მთავარი » უკრაინა » დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინა ისტორიის პრიზმაში (უკრაინის ისტორიის მოკლე მიმოხილვა)

დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინა ისტორიის პრიზმაში (უკრაინის ისტორიის მოკლე მიმოხილვა)

დღეს ხშირად საუბრობენ ორ უკრაინაზე, დასავლეთ უკრაინაზე, რომელიც პროდასავლური, ნაციონალისტური და ანტირუსული განწყობებით გამოირჩევა და აღმოსავლეთ უკრაინაზე, სადაც ანტიდასავლური და პრორუსული განწყობები ჭარბობს. ორი უკრაინის არსებობას უკრაინის ტერიტორიაზე ბოლო საუკუნეებში განვითარებული ისტორიული პროცესები განაპირობებს. აღნიშნული სტატიის მიზანი ამ ისტორიული პროცესების მოკლე მიმოხილვაა.

კიევის რუსეთი და მონღოლები

კიევის რუსეთი, რომელიც სლავების პოლიტიკური გაერთიანება იყო, XIII საუკუნეში მონღოლების გავლენის ქვეშ მოექცა. კიევი მონღოლებმა 1240 წელს დაიკავეს. ამის შემდეგ, კიევის რუსეთი, როგორც პოლიტიკური გაერთიანება, აღარ არსებობდა და მისი ტერიტორია მეზობელი იმპერიების/სახელმწიფოების ქიშპობის საგანი გახდა.

პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა

XIV-XVI საუკუნეებში, მონღოლების დასუსტების შედეგად, უკრაინის ტერიტორია ლიტველებისა და პოლონელების გავლენის ქვეშ მოექცა. ლვოვი პოლონურ ქალაქად გადაიქცა, პოლონური ენა კი, ადმინისტრაციული და სამართალწარმოების ენა გახდა. ჩრდილოეთ უკრაინაში ლიტველმა და პოლონელმა არისტოკრატებმა დაიწყეს დასახლება. 1596 წელს უნიატური ეკლესიის შექმნით კი, ადგილობრივ ქრისტიანებში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის შესუსტების პროცესი დაიწყო.

1569 წლის ლიუბლიანას შეთანხმებით დაფუძნდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა.  შეთანხმების შედეგად ცენტრალური უკრაინის დასახლებები და კიევი პოლონეთს დაექვემდებარა. პოლონური მმართველობის პერიოდში უკრაინის ტერიტორიის კონტროლისათვის პოლონელები ებრძოდნენ ყირიმელ თათრებს, რუსებს, კაზაკებსა და ოსმალეთის იმპერიას.

უკრაინა - პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის გავლენის ქვეშ

უკრაინა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის შემადგენლობაში

კაზაკები და პერეიასლავის შეთანხმება

XVII საუკუნეში უკრაინის ტერიტორიის ნაწილს კაზაკები მართავდნენ. 1654 წელს ზაპოროჟელი კაზაკების ჰეტმანმა ბოგდან ხმელნიცკიმ რუსეთის იმპერიასთან პერეიასლავის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რამაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გავლენის დამკვიდრებისა და პოლონელების გავლენის შესუსტების პროცესის დაწყებას შეუწყო ხელი.

რუსეთის იმპერია

1709 წელს პოლტავას ბრძოლაში რუსეთის მეფე პეტრე I-მა შვედები და მისი მოკავშირე, ჰეტმანი ივან მაზეპა დაამარცხა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაზე გავლენის დამყარებაში გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.

XVIII საუკუნის მიწურულს კაზაკებით დასახლებული უკრაინის ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე უკრაინულ ტერიტორიაზე გავლენას კი, ჯერ კიდევ პოლონელები ინარჩუნებდნენ. 1772 წელს პოლონეთის პირველი დანაწევრების შედეგად უკრაინის ცენტრალური ნაწილი რუსეთის იმპერიას გადაეცა, გალიციის მხარე კი, ქ. ლვოვთან ერთად ავსტრიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ლვოვის ახალი დასახელება ლემბერგი გახდა.

ლვოვი (ლემბერგი)

ლვოვი (ლემბერგი)

იმ პერიოდში ავსტრიის გავლენის ქვეშ მყოფ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას რუტენიელებად მოიხსენიებდნენ. თავის მხრივ, რუსეთის იმპერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებების მიმართ არ იყენებდა ტერმინს – უკრაინელი.

