კასპიის ზღვა ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე წყალსატევია. მისი ფართობი 386 400 კმ2-ია, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბაა, სიდიდის გამო კი ხშირად უწოდებენ ზღვას. კასპიის ზღვა გამოირჩევა იმითაც, რომ მის ფსკერზე აღმოჩენილია ბუნებრივი აირისა და ნავთობის უზარმაზარი საბადოები. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის აუზი შეიცავს 48 მლრდ ბარელ ნავთობსა და 8.7 ტრილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, თუმცა ოფშორული რესურსების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ხელუხლებელია, ვინაიდან ამ რეგიონის სახელმწიფოებს უჭირდათ კონსენსუსის მიღწევა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსისა და საზღვრების დადგენის თაობაზე.

ხელმოწერის ცერემონია
კასპიის ზღვას ხუთი ქვეყანა ესაზღვრება – აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ირანი, რუსეთი და ყაზახეთი. სამართლებრივი დავა მათ შორის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო და მოლაპარაკებები ორ ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეები ცდილობდნენ შეთანხმებულიყვნენ კასპიის ზღვის გაყოფის საკითხზე, კერძოდ, ეს უნდა მომხდარიყო ზღვების შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად თუ ტბების შესახებ არსებული ნორმების შესაბამისად. საბოლოოდ, 2018 წლის 12 აგვისტოს, ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას, რომელმაც დაადგინა კასპიის ზღვისპირეთის სახელმწიფოთა უფლებები და მოვალეობები, ასევე კასპიის ზღვის სტატუსი და მისი ენერგო რესურსებით სარგებლობის პირობები. ეს შეთანხმება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამომავლოდ კასპიის ზღვის ენერგო რესურსების ექსპორტზე და ხელს შეუწყობს რეგიონის სახელმწიფოთა შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

კასპიის ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოები
მოკლე ისტორიული მიმოხილვა
საუკუნეების მანძილზე არაერთი პოლიტიკური ძალა ცდილობდა, რომ კასპიის ზღვა თავისი გავლენის სფეროდ ექცია, რაც მის სტრატეგიულად ხელსაყრელ მდებარეობასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, რუსეთისა და სპარსეთის იმპერიებს შორის კასპიის ზღვის თაობაზე დავა დაიწყო XVIII-XIX საუკუნეებში და, როგორც გადაწყდა, რუსეთს ექნებოდა სამხედრო ფლოტის განთავსების უფლება, სპარსეთის იმპერია კი მხოლოდ სავაჭრო ნაოსნობას შეძლებდა.
აღსანიშნავია 1921 და 1940 წლების ხელშეკრულებები საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კასპიის ზღვის გამოყენების უფლება (თევზაობა, ვაჭრობა, ზღვაოსნობა) მხოლოდ აღნიშნულ ორ ქვეყანას ექნებოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კასპიის ზღვის რესურსებით სარგებლობის საკითხი შედარებით გართულდა, ვინაიდან პრეტენზიები ორის ნაცვლად უკვე ხუთ სახელმწიფოს გაუჩნდა. ამ ყველაფერს ართულებდა კასპიის ზღვის გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსი – ის სიდიდის გამო არც ტბა იყო და არც ზღვად მიიჩნეოდა, ვინაიდან არ ჰქონდა რომელიმე ოკეანეზე გასასვლელი. სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო, თუმცა სხვადასხვა სახელმწიფოს სხვადასხვა ინტერესი ჰქონდა:
- რუსეთი მხარს უჭერდა კასპიის ტბად გამოცხადების იდეას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მისი დაყოფა მოხდებოდა თითოეული ქვეყნის სანაპირო ზოლის სიგრძის შესაბამისად. რუსეთის მოსაზრებას მხარს უჭერდა სამივე პოსტსაბჭოთა სახელმწიფო;
- ირანი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის პოზიციას, რადგან ამ სცენარით მისი ხვედრითი წილი იქნებოდა ყველაზე მცირე. შესაბამისად, ის ემხრობოდა კასპიის ზღვად გამოცხადებას, რათა ის თანაბრად დაეყოთ და თითოეულ სახელმწიფოს მიეღო კუთვნილი 20%, რა შემთხვევაშიც ირანი ორჯერ მეტ ფართობს მიიღებდა.
ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფებმა მოლაპარაკებების 22-წლიანი პროცესის მანძილზე 50-მდე შეხვედრა გამართეს, თუმცა მხარეებს შეთანხმების მიღწევა უჭირდათ. 2014 წელს ასტრახანში გამართულ სამიტზე რუსეთმა პირველად განაცხადა, რომ ის ეთანხმებოდა კასპიის საზღვაო საზღვრების დელიმიტაციას ეროვნული ზონების შესაბამისად და რეგიონის თითოეულ სახელმწიფოს ერგებოდა 25 საზღვაო მილი სანაპიროდან, თუმცა ვერ შეთანხმდნენ თურქმენეთის წინადადებაზე, რომლის თანახმადაც რეგიონის ქვეყნებს უნდა ჰქონოდათ კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენების მშენებლობის უფლება სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმების გარეშე. ამას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა რუსეთი, ვინაიდან მას ეშინოდა, რომ ზემოხსენებული წინადადება ხელს შეუწყობდა კასპიის ზღვისპირეთის ენერგო რესურსების ექსპორტს ევროპულ ბაზრებზე რუსეთის გვერდის ავლით და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით რუსული მონოპოლიის შემცირებას.
რას გულისხმობს 2018 წლის კონვენცია?
კონვენცია კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ 24-პუნქტიანი დოკუმენტია, რომელმაც დაადგინა კასპიის ზღვით სარგებლობის წესები და მიზნად ისახავს რეგიონის სახელმწიფოთა შორის სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების ხელშეწყობას, ეკონომიკურ წინსვლასა და თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ეკოლოგია. კონვენცია რამდენიმე ძირითად საკითხს ეხება:
- სამართლებრივი სტატუსი – კასპიის ზღვას მიენიჭა სპეციალური სამართლებრივი სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც ზღვაა და არც ტბა. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმები თუ ტბების გაყოფის პრინციპები;
- საზღვრების დემარკაცია – კონვენციის თანახმად, კასპიის ზღვაში გამოიყო სამი ზონა: ტერიტორიული წყლები (10 საზღვაო მილის სიღრმე თითოეულ სახელმწიფოს), სათევზაო ზონა (15 საზღვაო მილის სიღრმე თითოეულ სახელმწიფოს), საერთაშორისო წყლები (საერთო სივრცე სანაპიროდან 25 საზღვაო მილის მიღმა);
- ზღვის ფსკერი და მისი წიაღი – მათ გაინაწილებენ მეზობელი სახელმწიფოები ორმხრივი შეთანხმებებისა და საერთაშორისო ნორმების საფუძველზე. ეს ორმხრივი შეთანხმებები მათ ასევე მისცემს წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების გაყვანის შესაძლებლობას;
- ბუნებრივი რესურსები – თითოეულ სახელმწიფოს შეეძლება ლიცენზიის გაცემა საკუთარ ზონაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების გამოკვლევისა და ამ რესურსების ექსპლუატაციის შესახებ;
- უსაფრთხოება – კონვენცია კრძალავს როგორც უცხო ქვეყნების ტვირთის საჰაერო გადატანას კასპიის ზღვაზე, ისე ხელმომწერ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგებას;
- ეკოლოგია – კონვენცია ხელმომწერ სახელმწიფოებს აკისრებს პასუხისმგებლობას კასპიის ზღვის ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაზე. მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელი იქნება ხუთივე სახელმწიფოს თანხმობა, რაც მიზნად ისახავს შესაძლო ეკოლოგიური ზიანის თავიდან არიდებას.

კასპიის ზღვის სტატუსი კონვენციის მიღების შემდეგ
ტრანსკასპიური პროექტი
კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ხელმომწერ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, რომ ზღვის ფსკერზე ააშენონ მილსადენები, რისთვისაც დასჭირდებათ მხოლოდ იმ სახელმწიფოთა თანხმობა, რომელთა ტერიტორიაზეც გაივლის კონკრეტული მილსადენი. მაშასადამე, კონვენცია იძლევა ისეთი პროექტების განხორციელების საშუალებას, რომლებიც წლების მანძილზე შეფერხებული იყო კასპიის ზღვის გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსის გამო. მათ შორის აღსანიშნავია ტრანსკასპიური მილსადენის (TCP) პროექტი, რომლის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაჩნდა.

ტრანსკასპიური მილსადენის (TCP) პროექტი
ეს პროექტი ითვალისწინებს თურქმენული და ყახაზური ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში. შესაბამისად, ის შეუერთდება ჯერ სამხრეთ კავკასიის მილსადენს (SCP), შემდეგ ტრანსანატოლიის მილსადენს (TANAP) და ბოლოს ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP). აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელება შედის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ისე აშშ-ის პოლიტიკურ ინტერესებში.
ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის პროექტი არაერთ წინააღმდეგობას წააწყდა. კასპიის ზღვის კონვენციამ მეტ-ნაკლებად მოაგვარა სამართლებრივი დავა რეგიონის სახელმწიფოებს შორის, თუმცა პროექტი დღესაც დგას მთელი რიგი გამოწვევების წინაშე:
- პროექტის განხორციელება დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, რასაც განაპირობებს თურქმენეთისა და ყაზახეთის გეოგრაფიული მდებარეობა;
- ტრანსკასპიური პროექტის წინააღმდეგ აქტიურად ლობირებენ რუსეთი და ირანი. მიზეზად კი ისინი შესაძლო ეკოლოგიურ ზიანს ასახელებენ;
- ენერგო რესურსების ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია უსაფრთხო სატრანზიტო დერეფანი, თუმცა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ტერორიზმი რეგიონში და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი;
- ტრანსკასპიური პროექტისთვის საფრთხის შემცველია ჩინეთი, რომელიც დაინტერესებულია ცენტრალური აზიის რეგიონის ენერგო რესურსებით და ყოველთვის გამოირჩევა შედარებით დაბალი ფასებით ბაზარზე.
წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ტრანსკასპიური მილსადენი 30 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს თურქმენეთიდან ევროპის მიმართულებით. მისი სიგრძე იქნება 300 კმ, პროექტის ღირებულება კი 5 მლრდ აშშ დოლარი.
კონვენციის გავლენა ენერგო რესურსების ექსპორტზე
კონვენციას, თავის მხრივ, გავლენა ექნება კასპიის ზღვის ენერგო რესურსების მოპოვებაზე, მათ ექსპლუატაციასა და ექსპორტზე, რეგიონში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე. ის ხელს შეუწყობს ენერგო რესურსების ექსპორტის დივერსიფიკაციას, ვინაიდან უკვე აღარ არსებობს პოლიტიკური თუ სამართლებრივი ბერკეტები, რომლებიც ამ პროექტების განხორციელებას ხელს შეუშლიდა.
მეორე მხრივ, კონვენცია ითვალისწინებს ხუთივე მხარის თანხმობას მსხვილი პროექტების რეალიზაციის კუთხით, რაც მიზნად ისახავს ეკოლოგიური ზემოქმედების აღკვეთას. ეს არის სერიოზული ბერკეტი რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას, ვინაიდან ეს პროექტი საფრთხეს შეუქმნიდა მის მონოპოლიას გაზზე.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი „ეკოლოგიური მიზეზებით“ არ დაბლოკავს ტრანსკასპიური მილსადენის პროექტს, მაშინ მისი რეალიზაცია ხელს შეუწყობს დამატებითი გაზსადენების აშენებას ცენტრალური აზიიდან ევროპამდე. ეს მომგებიანია თურქმენეთისა და ყაზახეთისთვის, ვინაიდან პროექტი მათ დააწინაურებს ეკონომიკური თვალსაზრისით და შეამცირებს რუსულ ენერგო რესურსებზე მათი დამოკიდებულების ხარისხს. ტრანსკასპიური მილსადენის პროექტი დადებით შედეგებს მოუტანს აზერბაიჯანსა და საქართველოსაც, ვინაიდან გაზსადენები სწორედ მათ ტერიტორიებზე გაივლის, რაც ხელს შეუწყობს ამ ორი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
ავტორი: ანი ზირაქაშვილი
სტატიის მომზადების დროს გამოყენებული წყაროები:
- Rahimov, 2019. Prospects for the Trans-Caspian Gas Pipeline Under the Trump Administration. Wilson Center.
- International Institute for Strategic Studies (IISS). 2018. The Caspian Sea Treaty.
- Greenwood, 2018. Landmark Caspian Sea deal signed by five coastal nations. The Guardian.
- Stokes, Richard. 2018. Why Upcoming Convention Will Not Solve Trans-Caspian Pipeline Problem. Beyond The Horizon.
- Putz, Catherine. 2018. Caspian Sea Dispute Settled on the Surface. The Diplomat.
- Staikos, 2018. Five nations sign landmark deal on status of Caspian Sea. Euronews.
- Aryan, 2014. Fourth Caspian Sea Summit: Moving Closer to Accord? Visions of Azerbaijan.
- Stratfor Worldview. 2014. The Strategic Importance of the Caspian Sea.
- Convention on the Legal Status of the Caspian Sea.
- Aliyeva, Sevinc. Caspian Sea Status, the Long-awaited Convention. Ukrainian Prism (Foreign Policy Council).
- კომახია, მამუკა. 2018. „ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის”. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.
- კომახია, მამუკა. 2018. ცენტრალური აზიის მილსადენები და ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის გამოწვევები. Post-Soviet Watch.
- მედია ბიზნესისთვის (M2B). 2018. თურქმენული გაზის საქართველოზე ტრანზიტის შანსი გაჩნდა.