მთავარი » რუსეთი » ვლადისლავ სურკოვი: აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კურატორი კრემლში

ვლადისლავ სურკოვი: აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კურატორი კრემლში

Advertisements

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის სახელი ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ 2014 წლის თებერვალში კიევის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოქმედ სნაიპერთა ჯგუფების ხელმძღვანელობაში, სწორედ, სურკოვი დაადანაშაულა. სურკოვი რუსული პოლიტიკის „რუხი კარდინალია“, რომლის გავლენაც 2012 წლისთვის მნიშვნელოვნად შესუსტდა. თუმცა, 2013 წლიდან იგი კვლავ დაუბრუნდა კრემლს, როგორც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კურატორი. მისი დანიშვნით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური ელიტა მოსკოვთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყებას იმედოვნებს.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით კრემლის განსაკუთრებული გააქტიურება მოჰყვა. ამ საკითხისადმი კრემლის მზარდ დაინტერესებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სამსახურების არსებობა ადასტურებს, რომელთა უშუალო მოვალეობაც აღნიშნულ რეგიონებთან ურთიერთობაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ 2005 წლიდან ფუნქციონირებს უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო, რომელსაც 2012 წლის მაისიდან ვლადიმირ ჩერნოვი ხელმძღვანელობს. სამმართველოს ერთ-ერთი მოვალეობა სხვადასხვა სფეროში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მხარდაჭერაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე ფუნქციონირებს დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო,  რომელსაც 2013 წლის ოქტომბრიდან ოლეგ გოვორუნი ხელმძღვანელობს. სამმართველო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას უზრუნველყოფს. გოვორუნი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ხშირი სტუმარია. იგი სურკოვთან დაახლოებულ პირად ითვლება. გოვორუნი სხვადასხვა პერიოდში მასთან ერთად მუშაობდა.

კრემლში აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობაში ყველაზე გავლენიან პირად ვლადისლავ სურკოვი ითვლება, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეა. რუსული პოლიტიკის „რუხ კარდინალად“ და კრემლის მთავარ პოლიტიკურ სტრატეგად აღიარებული სურკოვი თანაშემწის პოზიციაზე 2013 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა.

ვინ არის ვლადისლავ სურკოვი?                                                               

ვლადისლავ სურკოვი ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში (2000-2008 წლები) ჩამოყალიბებული კრემლის გავლენიანი პოლიტიკური კლანებიდან, ერთ-ერთის, „სივილიკების“ ჯგუფის არაფორმალური ლიდერი იყო. ჩეჩნურ-ებრაული წარმოშობის სურკოვის ნამდვილი სახელია ასლამბეკ დუდაევი. განათლებით ეკონომისტი, 1990-იან წლებში ბიზნესმენ მიხეილ ხოდორკოვსკის კომპანიებში მუშაობდა, რომელმაც პუტინთან დაპირისპირების გამო, 2003-2013 წლები საპატიმროში გაატარა.

ვლადისლავ სურკოვი

ვლადისლავ სურკოვი

სურკოვი 1999-2011 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და კრემლის მთავარი იდეოლოგი იყო. იგი რუსეთში არსებული პოლიტიკური სისტემის, რომელსაც ხშირად „სუვერენულ“/„მართვად“ დემოკრატიად მოიხსენიებენ, მთავარი იდეოლოგი და შემოქმედია. მას საბჭოთა კავშირის ცნობილ იდეოლოგ მიხაილ სუსლოვს ადარებენ. სურკოვის ძალისხმევით, კრემლის პოლიტიკის მხარდასაჭერად შეიქმნა ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა „ნაში“, რაც პოსტსაბჭოთა რუსეთში პროსამთავრობო კლასის შექმნას ისახავდა მიზნად. სურკოვი ასევე ხელს უწყობდა ფსევდო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების შექმნას. ამავე პერიოდში, მას სკოლკოვოს ამბიციური პროექტიც ჩააბარეს, რასაც რუსეთში ტექნოლოგიური გარღვევა უნდა მოეხდინა.

სურკოვის ძალაუფლებამ პიკს 2008-2012 წლებში მიაღწია, როდესაც „სივილიკების“ ჯგუფის წევრი დიმიტრი მედვედევი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. სურკოვის გავლენა შესუსტებას იწყებს 2011 წლიდან, როდესაც პოლიტიკური პროცესების მართვის სურკოვისეულმა მოდელმა კრემლის საწინააღმდეგო გამოსვლები, რაც პუტინის საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა, ვერ შეაჩერა.

2011-2013 წლებში სურკოვს ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. 2013 წლის 8 მაისს კი, ის თანამდებობიდან გადადგა. პუტინის წარმომადგენლის განცხადებით, სურკოვმა პუტინის განკარგულებები სათანადოდ ვერ შეასრულა. ამის პარარელურად, „სივილიკების“ კონკურენტი ჯგუფის, „სილავიკების“გავლენის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო კომიტეტმა სკოლკოვოს პროექტის შემოწმება დაიწყო, რაც სურკოვზე პირდაპირი დარტყმა იყო.

ხანმოკლე შესვენების შემდეგ, 2013 წლის 20 სექტემბერს, სურკოვი კრემლს პრეზიდენტის თანაშემწის რანგში დაუბრუნდა, რაც კრემლში მისი ძალაუფლების აღდგენის პროცესის დასაწყისად შეფასდა.

სურკოვი და საქართველოს რეგიონები

ვლადისლავ სურკოვის თანამდებობის – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე – დასახელება, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ მის პირდაპირ სამსახურეობრივ კავშირებზე მიუთითებს. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მისი ხშირი ვიზიტები და აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებში მისი უშუალო მონაწილეობა კი, ადასტურებს, რომ კრემლში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, სწორედ, სურკოვი კურირებს.

აფხაზეთი

პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშვნიდან მოკლე დროში, 30 სექტემბერს, სურკოვი პირველი ვიზიტით სოხუმს ესტუმრა. სურკოვი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მონაწილეობა კაზაკების დანაყოფებმა და რუსეთის „სამშვიდობო ძალებმაც“ მიიღეს. სურკოვი მხოლოდ სამი საათი იმყოფებოდა სოხუმში და საზეიმო ვახშამსაც არ დაესწრო. მან დახურულ კარს მიღმა თავისი პირველი შეხვედრები გამართა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან.

ვლადისლავ სურკოვი და ალექსანდრე ანქვაბი

ვლადისლავ სურკოვი და ალექსანდრე ანქვაბი

სურკოვის განსაკუთრებული როლი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში 2014 წლის მაისში გამოჩნდა, როდესაც იგი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო აფხაზეთში განვითარებულ შიდა პოლიტიკურ კრიზისში. 28 მაისს სურკოვი რუსულ დელეგაციასთან ერთად საგანგებო მისიით ჩავიდა აფხაზეთში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს კი, გუდაუთაში შეხვდა. სურკოვის უშუალო ჩარევის შედეგად, 1 ივნისს ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. ვადამდელ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში, საბჭოთა უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა და რუსეთისადმი ლოიალობით ცნობილმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. 2014 წლის 25 სექტემბერს სურკოვი ხაჯიმბას ინაგურაციას დაესწრო. სურკოვი ასევე ესწრებოდა 2014 წლის 24 ნოემბერს, ქ. სოჭში, რუსეთ-აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას.

2015 წლის 16 თებერვალს აფხაზეთში სტუმრობისას, სურკოვი აფხაზურ მხარეს ფინანსური დახმარების გაგრძელებას და საზღვრების გახსნას დაპირდა. სურკოვმა აფხაზეთის დასახმარებლად 10 მლრდ-მდე რუბლის გამოყოფის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთში ასევე შეიქმნა საინვესტიციო სააგენტო, რომლის მიზანიც აფხაზეთის განვითარებაა. აღნიშნული ვიზიტის დროს რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის საქმეების მინისტრი ლევ კუზნეცოვი, დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, ოლეგ გოვორუნი და სურკოვის აპარატის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პავლოვი.

„სამხრეთ ოსეთი“

აფხაზეთის მსგავსად ვლადისლავ სურკოვი უშუალოდ აკონტროლებს „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მხარდაჭერით მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და პერიოდულად სტუმრობს ცხინვალს. 2013 წლის დეკემბერში ცხინვალში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი ვიზიტის დროს, სურკოვმა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო მთავრობა გააკრიტიკა. სურკოვს არ მოეწონა თუ როგორ იხარჯებოდა რუსეთის მიერ გამოყოფილი ფული. მის კრიტიკას 2014 წელს როსტიკ ხუგაევის დე ფაქტო მთავრობის გადადგომა მოჰყვა.

ვლადისლავ სურკოვის სამუშაო ვიზიტი ცხინვალში (2014 წლის 23 ივნისი), შეხვედრა ლეონიდ თიბილოვთან

ვლადისლავ სურკოვის სამუშაო ვიზიტი ცხინვალში (2014 წლის 23 ივნისი), შეხვედრა ლეონიდ თიბილოვთან

აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხშირი ვიზიტებისა და ამ რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ვლადისლავ სურკოვის აქტიური ჩართულობის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ:

  • კრემლმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების კურატორობა სურკოვს ჩააბარა, რომელსაც მოსკოვის მიერ რეგიონებისთვის გამოყოფილი ფინანსების, აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარე სარეკოსტრუქციო სამუშაოებისა და პოლიტიკური პროცესების კონტროლი ევალება.
  • მსგავსი პოლიტიკური მძიმეწონოსანის დანიშვნით კრემლი შეეცდება, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოზე ზეწოლისათვის გამოიყენოს, როგორც ეფექტური საგარეო-პოლიტიკური იარაღი.
  • სურკოვის კრემლში დაბრუნება, შესაძლოა, მისი ძველი გავლენის აღდგენის პროცესის დასაწყისი იყოს.

 

ამ საკითხზე ასევე იხ.: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები: კრემლის კულუარული პოლიტიკა

 

Advertisements

%(count)s კომენტარი

  1. […] გავლენა აქვს სურკოვს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზეც. სურკოვის როლი აფხაზურ პოლიტიკაში […]

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: