მთავარი » პოსტსაბჭოთა ქვეყნები » საბჭოთა საქართველო » საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაურები

საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაურები

საბჭოთა საქართველოს მართვას სსრ კომუნისტური პარტიის (კპ) ცენტრალური კომიტეტის (ცკ) პირველ მდივანთან ერთად მთავრობის მეთაურიც უზრუნველყოფდა, რომელსაც საბჭოთა საქართველოს არსებობის წლებში სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ, მათ შორის სახალხო კომისარიის საბჭოს თავმჯდომარისა (1922–1946 წლები) და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის (1946–1990 წლები) სახელით. საბჭოთა საქართველოს არსებობის მანძილზე 18 პირველი მდივანი და 16 მთავრობის მეთაური ჰყავდა. ამ საკითხზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, წინამდებარე სტატია არ არის შეცდომებისგან დაზღვეული და ამიტომაც, სტატია პერიოდულად განახლდება.

 

პოლიკარპე მდივანი

1 Polikarpe (Budu) Mdivani

პოლიკარპე (ბუდუ) მდივანი

პოლიკარპე (ბუდუ) მდივანი (1877–1937) დაიბადა აზნაურის  ოჯახში, სოფ. ხონში, ქუთაისის გუბერნიაში. კომპარტიის წევრი იყო 1903 წლიდან. 1917–1918 წლებში რუსეთის დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი იყო, 1918–1919 წლებში მე–11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრი, 1920–1921 წლებში საქართველოს კომპარტიის თავმჯდომარე. აქტიურ როლს ასრულებდა საქართველოში ბოლშევიკების საქმინობაში. საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაური იყო 1922 წლის 7 მარტიდან 1922 წლის აპრილის ჩათვლით. შემდგომ წლებში იყო საბჭოთა საქართველოს საგარეო ვაჭრობის, საგარეო საქმეთა და მსუბუქი მრეწველობის კომისარი, 1924–1928 წლებში საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი საფრანგეთსა და სპარსეთში. 1936 წელს დააპატიმრეს და 1937 წელს დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია 1956 წელს მოხდა.

 

სერგო ქავთარაძე

2 Sergo Kavtaradze
სერგო ქავთარაძე

სერგო ქავთარაძე (1885–1971) დაიბადა აზნაურის ოჯახში, სოფ. ზოვრეთში, ქუთაისის გუბერნიაში. 1915 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ქავთარაძე ქ. ქუთაისის მშრომელთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი და რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი იყო. პარტიის დავალებით წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოღვაწეობდა. ქავთარაძე ეწეოდა პარტიულ და ჟურნალისტურ მუშაობას პეტერბურგში, თბილისში, ბათუმში, იმყოფებოდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოსკოვში, ორენბურგში. 1920 წლს 7 მაისიდან 1921 წ. 25 თებერვლამდე ქავთარაძე იყო რსფსრ წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1921 წლის 25 თებერვლიდან, მცირე ხნის განმავლობაში იყო საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს (ე.წ. “სახკომსაბჭოს”) თავმჯდომარე. საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაური იყო 1922 წლის აპრილიდან 1923 წლის იანვრის ჩათვლით. ქავთარაძე ტროცკისტობის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა შემდეგ სასჯელი მოეხსნა. იოსებ სტალინთან მისი პირადი მეგობრობის წყალობით მოგვიანებით მისი რეაბილიტაცია მოხდა. 1939 წლიდან ქავთარაძე დიპლომატიურ სამუშაოზე იყო: სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მუშაობის განყოფილების გამგე, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე. 1945-1952 წლებში  ქავთარაძე იყო სსრკ–ს ელჩი რუმინეთში, შემდეგ კი, სსრკ  საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. 1954 წლიდან ქავთარაძე პენსიაზე გავიდა.

 

შალვა ელიავა

3 Shalva Eliava

შალვა ელიავა

შალვა ელიავა (1885–1937) საკავშირო კპ–ის წევრი იყო 1904 წლიდან. საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაური იყო 1923 წლის იანვრიდან 1927 წლის ივნისის ჩათვლით. შემდგომში იყო სსრკ-ის მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე. პარტიიდან გაირიცხა 1937 წელს კონტრევოლუციური საქმიანობის გამო. ბრალად დაედო, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოში. 1937 წელს დახვრიტეს.

 

ლავრენტი ქართველიშვილი (ლავრენტიევი)

4 Lavrenti Kartvelishvili.JPG

ლავრენტი ქართველიშვილი

ლავრენტი ქართველიშვილი (1890–1938) დაიბადა სამტრედიაში. კომპარტიის წევრი იყო 1910 წლიდან. 1916 წელს სარატოვში იყო გადასახლებული. 1917-1918 წლებში უკრაინის კომპარტიის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი ორგანოს ჟურნალის, „მნათობის“ პირველი რედაქტორი იყო. საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაური იყო 1927 წლის ივნისიდან 1929 წლის ივნისის ჩათვლით. 1929 წელს იყო უკრაინის კპ ცკ-ის მეორე მდივანი. 1931 წლის 11 სექტემბრიდან, 1931 წლის 14 ნოემბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა დასავლეთ ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, უკრაინაში. ბრალი დასდეს კონტრტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრობაში. 1937 წელს დააპატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია 1956 წელს მოხდა.

 

ფილიპე მახარაძე 

5 Filipe Makharadze
ფილიპე მახარაძე

ფილიპე მახარაძე (1868–1941)  დაიბადა სოფ. ფაშარში, ქუთაისის გუბერნიაში. 1881 წლიდან სწავლას აგრძელებს თბილისში, ხოლო 1903 წელს ხდება კავკასიის საკავშირო კომიტეტის წევრი. თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პირველ ეტაპზე მახარაძე ემხრობოდა ქართველ ნაციონალისტებს, შემდგომში კი, ბოლშევიკებს შეუერთდა. 1921 წლიდან ის საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავჯდომარე გახდა. იგი საქართველოს ოკუპაციის დროს წითელი არმიის ერთ–ერთი ხელმძღვანელი იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მახარაძე სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობს იკავებდა. საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაური იყო 1929 წლის ივნისიდან 1931 წლის იანვრის ჩათვლით. მახარაძე ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. მან დაწერა ნაშრომი „რჩევები და ბრძოლა საქართველოში საბჭოთა ძალაუფლებისათვის“ და სხვ. 1934-1989 წლებში მის სახელს ატარებდა ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის რაიონი.

 

ლევან სუხიშვილი

ლევან სუხიშვილი (1888–1937) დაიბადა სოფ. მამკოდაში, თბილისის გუბერნიაში. პარტიულ საქმიანობაში 1904 წლიდან ჩაერთო. 1923–1928 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1928–1930 წლებში საქართველოს სსრ კპ ცკ მდივანი იყო. საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაური იყო 1931 წლის იანვრიდან 1931 წლის 22 სექტემბრამდე. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს.

 

გერმანე მგალობლიშვილი

7 Germane Mgaloblishvili
გერმანე მგალობლიშვილი

გერმანე მგალობლიშვილი (1884–1937) დაიბადა სოფ. ერკეთში, ქუთაისის გუბერნიაში. 1930–1931 წლებში საქართველოს სსრ ფინანსების სახალხო კომისარი იყო. დაპატიმრებამდე საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაური იყო 1931 წლის 22 სექტემბრიდან 1937 წლის 9 ივნისამდე. ბრალად დასდეს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობა. 1937 წელს დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია 1956 წელს მოხდა.

 

ვალერი ბაქრაძე

8 Valeri Bakradze

ვალერი ბაქრაძე

ვალერი ბაქრაძე (1901–1971) დაიბადა სოფ. სევაში, ქუთაისის გუბერნიაში. პარტიულ საქმიანობას ეწეოდა 1921 წლიდან. 1921–1923 წლებში საქართველოს სსრ კპ–ში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1934 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იყო. 1934–1937 წლებში საქართველოს სსრ კპ ცკ მეორე მდივანი იყო. საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაური იყო 1937 წლის 9 ივნისიდან 1946 წლის 15 აპრილამდე. 1946 წელს სახალხო კომისარიის საბჭოს თავმჯდომარე შეიცვალა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის სახელით. ამ თანამდებობას იკავებდა 1946 წლის 15 აპრილიდან, 1946 წლის დეკემბრის ჩათვლით. 1947–1952 წლებში საქართველოს სსრ კვების მრეწველობის მინისტრი იყო.

 

ზაქარია ჩხუბიანიშვილი

9 Zakaria Chkubianashvili
ზაქარია ჩხუბიანიშვილი

ზაქარია ჩხუბიანიშვილი დაიბადა 1903 წელს, სოფ. რუისპირში, თბილისის გუბერნიაში. 1937–1940 წლებში საქართველოს სსრ სატყეო მრეწველობის სახალხო კომისარი იყო, 1940–1941 წლებში სიღნაღის  საქართველოს კპ სიღნაღის რაიოკიმი მდივანი, 1941–1943 წლებში საქართველოს კპ ცკ მდივანი მრეწველობის დარგში. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო 1946 წლის დეკემბრიდან 1952 წლის 6 აპრილამდე. შემდგომ წლებში იყო საქართველოს სსრ სატყეო მრეწველობის მინისტრი (1954–1957) და თბილისის სატყეო მრეწველობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1959–1970).

 

ზაქარია კეცხოველი 

10 Zakaria Ketskoveli
ზაქარია კეცხოველი

ზაქარია კეცხოველი (1902–1970) 1944–1946 წლებში საქართველოს სსრ კვების მრეწველობის მინისტრი იყო. 1947–1952 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო 1952 წლის 6 აპრილიდან 1953 წლის 16 აპრილამდე. 1953–1956 წლებში საქართველოს სსრ კვების მრეწველობის მინისტრი იყო.

 

ვალერი ბაქრაძე

ვალერი ბაქრაძე საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე კვლავ გახდა 1953 წლის 16 აპრილიდან 1953 წლის 20 სექტემბრამდე.

 

გივი ჯავახიშვილი 

11 Givi Javakhishvili
გივი ჯავახიშვილი

გივი ჯავახიშვილი (1912-1985) დაიბადა თბილისში. 1934–1952 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე. 1952–1953 წლებში ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ჯავახიშვილი საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  იყო 1953 წლის 21 სექტემბრიდან 1975 წლის 17 დეკემბრამდე. 1968 წელს  შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლის საუბილეო კომისიის თავმჯდომარე იყო. მისი ინიციატივით აშენდა თბილისის ფილარმონიის დარბაზი და სპორტის სასახლე, 1966 წელს კი, თბილისის მეტროპოლიტენის პირველი სადგური გახსნა. მთავრობის მეთაურად მოღვაწეობის დროს, იგი თბილისში ბევრ ცნობილ ადამიანს მანსპინძლობდა, მათ შორის ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ჯავაჰარლალ ნერუს, დანიის დედოფალს მარგარეტ II-ს, საფრანგეთის პრეზიდენტს ჟორჟ პომპიდუს, ირანის შაჰს მოჰამად რეზე ფეჰლევის, კუბის ლიდერს ფიდელ კასტროს. 1975 წლიდან პენსიაზე გავიდა.

Javaharla neru tbilisi

ჯავაჰარლალ ნერუ თბილისში ვიზიტის დროს

 

ზურაბ პატარიძე

12 Zurab Pataridze

ზურაბ პატარიძე

ზურაბ პატარიძე (1928–1982) დაიბადა ქ. თბილისში. 1952–1962 წლებში მუშაობდა ჭიათურის მარგანეცის ტრესტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1962 წელს საქართველოს კპ ჭიათურის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. 1972–1975 წლებში საქართველო კპ ცკ მდივანი იყო. პატარიძე საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  იყო 1975 წლის 17 დეკემბრიდან 1982 წლის 5 ივნისამდე. პატარიძე 1982 წლის 5 ივნისს ავტოავარიაში გარდაიცვალა. კრემლმა ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ოფიციალური განცხადება სამი დღის დაგვიანებით გააკეთა.

 

დიმიტრი ქართველიშვილი

13 Dimitri Kartvelishvili
დიმიტრი ქართველიშვილი

დიმიტრი ქართველიშვილი (1927–2009) დაიბადა ქ. თბილისში. 1951–1971 წლებში ქუთაისი ავტოქარხანაში სხვადასხვა საინჟინრო თანამდებობებზე მუშაობდა. 1971–1975 წლებში ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1975–1979 წლებში პარტიულ და აღმასრულებელ თანამდებობებზე მუშაობდა. 1979–1982 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ქართველიშვილი საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  იყო 1982 წლის 2 ივლისიდან 1986 წლის 12 აპრილამდე. თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის, იყო სსრკ სახსტანდარტის საქართველოს სამმართველოს უფროსი. 1990 წლის ოქტომბრიდან პენსიაზე გავიდა.

 

ოთარ ჩერქეზია

14 Otar Cherkezia
ოთარ ჩერქეზია

 

ოთარ ჩერქეზია დაიბადა 1933 წელს, ქ. თბილისში. 1957 წლიდან ხელმძღვანელ კომკავშირულ თანამდებობზე მუშაობდა. ჩერქეზია საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  იყო 1986 წლის 12 აპრილიდან 1989 წლის 29 მარტამდე. მისი თავმჯდომარეობის დროს ესტუმრა საქართველოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი.

tetcheri

მარგარეტ ტეტჩერის თბილისში ვიზიტი

 

ზურაბ ჩხეიძე

15 Zurab Chkeidze

ზურაბ ჩხეიძე

ზურაბ ჩხეიძე დაიბადა 1930 წელს დაბა შორაპანში, ზესტაფონის რაიონი. 1954–1970 წლებში მრეწველობის სფეროში მუშაობდა საქართველოსა და უკრაინაში, მათ შორის 1965-1970 წლებში იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი. 1970 წლიდან პარტიულ თანამდებობზე იყო, მათ შორის 1972 წელს რუსთავის კპ საქალაქო კომიტეტის I მდივანი იყო, 1972-1975 წლებში კავშირგაბმულობის მინისტრი, 1975-1982 წლებში საქართველოს კპ ცკ მდივანი, 1982-1986 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1986-1989 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის I მოადგილე. ჩხეიძე საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  იყო 1989 წლის 29 მარტიდან 1989 წლის 14 აპრილამდე. 1989-1991 წლებში სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე იყო.

 

ნოდარ ჭითანავა

16 Nodar Chitanava
ნოდარ ჭითანავა

ნოდარ ჭითანავა დაიბადა 1935 წელს, სოფ. ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი. 1968 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის კპ ცკ უმაღლესი პარტიული სკოლა. 1959 წლიდან მოყოლებული კომკავშირული და პარტიული საქმიანობით იყო დაკავებული. 1973-1974 წლებში მუშაობდა საბჭოთა საქართველოს კპ აჭარის რეგიონული კომიტეტის მეორე მდივნად, 1974-1979 წლებში საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრად, 1979-1985 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1985-1989 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. ჭითანავა საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე  იყო 1989 წლის 14 აპრილიდან 1990 წლის 15 ნოემბრამდე. 1990-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი იყო.

 

სხვა მეთაურები

ნოდარ ჭითანავე საბჭოთა საქართველოს ბოლო მეთაური იყო, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი იყო. ჭითანავე მთავრობის მეთაურის პოსტზე თენგიზ სიგუამ შეცვალა, რომელიც 1990 წლის 15 ნოემბრიდან, 1991 წლის 18 აგვისტომდე იყო მთავრობის მეთაური. შემდგომში მთავრობის მეთაურს პრემიერ–მინისტრის სახელი ეწოდა და დროებით მოვალეობას 1991 წლის 18–26 აგვისტოს მურმან ომანიძე ასრულებდა, 1991 წლის 26 აგვისტოდან 1992 წლის 6 იანვრამდე კი, ბესარიონ გუგუშვილი.

 

საინტერესო ფაქტები

საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაურების რაოდენობა: საბჭოთა საქართველოს არსებობის პერიოდში სულ 16 მთავრობის მეთაური იყო, მათ შორის ვალერი ბაქრაძე ორჯერ იყო ამ თანამდებობაზე, ლავრენტი ქართველიშვილი კი, თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, სსრ კომუნისტური პარტიის (კპ) ცენტრალური კომიტეტის (ცკ) პირველი მდივანიც იყო.

ვინ როდის დაიბადა?

  • XIX საუკუნეში დაიბადა 7 მთავრობის მეთაური
  • XX საუკუნეში დაიბადა 9 მთავრობის მეთაური

ვინ იყო ყველაზე ხანმოკლე პერიოდით?: ზურაბ ჩხეიძე საქართველოს მთავრობის მეთაური 17 დღე იყო.

ვინ იყო ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით? გივი ჯავახიშვილი საქართველოს მთავრობის მეთაური 22 წელი, 2 თვე და 27 დღე იყო.

ვინ რამდენი წელი იყო საბჭოთა საქართველოს მთავრობის მეთაური

Soviet Geo Prime-Ministers

 

ვინ როგორ დაასრულა მოღვაწეობა:

  • 1937–1938 წლებში დახვრიტეს: პოლიკარპე მდივანი, შალვა ელიავა, ლავრენტი ქართველიშვილი, ლევან სუხიშვილი, გერმანე მგალობლიშვილი.
  • 1982 წლის 5 ივნისს ავტოავარიაში გარდაიცვალა ზურაბ პატარიძე.
  • მთავრობის სხვა მეთაურებმა მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადადგომის შემდეგ სხვადასხვა სფეროში გააგრძელეს საქმიანობა.

 

სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:

  • ქართული ვიკიპედია, English Wikipedia, რუსული ვიკიპედია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ინტერნეტ წყაროები, მათ შორის: burusi.wordpress.com, knowbysight.info,  opentext.org.ge, qartuliazri.ge და სხვა.

 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: