თანამედროვე აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის მთავარი კონტურები ჰეიდარ ალიევის მმართველობის დროს გამოიკვეთა, თუმცა მნიშვნელოვანია, მიმოვიხილოთ აიაზ მუტალიბოვისა და განსაკუთრებით აბულფაზ ელჩიბეის მმართველობის პერიოდებიც, რომლებიც პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანს ქვეყნის ისტორიის ყველაზე რთულ ტრანზიტულ პერიოდებში მმართავდნენ.
აიაზ მუტალიბოვის პერიოდი
აზერბაიჯანის სსრ-ს ყოფილ პირველ მდივანს და დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველ პრეზიდენტს, აიაზ მუტალიბოვს რუსეთი უჭერდა მხარს და შესაბამისად, იგი სწორედ რუსეთს განიხილავდა მთავარ არბიტრად სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებში. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ანტი-საბჭოთა და შესაბამისად, ანტი-რუსული პოლიტიკური განწყობების მატარებელი იყო, მუტალიბოვის საგარეო პოლიტიკა მაინც მკვეთრად რუსო-ცენტრულად რჩებოდა, რაც საბოლოოდ, აზერბაიჯანის რუსეთის მიერ შექმნილ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებით დასრულდა, რასაც ბუნებრივია პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებული პროტესტის საფუძველი გახდა თებერვლის წარუმატებლობა მთიანი ყარაბაღის ფრონტზე, რასაც ხოჯალის ტრაგედიაც დაერთო, რასაც საბოლოოდ, მუტალიბოვის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და აბულფაზ ელჩიბეის გაპრეზიდენტება მოჰყვა.
განვითარებული მოვლენებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მუტალიბოვის საგარეო პოლიტიკა, ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მსგავსად, ძირითადად ისევ ყოფილ ცენტრზე – მოსკოვზე იყო ორიენტირებული. მას არ შეეძლო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება, რისი მიზეზებიც, შესაძლოა, მის წარსულ კარიერას ან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ვეძებოთ.
აბულფაზ ელჩიბეის პერიოდი
შემდეგი პრეზიდენტი – აბულფაზ ელჩიბეი სრულიად განსხვავებული მმართველი გახლდათ. მან ნაციონალური ნარატივი წამოწია წინ და მუტალიბოვისგან განსხვავებით, მხარი დაუჭირა აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტეგრაციას, რასაც მკვეთრად გამოხატული ნაციონალური სარჩული გააჩნდა. ასევე მან პრიორიტეტი მიანიჭა დასავლეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავებას. ამ კუთხით, პოლიტიკური კავშირების გარდა, მან მოლაპარაკებები დაიწყო დასავლურ ნავთობ კომპანიებთან აზერბაიჯანული რესურსების შესაძლო ათვისების მიზნით. ელჩიბეის ძალისხმევამ, რომ რუსული გავლენები პრო-თურქული და პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკებით დაებალანსებინა, რუსეთის მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხური მხარის მხარდაჭერა გამოიწვია, რამაც საბოლოოდ დაპირისპირების ბედი ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გადაწონა.
ასევე საინტერესოა ელჩიბეის დამოკიდებულება ე.წ. ირანის აზერბაიჯანის მიმართ. იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა და ირანის აზერბაიჯანის ტერიტორიებს დაახლოებით ერთ კონტექსტში განიხილავდა და მათ აზერბაიჯანულ ტერიტორიებად მოიხსენიებდა, რამაც, ირანთან ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვია.
ელჩიბეის საგარეო პოლიტიკა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ანტი-რუსული, ნაციონალური მიდგომა, რა დროსაც მმართველი კლასი ნაციონალური იდეებით დომინირებული საგარეო პოლიტიკით ცდილობდა ახალი მოკავშირეების მოძიებას, მთავარ მოკავშირედ კი, გამომდინარე ეთნიკური და ლინგვისტური ნათესაობისა, თურქეთის რესპუბლიკა ესახებოდათ. აღნიშნულმა პოლიტიკამ რუსეთთან დაპირისპირება გამოიწვია. გარდა ამისა, ირანის წინააღმდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა, რაც ძირითადად „სამხრეთ აზერბაიჯანის“ ტერიტორიებს ეხებოდა, ირანიც სომხეთის ბუნებრივ მოკავშირედ აქცია. რუსეთისა და ირანის პოლიტიკურმა თუ სამხედრო მხარდაჭერამ, იმ დროს, როდესაც დასავლეთის ჩართულობა რეგიონში საკმაოდ ფორმალური იყო, მნიშვნელოვნად განაპირობა სომხური სამხედრო ჯგუფების წარმატება, რასაც საბოლოოდ თავად ელჩიბეის გადაგდებაც მოჰყვა.
სტაბილიზაციის პერიოდი – ალიევების ეპოქა (1993-2003)
მას შემდეგ რაც ელჩიბეის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ყოფილი საბჭოთა მმართველი, ჰეიდარ ალიევი მოდის, იწყება გარკვეული ცვლილებები, მათ შორის საგარეო პოლიტიკური კუთხითაც. ამ დროს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში რეალისტური, პრაგმატული ელემენტები ჩნდება. ჰეიდარ ალიევმა გააცნობიერა, რომ საჭირო იყო ურთიერთობების დალაგება მეზობლებთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან და ირანთან. მან ასევე მნიშვნელობა მიანიჭა აზერბაიჯანის ენერგო რესურსებს, რომელთა ათვისებისთვისაც საჭირო იყო შექმნილიყო, ერთი მხრივ, მრავალმხრივი ურთიერთობები დასავლეთის სახელმწიფოებთან, თურქეთთან და რუსეთთან, ხოლო მეორე მხრივ სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში. შესაბამისად აზერბაიჯანის პოლიტიკა გახდა პრაგმატული ბალანსის პოლიტიკა რუსეთსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის.
ამ ნაბიჯის პარალელურად, ჰეიდარ ალიევის მმართველობის დროს ჩნდება რამდენიმე საკვანძო პრინციპი თუ მიზანი, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა დავახასიათოთ, მათ შორის, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპის გათვალისწინებით, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების დაცვა და ბოლოს, რეგიონის მთავარ სახელმწიფოდ ქცევა ენერგეტიკული და გეოგრაფიული უპირატესობების გათვალისწინებით.
აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებამ 1994 წლის 5 მაისს ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, იგივე ბიშკეკის პროტოკოლს, სადაც გარდა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებისა, მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის მხარეც. რაც ბუნებრივია, ერთგვარი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის, რადგან მან ფაქტობრივად პირველად აღიარა მთიანი ყარაბაღი, როგორც კონფლიქტის მხარე. მიუხედავად ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, მართალია იძულებით, თუმცა მაინც პრაგმატულ ნაბიჯად, რადგან მუდმივი ომის მდომარეობაში მყოფი აზერბაიჯანი ვერ შეძლებდა იმ უდიდესი საშინაო პრობლემების მოგვარებას, რაც ქვეყანაში მიმდინარე ომს უკავშირდებოდა, ან თუნდაც, საბჭოთა კავშირის დაშლით იყო გამოწვეული.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა გაყინა სამხედრო კონფლიქტი საკუთარ ტერიტორიაზე, ენერგო რესურსების ათვისების პოლიტიკა დაიწყო. 1994 წელს გაფორმდა არაერთი შეთანხმება აზერბაიჯანის სახელმწიფოს, აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიასა და უცხოელ პარტნიორებს შორის, რათა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიების განვითარება დაწყებულიყო. ამის პარალელურად დაიწყო ინფრასტრუქტურის განვითარებაც, მათ შორის მილსადენების მშენებლობაც (ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი), რომელსაც გარდა ენერგეტიკული ღირებულებისა, სხვა მილსადენებთან ერთად, რეგიონალური ინტეგრაციის ფუნქციაც აქვს.
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, გაიზარდა ნავთობითა და გაზით ვაჭრობით მიღებული შემოსავლები, შესაბამისად გაიზარდა აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი. 1997 წელს წინა წელთან შედარებით მშპ გაიზარდა 6%-ით, 2000 წელს 11%-ით, რაც საკმაოდ დიდი ზრდა იყო ქვეყანაში მიმდინარე წარსული მოვლენების გათვალისწინებით (მშპ-ს ზრდა 2006 წელს იყო 34.5%, 2007 – 25%).
საბოლოოდ ჰეიდარ ალიევის მმართველობის ხანა შეიძლება დახასიათდეს, როგორც სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების დაწყების პერიოდი, რა დროსაც ქვეყნის მმართველმა ელიტამ მეტ-ნაკლებად შეძლო ურთიერთობების დალაგება რუსეთთან, საქართველოსთან, ევროკავშირთან და აშშ-თან. სწორედ ამ დროიდან ხდება აქტუალური აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის იდეა, რაშიც გარკვეული როლი ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის პიროვნულმა ურთიერთობებმა ითამაშეს, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი როლი გეოგრაფიულ კავშირებსა და სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში უნდა ვეძებოთ.
ეკონომიკის განვითარება პოლიტიკური პლურალიზმის გარეშე – გავლენები საგარეო პოლიტიკაზე (2003-დან დღემდე)
ილჰამ ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საგარეო პოლიტიკა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. მან, ისევე როგორც ჰეიდარ ალიევმა, გააცნობიერა ქვეყნის წინაშე არსებული გეოგრაფიული, პოლიტიკური, ისტორიული თუ სხვა ტიპის გამოწვევები და რეგიონის წევრ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობები შეინარჩუნა. აღნიშნულ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის ექსპორტი საერთაშორისო ბაზარზე, ექსპლოატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რამაც კიდევ უფრო დაახლოვა საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი.
ილჰამ ალიევის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ე.წ. კულტურულ დიპლომატიას, რაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდას ისახავდა მიზნად. ბაქოში ჩატარდა ევროვიზია (2012), ევროპული თამაშები (2015), ევროპის საფეხბურთო ლიგის ფინალი (2019).
ილჰამ ალიევის მმართველობის დროს განსაკუთრებით გაიზარდა სამხედრო ბიუჯეტი და ისტორიაში პირველად მშპ-ს 4.5 %-ს გადააჭარბა, შესაბამისად გააქტიურდა საგარეო პოლიტიკაში სამხედრო ურთიერთობები. ამ სფეროში განსაკუთრებით დაახლოვდა თურქეთი და აზერბაიჯანი. გარდა თურქეთისა, აზერბაიჯანი სამხედრო კუთხით თანამშრომლობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ისრაელი და პაკისტანი. სამხედრო ბიუჯეტის ზრდას, ბუნებრივია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოტივი აქვს. ეს მიზანი საგარეო პოლიტიკაში სომხეთის მაქსიმალურ იზოლაციასა და სხვადასხვა ორგანიზაციებში ანტი-სომხური რეზოლუციების მიღების ლობირებაში გამოიხატება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია აზერბაიჯანის ურთიერთობები სხვადასხვა სივრცეებში გაწევრიანების მიზნით. აზერბაიჯანისთვის ეს სივრცეები გარდა თურქეთთან ინტეგრაციისა, არის ევრაზიული სივრცე, სადაც რუსეთი დომინირებს და ევროპული ან ევრო-ატლანტიკური სივრცე, რომელიც ევროპულ ღირებულებით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ერთობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ რაც მილსადენები აშენდა, გაიზარდა დასავლეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირები, აღნიშნული რეალურად არასდროს გადაზრდილა პოლიტიკურ-ღირებულებით დაახლოვებაში და არასდროს ყოფილა დაკავშირებული ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანებასთან. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ 2008 წლამდე აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა უფრო ტოლერანტული იყო დასავლეთისთვის, აღნიშნულ ცვლილებას შესაძლოა ორი მიზეზი ქონდეს, პირველი – აგვისტოს ომი იყო შემომბრუნებელი ფაქტორი აზერბაიჯან – რუსეთის ურთიერთობებში, რა დროსაც აზერბაიჯანმა „ბალანსის პოლიტიკის“ გათვალისწინებით უარი თქვა დასავლეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაზე, ხოლო მეორე მიზეზად შეგვიძლია განვიხილოთ რიგი ევროპელი ლიდერებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ალიევისადმი გაზრდილი კრიტიკა, რაც ძირითადად მის ნაკლებად დემოკრატიულ მართვის სტილს შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი არის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანა, იგი მაინც ფორმალურად მონაწილეობს დასავლეთთან პარტნიორობის პროცესში და ამ ფაქტორს სხვა რეგიონალური მოთამაშეების დასაბალანსებლად იყენებს.
თავის მხრივ მნიშვნელოვანია ევრაზიულ სივრცესთან ურთიერთობის შემთხვევაც, მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება აზერბაიჯანულ პროდუქციას საკმაოდ დიდ ბაზრებზე წვდომის საშუალებას აძლევს, აზერბაიჯანი თავს ისევ პოლიტიკური, ბალანსის პრინციპიდან გამომდინარე იკავებს. ამ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ სომხეთი არის ამ გაერთიანების წევრი, არ შეიძლება ერთადერთ მყარ არგუმენტად განვიხილოთ იმის ასახსნელად, თუ რატომ არ წევრიანდება აზერბაიჯანი ამ ორგანიზაციაში, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთ ორგანიზაციაში ურთიერთობის გამოცდილება უკვე აქვთ – დსთ. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაშიც აზერბაიჯანის პოლიტიკა მიმართულია სტრატეგიული ბალანსისაკენ. იგი ცდილობს შეძლებისდაგვარად დააბალანსოს ერთმანეთთან ეკონომიკურად ან პოლიტიკურად დაპირისპირებული სივრცეები ისე, რომ თავად არ დაზიანდეს.
დასკვნა
აზერბაიჯანმა დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, რთული გარდამავალი პერიოდი გამოიარა, რაც ბუნებრივია გულისხმობდა სხვადასხვა საგარეო პოლიტიკის მოსინჯვას. თავდაპირველად აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა გახლდათ რუსო-ცენტრული დამოკიდებულება, ისეთი, როგორიც ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში ჩამოყალიბდა. თუმცა, სამხედრო წარუმატებლობების გამო აღნიშნული პოლიტიკის განმახორციელებელი მთავრობა მალევე იქნა შეცვლილი ნაციონალისტური ხელისუფლებით, რომელიც ეროვნულ იდენტობაზე, ანტი-რუსულ ნარატივზე და აზერბაიჯანელი ხალხის გაერთიანებაზე დამყარებულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა, რომელიც საბოლოოდ ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა და ქვეყნის იზოლაციაც კი გამოიწვია. მამა-შვილი ალიევის მმართველობის დროს კი, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა მეტად პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული გახდა, შეიძინა ახალი ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა ტიპის მიმართულებები, რომელიც მანამდე არ არსებობდა. საბოლოოდ ამ ყოველივემ განაპირობა აზერბაიჯანის, როგორც სტაბილური სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც, ერთი მხრივ, ცდილობს სხვადასხვა პოლიტიკებით დააბალანსოს სხვა საგარეო აქტორების ინტერესები რეგიონში, ხოლო მეორე მხრივ, ამყარებს მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს რეგიონის წევრ სახელმწიფოებთან – საქართველოსთან და თურქეთთან.
ავტორი: ზურაბ მენაღარიშვილი
სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:
- Brown, C. S. (2004). Wanting to Have Their Cake and Their Neighbor’s Too: Azerbaijani Attitudes towards. The Middle East Journal.
- Ciaretta, A., & Nasirov, S. (n.d.). Impact of Azerbaijan’s Energy Policy on the Development.
- Cornell, S. (2011). Azerbaijan since Independence – Studies of Central Asia and the Caucasus Series. New York: M.E. Sharpe, Inc.
- Gvalia, G., Siroky, D., Lebanidze, B., & Iashvili, Z. (2013). Thinking outside the bloc: Explaining the foreign policies of small states. Security Studies.
- Valiyev, A. (2017). Azerbaijan’s Foreign Policy: What Role for the West in the South Caucasus? In D. Hamilton, & S. Meister, Eastern Voices: Europe’s East Faces an Unsettled West. Center for Transatlantic Relations.
- Valiyev, A. (2018, June 08). Azerbaijan: Perspectives on Eurasian integration.
- Valiyev, A., & Mamishova, N. (2019). Azerbaijan’s foreign policy towards Russia since independence: compromise achieved. Southeast European and Black Sea Studies.
- Valiyev, J. (2017). Foreign Policy of Azerbaijan in 25 Years of Independence: Priorities, Principles and Achievements. Caucasus International.