1783 წელს ყირიმის სახანოც, სადაც უკვე საუკუნეებია მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობდა, რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. შემდგომი 15 წლის განმავლობაში უკრაინაზე რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა, მათ შორის სამხრეთ უკრაინის ტერიტორიებზე. რუსეთის იმპერიამ სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისათვის უკრაინის ტერიტორიაზე ახალი ქალაქები დააარსა: სევასტოპოლი, ნიკოლაევი (ამჟამინდელი მიკოლაევი), ეკატერინოსლავი (ამჟამინდელი დნეპროპეტროვსკი), ოდესა. ეკატერინე II-ის ძალისხმევით ცენტრალურ და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე „ახალი რუსეთი“ (Новороссия) შეიქმნა. რუსული პოლიტიკური ელიტა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს დღესაც, განსაკუთრებით კი 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, „ახალი რუსეთის“ სახელით მოიხსენიებს, რითაც უკრაინის ამ ტერიტორიების მიმართ საკუთარი ისტორიული უფლებების არსებობას უსვამს ხაზს.

Новороссия

Новороссия

ორი იმპერიის შემადგენლობაში

გალიციაში მცხოვრები ხალხების მიმართ ავსტრიის მმართველობა ზომიერი და ტოლერანტული იყო. ლემბერგი (ლვოვი) დასავლური ყაიდის ქალაქი გახდა. გლეხები გარკვეული უფლებებით სარგებლობდნენ და ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შემავალ რეგიონებთან ვაჭრობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

რუსეთის მიერ შეერთებული ტერიტორიებიდან კი, XIX საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის შორეულ რეგიონებში მრავალი უკრაინელი გადაასახლეს, უკრაინის ტერიტორიაზე კი, უფრო ლოიალური ხალხი ჩაასახლეს. უკრაინის ტერიტორია ადმინისტრაციულად რუსულ ყაიდაზე მოეწყო და ეკონომიკურ სარგებელსაც ძირითადად რუსეთის იმპერია იღებდა.

I მსოფლიო ომი და უკრაინული ნაციონალიზმი

I მსოფლიო ომის პერიოდში ავსტრიაში მცხოვრები უკრაინელები ავსტრიის არმიაში მსახურობდნენ, რუსეთის იმპერიის უკრაინულ მიწებზე მცხოვრებები კი, რუსეთის ჯარში.

ქვეყანა, რომელსაც ეხლა უკრაინას ვეძახით, I მსოფლიო ომის შედეგია, რომელმაც რუსეთისა და ავსტრიის იმპერიების დაშლა გამოიწვია. თუმცა, უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, აქ მცხოვრებ ხალხს უკრაინელებად არ მოიხსენიებდნენ. ენობრივი და რელიგიური თვალსაზრისით დანაწევრებული მოსახლეობა ნაკლებად წარმოადგენდა ერს. უკრაინულმა ნაციონალიზმმა განვითარება ომამდე დაიწყო, მაგრამ ნაციონალიზმი მხოლოდ ქალაქის განათლებულ მოსახლეობაში იყო გავრცელებული, რომელიც სკოლებსა და საჯარო ცხოვრებაში უკრაინული ენის პოპულარიზაციას ცდილობდა.

ხანმოკლე დამოუკიდებლობა

1917 წლისთვის გააქტიურებული ეროვნული მოძრაობა უძლური აღმოჩნდა რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ეროვნულმა მოძრაობამ მხარდაჭერა მიიღო გერმანიისა და ავსტრიისგან, რომლებიც მზად იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვებაში ნაციონალისტებისათვის მხარი დაეჭირათ. მათი მიზანი იყო ახლად წარმოქნილი ახალი სუსტი სახელმწიფოს კონტროლი და ამ ფაქტორის რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოყენება.

უკრაინამ საბჭოთა რუსეთისგან დამოუკიდებლობა გერმანიის მიერ რუსეთის დამარცხებისა და ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების საფუძველზე მიიღო, თუმცა ახალბედა უკრაინული სახელმწიფო გერმანიის ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცა, რომელიც გერმანიის არმიის საკვების რეზერვების შევსებას უზრუნველყოფდა. I მსოფლიო ომის მიწურულს, გერმანიის წარუმატებლობის შედეგად, უკრაინის ტერიტორიას პოლონური არმია, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი თეთრი არმია, ანარქისტი გლეხების ჯგუფები და წითელი არმია აკონტროლებდნენ. უკრაინის ტერიტორიაზე ყველაზე ნაკლები გავლენა ნაციონალისტებს ჰქონდათ.

დამოუკიდებლობის დაკარგვა და საბჭოთა პერიოდი

1921 წელს ბოლშევიკებმა სამოქალაქო ომში წარმატებას მიაღწიეს და უკრაინაზე გავლენაც აღადგინეს. ბოლშევიკების მიერ პოლონელებთან გაფორმებული რიგის შეთანხმებით, უკრაინამ დაკარგა დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორია საბჭოთა რუსეთმა და პოლონეთმა გაიყვეს. 1922 წელს უკრაინა, დასავლეთის რეგიონების გარეშე, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა.

უკრაინელები, რომლებიც გერმანელებსა და პოლონელებს უჭერდნენ მხარს და საბჭოთა ტერიტორიაზე აღმოჩდნენ, სტალინური რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. სამოქალაქო ომის პერიოდში უკრაინელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო საბჭოთა ლიდერებისათვის, რომლებმაც შემდგომ წლებში სამაგალითოდ დასაჯეს (მაგ. იძულებითი კოლექტივიზაციის შედეგად მასობრივი შიმშილით დაიღუპა მილიონობით ადამიანი, რაც ისტორიაში „ჰოლოდომორის“ სახელით შევიდა) უკრაინელები.

უკრაინა II მსოფლიო ომამდე

საბჭოთა უკრაინის საზღვრები II მსოფლიო ომამდე

1939 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული რიბენტროპ-მოლოტოვის შეთანხმების საფუძველზე, საბჭოთა კავშირი პოლონეთში შეიჭრა და დასავლეთ უკრაინა და ქ. ლვოვი დაიკავა. დასავლეთ უკრაინის დაკავებული ტერიტორიები საბჭოთა უკრაინის შემადგენლობაში შევიდა. II მსოფლიო ომის პერიოდში უკრაინელები იბრძოდნენ, როგორც საბჭოთა არმიის შემადგენლობაში და პარტიზანებად, ასევე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამ მხრივ გამოირჩეოდა უკრაინის ნაციონალისტების ორგანიზაცია და უკრაინის მეამბოხეთა არმია, რომლის ლიდერებიც, სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ისინი უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების იმედით, გარკვეული პერიოდი გერმანელებთანაც თანამშრომლობდნენ.

1954 წელს უკრაინას გადასცეს ყირიმი, რაც იმ პერიოდში რაიმე განსაკუთრებულ მოვლენად არ ჩათვლილა. მსგავსი ნაბიჯით, პერეიასლავის შეთანხმების საიუბილეო თარიღი აღინიშნა. საბჭოთა ხელმძღვანელობის „მცდარი“ პოლიტიკური გადაწყვეტილება 2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში „დაბრუნებით“ „გამოსწორდა“.

დამოუკიდებლობა და ორი განსხვავებული უკრაინა

საბჭოთა კავშირში გარდაქმნის პერიოდში დამოუკიდებლობის მოთხოვნით პირველი გამოსვლები 1988 წელს უკრაინის ყველაზე ნაციონალისტურ ქალაქ ლვოვში დაიწყო. ნაციონალისტური განწყობები ყველაზე ნაკლებად სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიმჩნეოდა. უკრაინის სახელმწიფოს მომავალზე არსებული განსხვავებული ხედვები კი, 1991 წელს უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკრაინული სახელმწიფოსა და ერის ფორმირების პროცესისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

თანამედროვე უკრაინის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში სულ უფრო მეტად საუბრობენ უკრაინულად და მხარს უჭერენ უკრაინის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კი, ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ და რუსეთთან ახლო ურთიერთობას უჭერენ მხარს. ორი განსხვავებული უკრაინის არსებობა ისტორიული პროცესებით არის განპირობებული, რაც საუკუნეების განმავლობაში უკრაინის რეგიონების სხვადასხვა ისტორიულ გარემოში განვითარების შედეგია. დღეისათვის უკრაინის ისტორიულ წარსულზე  და პოლიტიკურ მომავალზე საზოგადოების განსხვავებული ხედვები კი, უკრაინის სახელმწიფოს ფორმირებისათვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.

 

სტატიის მომზადებისას გამოყენებულია:

  • Orlando Figes, Is There One Ukraine? The Problem With Ukrainian Nationalism, Crisis in Ukraine, Foreign Affairs Special Collection, გვ. 59-63. გამოქვეყნებულია December 16, 2013.
  • Anthony Clayton, Ukraine, A Short History, 2014.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: