოიკლა. მათი უმრავლესობა გორბაჩოვის ძველი მოკავშირე იყო.

კომუნისტური პარტიის დასუსტება

1991 წლის 24 აგვისტოს, მიხეილ გორბაჩოვი კპ–ის გენერალური მდივნის პოსტიდან გადადგა და ყველა პარტიული ორგანიზაცია დაშლილად გამოაცხადა. ხუთი დღის შემდეგ უზენაესმა საბჭომ  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საქმიანობა საბჭოთა ტერიტორიაზე შეაჩერა, რაც საბჭოთა კავშირში კომუნისტური პარტიის მმართველობის დასასრულს ნიშნავდა.

უკრაინის დამოუკიდებლობა

1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ბელორუსიის დამოუკიდებლობა

1991 წლის 25 აგვისტოს, ბელორუსიის სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მოლდავეთის დამოუკიდებლობა

1991 წლის 27 აგვისტოს, მოლდავეთის სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

გორბაჩოვის დაბრუნება

1991 წლის 27 აგვისტოს, მიხეილ გორბაჩოვი მოსკოვში დაბრუნდა, მაგრამ მისი ძალაუფლება უკვე შერყეული იყო. ვითარების სრული კონტროლი ბორის ელცინმა აიღო ხელში.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა

1991 წლის 30 აგვისტოს, აზერბაიჯანის სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

უზბეკეთისა და ყირგიზეთის დამოუკიდებლობა

1991 წლის 31 აგვისტოს, უზბეკეთის სსრ და ყირგიზეთის სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ტაჯიკეთის დამოუკიდებლობა

1991 წლის 9 სექტემბერს, ტაჯიკეთის სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

გაერო–ში მიღება

1991 წლის 17 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების საფუძველზე ესტონეთი, ლატვია და ლიტვა გაერო-ს წევრები გახდნენ.

სომხეთის დამოუკიდებლობა

1991 წლის 23 სექტემბერს, სომხეთის სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

თურქმენეთის დამოუკიდებლობა

1991 წლის 27 სექტემბერს, თურქმენეთის სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

უკრაინის რეფერენდუმი

1991 წლის 1 დეკემბერს, უკრაინაში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის 90%–მა მხარი დაუჭირა უკრაინის დამოუკიდებლობას, რამაც საბჭოთა კავშირის გადარჩენის საბოლოო შანსები დაასამარა.

ბელოვეჟის შეთანხმება

rian_archive_848095_signing_the_agreement_to_eliminate_the_ussr_and_establish_the_commonwealth_of_independent_states

ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერა

1991 წლის 8 დეკემბერს, ბელორუსიაში, ბელოვეჟის ტყეში მდებარე სამონადირეო ქოხში, სამი საბჭოთა რესპუბლიკის (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ლიდერმა (ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი, სტანისლავ შუშკევიჩი) ხელი მოაწერა სამი სახელმწიფო მეთაურის დეკლარაციას და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაფუძნების შეთანხმებას. აღნიშნულ ჩარჩო დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ მოლაპარაკებები ახალი სამოკავშირეო შეთანხმების პროექტის მომზადებაზე ჩიხში იყო შესული და სსრკ–დან რესპუბლიკების გამოსვლის დე ფაქტო პროცესი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა რეალობა გახდა. მიღებულ დოკუმენტებში ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო: 1) დოკუმენტის მიხედვით, სსრკ, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა აღარ არსებობდა; 2) დოკუმენტის მიხედვით ცხადდებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაფუძნება, რომელიც მოიცავდა სამივე ხელმომწერ სახელმწიფოს, მაგრამ მასთან შეერთება ღია იყო სსრკ–ს ყველა წევრი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც დამფუძნებელი შეთანხმების მიზნებსა და პრინციპებს ითვალისწინებდნენ. 12 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა საბჭომ ბელოვეჟის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.

ყაზახეთის დამოუკიდებლობა

1991 წლის 16 დეკემბერს, ყაზახეთის სსრ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ალმა–ატის სამიტი

1991 წლის 21 დეკემბერს, ქ. ალმა–ატაში სსრკ–ის 11 წევრმა, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ხელი მოაწერეს დსთ–ს დამფუძნებელი შეთანხმების პროტოკოლს, რომელიც ყველა სახელმწიფოსთვის ძალაში შევიდოდა მისი რატიფიკაციის შემდეგ. სამიტის მთავარი დოკუმენტი ალმა–ატის დეკლარაცია იყო, რომელიც აცხადებდა, რომ დსთ–ს დაფუძნებით სსრკ წყვეტდა არსებობას.

გორბაჩოვი გადადგომა

hqdefault

მიხეილ გორბაჩოვის სატელევიზიო მიმართვა

1991 წლის 25 დეკემბერს, მიხეილ გორბაჩოვი გადადგა და ძალაუფლების ატრიბუტები, საბჭოთა ბირთვული რაკეტების გამშვები კოდების ჩათვლით, რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს გადასცა. იმავე საღამოს, 7:32 კრემლზე საბჭოთა დროშის ადგილი რუსეთის დროშამ დაიკავა. იმავე დღეს აშშ–ის პეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ოფიციალურად აღიარა დანარჩენი 11 დარჩენილი რესპუბლიკის დამოუკიდებლობაც.

საბჭოთა კავშირის დასასრული

1991 წლის 26 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომელიც აღიარებდა ყოფილი საბჭოთა რესპულიკების დამოუკიდებლობას და დსთ–ს შექმნას. 27 დეკემბერს ბორის ელცინმა კრემლში მიხეილ გორბაჩოვის კაბინეტი დაიკავა.


%(count)s კომენტარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: