მთავარი » ენერგეტიკა » მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი II)

მილსადენების პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში (ნაწილი II)

საბჭოთა კავშირი და შემდეგ უკვე რუსეთი, არა მარტო რუსული, არამედ აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის  ენერგორესურსების ექსპორტსაც აკონტროლებდა. ამ მხრივ, ბოლო წლებია, ახალი მილსადენების მშენებლობის შედეგად, ვითარება რუსეთის საზიანოდ იცვლება. აღნიშნული სტატიის პირველ ნაწილში პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ის ძირითადი მილსადენებია განხილული, რომლებიც ენერგორესურსებით ევროპას ამარაგებს. სტატიის მეორე ნაწილში, ცენტრალური აზიის ძირითადი საექსპორტო მილსადენებია განხილული.

ცენტრალური აზიის ენერგორესურსები

ცენტრალური აზია ნავთობითა და გაზის რესურსებით მდიდარი რეგიონია. რეგიონის ხუთი სახელმწიფოდან სამის (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი) ტერიტორიაზე მსოფლიო მნიშვნელობის ნავთობისა და გაზის მარაგები მოიპოვება, რის გამოც, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეგიონი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში მოექცა. რეგიონის ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ენერგო უსაფრთხოების საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დასავლური სახელმწიფოებიც ცდილობენ რეგიონის ენერგორესურსების მოპოვება/ტრანსპორტირებაში რუსეთს, ჩინეთსა და ირანს გაუწიონ კონკურნეცია.

ცენტრალური აზიის ენერგო რესურსები

ცენტრალური აზიის ენერგორესურსები

საბჭოთა პერიოდში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგორესურსების ექსპორტის ერთადერთი მარშრუტი რუსეთის ტერიტორიაზე გადიოდა. რუსეთი წლების განმავლობაში სარგებლობდა ცენტრალური აზიის იაფი ენერგორესურებით, რომელსაც ევროპის ქვეყნებში რეექსპორტს უკეთებდა და/ან შიდა მოხმარებისთვის იყენებდა, საჭიროების შემთხვევაში კი, მისი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას ცენტრალური აზიის ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლისთვისაც იყენებდა.

ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან რუსეთის გავლენისაგან თავისუფალი მილსადენების მშენებლობის პროცესი გააქტიურდა, რამაც ცენტრალური აზიის მილსადენების პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. რეგიონის ენერგოპოლიტიკის აქტიურ საგარეო მოთამაშეებად რუსეთის გარდა, უკვე ჩინეთი და ირანიც გვევლინება.

გაზსადენები

რუსული გაზსადენი

ცენტრალური აზია-ცენტრის გაზსადენის სისტემა თურქმენული და უზბეკური გაზის საექსპორტო მილსადენია, რომელიც რუსულ ენერგო გიგანტ „გაზპრომს“ ეკუთვნის. მილსადენის პირველი ხაზი 1969 წელს ამოქმედდა. მილსადენების სისტემა თურქმენეთიდან იღებს სათავეს და დასავლეთ ყაზახეთის გავლით რუსეთის გაზსადენის სისტემას უერთდება. მილსადენის სისტემის წარმადობა წელიწადში 44 მლრდ კუბური მეტრია. საბჭოთა პერიოდში და 1990-იანი წლების დასაწყისში გაზსადენის სისტემა ცენტრალური აზიის გაზის ექსპორტის ერთადერთი მარშრუტი იყო, რაც რეგიონზე რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლის შენარჩუნებას უწყობდა ხელს.

ცენტრალური აზია-ცენტრის გაზსადენის სისტემა

ცენტრალური აზია-ცენტრის გაზსადენის სისტემა

რუსეთის გავლენისგან თავისუფალი გაზსადენები

ბუხარა-ტაშკენტი-ბიშკეკი-ალმათის გაზსადენი უზბეკეთის საექსპორტო გაზსადენია, რომელიც ყირგიზეთისა და სამხრეთ ყაზახეთისათვის გაზის ძირითადი წყაროა. მილსადენი 1971 წელს ამოქმედდა. მილსადენის წარმადობა წელიწადში 22 მლრდ კუბური მეტრია. ამჟამად, ყირგიზეთის მონაკვეთის მდგომარეობა მნიშვნელოვან მოდერნიზაციას საჭიროებს.

ბუხარა-ტაშკენტი-ბიშკეკი-ალმათის გაზსადენი

ბუხარა-ტაშკენტი-ბიშკეკი-ალმათის გაზსადენი

თურქმენეთ-ირანის გაზსადენი (ქიორფეზე-ქურთ ქუის გაზსადენი) თურქმენული გაზის პირველი საექსპორტო მილსადენია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ გადის. მილსადენი, რომლის მშენებლობაც 190 მლნ აშშ დოლარი დაჯდა, 1997 წელს ამოქმედდა. მშენებლობის ხარჯების 90% ირანმა გაიღო, რომელიც შემდეგ თურქმენეთმა მიწოდებული გაზით გადაიხადა. მილსადენი, რომლის სიგრძე 200 კმ-ია, გაზით ამარაგებს ირანის ჩრდილოეთის რეგიონებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი გაზის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, მისი გაზის რეზერვები ძირითადად ქვეყნის სამხრეთშია თავმოყრილი, რომლის ჩრდილოეთის რეგიონებში ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თურქმენეთიდან იმპორტი. თურქმენეთისთვის მილსადენის მშენებლობა საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისკენ და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო.

თურქმენეთ-ირანის გაზსადენი

თურქმენეთ-ირანის გაზსადენი

ცენტრალური აზია-ჩინეთის გაზსადენი (თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენი) პირველია, რომლითაც ცენტრალური აზიის გაზის ექსპორტი ჩინეთში ხორციელდება. მილსადენი თურქმენეთიდან იღებს სათავეს და უზბეკეთისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთის სინძიანის პროვინციაში სრულდება. მილსადენი 2009 წელს ამოქმედდა და ბუხარა-ტაშკენტი-ბიშკეკი-ალმათის გაზსადენისა და ყაზახეთი-ჩინეთის ნავთობსადენის პარარელურად მიდის. მილსადენის სიგრძე 1 833 კმ-ია, წლიური წარმადობა კი, 55 მლრდ კუბური მეტრი. მილსადენის საშუალებით ჩინეთი საკუთარ მზარდ ენერგო მოთხოვნილებას უზრუნველყოფს, თურქმენეთი კი, გაზის ექსპორტის დივერსიფიკაციას ახდენს. მანამდე, თურქმენეთს მხოლოდ რუსეთისა და ირანის მიმართულებით ჰქონდა გაზის ექსპორტის შესაძლებლობა.

ცენტრალური აზია-ჩინეთის გაზსადენი

ცენტრალური აზია-ჩინეთის გაზსადენი

ნავთობსადენები

რუსული ნავთობსადენი

ასპიის მილსადენის კონსორციუმი (თენგიზ-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი) ძველი საბჭოური მილსადენის ბაზაზე აშენდა და დასავლეთ ყაზახეთის ნავთობსაბადოებს რუსეთის შავი ზღვის პორტს აკავშირებს. მილსადენის სიგრძე 1 510 კმ-ია, წარმადობა  კი, დღეში 650 ათასი ბარელი. მილსადენი 2001 წელს ამოქმედდა. ყაზახური ნავთობი რუსეთში ასევე იგზავნება ორი მოძველებული საბჭოთა მილსადენით (ატირაუ-სამარა და კენიაკ-ორსკის მილსადენები).

კასპიის მილსადენის კონსორციუმი

კასპიის მილსადენის კონსორციუმი

რუსეთის გავლენისგან თავისუფალი მილსადენები

ყაზახეთ-ჩინეთის ნავთობსადენი პირველი მილსადენია, რომლითაც ჩინეთი ნავთობის იმპორტს ახორციელებს. მილსადენი ყაზახეთის კასპიის სანაპიროდან იღებს სათავეს და სინძიანის პროვინციაში მთავრდება. მილსადენის სიგრძე, რომელიც 2006 წელს ამოქმედდა, 2 228 კმ-ია. მილსადენის წარმადობა წელიწადში 20 მლნ ტონაა.

ყაზახეთ-ჩინეთის ნავთობსადენი

ყაზახეთ-ჩინეთის ნავთობსადენი

ახალი მილსადენის პროექტები

ციმბირის ძალა. რუსეთ-ევროპის ურთიერთობის გართულებისა და ევროპის მიმართულებით რუსული მილსადენების პროექტების („სამხრეთის ნაკადი“) შეჩერების შემდეგ, რუსეთმა ალტერნატიული მომხმარებლების ძიების პროცესი გაააქტიურა. 2014 წელს „გაზპრომმა“ და ჩინეთის ეროვნულმა ნავთობის კორპორაციამ 400 მლრდ აშშ დოლარის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, 2019 წლიდან ჩინეთი ახალი გაზსადენით წლიურად 38 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ჩინეთი გაზს მილსადენის იმ 4 000 კმ-იანი სისტემიდან მიიღებს, რომლის მიზანიც რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების გაზით მომარაგებაა. მილსადენის მშენებლობისთვის კრედიტის გაცემას ჩინეთი გეგმავს, თუმცა, ფულის გამოყოფისა და მშენებლობის დაწყების საკითხი ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია.

ციმბირის ძალა

ციმბირის ძალა

ტრანსკასპიური მილსადენით ევროპაში თურქმენული გაზის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. თუმცა, კასპიის ზღვის გაურკვეველი სტატუსი და რუსეთისა და ირანის წინააღმდეგობა ხელს უშლის პროექტის განხორციელებას. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, თურქმენეთი დამატებითი საექსპორტო მარშრუტის უზრუნველყოფას და რუსეთზე დამოკიდებულების კიდევ უფრო შემცირებას იმედოვნებს.

ტრანსკასპიური მილსადენი

ტრანსკასპიური მილსადენი

ტრანსავღანური მილსადენი თურქმენული გაზის ავღანეთის გავლით პაკისტანსა და შემდეგ ინდოეთში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. პროექტზე მუშაობა 1995 წლიდან დაიწყეს, მაგრამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების გამო, მილსადენის მშენებლობის დაწყების საკითხი გაურკვეველია.

ტრანსავღანური მილსადენი

ტრანსავღანური მილსადენი

 

ცენტრალური აზიის მილსადენების პოლიტიკაში ბოლო წლებში ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია შეინიშნება. პირველი, ენერგორესურსებით მდიდარი სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი, თურქმენეთი და ყაზახეთი, საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისათვის ახალი მილსადენების პროექტებს ახორციელებენ და, მეორე,  რეგიონის მილსადენების პოლიტიკაში ჩინეთი გავლენიან მოთამაშედ ყალიბდება, რომელიც რეგიონის ყველა მნიშვნელოვან მილსადენის პროექტში წამყვანი პარტნიორია. ახალი გარემოებების გათვალისწინებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ცენტრალური აზიიდან ენერგორესურსების ექსპორტზე რუსეთის მონოპოლია კიდევ უფრო შესუსტდება, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნების რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ხარისხს შეამცირებს.


2 კომენტარი

  1. […] ევროპას ამარაგებს. სტატიის მეორე ნაწილში  კი, ცენტრალური აზიის მილსადენებს […]

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: