მთავარი » ენერგეტიკა » მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი I)

მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი I)

საბჭოთა კავშირი და შემდეგ უკვე რუსეთი, არა მარტო რუსული, არამედ აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის  რესურსების ექსპორტსაც აკონტროლებდა. ამ მხრივ, ბოლო წლებია, ახალი მილსადენების მშენებლობის შედეგად, ვითარება რუსეთის საზიანოდ იცვლება. აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ იმ ძირითად მილსადენებს განვიხილავთ, რომლებიც ენერგორესურსებით ევროპას ამარაგებს. სტატიის მეორე ნაწილში  კი, ცენტრალური აზიის მილსადენებს განვიხილავთ.

რუსეთის იმპერია და რობერტ ნობელი

რუსეთის იმპერია ნავთობის ბიზნესში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩაერთო, როდესაც 1879 წელს ცნობილმა ბიზნესმენმა რობერტ ნობელმა ბაქოში ნავთობის 9 ჭაბურღილი ააშენა. აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ტრანსპორტირების მიზნით, 1883 წელს ბაქო-ბათუმის სარკინიგზო ხაზი ამუშავდა. XX საუკუნის დასაწყისში კი, ბათუმთან დამაკავშირებელი პირველი 883 კმ სიგრძის ნავთობსადენი აშენდა. რუსეთის იმპერიამ ნავთობის მოპოვება/წარმოებაში მსოფლიო ლიდერის პოზიცია 1914 წლამდე შეინარჩუნა.

რობერტ ნობელი

რობერტ ნობელი

საბჭოთა კავშირის მილსადენების პოლიტიკა

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ენერგორესურსების მოპოვება და ექსპორტი არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური საკითხი გახდა. მოპოვება, ექსპორტი და მილსადენების მშენებლობა განსაკუთრებით გააქტიურდა II მსოფლიო ომის შემდეგ. საბჭოთა კავშირმა 1945 წლის შემდეგ მილსადენების ყველაზე მასშტაბური ქსელი (84 ათასი კმ) შექმნა. II მსოფლიო ომის შემდეგ ვოლგა-ურალის აუზში ნავთობმოპოვების დაწყებამ საბჭოთა კავშირი ენერგეტიკულ სფეროში მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცია. 1960-იან წლებში დასავლეთ ციმბირის საბადოების აღმოჩენით წარმოება მკვეთრად გაიზარდა.

1980-იან წლებში საბჭოთა კავშირი დღეში 12 მლნ ბარელს აწარმოებდა, რაც მას ნავთობის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნის სტატუსს ანიჭებდა. ნავთობით მარაგდებოდა ყველა საბჭოთა რესბულიკა და ასევე ევროპელი მოკავშირეები „ვარშავის პაქტიდან“.

1980-იან წლებში საბჭოთა კავშირი გაზის ექსპორტის მიმართულებითაც აქტიურდება. 1982 წელს საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ევროპის გაზით უზრუნველსაყოფად 22 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების გაზსადენის („ბრატსტვო“)  მშენებლობა დაიწყო ურენგოიდან, ჩრდილოეთ ციმბირი, უჟგოროდამდე, უკრაინა. გაზსადენის მშენებლობამ „ცივი ომის“ პერიოდში სერიოზული კრიზისი გამოიწვია დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. აშშ შიშობდა, რომ მილსადენი საფრთხეს შეუქმნიდა დასავლეთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. თუმცა, დასავლეთ ევროპაში არ გაითვალისწინეს ვაშინგტონის პოზიცია და მილსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირეს. აშშ-ის წინააღმდეგობისა და საბჭოთა კავშირზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, მილსადენის მშენებლობა გაგრძელდა.

ურენგოი-უჟგოროდის მილსადენი

ურენგოი-უჟგოროდის მილსადენი

აშშ-ის დაზვერვის შეფასებები

„ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა გაზზე დამოკიდებულების გაზრდა საფრთხედ შეაფასეს აშშ-ში. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფასებით, მომავალში საბჭოთა გაზზე დასავლეთ ევროპელების დამოკიდებულების გაზრდა, მათ უფრო მოწყვლადებს გახდიდა საბჭოთა ზეწოლის მიმართ და აღნიშნული ფაქტორი საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებების პროცესზე მუდმივად გავლენას მოახდენდა.

1983 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი – „საბჭოთა ენერგეტიკული პერსპექტივები 1990 წელს“. მათი შეფასებით, 1990-იანი წლებისათვის საბჭოთა გაზზე დამოკიდებულება მიაღწევდა დასავლეთ ევროპის ძირითადი ქვეყნების გაზის მოხმარების 50%-ს, რაც საკმაოდ აჭარბებდა კრიტიკულ 30%-იან ზღვარს, რაშიც დასავლეთის ქვეყნები პოლიტიკურ რისკს ხედავდნენ.

გაზსადენები პოსტსაბჭოთა სივრცეში

რუსული გაზსადენები

რუსეთი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისათვის რამდენიმე ძირითად საექსპორტო მარშრუტს იყენებს: „სოიუზი“, „ბრატსტვო“, იამალ-ევროპა, „ჩრდილოეთის ნაკადი“, „ლურჯი ნაკადი“. აღნიშნული მილსადენები, თავისი განშტოებებით, რუსული გაზის ევროპელ მომხმარებლებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.  

სოიუზისგაზსადენი საბჭოთა პერიოდში, 1975-78 წლებში, სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყნებთან: ბულგარეთი, უნგრეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პოლონეთი  და ჩეხოსლოვაკია – თანამშრომლობით აშენდა. მილსადენის სიგრძეა 2 750 კმ, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე გადის 1 568 კმ. მილსადენის წარმადობა წელიწადში 26 მლრდ კუბური მეტრია.

„სოიუზის“ გაზსადენი რუსეთის მილსადენებს ცენტრალური აზიის გაზსადენების ქსელთან აკავშირებს, რომელიც უკრაინის გავლით ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპას გაზით უზრუნველყოფს. გაზსადენს ორი ძირითადად განშტოება აქვს: ერთი, უკრაინის გავლით სლოვაკეთს, ჩეხეთს, გერმანიასა და ავსტრიას უკავშირდება. მეორე, სამხრეთით მოლდავეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს უკავშირდება.

მილსადენით გაზის ტრანსპორტირების საკითხი უკრაინასა და რუსეთს შორის პერიოდული დაპირისპირების მიზეზი ხდება. ორ ქვეყანას შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობები, აღნიშნული მილსადენით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს, რაც რუსეთის, როგორც მიმწოდებლის და უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რეპუტაციას ზიანს აყენებს.

ბრატსტვოს  გაზსადენი (მილსადენი სხვა სახელებითაც არის ცნობილი: ურენგოი-პომარი-უჟგოროდის მილსადენი/დასავლეთ-ციმბირის მილსადენი/ტრანსციმბირის მილსადენი) რუსეთის ყველაზე გრძელი მილსადენია, რომელიც უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მილსადენის სიგრძე 4 500 კმ, წარმადობა კი, წელიწადში 32 მლრდ კუბური მეტრია.

მილსადენის მშენებლობა 1982-1984 წლებში მიმდინარეობდა, მილსადენმა ფუნქციონირება კი, 1984 წელს დაიწყო. დასავლეთ უკრაინის გავლით მილსადენი გაზით ამარაგებს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. „ცივი ომის“ პერიოდში გაზსადენის მშენებლობამ აშშ-ს და დასავლეთ შორის გარკვეული უთანხმოება გამოიწვია, რადგან აშშ დასავლეთ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების გაზრდის წინააღმდეგი იყო.

“სოიუზი” და “ბრატსტვო”

ამალ-ევროპის გაზსადენი 1997 წლიდან მუშაობს და დასავლეთ ციმბირს ბელორუსიისა და პოლონეთის გავლით გერმანიის ტერიტორიას და შემდგომში დასავლეთ ევროპას (ნიდერლანდები, ბელგია, დიდი ბრიტანეთი) აკავშირებს. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნათების“ მილსადენს პარარელურად მიუყვება და მისი სიგრძეა 4 196 კმ. გაზსადენმა თავის მაქსიმალურ წარმადობას, 33 მლრდ კუბურ მეტრს წელიწადში, 2005 წელს მიაღწია.

წლების წინათ, გაზსადენის პარარელურად კიდევ ერთი მილსადენის მშენებლობის იდეა წარმოიშვა, მაგრამ სატრანზიტო ქვეყნებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, რუსეთმა უპირატესობა „ჩრდილოეთის ნაკადს“ მიანიჭა, რომელიც რუსეთს პირდაპირ აკავშირებს ევროპელ მომხმარებლებთან.

იამალ-ევროპა

იამალ-ევროპა

ჩრდილოეთის ნაკადი“  რუსეთისა და გერმანიის ერთობლივი პროექტია. გაზსადენი, რომელიც სრულად 2012 წელს ამოქმედდა, ვიბორგიდან (რუსეთი), ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, გრეიფსვალდს (გერმანია) უკავშირდება. ორი 1 224 კმ სიგრძის მილსადენის მთლიანი წარმადობა 55 მლრდ კუბური მეტრია. მილსადენით გატარებული გაზის პოტენციური მომხმარებლები არიან დანია, ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანია ბალტიის ზღვის გავლით, მილსადენით პირდაპირ იღებს რუსულ გაზს. გაზსადენი გვერდს უვლის ბელორუსია-პოლონეთის და უკრაინის სახმელეთო მარშრუტებს, რითაც რუსეთის სატრანზიტო ქვეყნებზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შესუსტდა. გაზსადენის მშენებლობამდე უკრაინა რუსული გაზის 80%-ს საკუთარ ტერიტორიაზე ატარებდა, ამჟამად ეს მონაცემები 50-60 %-მდე შემცირდა.

“ჩრდილოეთის ნაკადი”

ურჯი ნაკადისგაზსადენი შავი ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთსა და თურქეთს აკავშირებს. მილსადენის სიგრძეა 1 213 კმ, მათ შორის 396 კმ ზღვის ფსკერზე გადის. გაზსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმად გამავალი მილსადენია. ყველაზე დაბალი ადგილი, სადაც მილსადენი გადის, ზღვის ზედაპირიდან 2.2 კმ სიღრმეში მდებარეობს. მილსადენის წარმადობა წელიწადში 16 მლრდ კუბური მეტრია. მილსადენი 2005 წლიდან ამოქმედდა, თუმცა რუსეთის სურვილის მიუხედავად, მილსადენი სრული დატვირთვით არ მუშაობს.

მილსადენის მშენებლობას თურქეთის სამხედრო ელიტა და აშშ ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, „ლურჯი ნაკადი“ თურქეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდიდა. რუსეთი უკვე ამარაგებდა თურქეთს „სოიუზის“ გაზსადენის სამხრეთის განშტოებით. არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, თურქეთის მთავრობამ რუსეთთან გარიგებას მიაღწია და შავი ზღვის ფსკერზე პირველი მილსადენიც აშენდა. მილსადენის მშენებლობით, რუსეთი კასპიური რესურსების ევროპაში ტრანსპორტირების მიმართულებით მონოპოლიის შენარჩუნებას იმედოვნებდა.

“ლურჯი ნაკადი”

რუსეთის გავლენისგან თავისუფალი გაზსადენი

სამხრეთ კავკასიის მილსადენი (ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენი/შაჰ-დენიზის მილსადენი) შაჰ-დენიზის გაზის საბადოდან (აზერბაიჯანი) იღებს სათავეს და საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ერზერუმამდე ჩადის. მილსადენის სიგრძე 692 კმ და მისი წარმადობა წელიწადში 8.8 მლრდ კუბური მეტრია. მილსადენი 2006 წელს ამოქმედდა და ამ ეტაპზე მისი ძირითადი მომხმარებლები აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთია.

სამხრეთ კავკასიის მილსადენი

სამხრეთ კავკასიის მილსადენი

ნავთობსადენები პოსტსაბჭოთა სივრცეში

რუსული ნავთობსადენები

რუსეთი ევროპაში ნავთობის ტრანსპორტირებისათვის რამდენიმე ძირითად საექსპორტო მარშრუტს იყენებს: „დრუჟბა“, კასპიის მილსადენის კონსორციუმი, აქო-ნოვოროსიისკის მილსადენი. აღნიშნული მილსადენები, თავისი განშტოებებით, რუსული ნავთობის ევროპელ მომხმარებლებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.  

რუჟბა. „ცივი ომის“ პერიოდში სოციალისტური ბანაკის მხარდასაჭერად, 1959 წელს, პრაღაში, მრავალმხრივი ეკონომიკური დახმარების საბჭოს (Comecon) მეათე სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება თათრეთისა და სამარის ოლქის ნავთობი აღნიშნული მილსადენით აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისათვის (პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და უნგრეთი) მიეწოდებინათ.

მილსადენი სრულად 1964 წელს ამოქმედდა და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნავთობსადენის სისტემაა. 1970-იან წლებში ნავთობსადენის სისტემა გაფართოვდა და არაერთი პარარელური მილსადენი აშენდა. მილსადენის ჩრდილოეთის განშტოება ბელორუსიის გავლით პოლონეთსა და გერმანიას ამარაგებს, სამხრეთის განშტოება კი, უკრაინის გავლით ცენტრალურ ევროპას, ბალკანეთის ქვეყნებს და იტალიას. მილსადენის წარმადობა დღეში 1.2-1.4 მლნ ბარელია.

ნავთობსადენი რუსული და ასევე ყაზახური ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტია.

“დრუჟბა”

ასპიის მილსადენის კონსორციუმი (თენგიზ-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი) ძველი საბჭოური მილსადენის ბაზაზე აშენდა და დასავლეთ ყაზახეთის ნავთობსაბადოებს რუსეთის შავი ზღვის პორტს აკავშირებს. მილსადენის სიგრძე 1 510 კმ, წარმადობა  კი, დღეში 650 ათასი ბარელია. მილსადენი 2001 წელს ამოქმედდა.

კასპიის მილსადენის კონსორციუმი

კასპიის მილსადენის კონსორციუმი

აქო-ნოვოროსიისკის მილსადენი (ჩრდილოეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენი/ჩრდილოეთის ადრეული ნავთობის მილსადენი) სანგაჩალის ტერმინალს (აზერბაიჯანი) ნოვოროსიისკის ტერმინალს (რუსეთი) აკავშირებს. მილსადენის სიგრძე 1 330 კმ, წარმადობა კი, წელიწადში 5 მლნ ტონაა. მილსადენი 1997 წელს ამოქმედდა. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობსადენის გავლის წინააღმდეგი იყო და აზერბაიჯანს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის აღნიშნულ მილსადენს სთავაზობდა. თუმცა, აშშ-ს აქტიური პოლიტიკის შედეგად, დასავლეთი ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით მხოლოდ ადრეული ნავთობის ტრანსპორტირებას დათანხმდა.

ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენი

ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენი

რუსეთის გავლენისგან თავისუფალი ნავთობსადენები

ბაქო-სუფსას მილსადენი (დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენი/დასავლეთის ადრეული ნავთობის მილსადენი) სანგაჩალის ტერმინალს (აზერბაიჯანი) სუფსის ტერმინალთან (საქართველო) აკავშირებს. 1999 წლის აპრილში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მონაწილეობით, 830 კმ სიგრძის მილსადენი საზეიმოდ გაიხსნა, როდესაც პირველი ტანკერი ნავთობით დაიტვირთა. მილსადენის წარმადობა დღეში 145 ათასი ბარელია.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი სანგაჩალის ტერმინალს (აზერბაიჯანი) თურქეთის პორტ ჯეიჰანათან აკავშირებს. მილსადენის სიგრძე 1 768 კმ  (აზერბაიჯანში 443, საქართველოში – 249, თურქეთში 1 076), წარმადობა კი, დღეში 1 მლნ ბარელია. ნავთობსადენის მშენებლობა 2002 წლის სექტემბერში დაიწყო და  2005 წელს ამოქმედდა. პირველი ტანკერები ჯეიჰანის პორტში 2006 წლის ივნისში ჩაიტვირთა.

ნავთობსადენის მშენებლობის საკითხზე რუსეთის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, აშშ-ის აქტიური ჩარევის შედეგად, ნავთობსადენი აშენდა. ვაშინგტონის მიზანი აზერბაიჯანული ნავთობის რუსეთისა და ირანის კონტროლისგან თავისუფალი მილსადენით ექსპორტი იყო. აშშ ასევე იმედოვნებოდა, რომ რეგიონული ენერგოპროექტის განხორციელება ვაშინგტონის მოკავშირეების (აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი) უსაფრთხოებისა და რუსეთისგან დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდიდა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პოლიტიკის მიზანი იყო, ისეთი მილსადენის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანული ენერგორესურების ექსპორტის საკითხში რუსეთის გავლენას მინიმუმამდე შეამცირებდა.

თურქეთის ტერიტორიაზე მილსადენის გაყვანას მოითხოვდა თურქეთიც, რომელიც ბოსფორის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების შესაძლო გავლას ეკოლოგიური ფაქტორების გამო ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, თურქეთის პოზიცია, უფრო პოლიტიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული. ახალი  მილსადენის მშენებლობით, თურქეთი კასპიური რესურსების დასავლეთში ექსპორტისათვის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა ხდებოდა, რაც მის როლს ევრაზიის ენერგოპოლიტიკაში მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

ბაქო-სუფსასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენები

ბაქო-სუფსასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენები

ახალი მილსადენების პროექტები

ამხრეთის ნაკადირუსული პროექტია, რომელიც ევროპის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას ისახავს მიზნად. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მილსადენი უზრუნველყოფს შავი ზღვის გავლით რუსული გაზის ტრანსპორტირებას ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, იტალიაში, სერბეთში, უნგრეთსა და ავსტრიაში. მილსადენის სიგრძე 3 700 კმ იქნება, წარმადობა კი, წელიწადში 31 მლრდ კუბური მეტრი. მილსადენის მშენებლობის შემთხვევაში: პირველი, რუსეთის გავლენა ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთზე კიდევ უფრო გაიზრდება, მეორე, შესუსტდება უკრაინის  სატრანზიტო ფუნქცია.

პროექტის სიძვირისა და ევროპაში არსებული წინააღმდეგობების გამო, ამჟამად, პროექტის მშენებლობა შეჩერებულია. 2014 წლის 1 დეკემბერს თურქეთში ვიზიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პროექტის შეჩერების შესახებ განაცხადა. მოსკოვმა ანკარას, სანაცვლოდ, ახალი მილსადენის მშენებლობა შესთავაზე, რომელიც შავი ზღვისა და თურქეთის გავლით, რუსული გაზის საბერძნეთში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.  პროექტი „თურქული ნაკადის“ (ახალი “ლურჯი ნაკადი”) სახელით არის ცნობილი და ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია.

“სამხრეთის ნაკადი” და “თურქული ნაკადი”

ნაბუკო-ს პროექტს რუსეთის საექსპორტო გაზსადენებისათვის უნდა გაეწია კონკურენცია. ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით პროექტს გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა, პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა რუსეთი. პროექტის სუსტი მხარე იყო მისი სიძვირეც. გარდა ამისა, აზრთა სხვადასხვაობა იყო თავად ევროპის ქვეყნებშიც.

პროექტს კასპიური რესურსების ევროპაში ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყო, პერსპექტივაში კი, ირანისა და ერაყის ენერგორესურსების ტრანსპორტირებაც იქნებოდა შესაძლებელი. მილსადენის დაგეგმილი სიგრძე 3 300 კმ იყო, წარმადობა კი, 31 მლრდ კუბური მეტრი წელიწადში.

“ნაბუკო”

TAP (ტრანს-ადრიატიკის მილსადენი) და TANAP-ის (ტრანს-ანატოლიის მილსადენი) პროექტებმა მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, ნაბუკო-ს პროექტთან შედარებით მეტი მხარდაჭერა მოიპოვეს. ახალი მილსადენები, თურქეთისა და საბერძნეთის გავლით, აზერბაიჯანული გაზის პირდაპირ ევროპაში (იტალია) ტრანსპორტირებას პირველად უზრუნველყოფს.

პროექტის განხორციელების შედეგად, უკვე არსებული სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პარარელურად, აშენდება ახალი მილსადენები თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებზე. მილსადენის ნაწილი ადრიატიკის ზღვის ფსკერზეც გაივლის.

მილსადენი შაჰ-დენიზის საბადოს მეორე ეტაპის გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ევროპულ ბაზარზე. მილსადენის წარმადობა წელიწადში 16-31 მლრდ კუბური მეტრი იქნება. მისი ამოქმედება 2018 წელს არის დაგეგმილი.

პროექტის განხორციელების შედეგად ევროპა სტრატეგიულ მიზანს მიაღწევს – უზრუნველყოფს გაზის დამატებით მიღებას ალტერნატიული წყაროდან და ევროპულ ბაზარზე არსებულ მზარდ ენერგომოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

პროექტი სამხრეთის გაზის დერეფანის ნაწილია. აღნიშნულ ტერმინს იყენებს ევროკომისია იმ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების აღსაწერად, რომლებიც კასპიური და ახლო აღმოსავლური გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს და ამით ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. დერეფნის ამოქმედებით ევროპა (რუსეთის, აფრიკისა და ჩრდილოეთის ზღვის გარდა) ახალი და ალტერნატიული გაზის მიღების დერეფანს შექმნის.

TAP-TANAP

TAP-TANAP

თეთრი ნაკადის პროექტის (საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის გაზსადენი) განხორციელება ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება, თუმცა, გარკვეულ წრეებში პროექტს მხარდამჭერები ჰყავს. მილსადენი სათავეს აიღებს აზერბაიჯანიდან და საქართველოს გავლით ორი მარშრუტით ევროპამდე ჩავა: პირველი მარშრუტია, რუმინეთი-ევროპა; მეორე – უკრაინა-პოლონეთი. პროექტის იდეის ავტორების ხედვით, მილსადენი სამხრეთ კავკასიის მილსადენის განშტოება უნდა იყოს.

“თეთრი ნაკადი”

ტრანსკასპიური მილსადენით ევროპაში თურქმენული გაზის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. თუმცა, კასპიის ზღვის გაურკვეველი სტატუსი და რუსეთისა და ირანის წინააღმდეგობა ხელს უშლის პროექტის განხორციელებას. თურქმენეთი პროექტის განხორციელებით დამატებითი ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტის უზრუნველყოფას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას იმედოვნებს.

ტრანსკასპიური მილსადენი

ტრანსკასპიური მილსადენი

„ცივი ომის“ დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მილსადენების მშენებლობის შედეგად ენერგორესურსების ექსპორტზე რუსეთის მონოპოლიის რღვევის პროცესი დაიწყო. თუმცა, ახლო მომავალში, რუსეთი ჯერჯერობით კვლავ დარჩება ევროპისათვის მთავარ მიმწოდებლად.


%(count)s კომენტარი

  1. […] საზიანოდ იცვლება. აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ის […]

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: