საბჭოთა პერიოდში ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ექსპორტზე მონოპოლიას საბჭოთა კავშირი ფლობდა. 1990-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რეგიონის გაზით და ნავთობით მდიდარი ქვეყნების ენერგო პოლიტიკის მთავარი მიზანი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება გახდა. ყაზახეთისა და თურქმენეთის აქტიური პოლიტიკის შედეგად, ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეს უკვე არა მარტო რუსეთში, არამედ ირანსა და ჩინეთშიც ხორციელდება. თუმცა, ამ ქვეყნების მთავარი ამოცანა დასავლეთის ბაზრებთან დაკავშირებაა.
ცენტრალური აზიის ენერგორესურსები
ნავთობის მარაგები
2016 წლის მონაცემებით, ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოდან ყაზახეთს აქვს ნავთობის დიდი მარაგები. ქვეყნის მარაგები 30 მლრდ ბარელად არის შეფასებული, რაც მსოფლიო მარაგების 1.8%-ია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყაზახეთზე მეტი ნავთობის მარაგები რუსეთს აქვს – 6.4%, აზერბაიჯანის მარაგები კი, 0.4%-ია.
გაზის მარაგები
2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ მ³ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია, უზბეკეთის მარაგები 0.6%-ია, ყაზახეთის – 0.5%. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თურქმენეთზე მეტი გაზის მარაგები რუსეთს აქვს – 17.3%, აზერბაიჯანს კი, მხოლოდ 0.6%.
საბჭოთა მონოპოლია
საბჭოთა პერიოდში ცენტრალური აზიის რესურსების მოპოვებასა და ექსპორტზე მონოპოლიას საბჭოთა კავშირი ფლობდა. 1990-იანი წლების დასაწყისშიც ცენტრალური აზიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების საექსპორტო მარშრუტებს რუსეთი აკონტროლებდა, რომელსაც საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით ერგო ცენტრალური აზია-ცენტრის გაზსადენის სისტემა, რომელიც თურქმენულ გაზს რუსეთის გაზსადენის სისტემასთან აკავშირებს. გაზსადენის სისტემა 1960-1988 წლებში აშენდა. მისი მაქსიმალური წარმადობა 90 მლრდ მ³-ია.
პოსტსაბჭოთა პერიოდი – ახალი საექსპორტო მარშრუტები
უზბეკეთის საექსპორტო მილსადენი
უზბეკეთს საკუთარი გაზი მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სჭირდება. ქვეყნის ძირითადი საექსპორტო მარშრუტი ბუხარა-ტაშკენტი-ბიშკეკი-ალმათის მილსადენია, რომლის მშენებლობაც 1967 წელს დაიწყო. მილსადენი, რომელსაც 22 მლრდ მ³ გაზის ტრანსპორტირება შეუძლია, მოძველებულია და სერიოზულ განახლებას საჭიროებს. ამ ეტაპზე მილსადენით სამხრეთ ყაზახეთი და ყირგიზეთი მარაგდებიან.

ბუხარა-ტაშკენტი-ბიშკეკი-ალმათის გაზსადენი
ყაზახეთის საექსპორტო მილსადენები
1990-იან წლებში ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს მხოლოდ რუსეთთან დამაკავშირებელი მილსადენის სისტემით და ჩინეთში სარკინიგზო ხაზით ახორციელებდა. შემოსავლებისა და ენერგო დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად ყაზახეთის ენერგო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ახალი მილსადენების მშენებლობა გახდა. პოსტსაბჭოთა პერიოდში ყაზახეთში აშენებული პირველი მნიშვნელოვანი საექსპორტო მილსადენი კასპიის მილსადენის კონსორციუმია (CPC), რომელიც რუსეთზე გადის, მაგრამ 11 საერთაშორისო პარტნიორის ერთობლივი პროექტია და მის მართვაზე რუსულ მხარეს მონოპოლია არ აქვს. 1 575 კმ სიგრძის მილსადენი, რომლის მშენებლობაც 2001 წელს დასრულდა, ნავთობის ტრანსპორტირებას ძირითადად თენგიზის საბადოდან ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით ახორციელებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტისგან განსხვავებით, CPC-ზე რუსეთის კონტროლი მაღალია, რადგან მილსადენი მის ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო და პორტის მოსაკრებლებსაც თავად იღებს.

კასპიის მილსადენის კონსორციუმი
რუსეთის გავლენის შესამცირებლად ყაზახეთმა ჩინეთის მიმართულებით ახალი საექსპორტო მილსადენი ააშენა. 2 228 კმ სიგრძის ყაზახეთ-ჩინეთის ნავთობსადენის მშენებლობა 2009 წელს დასრულდა. ნავთობსადენის მაქსიმალური წარმადობა წელიწადში 20 მლნ ტონაა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ჩინეთმა ცენტრალური აზიიდან მილსადენით ნავთობის იმპორტი განახორციელა.

ყაზახეთ-ჩინეთის ნავთობსადენი
თურქმენეთის საექსპორტო მილსადენები
1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთმა ალტერნატიული მარშრუტების განვითარებაზე ფიქრი 1990-იანი წლების დასაწყისშივე დაიწყო. პირველი ალტერნატიული მილსადენის იდეა ჯერ კიდევ 1991 წელს გაჩნდა, როდესაც არგენტინულმა კომპანია “Bridas”-მა და შემდგომში “Unocal”-მა ტრანსავღანური მილსადენის პროექტის იდეას დაუჭირეს მხარი. თუმცა, 1998 წელს ალ-კაიდას მიერ აფრიკაში აშშ-ს საელჩოებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ამერიკულმა მხარემ პროექტის მხარდაჭერა შეწყვიტა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული. თურქმენეთმა დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, პირველ ეტაპზე ირანის მიმართულებით დაიწყო მარშრუტის განვითარება. ქორფეჯე-ქიურთ-ქიუის მილსადენის (200 კმ) მშენებლობა 1997 წელს დასრულდა. მილსადენის წარმადობა 8 მლრდ მ³-ია.
2010 წელს ირანის მიმართულებით კიდევ ერთი მილსადენი – დაულეთაბად-ხანგირანის მილსადენი (182 კმ) აშენდა, რომელსაც 12 მლრდ მ³ გაზის ტრანსპორტირება შეუძლია. ირანთან არსებული ორი მილსადენის ხაზის მიუხედავად, გაზის ფასზე შეუთანხმებლობისა და ირანის მიერ იმპორტირებული გაზისთვის საფასურის ხშირი გადაუხდელობის გამო, ირანთან ურთიერთობა მუდმივი პრობლემებით ხასიათდება.
რუსეთთან დაძაბული ენერგო მოლაპარაკებების ფონზე თურქმენეთმა ჩინეთთან პარტნიორობა გააქტიურა, რაც 2009 წლის ბოლოსთვის თურქმენეთ-ჩინეთის მილსადენის გახსნით დასრულდა. ჩინეთის ნაციონალური ნავთობკომპანიის მხარდაჭერით ცენტრალური აზია-ჩინეთის გაზსადენი (1 833 კმ) აშენდა, რომელიც აღმოსავლეთ თურქმენეთს, უზბეკეთისა და ყაზახეთის გავლით, ჩინეთის სინძიანის პროვინციასთან აკავშირებს. ამ მილსადენით, რომლის წლიური წარმადობა დამატებით ორი ხაზის მშენებლობის შემდეგ 60 მლრდ მ³-მდე გაიზარდა, თურქმენეთი ჩინეთის მნიშვნელოვანი ენერგო პარტნიორი გახდა.

ცენტრალური აზია-ჩინეთის გაზსადენი
ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი
მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის და თურქმენეთის საექსპორტო მარშრუტები რუსეთის გარდა ირანისა და ჩინეთის მიმართულებითაც განვითარდა, დასავლეთის მიმართულებით ალტერნატიული მარშრუტების ძიება ამ ქვეყნების ენერგო პოლიტიკის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება. დასავლური მარშრუტების განვითარების იდეა 1990-იანი წლებიდან არსებობს, რომლის უმთავრესი მიზანი რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებაა. საწყის ეტაპზე თურქმენეთში გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ “ნაბუქოს” პროექტის განხორციელებაზე, მაგრამ პროექტის სიძვირის, პოლიტიკური წინააღმდეგობებისა და ევროკავშირის მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, პროექტი ამჟამად აქტუალური აღარ არის.

ტრანსკასპიური მილსადენი
“ნაბუქოს” პროექტის წარუმატებელი ლობირების მიუხედავად, ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს აქტუალობა არ დაუკარგია. გრძელვადიან პერსპექტივაში ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განხორციელებას შესაძლოა ხელი შეუწყოს რამდენიმე ფაქტორმა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლისთვის ევროპა მილსადენის ახალი სისტემით, რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენს (SCP), ტრანსანატოლიისა (TANAP) და ტრანსადრიატიკის (TAP) მილსადენებს გააერთიანებს, პირველად მიიღებს კასპიურ გაზს აზერბაიჯანიდან. რაც, ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის შემთხვევაში, თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შესაძლებლობას შექმნის. პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერაც აქვს, რომელიც ერთ-ერთ პრიორიტეტად სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარებას მიიჩნევს, რომელიც ევროკავშირის ბაზარს კასპიის რეგიონთანაც დააკავშირებს.

სამხრეთ კავკასიის მილსადენი-TANAP-TAP
ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განხორციელების გამოწვევები
ცენტრალური აზიისა და დასავლეთის ქვეყნების სურვილის მიუხედავად, ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ტრანსპორტირება კასპიის ზღვისა და შემდეგ სამხრეთ კავკასიის გავლით დასავლეთისკენ უზრუნველყონ, ტრანსკასპიური პროექტი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.
გეოგრაფიული ბარიერები – თურქმენეთისა და ყაზახეთის გეოგრაფიული იზოლაციის გამო, რეგიონიდან ენერგორესურსების ექსპორტი ძვირადღირებული კომპლექსური მილსადენის პროექტის განხორციელებას მოითხოვს, რომელმაც კასპიის ზღვის ფსკერზე და სატრანზიტო ქვეყნებზე უნდა გაიაროს.
სამართლებრივი დავა სანაპირო ქვეყნებს შორის – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კასპიის ზღვის სანაპირო სახელმწიფოებს შორის (რუსეთი, ირანი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი) საზღვაო საზღვრების დემილიტაციის საკითხზე დაპირისპირება წარმოიქმნა. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგორესურსების უმეტესი მარაგები ძირითადად ყაზახეთის, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ წყლებშია, რუსეთი და ირანი ეწინააღმდეგებიან მეზობელი ქვეყნების მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც დასავლეთის ბაზრებს მათი გვერდის ავლით მოამარაგებს.
გარემოს დაცვითი საკითხები – რუსეთი და ირანი ტრანსკასპიური პროექტის წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ გარემოს დაცვით საკითხებს.
სატრანზიტო დერეფანის უსაფრთხოება – ცენტრალური აზიის რესურსების დასავლეთის მარშრუტით ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამხრეთ კავკასიაში და თურქეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. ტერორიზმის თვალსაზრისით ყველაზე დაუცველი თურქეთის მონაკვეთია, სადაც აზერბაიჯანიდან მომავალ მილსადენებზე 2008 და 2015 წლებში აფეთქებები მოხდა. მილსადენების დაუცველობა გამოჩნდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც, როდესაც საქართველოში მილსადენთან ახლოს ბომბი ჩამოვარდა. რეგიონის სატრანზიტო პოტენციალისთვის გამოწვევაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტიც.
კონკურენტული მარშრუტები და დაბალი ფასები – ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს საფრთხეს უქმნის გაზზე დაბალი ფასები და კონკურენტული პროექტების მშენებლობა.
ჩინეთი – ახალი გავლენიანი მოთამაშე – გაზზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჩინეთმა ცენტრალური აზიის ენერგო სექტორის ათვისება დაიწყო. რის შედეგადაც, ჩინეთი ცენტრალური აზიის ენერგორესურსების იმპორტის მხრივ, არა მარტო რუსეთის, არამედ ევროკავშირის მნიშვნელოვან კონკურენტადაც ყალიბდება.
პოლიტიკური წინააღმდეგობა – კასპიური რესურსების დასავლეთის მარშრუტით ექსპორტის მთავარი მოწინააღმდეგეები არიან რუსეთი და ირანი. ორივე ქვეყანა აქტიურად იყენებს დიპლომატიურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო ინსტრუმენტებს დასავლური მარშრუტის წინააღმდეგ.
აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცლად იხ.: მამუკა კომახია, “ახალი დიდი თამაში” ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის