მთავარი » ცენტრალური აზია » ტაჯიკეთი » მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი

მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი

პოსტსაბჭოთა პერიოდში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები რუსეთისათვის საკუთარ მეზობლებზე ზეწოლისათვის მნიშვნელოვანი საგარეო–პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდა. მსგავსი ინსტრუმენტი მოსკოვმა გამოიყენა საქართველოს, მოლდავეთის, აზერბაიჯანისა და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის კერები, მომავალში სხვა ქვეყნებშიც ქმნის რუსეთის მხრიდან ზეწოლის შესაძლებლობას. ამ მხრივ, გარკვეული პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას ცენტრალურ აზიაში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ყაზახეთში, სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, ტაჯიკეთი, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უზბეკეთში. აღნიშნულ სტატიაში მთიან ბადახშანში არსებულ პრობლემებს განვიხილავთ.

მთიანი ბადახშანი – დიდი ტერიტორია და მცირერიცხოვანი მოსახლეობა

მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი (ტაჯიკურად: Вилояти Мухтори Кӯҳистони Бадахшон) ტაჯიკეთის აღმოსავლეთში, პამირის მთიან რეგიონში მდებარეობს. ოლქს ქვეყნის ტერიტორიის 45% (64 200 კვ/კმ) უკავია, მისი მოსახლეობა კი, მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს (მოსახლეობა – 250 ათასი) შეადგენს. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი ქ. ხოროგი (მოსახლეობა – 30 ათასი) ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე  მდებარეობს და ქვეყნის დედაქალაქიდან 525 კმ-ით არის დაშორებული.  ქალაქი ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. აღმოსავლეთით ოლქს ესაზღვრება ჩინეთის სინძიანის პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთით – ავღანეთის ბადახშანის პროვინცია და ჩრდილოეთით – ყირგიზეთის ოშის პროვინცია.

tajikistan-map

მოსახლეობის უმრავლეობას პამირისპირა ხალხები, პამირის ტაჯიკები შეადგენენ, მცირე რაოდენობით არიან ყირგიზები. პამირისპირა ხალხების სახელით ავტონომიურ ოლქში, ჩინეთსა და ავღანეთის მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებ ირანულენოვან მოსახლეობას მოიხსენიებენ. ლაპარაკობენ პამირულ ენებზე, პამირისპირა ხალხებსა და ტაჯიკებს შორის სალაპარაკო ენა კი, ტაჯიკურია. მორწმუნეთა დიდი ნაწილი ისმაილიტია (შიიტური ისლამის მიმდინარეობა), მაშინ როდესაც, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტური ისლამის მიმდევარია.

მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის დაარსება

მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის დღევანდელი ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1895 წელს მოექცა. მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი კი, 1925 წლის 2 იანვარს დაარსდა. 1929 წელს ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ოლქი ტაჯიკეთის შემადგენლობაში შევიდა.

სამოქალაქო ომი

1992 წელს ტაჯიკეთში სამოქალაქო ომის გაღვივების შედეგად, მთიანი ბადახშანის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტაჯიკეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამავე დროს, ოლქი გაერთიანებული ტაჯიკური ოპოზიციის დასაყრდენად გადაიქცა. რეგიონის მოსახლეობაში ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგაც (1997) შენარჩუნდა.

ბრძოლა რეგიონის კონტროლისათვის

2012 წლის ივლისში რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა ტაჯიკეთის სამხედროებსა და ყოფილი საველე მეთაურის, ტოლიბ აიემბეკოვის მომხრეებს შორის, მას შემდეგ, რაც აიემბეკოვი ტაჯიკი გენერლის, აბდულო ნაზაროვის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ნაზაროვი ოლქის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი იყო. აიემბეკოვი სამოქალაქო ომის პერიოდში გაერთიანებული ტაჯიკური ოპოზიციის მხარეს იბრძოდა. მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, იგი გარკვეული პერიოდი იშკაშიმის სასაზღვრო რაზმის მეთაური იყო. იგი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობილი საველე მეთაურის აბდულამონ აიემბეკოვის ძმაა. ტოლიბ აიემბეკოვის სამსახურეობრივი და ბიზნეს წარმატება, აწ უკვე გარდაცვლილი ძმის სახელს უკავშირდება. მთავრობა მას თამბაქოს, ნარკოტიკებისა და ძვირფასი ქვების კონტრაბანდაში ადანაშაულებს.

ოფიციალური გამოძიების თანახმად, ნაზაროვი თამბაქოს ბიზნესთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო მოკლეს. თამბაქო რეგიონის წამყვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაა, რაც გავლენიანი ჯგუფების ინტერესის სფეროს წარმოადგენს.

ხელისუფლებამ აიემბეკოვის დასაკავებლად სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 24 ივლისს სამთავრობო ძალები უკვე ქ. ხოროგში აწარმოებდნენ მძიმე ბრძოლებს. შეტაკების შედეგად სამხედროები, აიემბეკოვის მომხრეები და ადგილობრივი მოსახლეობაც დაიღუპა. 12 აგვისტოს აიემბეკოვი ხელისუფლებას ჩაბარდა და გარკვეული პერიოდი შინაპატიმრობაშიც იმყოფებოდა.

„მეტი ავტონომიის“ მოთხოვნა

2014 წლის 21 მაისს ქ. ხოროგში შეტაკების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, რასაც ანტისამთავრობო გამოსვლები მოჰყვა. მთავრობა შეტაკების პროვოცირებაში ნარკოდილერებს ადანაშაულებდა, მაშინ როცა ადგილობრივებს მიაჩნდათ, რომ მთავრობა 2012 წლის მოვლენების მონაწილეების დასჯას ცდილობდა.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ძლიერი სეპარატისტული მოთხოვნები არ ისმის, ანტისამთავრობო მიტინგზე „მეტი ავტონომიის“ მოთხოვნამ გაიჟღერა. ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს სხვა რეგიონებიდან დანიშნულ მაღალჩინოსნებს და წამყვან პოზიციებზე ადგილობრივი კადრების დანიშვნას მოითხოვს. გარდა ამისა, უკმაყოფილებას გამოთქვამენ პამირულ ენებზე საგანმანათლებლო და მედია პროგრამების ნაკლებობით.

აღა ხანი

აღა ხანი

აღა ხანი

ცენტრალურ მთავრობაში ეჭვობენ, რომ ადგილობრივები ქვეყნის პრეზიდენტზე მეტად, მათი სულიერი ლიდერის, აღა ხანის მიმართ არიან ლოიალურები. აღა ხანის განვითარების ქსელი 1992 წლიდან მთიან ბადახშანში მრავალმილიონიან საინვესტიციო და საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობს, თუმცა პოლიტიკაში ჩარევას თავს არიდებს. ადგილობრივების აზრით, ტაჯიკეთის სამოქალაქო ომის დასრულებაში დიდი წვლილი სწორედ მათ სულიერ ლიდერს მიუძღვის, რომელმაც ხელისუფლებასთან ერთად სისხლიან დაპირისპირებას ბოლო მოუღო. აღა ხანი პარიზში ცხოვრობს და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა.

ადგილობრივი ეკონომიკა

ოლქი მთაგორიანია და გარესამყაროსთან დამაკავშირებელი მხოლოდ ორი შედარებით უსაფრთხო მნიშვნელოვანი გზა ფუნქციონირებს, ხოროგი-ოშის და ხოროგი-დუშანბეს. ოლქისკენ მიმავალი გზები ხშირად იკეტება დიდთოვლობისა თუ ღვარცოფების გამო. ბევრ შორეულ დასახლებულ ადგილას მისვლა ზამთარში პრაქტიკულად შეუძლებელია.

მთიანი ბადახშანი ტაჯიკეთის ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონია. მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში შრომით მიგრაციაში იმყოფება. ადგილზე სამუშაო ადგილების სიმწირეა და მაღალია კორუფციის დონე. ცენტრისგან სიშორის გამო, პროდუქციაზე ფასები სხვა რეგიონებზე მაღალია.

ავღანური საფრთხე

ბადახშანი მთაგორიანი და დანარჩენი ტაჯიკეთისგან იზოლირებული რეგიონია, რომელსაც საკმაოდ დიდი საზღვარი აქვს ავღანეთთან, ჩინეთთან და ყირგიზეთთან. განსაკუთრებულ საფრთხეს ავღანეთთან გაჭიმული საზღვარი წარმოადგენს, რომელიც მდინარე ფანჯს მიუყვება. მარცხენა სანაპიროზე ტაჯიკეთია, მარჯვენაზე ავღანეთი. სახელმწიფო საზღვარზე არ არის აგებული რთული საინჟინრო კონსტრუქციები. სუსტი სასაზღვრო კონტროლის პირობებში კი, ავღანეთიდან სხვადასხვა საქონელის კონტრაბანდა (თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკები, განსაკუთრებით ავღანური ჰეროინი) მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის კონტროლი ბოლო პერიოდში გაძლიერდა, ავღანურ-ტაჯიკური 1350 კმ საზღვრის სრულყოფილი დაცვა წარმოუდგენელია (2005 წლამდე საზღვარს რუსეთის სასაზღვრო ძალები იცავდენ).

კონტრაბანდის გარდა, მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი მიმზიდველი  რეგიონია ავღანეთში მოქმედი სამხედრო თუ ისლამური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ოლქს ცენტრალური აზიის სხვა რეგიონებში შეღწევისათვის სატრანზიტო დერეფნად განიხილავენ. ტაჯიკური სახელმწიფოს სისუსტის, რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებისა და ტაჯიკეთის დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის პირობებში, მთიანი ბადახშანი ავღანური საფრთხისადმი მოწყვლადია. აღნიშნული ფაქტორები ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიან ავღანეთიდან არასტაბილურობის, განსაკუთრებით ისლამური რადიკალიზმის გავრცელებისათვის, რაც არა მარტო ტაჯიკეთს, არამედ მთლიანად ცენტრალური აზიის რეგიონსაც უქმნის საფრთხეს. მთიან ბადახშანში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა და ტაჯიკეთის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეგიონის პრობლემების უგულებელყოფის ფონზე, უახლოეს მომავალში რეგიონიდან მომავალი საფრთხის შემცირების ალბათობა დაბალია.


%(count)s კომენტარი

  1. […] სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, ტაჯიკეთი, სადაც პამირისპირა ხალხები […]

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: