2015 წლის 29 მარტს უზბეკეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში, 1989 წლიდან უზბეკეთის უცვლელმა ლიდერმა, ისლამ კარიმოვმა გაიმარჯვა (ბოლოს კარიმოვმა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა). მან, ტრადიციულად, ხმების უმრავლესობა – 90% მიიღო. თუმცა, კარიმოვის მორიგი „წარმატების“ მიუხედავად, მისი არჩევა მრავალ კითხვას აჩენს მისი მემკვიდრის შესახებ, მაშინ როდესაც პრეზიდენტს 30 იანვარს 77 წელი შეუსრულდა და ინფორმაცია მისი არასახარბიელო ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. უზბეკური ოპოზიციური მედია პერიოდულად იტყობინება კარიმოვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, მაშინ როდესაც ოფიციალურად მსგავსი ფაქტების დადასტურება არ ხდება.
კარიმოვის პოლიტიკური მემკვიდრის საკითხს უზბეკურ პოლიტიკაში კლანური სისტემის არსებობა კიდევ უფრო ამწვავებს. აღნიშნულ სტატიაში უზბეკეთში არსებულ კლანურ სისტემასა და კარიმოვის მემკვიდრეობისათვის ბრძოლის საკითხს განვიხილავთ.
კლანების გავლენა ცენტრალურ აზიაში
ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოში (უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი) კლანები განსაკუთრებულ ძალაუფლებას ფლობენ. რეგიონში კლანური ტიპის გაერთიანებების ფორმირების პროცესი შუა საუკუნეებიდან დაიწყო. ტრადიციულმა კლანურმა სისტემამ ტრანსფორმაცია განიცადა საბჭოთა პერიოდში და თავისი არსებობა კომუნისტური პარტიის ადმინისტრაციული სტრუქტურების ჩარჩოებშიც განაგრძო. კლანებმა თავისი გავლენა ცენტრალური აზიის საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც შეინარჩუნეს. ამჟამად, ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოში არსებობს კლანური სისტემა.
უზბეკური კლანები
ცენტრალური აზიის ხუთ სახელმწიფოს შორის უზბეკეთი მოსახლეობის თვალსაზრისით ყველაზე მრავალრიცხოვანი (30 მლნ) და სწრაფად მზარდია. მოსახლეობა დანაწევრებულია გეოგრაფიული და ეთნიკური პრინციპის მიხედვით. ეს დანაწევრება უზბეკეთში და ზოგადად ცენტრალურ აზიაში კლანებად მოიხსენიება. საბჭოთა პერიოდში კლანურობის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი, პირველ რიგში, იდენტიფიცირებას რომელიმე კლანთან აკეთებს და შემდეგ უზბეკურ ეთნოსთან. მსგავსი ვითარებაა ცენტრალური აზიის დანარჩენ სახელმწიფოებშიც.
ადრეული პერიოდი
ცენტრალურ აზიაში უზბეკების სახელით ცნობილი ეთნიკური ჯგუფი XV საუკუნეში დამკვიდრდა. უზბეკები მომთაბარედან ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ და სამარყანდსა და ფერღანის ველში დასახლდნენ.
რუსეთის იმპერიის პერიოდი
XIX საუკუნეში ცენტრალურ აზიაში რუსეთის იმპერიის ექსპანსიამ უზბეკების პოლიტიკური გეოგრაფია შეცვალა. უზბეკები სამ პროვინციაში აღმოჩდნენ განსახლებულნი: სამარყანდი, ბუხარა და ტაშკენტი. თითოეულ პროვინციას საკუთარი კლანის ლიდერი ჰყავდა, რაც ხელს უწყობდა კლანური იდენტობის გაძლიერებას და აფერხებდა ერთიანი უზბეკური კულტურისა თუ იდენტობის ფორმირებას.
საბჭოთა პერიოდი
ცენტრალურ აზიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიაში მორიგი ცვლილებები შეიტანა. საბჭოთა ხელისუფლებამ რეგიონში მუდმივი ეთნიკური დაძაბულობის შესანარჩუნებლად, საზღვრების გავლებისას ეთნიკური ფაქტორები არ გაითვალისწინა. შედეგად, ახლად შექმნილ საბჭოთა რესპუბლიკებში შერეული ეთნიკური მოსახლეობა აღმოჩნდა დასახლებული. საბჭოთა ლიდერები ეჭვობდენ, რომ ძლიერი ეთნიკური რესპუბლიკები რეგიონში საბჭოთა გავლენას საფრთხეს შეუქმნიდნენ. ამიტომაც, მათ რეგიონში არსებული ეთნიკური თუ კლანური განსხვავებები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს.
უზბეკეთში არსებულ ტრაიბალურ დაყოფას, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდებოდა, შვიდი უზბეკური კლანის ფორმირება მოჰყვა. საბჭოთა ხელისუფლების მიზანი იყო ხელი შეეწყო ისეთი გარემოს ჩამოყალიბებისათვის, როდესაც არცერთ ამ კლანს არ ექნებოდა რომელიმე სხვა კლანზე ბევრად მეტი ძალაუფლება. კლანებს შორის არსებული დაპირისპირება ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესებზე ცენტრალური ხელისუფლების მუდმივ კონტროლს უზრუნველყოფდა.
მოსკოვი მუდმივად ცდილობდა კლანებს შორის დაპირისპირების გარკვეულ დონეზე შენარჩუნებას. თავის მხრივ, აღნიშნული კლანები ერთმანეთს მოსკოვის მხარდაჭერის მოპოვებაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. კლანების დაბალანსების კარგი მაგალითია საბჭოთა უზბეკეთის პირველი პირების პერიოდული როტაცია სამ ყველაზე გავლენიან კლანს შორის. რუსეთის იმპერიის პერიოდიდან ყველაზე გავლენიანი იყო ფერღანასა და სამარყანდის კლანები. 1930 წელს დედაქალაქის სამარყანდიდან ტაშკენტში გადატანამ კი, ტაშკენტის კლანის პოზიციებიც გაამყარა.
საბჭოთა პერიოდში ტაშკენტი და ფერღანა ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრები იყო. ტაშკენტის ოლქი მრეწველობის ცენტრი იყო, ფერღანის ოლქი კი, ნაყოფიერი მიწისა და წყლის რესურსების გამო, სოფლის მეურნეობაში მოწინავე რეგიონი იყო. ამ რეგიონებიდან დაწინაურებული ჩინოვნიკები ყველაზე სანდო და ეფექტურ მმართველებად მიიჩნეოდნენ.
ტაშკენტისა და ფერღანასთან ერთად პოლიტიკური კადრების მნიშვნელოვანი სამჭედლო იყო სამარყანდი, რომელიც 1930 წლამდე დედაქალაქი და ქვეყნისა და რეგიონის კულტურული ცენტრი იყო. სამარყანდის როლი 1959 წელს გაიზარდა, როდესაც უზბეკეთის ლიდერი შარიფ რაშიდოვი გახდა. ამ დანიშვნით სამარყანდის ოლქმა ძველი დიდება დაიბრუნა და ტაშკენტისა და ფერღანის კონკურენტი გახდა. შედეგად შეიქმნა პოლიტიკური სამკუთხედი სამ გავლენიან რეგიონს შორის, რომლის წარმომადგენლებიც, ერთმანეთის მონაცვლეობით, საბჭოთა უზბეკეთის პირველი პირების როლებს ასრულებდნენ.
უზბეკეთის სსრ-ის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნები (1929-1991)
სახელი, გვარი | წლები | რეგიონი |
აკმალ იკრამოვი | 1929-1937 | ტაშკენტის ოლქი |
უსმან იუსუპოვი | 1937-1953 | ფერღანის ოლქი |
ამინ ნიაზოვი | 1953-1955 | ფერღანის ოლქი |
ნურიტდინ მუხიტდინოვი | 1955-1957 | ტაშკენტის ოლქი |
საბირ კამალოვი | 1957-1959 | ტაშკენტის ოლქი |
შარიფ რაშიდოვი | 1959-1983 | სამარყანდის ოლქი |
ინამჟან უსმანხოჯაევი | 1983-1988 | ფერღანის ოლქი |
რაფიკ ნიშანოვი | 1988-1989 | ტაშკენტის ოლქი |
ისლამ კარიმოვი | 1989-1991 | სამარყანდის ოლქი |
პოსტსაბჭოთა პერიოდი
ამჟამად, უზბეკეთში შვიდი კლანია. მათ შორის სამი ძირითადი: სამარყანდი, ტაშკენტი და ფერღანა და ოთხი შედარებით პატარა კლანი: ჯიზახი, ქაშქადარია, ხორეზმი და ყარაყალპაკეთი. პატარა კლანების გავლენა მხოლოდ რეგიონულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე ვრცელდება. ცენტრალურ დონეზე გავლენის მოსაპოვებლად მათ საკმარისი რესურსები არ გააჩნიათ.
კლანების ამჟამინდელი დანაწევრება საფუძველს 1980-იანი წლებიდან იღებს, როდესაც ისლამ კარიმოვის პოლიტიკური აღმასვლა დაიწყო. იმ პერიოდში კარიმოვი ყველაზე კომპრომისულ ფიგურად მიიჩნეოდა, რომლის საბჭოთა უზბეკეთის პირველ პირად დანიშვნითაც კლანებს შორის არსებული ბალანსი შენარჩუნდა. მას მხარს უჭერდა სამარყანდის კლანის არაფორმალური ლიდერი, უზბეკური პოლიტიკის „რუხი კარდინალი“, ისმაილ ჯურაბეკოვი (მისი ზედმეტსახელია „უზბეკური ტანკი“), რომელიც იმდენად გავლენიანი ფიგურა იყო, რომ კრემლმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. კარიმოვს კი, არ ქონდა დიდი ძალაუფლება და ამავე დროს, მისი დანიშვნა მისაღები იყო ტაშკენტისა და ფერღანის კლანებისთვისაც.
ძალაუფლების გასაძლიერებლად კარიმოვმა ტაშკენტისა და ფერღანის კლანებთან ახლო კავშირების დამყარება და საკუთარი ძალაუფლების სამ კლანს შორის ურთიერთობაზე დაფუძნება დაიწყო მაშინ, როდესაც იყო მოლოდინი, რომ იგი სამარყანდის კლანისადმი ლოიალობას შეინარჩუნებდა. ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესში კარიმოვს ეჭვები გაუჩნდა, რომ მისი გავლენიანი მხარდამჭერი, ჯურაბეკოვი და შს მინისტრი ზაქირ ალმატოვი მის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდნენ. სამარყანდის კლანის შესასუსტებლად კარიმოვმა 1995 წელს უშიშროების მინისტრად ტაშკენტის კლანის წარმომადგენელი რუსტამ ინაიატოვი დანიშნა, რომლის ხელშიც უშიშროების სამინისტრომ ძველი დიდება დაიბრუნა. დღეს იგი კარიმოვის შემდეგ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა.
პოსტსაბჭოთა პერიოდში კარიმოვის მმართველობა სამ გავლენიან კლანს შორის დაპირისპირებით გამოირჩეოდა. კარიმოვის მუდმივი ეჭვები და მისი მემკვიდრეობისათვის ბრძოლა კლანებს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. კარიმოვის წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ტერორისტული აქტის ფონზე, კარიმოვი მუდმივად ფიქრობდა, რომ მისი ძალით ჩამოცილება სურდათ. ამის გამო, ის ხელს უწყობდა სამარყანდის კლანის დასუსტებას და ტაშკენტის კლანის გაძლიერებას, რომელსაც უფრო ენდობოდა. ე.წ. ანდიჯანის 2005 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც სამთავრობო ძალებმა ფერღანის ველში საპროტესტო გამოსვლები ჩაახშვეს, რასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა, გავლენიანი შს მინისტრი ალმატოვი (მინისტრი იყო 1991-2006 წლებში) გადადგა, რითაც სამარყანდის კლანი შესუსტდა. მანამდე, კარიმოვმა პოლიტიკას ჩამოაშორა ჯურაბეკოვიც, რომელიც 2004 წლამდე სოფლის მეურნეობის მიმართულებას კურირებდა. სამარყანდის კლანის შესუსტების შემდეგ ტაშკენტის კლანმა ფერღანის კლანიც შეავიწროვა.
კარიმოვის შესაძლო მემკვიდრეები
ამჟამად, კარიმოვის მემკვიდრეობისთვის გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ტაშკენტისა და სამარყანდის კლანის წარმომადგენლებს აქვთ. სამარყანდის კლანმა ალმატოვის გადაყენების შემდეგ გავლენის აღდგენა ნელ-ნელა მოახერხა და კლანის ლიდერი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი შავქათ მირზიაევი გახდა, რომელსაც გაპრეზიდენტების კარგი შანსები აქვს.
ტაშკენტის კლანის ფავორიტი შეიძლება ინაიატოვი ყოფილიყო, მაგრამ მას ასაკიც (70) არ უწყობს ხელს და არც მსგავს პოლიტიკურ ამბიციებს ავლენს. იგი „მეორე კაცის“ როლსაც დათანხმდება, თუკი „პირველი კაცი“ მისი შერჩეული იქნება. ამ შემთხვევაში, საუკეთესო შანსებს ფლობს პირველი ვიცე-პრემიერი რუსტამ აზიმოვი, რომელსაც ეკონომიკურ სექტორზე გავლენა და კარიმოვის მხარდაჭერა აქვს. იგი ტაშკენტში ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია და „უზბეკი ჩუბაისის“ იმიჯი აქვს. საინტერესოა, რომ აზიმოვს კარგი კავშირები აქვს დასავლეთშიც და დასავლურ წრეებშიც მის კანდიდატურას პოზიტიურად აფასებენ.
ფერღანის კლანს კარიმოვის მემკვიდრეობისთვის ბრძოლის პოლიტიკური რესურსი ამ ეტაპზე არ გააჩნია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კლანის წევრია გავლენიანი რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, რომელმაც შეიძლება საკუთარი გავლენა/ფინანსებით და რუსეთის მხარდაჭერით გარკვეული როლი შეასრულოს მემკვიდრის შერჩევის პროცესში.
კარიმოვის შესაძლო მემკვიდრედ ითვლებოდა უზბეკი „პრინცესა“, კარიმოვის უფროსი ქალიშვილი გულნარაც, მაგრამ ბოლო პერიოდში მის წინააღმდეგ აგორებულმა კამპანიამ და მამასთან დაპირისპირებამ მისი კანდიდატურის წარმატების შანსები შეამცირა. მითუმეტეს, რომ ამჟამად იგი არაოფიციალურ შინაპატიმრობაში იმყოფება. არსებული მოსაზრებით, გულნარა პრეზიდენტის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას ინაიატოვმა ჩამოაშორა, რაშიც მას გულნარას ოჯახის წევრებმაც დაუჭირეს მხარი.
უზბეკეთის შიდა პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კარიმოვის გადაწყვეტილებაზე, თუ ვის შეარჩევს პოლიტიკურ მემკვიდრედ. თავისი 25-წლიანი მმართველობის პერიოდში კარიმოვი სამ ძირითად კლანს (სამარყანდი, ტაშკენტი, ფერღანა) შორის დაბალანსებით უზრუნველყოფდა შიდა სტაბილურობას და საკუთარ ძალაუფლებას. სწორედ აღნიშნული კლანებიდან უნდა შეარჩიოს კარიმოვმა ყველასათვის მისაღები, კომპრომისული კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უზბეკეთი შესაძლოა კლანთა შორის მწვავე დაპირისპირების არეალად და რეგიონში დესტაბილიზაციის წყაროდ იქცეს.
[…] უზბეკეთი: რეგიონები […]
LikeLike
[…] […]
LikeLike
[…] უზბეკეთის კლანურ საზოგადოებაში კარიმოვი ყველაზე კომპრომისულ ფიგურად მიიჩნეოდა, რომლის საბჭოთა უზბეკეთის პირველ პირად დანიშვნითაც კლანებს შორის არსებული ბალანსი შენარჩუნდა. მას მხარს უჭერდა სამარყანდის კლანის არაფორმალური ლიდერი, უზბეკური პოლიტიკის „რუხი კარდინალი“, ისმაილ ჯურაბეკოვი, რომელიც იმდენად გავლენიანი ფიგურა იყო, რომ კრემლმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. კარიმოვს კი, არ ქონდა დიდი ძალაუფლება და ამავე დროს, მისი დანიშვნა მისაღები იყო დანარჩენი ორი გავლენიანი, ტაშკენტისა და ფერღანის კლანებისთვისაც. […]
LikeLike
[…] ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა. უზბეკეთის კლანურ საზოგადოებაში ქვეყნის პირველი პირის პოზიციაზე […]
LikeLike