მთავარი » ცენტრალური აზია » უზბეკეთი » ყარაყალპაკეთი: ეთნიკური დაპირისპირების კერა უზბეკეთში

ყარაყალპაკეთი: ეთნიკური დაპირისპირების კერა უზბეკეთში

პოსტსაბჭოთა პერიოდში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს რუსეთი საკუთარ მეზობლებზე ზეწოლისთვის იყენებდა. მსგავსი საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტი მოსკოვმა გამოიყენა საქართველოს, მოლდავეთის, აზერბაიჯანისა და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის კერები, მომავალში სხვა ქვეყნებშიც ქმნის რუსეთის მხრიდან ზეწოლის შესაძლებლობას. ამ მხრივ, გარკვეული პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას ცენტრალურ აზიაში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ყაზახეთში, სადაც ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, ტაჯიკეთი, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უზბეკეთში. აღნიშნულ სტატიაში ყარაყალპაკეთში სეპარატიზმის საკითხს განვიხილავთ.

ყარაყალპაკეთი – დიდი ტერიტორია და მცირერიცხოვანი მოსახლეობა

ყარაყალპაკეთი (ყარაყალპ. Қарақалпақстан; უზბეკ. Қорақалпоғистон) უზბეკეთის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობს და საკუთარი სახელმწიფოებრივი სიმბოლოები გააჩნია, როგორებიცაა დროშა, გერბი, ჰიმნი, პარლამენტი და მთავრობა. ყარაყალპაკეთის ადმინისტრაციული ცენტრია ნუქუსი. ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად 14 რაიონისგან შედგება.

ყარაყალპაკეთის დროშა

ყარაყალპაკეთის დროშა

ავტონომიური რესპუბლიკის ფართობია 165 700 კვ/კმ, რაც უზბეკეთის საერთო ფართობის მესამედზე მეტია. ყარაყალპაკეთი ძირითადად უდაბნო ადგილია. ყიზილყუმის უდაბნო აღმოსავლეთით მდებარეობს, ყარაყუმი კი, სამხრეთით. უდაბნო ადგილების გამო უზბეკეთის ყველაზე ცნობილი ციხე, ჯაზლიკი, ყარაყალპაკეთში მდებარეობს.

ტერიტორიის სიდიდის მიუხედავად, ყარაყალპაკეთში საკმაოდ მცირერიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. 2013 წლის აღწერის მიხედვით, უზბეკეთის 30 მლნ მოსახლეობიდან ყარაყალპაკეთში მხოლოდ 1 მლნ 700 ათასზე მეტი კაცი ცხოვრობდა, მათ შორის, ყარაყალპაკები მოსახლეობის მესამედს შეადგენდენ, ისევე როგორც უზბეკები. შემდეგ ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ყარაყალპაკების მონათესავე ყაზახები. ყარაყალპაკეთში მცირე რაოდენობით ასევე ცხოვრობენ თურქმენები და რუსები.

ყარაყალპაკეთის ოფიციალური ენებია ყარაყალპაკური და უზბეკური. საბჭოთა პერიოდში კირილიცას იყენებდნენ, რომელიც 1996 წლიდან ლათინური დამწერლობით შეიცვალა. ყარაყალპაკები ძირითადად სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან.

Karakalpakistan map

ყარაყალპაკეთი

ყარაყალპაკეთი საბჭოთა პერიოდში

ყარაყალპაკეპის შესახებ პირველი ისტორიული ცნობები XVI საუკუნის ბოლოსთვის მოიპოვება. XVIII საუკუნეში ამუდარიის რეგიონში დასახლდნენ. 1873 წლისთვის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოხვდნენ, 1920 წლისთვის კი, ყარაყალპაკეთი საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა.

ყარაყალპაკეთის ავტონომიური ოლქი 1925 წლის 19 თებერვალს დაფუძნდა თურქესტანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა და ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკის ეთნიკური ყარაყალპაკებით დასახლებული ტერიტორიების გაერთიანების შედეგად. ოლქი თავდაპირველად ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც, თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. 1930 წლის 20 ივლისს ყარაყალპაკეთი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი გახდა. 1932 წლის 20 მარტს, ყარაყალპაკეთის ავტონომიურმა ოლქმა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო. ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი 1936 წლის 5 დეკემბერს გახდა.

ყარაყალპაკების, რომლებიც ეთნიკური თვალსაზრისით ყაზახებს ენათესავებიან, უზბეკეთის შემადგენლობაში შეყვანა საბჭოთა პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის პრინციპით, ეთნიკური დაძაბულობის პოტენციურ კერებს ქმნიდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საბჭოთა რესპუბლიკებზე ზეწოლისთვის გამოიყენებდა.

საბჭოთა პერიოდში ყარაყალპაკებს შეეძლოთ საკუთარი კულტურისა და ლიტერატურის განვითარება. გარკვეულ მხარდაჭერას იღებდნენ მოსკოვისგანაც. თავის მხრივ, ტაშკენტი რეგიონს განაპირა მხარედ მიიჩნევდა და ძირითადად ბამბის მოსავლის აღების დროს აქცევდა ყურადღებას.

ეკონომიკური მდგომარეობა

მიუხედავად იმისა, რომ ყარაყალპაკეთი ნავთობისა და გაზის მარაგებით მდიდარი რეგიონია, იგი უზბეკეთის ყველაზე ღარიბი და ეკოლოგიურად განადგურებული რეგიონია. ყარაყალპაკეთში გაზის საბადოები 1990–იან წლებში აღმოაჩინეს, რამაც უზბეკეთის მთავრობის ინტერესი რეგიონისადმი გაზარდა. ზოგადი შეფასებით, რეგიონის გაზის რესურსები 1.7 ტრილიონი კუბური მეტრია, ნავთობის რესურსები კი, 1.7 მლრდ ტონა. თუმცა, ენერგორესურსების გაყიდვისგან მიღებულ შემოსავალს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს და რეგიონის სარგებელი მინიმალურია.

უმუშევრობის მაღალი დონის გამო შრომითი მიგრანტები ყაზახეთსა და რუსეთში მიდიან. ყაზახეთში ემიგრირებულები დოკუმენტებში საკუთარ ეთნიკურ კუთვნილებად მიუთითებენ, რომ ყაზახები არიან, რადგან მოქალაქეობა და სოციალური დახმარება უფრო ადვილად მიიღონ. სახლში დარჩენილები კი, სამუშაოს მოძებნის იმედით, უზბეკურ ეთნიკურობას უთითებენ. შრომითი მიგრაცია, ყარაყალპაკების ეთნიკური იდენტობის დაკარგვასა და ასიმილაციას უწყობს ხელს.

დამშრალი ტბა და ეკოლოგიური კატასტროფა

ყარაყალპაკეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ტოქსიკური ელემენტების შემცველ მარილიან უდაბნოდ იქცა, რომელიც არალის ზღვის დაშრობის შედეგად წარმოიქმნა. ერთ დროს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წყალუხვი ტბის დაშრობის მიზეზი საბჭოთა აგროპოლიტიკაა, რაც სასოფლო–სამეურნეო მიწების არარაციონალურ ირიგაციაში გამოიხატებოდა. არალის ზღვის დაშრობამ ასევე მოსპო მეთევზეობა და ხელი შეუწყო კლიმატის ცვლილებას.

არალის ზღვა წლების მიხედვით

არალის ზღვა სხვადასხვა წლებში

მიწასა და მდინარის წყალში ტოქსიკური აგროქიმიური ნივთიერებების კონცენტრაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. უდაბნოს ქარები მავნე ნაწილაკებს ჰაერით გადასცემენ, რაც რეგიონში ჯანმთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის წყაროა.

გაერო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები უზბეკეთის მთავრობასთან ერთად მრავალმილიონიან გარემოსდაცვით პროგრამებს ახორციელებენ, რომლის მიზანიც არალის ზღვის გადარჩენა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაა.

გემები დამშრალ ზღვაში

გემები არალის დამშრალ ზღვაში

ადგილობრივების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის პრობლემის ერთ–ერთი მიზეზი კუნძული ვაზრაჟდენიაც არის, სადაც საბჭოთა არმია 1992 წლამდე ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროექტს ახორციელებდა და ცდებს ატარებდა.

ყარაყალპაკური სეპარატიზმი

სეპარატიზმის პირველი ტალღა 1990–იან წლებში შეინიშნებოდა. 1990 წლის დეკემბერში, გარდაქმნის პერიოდში, როდესაც ეთნიკური ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური მოთხოვნები გახშირდა,  ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია მიიღო.  ადგილობრივ ინტელექტუალურ წრეებში ყარაყალპაკეთის სტატუსზე საუბარი დაიწყეს. ყარაყალპაკეთის დამოუკიდებლობის ან ყაზახეთთან შეერთების იდეა ყაზახეთშიც გაისმა, თუმცა უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა ძალაუფლების კონცენტრაციის შემდეგ, სეპარატიზმის გამოვლინებები ადრეულ ეტაპზევე ჩაახშო.

უზბეკეთის 1992 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ყარაყალპაკეთი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა. თავის მხრივ, ყარაყალპაკეთმა 1993 წლის 9 აპრილს მიღებული კონსტიტუციით დაადასტურა ყარაყალპაკეთის სტატუსი, თუმცა გააკეთა დათქმა, რაც ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკას რეფერენდუმის გზით დამოუკიდებლობის გამოცხადების უფლებას ანიჭებდა. იმ პერიოდში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, 1993 წელს, ტაშკენტმა ყარაყალპაკეთთან იგივე ტიპის შეთანხმებას (20 წლის ვადით) მოაწერა ხელი, როგორც ეს მოლდავეთმა გაგაუზების შემთხვევაში გააკეთა, ანუ აღიარა ყარაყალპაკეთი უზბეკეთის შემადგენლობაში სუვერენულ რესპუბლიკად, რეფერენდუმის საფუძველზე გამოყოფის უფლებით. თუმცა, რეალურად, რეფერენდუმის ჩასატარებლად ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა იყო საჭირო.

ყარაყალპაკეთს საკუთარი მთავრობა და საკანონმდებლო ორგანოც ჰყავს, მაგრამ რეალურად რეგიონი უზბეკეთის სხვა პროვინციების მსგავსად იმართება. რეგიონის პოლიტიკური ელიტა ისლამ კარიმოვს სანდოობის პრინციპით ჰყავს შერჩეული.

სეპარატიზმის შემდეგი ტალღა 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეიმჩნეოდა. 2010 წელს კი, ყარაყალპაკები ანტიუზბეკური ლოზუნგებით გამოვიდნენ ქუჩებში და ტაშკენტის მიერ ადგილობრივი საწარმოს დახურვის გეგმები გააპროტესტეს.

სეპარატიზმის მორიგი ტალღა 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც უზბეკეთსა და ყარაყალპაკეთს შორის დადებულ 20 წლიან შეთანხმებას ვადა გაუვიდა. ტაშკენტმა შეთანხმების ვადის გასვლის იგნორირება გააკეთა, ისევე, როგორც შეთანხმების სხვა ნაწილების, რომელიც ყარაყალპაკეთს რეალურ ავტონომიას მისცემდა. რეგიონის უგულებელყოფამ, რამაც უმუშევრობის მაღალი დონე, მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემები და ცხოვრების დონის გაუარესება გამოიწვია, ნაციონალისტური განწყობების ზრდას შეუწყო ხელი.

ორი ონლაინ აქტივისტი, მარიფ კუნგრადსკი და რომან მამიტოვი, სოციალურ ქსელში 2013 წლის გაზაფხულზე გამოჩდნენ. ისინი ყარაყალპაკეთის დამოუკიდებლობისათვის რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდნენ. ინტერნეტ სეპარატისტები ხაზს უსვამდნენ, რომ 1993 წლის შეთანხმება ყარაყალპაკეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარებას 20 წლის შემდეგ ითვალისწინებდა. თუმცა, საკითხი საჯარო განხილვის საგანი არ გამხდარა და დროებით დავიწყებას მიეცა.

სეპარატიზმის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა ყირიმის კრიზისის შემდეგ, როდესაც 2014 წლის მარტში მოძრაობამ „წინ ყარაყალპაკეთი“ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა არ ეთანხმება ისლამ კარიმოვის რეჟიმის შიდა და საგარეო პოლიტიკას და თუკი კრემლი მისცემს მათ სიგნალს, ყარაყალპაკეთი მზად არის აღმართოს რუსეთის ფედერაციის დროშა. ასევე, რამდენიმე აქტივისტმა გამოაცხადა, რომ მათ ტაშკენტისგან დამოუკიდებლობა სურთ.

"წინ ყარაყალპაკეთი"

“წინ ყარაყალპაკეთი”

ამ შემთხვევაში, საკითხმა მედია ყურადღება მიიპყრო და გამოვლინდა, რომ მარიფ კუნგრადსკი ამან საგიდულაევი ყოფილა, ეთნიკური ყარაყალპაკი, რომელმაც უზბეკეთი 2011 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის კომპანიიდან  1 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის მოპარვა დააბრალეს. საგიდულაევი მამიტოვთან ერთად ყირგიზეთში ცხოვრობს. საგიდულაევზე უზბეკეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

სიტუაცია, როგორც ჩანს, ისე დაიძაბა, რომ ვითარების კონტროლის მიზნით, ისლამ კარიმოვი 25 აპრილს საგანგებო ვიზიტით ჩავიდა ყარაყალპაკეთში. უზბეკეთის სპეცსამსახურებმა კი, 2014 წლის 5 მაისს რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, რომლებიც დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით საინფორმაციო ფურცლებს არიგებდნენ. ისინი მოძრაობა „წინ ყარაყალპაკეთი“–ის წევრები იყვნენ.

სეპარატისტული გამოსვლების ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, სეპარატისტულ მოთხოვნებს რეგიონში ცოტა მხარდამჭერი ჰყავს. ამის მიზეზი შეიძლება, რეპრესიების შიში ან სეპარატისტული მოძრაობის სუსტი ორგანიზება იყოს.

რუსეთის პოზიცია

მიუხედავად იმისა, რომ ყარაყალპაკური სეპარატიზმის მიმართ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან მხარდაჭერის ნიშნები არ ჩანს, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა ეთნიკური დაძაბულობის კერა უზბეკეთზე ზეწოლისათვის გამოიყენოს. რუსეთმა ამ ფაქტორის გამოყენება შესაძლოა გადაწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ უზბეკეთის აშშ–თან დაახლოება აშკარა გახდება, უზბეკეთი საბოლოოდ უარს იტყვის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებაზე ან ანტირუსული პოლიტიკის გატარებას დაიწყებს.

დასკვნა

ყარაყალპაკეთში სეპარატიზმის ნიშნების არსებობის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყარაყალპაკური სეპარატიზმი საკმაოდ სუსტია და არ არის ორგანიზებული. სეპარატიზმის გაღვივებას ასევე ხელს უშლის გეოგრაფიული ფაქტორი (ყარაყალპაკეთი არ ესაზღვრება რუსეთს) და უზბეკეთის ხელისუფლების პოლიტიკა, კერძოდ, ყარაყალპაკეთის რესპუბლიკაში სანდო კადრების დანიშვნითა და რეგიონის შიდა პროცესებში სპეცსამსახურების აქტიური ჩართულობით, ცენტრალური ხელისუფლება პროცესებს სრულად აკონტროლებს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ასაკს (77 წელი) და მის არასახარბიელო ჯანმრთელობას, შესაძლოა შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლიტიკური მემკვიდრეობისათვის ბრძოლის გამწვავების შემთხვევაში, ყარაყალპაკეთი, საგარეო ძალების ხელშეწყობით, დაძაბულობის ახალ კერად იქცეს.


2 კომენტარი

  1. […] ჯიზახი, ქაშქადარია, ხორეზმი და ყარაყალპაკეთი. უზბეკური კლანების გავლენა მეზობელ […]

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: